საქმე №ას-1318-2022 17 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – კომლის ქონების წილზე უფლებადაკარგულად ცნობა, სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ.მ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ, მოითხოვა კომლის ქონების წილზე მოპასუხის უფლებადაკარგულად ცნობა, სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღიარება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ.გ–ი ცნობილ იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... (საკადასტრო კოდი: ……) მდებარე სადავო უძრავი ქონების კუთვნილი 1/3 წილიდან 1/6 წილზე უფლებადაკარგულად და უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: …) 1/6 წილზე დ.მ–ძე ცნობილ იქნა მესაკუთრედ. დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერში უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი ცვლილება. დ.მ–ძის სარჩელზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ..... (საკადასტრო კოდი: …….) მდებარე უძრავი ქონების 1/6 წილზე თ.გ–ის უფლებადაკარგულად ცნობისა და უძრავი ნივთის 1/6 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ შეწყდა საქმის წარმოება.
6. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - „სსსკ“) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შინაარსობრივად არის კერძო საჩივარი, რომელიც წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე საქმის წარმოება შეწყდა (სსსკ-ის 274-ე მუხლი სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა).
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
12. სსსკ-ის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ნორმები იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-692-2019, 11 ივნისი, 2019 წელი).
13. სსსკ-ის 70-ე მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ლ.ჩ–ს (იხ. ორდერი - ტ. 2, ს.ფ. 27) გაეგზავნა და ჩაბარდა პირადად 2022 წლის 13 სექტემბერს (იხ. ჩაბარების დასტური - ტ.2, ს.ფ. 66).
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
15. მოცემულ შემთხვევაში, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 14 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 26 სექტემბერს (რადგან გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო კვირა). საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივარი წარდგენილია 2022 წლის 28 სექტემბერს (იხ. კონვერტი ტ. 2, ს.ფ. 81). ამასთან, დოკუმენტის შედგენის თარიღადაც 2022 წლის 28 სექტემბერია მითითებული (იხ. კერძო საჩივარი, ს.ფ. 68-79). ამდენად, კერძო საჩივარი წარდგენილია სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1555-2019, 31 ოქტომბერი, 2019 წელი, №ას-906-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-79-2021, 8 თებერვალი, 2021 წელი).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 416-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე და 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.მ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. დ.მ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ.ჩ–ის (პ/ნ …) მიერ 2022 წლის 28 სექტემბერს №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე