Facebook Twitter

საქმე №ას-1308-2022 17 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ჯ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ჯ–ვის (შემდგომში - „მოპასუხე“, „საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ი.ჯ–ვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რა მიზნითაც გაიცა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.

4. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა როგორც სააპელაციო საჩივარი, ისე კერძო საჩივარი (გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინებებით არც სააპელაციო საჩივარი და არც კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინებებზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მხარე ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს იმ განჩინებასაც, რომლითაც კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნას საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

8. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

9. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

10. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მე-4 პუნქტით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი. წარდგენილ კერძო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინების ფარგლებში იმსჯელა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ კვლავ წარმოადგინა საჩივარი, მართალია, პრეტენზია გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ წარმოდგენილია საკასაციო საჩივრის ფარგლებში, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლო სსსკ-ის 270-ე მუხლის მიხედვით, მას როგორც კერძო საჩივარს განიხილავს.

12. სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს, ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-21-2019, 21 იანვარი, 2019 წელი). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მოკლებულია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; № ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესი, რომლის თანახმად მსგავსი შინაარსის განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, კანონმდებლობა კი მისი დამატებითი გასაჩივრების წესს არ ითვალისწინებს, რამდენადაც ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება. შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რამდენადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინებით იმსჯელა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მართლზომიერების საკითხზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ჯ–ვის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც ი.ჯ–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე