საქმე №ას-154-2022 17 მაისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – თ.ლ–ძე, თ.მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ფ–ძე (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებას - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020
წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა; მ.ფ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე), თ.ლ–ძესა (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და თ.მ–ს (შემდეგში - მესამე მოპასუხე) მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზიანის - 3000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
2. პირველმა მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
3.1. კასატორის განმარტებით, პასუხისმგებელია საფინანსო კომპანიის და არა მისი კლიენტების მიმართ. საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სასამართლოს განსჯადობას და მიიჩნევს, განსჯადი სასამართლო რუსთავის საქალაქო სასამართლოა.
3.2. არასწორია დასკვნა მასზე, რომ მოცემული საქმე დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს განეკუთვნება. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს დელიქტიდან გამომდინარე დავებისათვის დადგენილ ოთხ წინაპირობას, კერძოდ, კასატორის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს. ამ კომპონენტებიდან ერთ-ერთის არარსებობისას დელიქტური ნორმებით გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება არ არის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დელიქტის არსებობასა და ზიანის ოდენობას ადგენს.
3.3. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხზე, თუ რომელი ნორმით უნდა მოწესრიგდეს მხარეთა ურთიერთობა. მოსარჩელეს ზიანი მიადგა მსესხებლის ხელმძღვანელების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად და არასათანადოდ შესრულების გამო, არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამო, მსესხებლის კრედიტორების ფულადი თანხა მასობრივად უბრუნდებოდათ, რამაც მსესხებლის გადახდისუუნარობა გამოიწვია. თავის მხრივ, კასატორის მიერ მსესხებლისაგან ფულის სესხება არ არის მისი გაკოტრების მიზეზი, ის მაინც გადახდისუუნარო იქნებოდა. თუ სასამართლო დავას წყვეტს სსკ-ის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დელიქტური ურთიერთობისას პროცენტის დაკისრება არასწორია, რადგან აღნიშნული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარეობს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას სასამართლოების მხრიდან კანონის არასწორ გამოყენებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან საჭიროებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების წინაპირობების არსებობამ განაპირობა. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).
9. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნული განჩინებით მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავედ. მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო 2348 პირს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ე.მ–ძე დაზარალებულთა სიაში არის რიგით 246-ე.
10. პალატა მიუთითებს, რომ 24.09.2010წ. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებები პრეიუდიციის რანგში რომც არ იქნეს განხილული (სუსგ №ას-1263-2019, 13.03.2020), მოპასუხეს არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.
11. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად - ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ,,ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.)''.
12. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული ძირი თანხა უნდა იქნეს მიჩნეული (შეად. სუსგ-ებს: N 1322-2018, 04.04.2019წ: N ას-94-2021, 06. 07. 2021; ას-112-2021. 07.07.2021წ.)''. შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოპასუხეს ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციას. შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც ის არ უნდა იქნეს განხილული.
13. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია იმასაც უკავშირდება, რომ საქმე განხილულია განსჯადობის წესების დარღვევით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს განსაზღვრავს ადგენს, რომ „საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს ტერიტორიულ და საგნობრივ განსჯადობას საკასაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იგი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას იყო წამოყენებული მოპასუხის მიერ, ან თუ არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც ასეთი მოთხოვნა ვერ იქნა წამოყენებული სააპელაციო სასამართლოში“. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სააპელაციო საჩივრით, სხვა გარემოებებთან ერთად, სადავო არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვა (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.II, ს.ფ.146-237). ამრიგად, საპროცესო კოდექსით დადგენილი წინაპირობა, მოპასუხის მოთხოვნით საქმის განმხილველი სასამართლოს ტერიტორიული და საგნობრივი განსჯადობის შემოწმების თაობაზე, გამოვლენილი არ არის. თუმცა, საკასაციო სასამართლო დამატებით, მიუთითებს, რომ საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ კასატორის მოსაზრება, დასაშვები რომც ყოფილიყო, სსსკ-ს 404.3 მუხლის შესაბამისად, დავის ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და გაზიარებული არ უნდა იქნეს.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი