საქმე №ა-184-შ-8-2022 25 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ნ.ქ. გიზი
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.ე.ი. ოღლი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ასტარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის №2(018)-327/2021 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ასტარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის №2(018)-327/2021 გადაწყვეტილებით:
1.1. მოსარჩელე ა.ნ.ქ. გიზის სარჩელი (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) მოპასუხე ფ.ე.ი. ოღლის (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ ქორწინების შეწყვეტის, ბავშვის დედასთან დარჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ალიმენტისა და პირადი ქონების დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.2. მოსარჩელე ა.ნ.ქ. გიზსა და მოპასუხე ფ.ე.ი. ოღლს შორის 2018 წლის 25 ოქტომბერს საქართველოში №37103000550 აქტით რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა. 2018 წლის 3 დეკემბერს დაბადებული ფ.ა.ე. გიზი დარჩა დედის - ა.ნ.ქ. გიზის მზრუნველობაში;
1.3. 2018 წლის 3 დეკემბერს დაბადებული ფ.ა.ე. გიზის აღზრდისა და მასზე მზრუნველობის მიზნით დადგინდა მოპასუხე ფ.ე.ი. ოღლისათვის 120 მანეთის ოდენობით სტაბილურად თანხის ჩამოჭრა და მოსარჩელის ა.ნ.ქ. გიზის სასარგებლოდ გადარიცხვა 2021 წლის 2 თებერვლიდან დაწყებული ბავშვის სრულწლოვანებამდე;
1.4. დადგინდა მოპასუხისათვის ფ.ე.ი. ოღლისათვის სახელმწიფო ბაჟის - 30 მანეთის ჩამოჭრა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა;
1.5. მოპასუხეს ფ.ე.ი. ოღლს დაეკისრა განქორწინების მოწმობის გაცემისათვის 15 მანეთის გადახდა;
1.6. დადგინდა სახელმწიფო ბაჟის - 30 მანეთის ოდენობიდან 20 მანეთის მოსარჩელისათვის ა.ნ.ქ. გიზისათვის გადაცემა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2022 წლის 13 იანვრის №420 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ა.ნ.ქ. გიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ასტარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის №2(018)-327/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
3. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ასტარის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ 2021 წლის 30 ივლისს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ასტარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის №2(018)-327/2021 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 30 ივლისს. ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ, რამდენადაც მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა, ჩაწერილია და ცხოვრობს საქართველოში, მარნეულის რაიონის სოფელ ......, სასამართლო გადაწყვეტილების აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღსრულება ვერ ხერხდება.
4. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ასტარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის №2(018)-327/2021 გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, თუმცა სასამართლოსათვის მოსაზრება არ წარუდგენია და არც გამოუცხადებლობის მიზეზი შეუტყობინებია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით ა.ნ.ქ.გიზს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) მის მიერ ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა; ბ) დაზუსტებული მოთხოვნა თუ რა ნაწილში ითხოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ასტარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის №2(018)-327/2021 გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას; გ) სათანადო წესით (აკინძული (შეკერილი) და ნოტარიულად) დამოწმებული შუამდგომლობის ქართული თარგმანი; დ) დაზუსტებული ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) თაობაზე.
6. ზემოაღნიშნული განჩინება თარგმანთან ერთად შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა 2022 წლის 16 მარტს და ჩაბარდა ამავე წლის 6 აპრილს.
7. 2022 წლის 15 აპრილს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება/ შუამდგომლობა, სადაც მიუთითა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ასტარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის №2(018)-327/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას ითხოვს იმ ნაწილში, რომლითაც 2018 წლის 3 დეკემბერს დაბადებული ფ.ა.ე. გიზის აღზრდისა და მასზე მზრუნველობის მიზნით დადგინდა მოპასუხე ფ.ე.ი. ოღლისათვის 120 მანეთის ოდენობით სტაბილურად თანხის ჩამოჭრა და მოსარჩელის ა.ნ.ქ. გიზის სასარგებლოდ გადარიცხვა 2021 წლის 2 თებერვლიდან დაწყებული ბავშვის სრულწლოვანებამდე. განცხადებაში, ასევე, მითითებულია, რომ მოპასუხის მისამართია - საქართველო, მარნეულის რაიონის სოფელი ..... წარმოდგენილი განცხადება ხელმოწერილია ა.ქ. ნ. ოღლის მიერ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით ა.ნ.ქ.გიზს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: შუამდგომლობის ავტორის მიერ ან შუამდგომლობის ავტორის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილი ადვოკატის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა.
9. ზემოაღნიშნული განჩინება და განჩინების თარგმანი შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა 2022 წლის 11 ივლისს და ამავე წლის 22 ივლისს ჩაბარდა (იხ. შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ ადმინისტრატორის ცნობა, ს.ფ 68).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა.ნ.ქ. გიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ასტარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის №2(018)-327/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. ამავე კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
15. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით ა.ნ. ქ. გიზს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: შუამდგომლობის ავტორის მიერ ან შუამდგომლობის ავტორის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად შედგენილი მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილი ადვოკატის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა. ზემოაღნიშნული განჩინება და განჩინების თარგმანი შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა 2022 წლის 11 ივლისს და ამავე წლის 22 ივლისს ჩაბარდა (იხ. შპს „ს.კომუნიკაციების სისტემების“ ადმინისტრატორის ცნობა).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს ასევე განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. შესაბამისად, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო - 2022 წლის 23 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 1 აგვისტოს. ამ დროის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი და 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ნ.ქ. გიზის შაუმდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ასტარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის №2(018)-327/2021 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე