Facebook Twitter

საქმე №ას-1034-2022 26 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ბ-ამ (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდეგში: სააგენტო ან დამსაქმებელი ან მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა სააგენტოს 27.02.2020წ. N------ ბრძანების (შემდეგში - სადავო ბრძანება) ბათილად ცნობა; მოსარჩელის აღდგენა სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1100 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელე მუშაობდა სააგენტოში 2006 წლიდან. მუშაობის პერიოდში გავლილი აქვს არაერთი ატესტაცია მაღალი შეფასებებით. 2019 წელს მოსარჩელე გააფრთხილეს რეორგანიზაციის საფუძველზე სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. 2019 წელის 30 დეკემბერს სამსახურში ჩატარდა ატესტაცია ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში, ხოლო 2020 წლის 09 იანვარს პროფესიულ წერაში. მოგვიანებით ჩატარდა გასაუბრებაც. საბოლოოდ, სააგენტოს სადავო ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების რაიმე საფუძველი; არ ყოფილა დადგენლი ტესტირების გადასალახი მინიმალური ზღვარი; სამსახურში დატოვებულ თანამშრომელებს მოსარჩელესთან შედარებით ნაკლები ქულები ჰქონდათ. შესაბამისად, სადავო ბრძანება უკანონოა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მინისტრის ბრძანების შესაბამისად სააგენტოს ახალი დებულება დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც სააგენტოში სტუქტურული ცვლილებები განხორციელდა. აუცილებელი გახდა რეორგანიზაციის ჩატარება, რამაც სამუშაო ადგილების ოპტიმიზაცია განაპირობა, სამსახურები გაერთიანდა, შტატები შემცირდა და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაიზოგა. სააგენტოს თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფად ტესტირება და გასაუბრება ჩატარდა. გამოცდა მოიცავდა თითოეული სამსახურისათვის განსაზღვრულ თემატიკას. მოსარჩელის ქულები გადანაწილდა შემდეგნაირად: ზოგადი უნარები - 56ქ.; მართლწერა - 50ქ.; პროფესიული განათლება - 49ქ. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, მოსარჩელესთან გასაუბრების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივ დატვირთვასთან დაკავშირებულ კომისიის შეკითხვას მიუგო, რომ დატვირთულია, თუმცა ვერ აღწერა ყოველდღიური საქმიანობა, გაუჭირდა სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების აღწერაც. შესაბამისად, მოსარჩელემ დატოვა შთაბეჭდილება, რომ მას უჭირდა სამსახურებრივი მოვალობებისადმი თავის გართმევა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაციის შედეგად სააგენტოს ზუგდიდის სამსახური შეუერთდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურს, აუცილებელი გახდა თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირება. ამ მოცემულობაში თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვებოდა უფრო მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობა. კომისიის მოსაზრებით, მოსარჩელე დაკისრებულ ამოცანას თავს ვერ გაართმევდა, რის გამოც, მისი დასაქმება სააგენტოში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში- სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება; მოსარჩელე აღდგენილი იქნა სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1100 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), გათავისუფლების მომენტიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელისთვის კომპენსაციის სახით გაცემული 1 თვის თანამდებობრივი სარგოს გამოკლებით.

5. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გამოტანილი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ დადგენლი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. მოსარჩელე, სააგენტოს ზუგდიდის სამსახურის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე პირველად დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით 30.01.2006წ.-ის N- (პარაგრაფი ---) ბრძანებით. ორგანიზაციული ცვლილებებიდან გამომდინარე მის დანიშვნასთან დაკავშირებით შემდგომი ბრძანებები გამოცემულია 19.06.2008წ.; 19.09.2009წ.; 16.07.2012წ.-ს. მოსარჩელე მოპასუხესთან დასაქმებული იყო უწყვეტად.

9. სააგენტოს რეორგანიზაცია დაიწყო 29.11.2019წ.-ს და შესაბამისი აქტით დადგინდა, რომ სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ერთეულებში და ტერიტორიულ სამსახურებში დასანიშნი/გადასაყვანი/ გასათავისუფლებელი თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველყოფა, თანამშრომლის კვალიფიკაციის გათვალისწინებასთან ერთად, უნდა განხორციელებულიყო ტესტირების (სახელმწიფო მართლწერის, ზოგადი უნარების ან/და პროფესიული ტესტის) ან/და გასაუბრების შედეგად პოზიციების სპეციფიკის გათვალისწინებით.

10. 02.12.2019წ.-ს მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 28 ნოემბრის N462 ბრძანების საფუძველზე, რეორგანიზაციის გამო, თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ.

11. მოსარჩელესთან ჩატარდა ტესტირება და გასაუბრება. მოსარჩელის ტესტირების შედეგები შემდეგნაირია: ზოგადი უნარები 56 ქულა, ქართული ენის მართლწერა - 50 ქულა, სამართლებრივი თემატიკა - 49 ქულა.

12. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, გასაუბრების ოქმის მიხედვით გასაუბრების მსვლელობისას მოსამსახურეებს დაესვათ მათივე საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი კითხვები: რა არის მათი ფუნქცია- მოვალეობანი? როგორია მათი სამუშაო გამოცდილება? როგორია მათი სამუშაო დატვირთვა? რა ცვლილებებია განსახორციელებელი სამსახურის უკეთ ფუნქციონირებისათვის? დაისვა პროფესიული კითხვებიც მოსამსახურეთა ფუნქცია- მოვალეობებისა და პოზიციის გათვალისწინებით. აღნიშნულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა მოსარჩელეს გაუჭირდა და მას დაესვა დამატებითი შეკითხვები. კომისიის მხრიდან საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ მუშაობს სამოქალაქო აქტების მიმართულებით. დასმულ კითხვაზე სამსახურებრივ დატვირთვასთან დაკავშირებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საკმაოდ დატვირთულია, თუმცა, ვერ აღწერა თავისი ყოველდღიური საქმიანობა. ასევე გაუჭირდა მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების გადმოცემა. კომისია განსაკუთრებით დაინტერესდა რაში გამოიხატებოდა მისი დატვირთული რეჟიმი, რაც ვერ ახსნა და აღნიშნა, რომ შესაძლოა თითოეული თანამშრომელი სხვადასხვაგვარად იყოს დატვირთული. შესაბამისად, დატოვა შთაბეჭდილება, რომ უჭირს საქმისთვის სათანადოდ თავის გართმევა. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ რეორგანიზაციის შედეგად ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახური შეუერთდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურს, დღის წესრიგში დგება თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირება, რის ფონზეც თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება უფრო მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობა, ვიდრე ეს რეორგანიზაციამდე იყო საჭირო, კომისიის მოსაზრებით, მოსარჩელე გასაუბრებაზე ჩამოყალიბებული შთაბეჭდილების გათვალისწინებით ვერ გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას და მისი შემდგომი დასაქმება სააგენტოში არ არის მიზანშეწონილი.

13. განსახილველი სარჩელით მოსარჩელემ სადავოდ გახადა რა გასაუბრების შედეგები, სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ საკითხზე თუ რა ფაქტებმა განაპირობეს მოსარჩელის პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამობა.

14. ამ თვალსაზრისით, ყურადღება გამახვილდა მოპასუხის პოზიციაზე, რომელიც დავის მიმდინარეობისას არ მიუთითებდა, რომ არსებითად შეიცვალა ახალ საშტატო ნუსხაში მთავარი სპეციალისტის სამუშაო აღწერილობა (საუბარია მხოლოდ დატვირთულობის, საქმის რაოდენობის ზრდაზე). საქმეში არ იყო წარმოდგენილი არც რაიმე მტკიცებულება რომ მოსარჩელე თავს ვერ ართმევდა ან უხარისხოდ (არაკეთილსინდისიერად ან არასწორად) ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამუშაოს.

15. სასამართლომ მიიჩნია, რომ არც გასაუბრების ოქმიდან არ დგინდებოდა კომისიის მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული მოსარჩელის პასუხის შინაარსი.

16. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის პირადი საქმის მასალები, განვლილი პერიოდის ატესტაციების შედეგები, ახალი ტესტირებისას მიღებული მაღალი ქულები, სასამართლო სხდომაზე სამუშაოსთან თუ სხვა საკითხების გადმოცემისას გამოვლენილი უნარ-ჩვევები, მოსარჩელის მრავალწლიანი სამუშაო სტაჟის და წლების განმავლობაში ერთგვაროვანი საქმის შესრულებით დაგროვილი პრაქტიკა წარმოშობდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მოსარჩელეს არ უნდა გასჭირვებოდა კომისიის მხრიდან მისივე საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა და ეს დასკვნა არ ასახავდა გასაუბრების რეალურ შედეგს.

17. ამასთან, სასამართლომ ამ გარემოების დამტკიცების ტვირთის მოსარჩელეზე (კონკურსანტი) დაკისრება მიზანშეუწონლად მიიჩნია გადაულახავი სტანდარტის გამო, კერძოდ, აღნიშნა, რომ მოსარჩელე ფიზიკურად ვერ შეძლებს ამის დამტკიცებას და ეს მოპასუხის ტვირთია, რასაც მოპასუხემ თავი სათანადოდ ვერ გაართვა.

18. მოსარჩელე 2020 წლის 27 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 01.18.2018 წ-დან მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1100 ლარს.

19. რეორგანიზაციამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა - 615 ერთეული, თვის ფონდი 813200 ლარი და წლიური ფონდი 9758000 ლარი. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა 530 ერთეულით, თვის ფონდი 749900 ლარით და წლიური ფონდი 9000000 ლარით.

20. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეორგანიზაციამდე იყო 14 საშტატო პოზიცია, მათ შორის სამსახურის უფროსის - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 12; ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 4 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 3; სენაკის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 4 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 3; წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 1; აბაშის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 1; მარტვილის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 5 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 3; ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო - 3 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1, უფროსის მოადგილე - 1 და მთავარი სპეციალისტი - 1; ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 3 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 2; მესტიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 2 საშტატო პოზიცია, მათ შორის: სამსახურის უფროსი - 1 და მთავარი სპეციალისტი - 1.

21. 2020 წლის 27 თებერვალს დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ, ზემოთ მითითებული 9 სამსახურის გაერთიანების შედეგად, ჩამოყალიბდა სამეგრელო - ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სადაც არის 26 საშტატო ერთეული, აქედან, სამსახურის უფროსი - 1 (ვაკანტური), მთავარი სპეციალისტი - 25 (იხ. ტომი 2, ს/ფ 114).

22. მოცემულ საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აეკრძალა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე (ზუგდიდის ერთი ვაკანტური პოზიცია, თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი) კონკურსის შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა (გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა) (იხ. ტომი 2, ს/ფ 146-150).

23. დადგენლი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას (ახალი რედაქციით 47.1“ა“ მუხლი).

24. ამ მოცემულობაში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხზე 2020 წლის თებერვალში, სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის პირობებში, ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის (შტატის) შენარჩუნების მიუხედავად, რატომ მიიღო დამსაქმებელმა გადაწყვეტილება ამ კონკრეტულ თანამდებობაზე დასაქმებული მუშაკის - მოსარჩელის განთავისუფლებისა. აღნიშნული განაპირობა, თუ არა კადრის არაკვალიფიციურობამ ან/და დამსაქმებლის მიერ რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები ქმნიდა, თუ არა დასაქმებული პირის უნარ–ჩვევების ობიექტურად შეფასების საფუძველს.

25. სააპელაციო სასამართლომ საყურადღებო გარემოებად მიიჩნია სააგენტოში წინა წელს (2018წ.) ჩატარებული ატესტაციისას მოსარჩელის მიერ მიღებული შეფასება, რაც მაქსიმალური 60 ქულიდან 58 ქულას შეადგენდა.

26. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიჩნია, რომ მოსარჩელე განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და გულისხმიერებით ეკიდებოდა შრომითი მოვალეობების შესრულებას და მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად და კვალიფიციურად. ნიშანადობლივია, რომ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხე დამსაქმებელს რაიმე არგუმენტზე არ მიუთითებია. მოსარჩელის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით სააგენტოს რაიმე პრეტენზია არ ჰქონდა.

27. დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა – 615 ერთეული, 1 თვის სახელფასო ფონდი შეადგენდა 813 200 ლარს, წლიური სახელფასო ფონდი - 9 758 000 ლარს. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა- 530 ერთეული, თვის ფონდი - 749 900 ლარი, წლიური ფონდი - 9 000 000 ლარი (იხ. ტომი 2, ს/ფ 93). მიუხედავად ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ რეორგანიზაციამდე იმ 9 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, წალენჯიხა, აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ, ხობი, მესტია), რომელთა გაერთიანების შედეგად შემდგომში ჩამოყალიბდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, საერთო ჯამში მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული განსაზღვრული იყო 27-ით. 2020 წლის 27 თებერვალს, დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ, ზემოთ მითითებული 9 სამსახურის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 26 საშტატო ერთეული, აქედან სამსახურის უფროსი - 1 (ვაკანტური),მთავარი სპეციალისტი - 25. ამდენად, დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად ძირითადად შემცირდა, სამსახურების უფროსებისა და მათი მოადგილეების საშტატო ერთეულები, ხოლო მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული შემცირდა მხოლოდ 2 ერთეულით).

28. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილია 2021 წლის 02 დეკემბერის მიმართვა, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. წერილიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 02 დეკემბრის მდგომარეობით სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვაკანტური იყო შემდეგი საშტატო ნუსხით განსაზღვრული პოზიციები: სამსახურის უფროსი - 1 პოზიცია, მთავარი სპეციალისტი - 2 პოზიცია. მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით სააგენტოს აეკრძალა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე (ზუგდიდში ერთი ვაკანტური პოზიცია - თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი) კონკურსის შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა (გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა).

29. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე (იხ. სხ. ოქმი 31.03.2022წ. 13:57:14) დაადასტურა, რომ ამ პოზიციაზე პირები მხოლოდ დროებით არიან დანიშნული.

30. ზემოაღნიშნული კი, მიუთითებდა იმაზე, რომ მოპასუხეს შეუძლია დაასაქმოს სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომელი.

31. ამასთან, მიუხედავად ორგანიზაციული ცვლილებებისა, თანამდებობა, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, ვაკანტურია. ასევე, არ შემცირებულა ამ პოზიციაზე შრომის ანაზღაურების ოდენობა.

32. მართალია, სააგენტოში განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რის შედეგადაც წინა წელთან შედარებით გარკვეულწილად შემცირდა საშტატო ერთეული და სახელფასო ფონდი, თუმცა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული კვლავ ვაკანტურია და მასზე მუდმივად არავინ დასაქმებულა.

33. ასეთი მოცემულობა სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დაუსაბუთებელს ხდიდა დამსაქმებლის არგუმენტს მოსარჩელის გათავისუფლების საკითხზე სშკ–ის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით.

34. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა სხვა დასაქმებულებისათვის უპირატესობის მინიჭება და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება ასევე, დაუკავშირა მოსარჩელის კვალიფიკაციას, ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად მიღებულ შედეგებს, რის შედეგადაც მიიჩნია, რომ არ იყო რეკომენდებული მოსარჩელის შემდგომი დასაქმება სააგენტოში. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა მოსარჩელეს ჰქონდა მრავალწლიანი გამოცდილება სააგენტოში (15 წელი) და კონკრეტულად მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე წარმატებული მუშაობისა, რაც დაუსაბუთებელს ხდიდა დამსაქმებლის მითითებას მოსარჩელის კვალიფიკაციასა და დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების მოტივებზე.

35. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთქმულის მიუხედავად, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას მიზეზად დასაქმებულის კვალიფიკაცია ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გათვალისწინებულია სშკ-ის 37.1 მუხლის. „ვ“ ქვეპუნქტით, არ ყოფილა; სადავო ბრძანება გამოცემულია სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ასეთ ვითარებაში, დამსაქმებლის მტკიცება, რომ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი გახდა ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები, რომელიც მეტყველებდა საკმარისი კვალიფიკაციის არარსებობასა და დაკავებულ პოზიციასთან მის შეუსაბამობაზე, დაუსაბუთებელი იყო.

36. დამატებით, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები იმ თვალსაზრისით, იქნებოდა თუ არა ისინი საკმარისი საფუძველი მოსარჩელის მიმართ არაკვალიფიციურობისა და დაკავებულ პოზიციასთან შეუსაბამობის შესახებ დასკვნის გამოსატანად. მით უმეტეს, დამსაქმებელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსარჩელესთან გასაუბრების ეტაპის მნიშვნელობას სამსახურიდან დათხოვნის კონტექსტში;

37. უდავო გარემოებას წარმოადგენდა, რომ ზოგადი უნარების ტესტირებაში მაქსიმალური 80 ქულიდან, მოსარჩელემ მიიღო-56 ქულა, სახელმწიფო ენის მართლწერაში (ქართულის ტესტი, ქართულის რედაქტირება) - 50 ქულა, 80 მაქსიმუმიდან და სამართლებრივ თემატიკაში - 49 ქულა, 50 მაქსიმუმიდან (იხ. ტომი 2, ს/ფ 117). ქულათა აღნიშნული ოდენობა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლეოდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობის შესახებ დასკვნის გამოტანის საკმარის საფუძველს.

38. რაც შეეხება აპელანტის მსჯელობას ზეპირი გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით ასევე, არ იქნა გაზიარებული ვინაიდან, გასაუბრების ოქმში ასახული იყო ზოგადი ხასიათის მითითება დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით მიღებული არადამაკმაყოფილებელი პასუხების თაობაზე, რაც ასევე არ ქმნიდა საკმარის საფუძველს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, წარმატებული მუშაკის არაკვალიფიცურობის შესახებ დასკვნის გამოსატანად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გასაუბრების ოქმში დაფიქსირებული გარემოებები უარყოფილია დასაქმებულის მიერ, ხოლო ამ გარემოებათა ნამდვილობა სხვა რაიმე უტყუარი/სანდო მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.

39. დადგენილია, რომ გასაუბრებისას არ ხდებოდა მსვლელობის აუდიო-ვიდეო ფორმატით ჩაწერა, რაც სასამართლოს იმის შესაძლებლობას მისცემდა, რომ დარწმუნებულიყო აპელანტის განმარტების უტყუარობაში. გასაუბრების აუდიო ფიქსაცია წინახედულობისა და ობიექტურობის პრინციპის გათვალისწინებით შეეძლო დამსაქმებელ ორგანიზაციას (იხ. ტომი 2, ს/ფ 34-35). სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაუბრებამდე, ოქმის თანახმად, მოსარჩელისათვის არ ყოფილა შეთავაზებული გასაუბრების პროცესის აუდიო ან ვიდეო ჩაწერა (იხ. 31.03.2022წ. სხდომის ოქმი 13:31:59). იგივე დაადასტურა მოსარჩელემ და მიუთითა, რომ შეთავაზების შემთხვევაში იგი აუცილებლად დათანხმედებოდა გასაუბრების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერას, რადგან სავსებით დარწმუნებულია საკუთარ პროფესიონალიზმში (იხ. 31.03.2022წ. სხდომის ოქმი 14:05:55).

40. გასაუბრების ოქმთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელემ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე თუ რა შედიოდა მის უფლება-მოვალეობებში, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ სრულყოფილად ჩამოაყალიბა მისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შინაარსი და დეტალურად განმარტა ისინი (იხ. 31.03.2022წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 14:23:27), რითიც სააპელაციო სასამართლოს გაუმყარდა შინაგანი რწმენა მოსარჩელის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.

41. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებას არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი, რის გამოც, იგი სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.

42. რაც შეეხება მოსარჩელის რესტიტუციულ შედეგს სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის (ახალი რედაქციით 48-ე მუხლი) თანახმად მიიჩნია, რომ ვინაიდან სამეგრელო - ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არსებობს მთავარი სპეციალისტის კადრის საჭიროება, ვაკანტური პოზიცია, გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იმავე სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სწორი და დასაბუთებულია.

43. უარყოფილი იქნა დამსაქმებლის პრეტენზია, რომ აღნიშნული სამუშაო პოზიცია არ არის ვაკანტური ვინაიდან, აპელანტს ამ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

44. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე არამართლზომიერად გათავისუფლდა სამუშაოდან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც.

45. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის (აპელანტი) მიერ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული განჩინების და სარჩელის უარყოფა.

46. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას რეორგანიზაციის საკითხზე. მისი მოსაზრებით, ის გარემოება, რომ არ შემცირებულა მთავარი სპეციალისტის შტატი, არამედ შემცირდა მხოლოდ უფროსისა და მოადგილეების შტატები, ეს მაინც შეიძლებოდა გამხდარიყო მთავარი სპეციალისტის გათავისუფლების საფუძველი. კასატორი უთითებს, რომ როდესაც გაუქმდა რეორგანიზაციამდე არსებული 9 ტერიტორიული სამსახური და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა ერთი - სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ლოგიკურია, რომ მანამდე არსებული თანამშრომლები, როგორც გაუქმებული სამსახურის უფროსები, ასევე, მათი მოადგილეები და მთავარი სპეციალისტები საერთო კონკურენციაში შევიდნენ ერთმანეთთან, რათა დაეკავებინათ ახლად წარმოქმნილ სამსახურში (სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში) არსებული პოზიციები, მათ შირის, მთავარი სპეციალისტის პოზიციებიც. შესაბამისად, მანამდე არსებული უფროსები და მათი მოადგილეები კონკურსის შედეგების გათვალისწინებით შესაძლოა არ მოყვნენ შემცირებაში და გადაინიშნენ მთავარ სპეციალისტებად (ამით აიხსნება ზოგადად მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე მთავარი სპეციალისტების ნაკლები ოდენობით შემცირება). სამუშაო ძალა კი, რეგიონის მასშტაბით შემცირდა 42-დან 26 ერთეულამდე. შესაბამისად, მთავარი სპეციალისტის შტატი რომც გაზრდილიყო, მთავარია ზოგადად, რომ რეგიონში შემცირდა სამუშაო ძალა, ხოლო სასამართლოს მსჯელობა იმგვარია, რომ თითქოს გაუქმებული სამსახურის უფროსები და მოადგილეები ამ სამსახურების გაუქმების გამო ავტომატურად უნდა გათავისუფლებულიყვნენ და საერთო კონკურენციაში არ უნდა შესულიყვნენ მთავარ სპეციალისტებთან.

47. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების არაკანონიერად ცნობის საკითხშიც და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ქულები დაახლოებით საშუალო მაჩვენებელზე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებთან შედარებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა გასაუბრების ეტაპს. გასაუბრების მსვლელობისას მოსამსახურეებს დაესვათ მათივე საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი კითხვები: რა არის მათი ფუნქცია- მოვალეობანი? როგორია მათი სამუშაო გამოცდილება? როგორია მათი სამუშაო დატვირთვა? რა ცვლილებებია განსახორციელებელი სამსახურის უკეთ ფუნქციონირებისათვის? დაისვა პროფესიული კითხვებიც მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებისა და პოზიციის გათვალისწინებით. აღნიშნულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა მოსარჩელეს გაუჭირდა და მას დაესვა დამატებითი შეკითხვები. კომისიის მხრიდან საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ მუშაობს სამოქალაქო აქტების მიმართულებით. დასმულ კითხვაზე სამსახურებრივ დატვირთვასთან დაკავშირებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საკმაოდ დატვირთულია, თუმცა, ვერ აღწერა თავისი ყოველდღიური საქმიანობა. ასევე გაუჭირდა მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების გადმოცემა. კომისია განსაკუთრებით დაინტერესდა რაში გამოიხატებოდა მისი დატვირთული რეჟიმი, რაც ვერ ახსნა და აღნიშნა, რომ შესაძლოა თითოეული თანამშრომელი სხვადასხვაგვარად იყოს დატვირთული. შესაბამისად, დატოვა შთაბეჭდილება, რომ უჭირს საქმისთვის სათანადოდ თავის გართმევა. გასაუბრებაზე დატოვებულმა შთაბეჭდილებამ გააუარესა მოსარჩელის მიერ ტესტირებაზე მიღებული შედეგები და ამ ორივე კომპონენტის ერთობლიობაში განხილვით მიიღო სააგენტომ გადაწყვეტილება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ.

48. ამასთან, კასატორი არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გასაუბრების ოქმი არ შეესაბამება სინამდვილეს. კასატორი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გასაუბრების ოქმში მითითებული ინფორმაცია იქნებოდა არასწორი, თავისთავად ოქმის ბათილობაზე მოთხოვნის დაყენება გახდებოდა მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საფუძველი.

49. კასატორის მოსაზრებით, გაურკვეველია, რატომ მიიჩნია სასამართლომ 1 წლის ვადით შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი (თუნდაც მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე) მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის ტოლფასად. არატოლფასოვნების კონტექსტში კასატორი მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე N----), სადაც განმარტებულია, რომ მიუხედავად მოსარჩელე აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, რომლითაც დგინდება, რომ საქმის განხილვის დროს მიმდინარეობდა კონკურსი, ეს კონკურსი მაინც ვერ ჩაითვლებოდა ტოლფასად, ვინაიდან სააგენტო გამარტივებულ კონკურსებს აცხადებდა შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად და არაუმეტეს 1 წლის ვადით, რაც, იმის გათვალისწინებით რომ მოსარჩელე აპელანტი დასაქმებული იყო უვადოდ, ვერ იქნება უფლების რესტიტუციის სათანადო საშუალება, ვინაიდან 1 წლის შემდეგ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო აღდგენილი პირი კვლავ შრომითი ურთიერთობის მიღმა აღმოჩნდება. სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა ზუსტად იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მოცემულ საქმეშიც წარმოდგენილია (დასახელებული საქმე ამავე საფუძვლით გათავისუფლებულ სხვა პირს ეხებოდა).

50. გარდა ამისა, დასახელებული ვაკანტური პოზიციის ტოლფასად განხილვის შემთხვევაშიც, გაურკვეველია სასამართლომ, რატომ აღადგინა მოსარჩელე მითითებულ პოზიციაზე ვადის დაკონკრეტების გარეშე. ამგვარი ქმედებით სასამართლო ავალდებულებს სააგენტოს უვადოდ დაასაქმოს პირი იმის გაუთვალისწინებლად, რომ რეალურად სააგენტოს ამის საჭიროება არ გააჩნია. სასამართლო გადაწყევტილების საფუძველზე მოხდა პირის უვადოდ დანიშვნა, ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს შეეზღუდება შტატგარეშედ სხვისი აყვანის საშუალება, თუკი ამის საჭიროება წარმოიშვება დროის გარკვეული პერიოდით იმავე, ან თუნდაც სხვა ტერიტორიულ სამსახურში.

51. კასატორი შუამდგომლობს სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: 2022 წლის 16 მარტის (ამ თარიღამდე ინფორმაცია უკვე წარმოდგენილია) შემდეგ უფიქსირდება, თუ არა მოსარჩელეს შემოსავალი ხელფასის სახით, ხოლო ასეთი შემთხვევაში, რა თარიღიდან, რა ოდენობით და რომელი დამსაქმებლის მიერ. კასატორი მიუთითებს, რომ უფლებრივი რესტიტუციის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს კომპენსაცია. შესაბამისად, უნდა დადგინდეს ზიანის არსებობა, ხოლო მისი გამოთვლის ნაწილში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მისი ოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი თანამშრომელი გათავისუფლების შემდეგ შევიდა შრომით ურთიერთობაში სხვა დამსაქმებელთან, რისთვისაც იღებს შემოსავალს ხელფასის სახით, რა თქმა უნდა, ამგვარმა ფაქტმა შესაძლოა არა მხოლოდ შეამციროს გათავისუფლებით მიყენებული ზიანის ოდენობა, არამედ შეიძლება საერთოდაც გამორიცხოს იგი. გამომდინარე იქიდან, რომ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს მუშაობა სხვა სამსახურში, მნიშვნელოვანია საქმის განხილვის ყველა ეტაპზე გვქონდეს განახლებული ინფორმაცია მის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

52. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

53. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

54. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინება, რომლითაც უარყოფილია დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი და უცვლელადაა დატოვებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების (სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელე აღდგენილი იქნა თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დასაქმებულის სასარგებლოდ) შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგები (შტატების შემცირების აუცილებლობა), რაც აუცილებელს ხდიდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და ამასთან, არასწორადაა შერჩეული მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის მექანიზმი (სამსახურში აღდგენა).

55. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლი), 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლი), სსკ-ის 54-ე, 394-ე მუხლები, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, 32-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლი) წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს მხარეთა შრომით ურთიერთობაში ყოფნის, დამსაქმებლის მიერ რეორგანიზაციის მოტივით სამუშაოდან არამართლზომიერად გათავისუფლების, რის შედეგადაც დამსაქმებელს მხრიდან დაირღვა ვალდებულება და დასაქმებულს მიადგა ზიანი, გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის/მისი ტოლფასი სამუშაო ადგილის არსებობის ფაქტებზე. კასატორის (დამსაქმებელი) შედავების გათვალისწინებით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების ზოგიერთი ნაწილის დადასტურება ეკისრება მოსარჩელეს (დასაქმებულს), თუმცა, შრომითი დავის თავისებურებიდან გამომდინარე, ფაქტების უმეტესი ნაწილი მოპასუხის (დამსაქმბელი) მტკიცების ტვირთია; შესაბამისად, სწორედ მოპასუხეა ვალდებული დაადასტუროს სააგენტოში რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობა, რომელიც ობიექტურად, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, სავალდებულოს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას და დამსაქმებელმა კანონით მინიჭებული ეს უფლება მართლზომიერად განახორციელა.

56. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიჩნეულია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) (კანონის მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლი).

57. ამ გაჩინების პპ: 27-32, 34 დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე სააგენტოს საშტატო განრიგით დამტკიცებული იყო საშტატო რაოდენობა – 615 ერთეული, 1 თვის სახელფასო ფონდი შეადგენდა 813 200 ლარს, წლიური სახელფასო ფონდი - 9 758 000 ლარს. რეორგანიზაციის შემდგომ საშტატო რაოდენობა განისაზღვრა- 530 ერთეული, თვის ფონდი - 749 900 ლარი, წლიური ფონდი - 9 000 000 ლარი (იხ. ტომი 2, ს/ფ 93). მიუხედავად ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ რეორგანიზაციამდე იმ 9 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, წალენჯიხა, აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ, ხობი, მესტია), რომელთა გაერთიანების შედეგად შემდგომში ჩამოყალიბდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, საერთო ჯამში მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული განსაზღვრული იყო 27-ით. 2020 წლის 27 თებერვალს, დასრულებული რეორგანიზაციის შემდგომ, ზემოთ მითითებული 9 სამსახურის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში იყო 26 საშტატო ერთეული, აქედან სამსახურის უფროსი - 1 (ვაკანტური), მთავარი სპეციალისტი - 25. დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად ძირითადად შემცირდა, სამსახურების უფროსებისა და მათი მოადგილეების საშტატო ერთეულები, ხოლო მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული შემცირდა მხოლოდ 2 ერთეულით). შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გარემოება, რომ არ შემცირებულა მთავარი სპეციალისტის შტატი, არამედ შემცირდა მხოლოდ უფროსისა და მოადგილეების შტატები, მაინც შეიძლებოდა გამხდარიყო მთავარი სპეციალისტის გათავისუფლების საფუძველი (იხ.,ამ განჩინების პ.46). გასაზიარებელი არაა დამსაქმებლის არც შესაგებელში მითითებული პოზიცია (იხ., ამ განჩინების პ.3), რომ რეორგანიზაციის პროცესში აუცილებელი შეიქნა რა შტატების შემცირება, სააგენტოს თანამშრომლების შესაბამისობის/კვალიფიკაციის ობიექტური კრიტერიუმებით შეფასების უზრუნველსაყოფად ტესტირება და გასაუბრება ჩატარდა, სადაც მოსარჩელემ დატოვა შთაბეჭდილება, რომ მას უჭირდა სამსახურებრივი მოვალეობებისადმი თავის გართმევა. ამ მოცემულობაში თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვებოდა უფრო მაღალ პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობა. კომისიის მოსაზრებით, მოსარჩელე დაკისრებულ ამოცანას თავს ვერ გაართმევდა, რის გამოც, მისი დასაქმება სააგენტოში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. კასატორის პოზიციის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიუთითებს ამ განჩინების პპ: 9, 11-12, 15-16, 26, 37- 41-ით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ზოგადი უნარების ტესტირებაში მაქსიმალური 80 ქულიდან, მოსარჩელემ მიიღო-56 ქულა, სახელმწიფო ენის მართლწერაში (ქართულის ტესტი, ქართულის რედაქტირება) - 50 ქულა, 80 მაქსიმუმიდან და სამართლებრივ თემატიკაში - 49 ქულა, 50 მაქსიმუმიდან (იხ. ტომი 2, ს/ფ 117), რაც არ იძლეოდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობის შესახებ დასკვნის გამოტანის საკმარის საფუძველს. ხოლო რაც შეეხება ზეპირი გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებულ დამსაქმებლის პოზიციას, რომ დასაქმებული თავს ვერ გაართმევდა სამუშაოს შესრულებას, ვერ იქნება გაზიარებული ვინაიდან, როგორც დადგენილია გასაუბრების ოქმში ასახულია ზოგადი ხასიათის მითითება დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით მიღებული არადამაკმაყოფილებელი პასუხების თაობაზე, რაც ასევე არ ქმნის საკმარის საფუძველს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, წარმატებული მუშაკის არაკვალიფიცურობის შესახებ დასკვნის გამოსატანად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გასაუბრების ოქმში დაფიქსირებული გარემოებები უარყოფილია დასაქმებულის მიერ, ხოლო ამ გარემოებათა ნამდვილობა სხვა რაიმე უტყუარი/სანდო მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.

58. დადგენილია, რომ გასაუბრებისას არ ხდებოდა მსვლელობის აუდიო-ვიდეო ფორმატით ჩაწერა, რაც სასამართლოს იმის შესაძლებლობას მისცემდა, რომ დარწმუნებულიყო დამსაქმებლის განმარტების უტყუარობაში.

59. გასაზიარებელი არაა კასატორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გასაუბრების ოქმში მითითებული ინფორმაცია იქნებოდა არასწორი, თავისთავად ოქმის ბათილობაზე მოთხოვნის დაყენება გახდებოდა მოსარჩელის პოზიციის გაზიარების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამსაქმებლისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში სწორედ ამ უკანასკნელის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა გასაუბრების აუდიო ფიქსაცია.

60. ამასთან, გასაუბრების ოქმთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელემ ვერ გასცა პასუხი კითხვაზე თუ რა შედიოდა მის უფლება-მოვალეობებში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ სრულყოფილად ჩამოაყალიბა მისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შინაარსი და დეტალურად განმარტა ისინი (იხ. 31.03.2022წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 14:23:27), რითიც სასამართლოს გაუმყარდა შინაგანი რწმენა მოსარჩელის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით (შდრ: სუსგ №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021წ.). დამატებით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს პ.47-ში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ როგორც დადგენილია მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას მიზეზად დასაქმებულის კვალიფიკაცია ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გათვალისწინებულია სშკ-ის 37.1 მუხლის. „ვ“ ქვეპუნქტით, არ ყოფილა; სადავო ბრძანება გამოცემულია სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ასეთ ვითარებაში, დამსაქმებლის მტკიცება, რომ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი გახდა ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები, რომელიც მეტყველებდა საკმარისი კვალიფიკაციის არარსებობასა და დაკავებულ პოზიციასთან მის შეუსაბამობაზე, დაუსაბუთებელი იყო.

61. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ: სუსგ №ას-1334-2021, 2 მარტი, 2022, პ.45). ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (სუსგ -ები №ას-817-2020, 8 აპრილი, 2021; №ას-943-908-2016, 27 იანვარი, 2017 წელი).

62. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლისმტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). მაშასადამე,შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია მეტადრე იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“, კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. ასეთი კატეგორიის საქმეებში სწორედ, უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება, რამდენადაც, შრომითი ურთიერთობა მოიცავს ისეთ მხარებს, რომლებიც კლასიკურად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. საქმე იმაში, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი (ე.წ. “Good Reason“) საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი).

63. მტკიცებითი საქმიანობის სფეროში ეროვნულ დონეზე არსებული მიდგომა შესაბამისობაშია საერთაშორისო გამოცდილებასთან. მიუხედავად იმისა, რომ „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ მიღებულ N158 კონვენციას საქართველოსთვის სავალდებულო ძალა არა აქვს, მისი დებულებები და ამ თვალსაზრისით, განვითარებული პრაქტიკული მიდგომები საქართველოსთვისაც საინტერესოა. N158 კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 (ა) პარაგრაფი სამუშაოდან არამართლზომიერი გათავისუფლებისაგან დაცვის ეფექტიან საშუალებად მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრებას ადგენს. კონვენციის ამ დებულების მიხედვით, მუშაკი მარტო ვერ გაუმკლავდება სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძვლის არამართლზომიერების მტკიცებით პროცესს; სწორედ ამიტომ, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს უნდა დაეკისროს. ყოველ შემთხვევაში, კონვენცია ამ საკითხის მოწესრიგებას ეროვნული კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას უტოვებს (Termination of Employment Convention, 1982 (N158) (Article 9, p.1.p2.); Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 80).

64. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულიად კანონიერად მიიჩნიეს მოპასუხის ცალმხრივი ნება სამართლებრივი ძალის არმქონედ.

65. რაც შეეხება, დასაქმებულის მაკომპენსირებელ საშუალებებს, ვინაიდან მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის (ახალი რედაქციით 48-ე მუხლი) თანახმად ვინაიდან მოცემულ საქმეზე დადგენილი იქნა რომ სამეგრელო - ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში არსებობს მთავარი სპეციალისტის კადრის საჭიროება, ვაკანტური პოზიცია, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იმავე სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, რაც სადავოა კასატორის მხრიდან, იმ არგუმენტით, რომ 1 წლის ვადით შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი (თუნდაც მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე) მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პოზიციის ტოლფასად არ მიიჩნევა. დასახელებული ვაკანტური პოზიციის ტოლფასად განხილვის შემთხვევაშიც, კასატორისათვის გაურკვეველია რატომ იქნა აღდგენილი მოსარჩელე მითითებულ პოზიციაზე ვადის დაკონკრეტების გარეშე. ამგვარი ქმედებით სასამართლო ავალდებულებს სააგენტოს უვადოდ დაასაქმოს პირი იმის გაუთვალისწინებლად, რომ რეალურად სააგენტოს ამის საჭიროება არ გააჩნია. სასამართლო გადაწყევტილების საფუძველზე მოხდა პირის უვადოდ დანიშვნა.

66. საკასაციო პალატა განმარტავს რომ სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

67. სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას _ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს. ასეთი მიდგომის საფუძველია სსსკ-ის 102-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი, რომელშიც თავმოყრილია მხარეთა საპროცესო ვალდებულებები, მათ შორის, მოპასუხის უფლება გააქარწყლოს მოსარჩელის მოთხოვნები. ცხადია, მოპასუხისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებისთვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. სასამართლო მტკიცებაში, მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების იმგვარი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა/არარსებობის დასადგენად. საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, დასაბუთებული პოზიციის არსებობამ შესაძლებელია მხარე მიიყვანოს იურიდიულად დაუსაბუთებელ შედეგებამდე, რაც მოსარჩელისათვის მდგომარეობს სარჩელის უარყოფაში, ხოლო მოპასუხისთვის - მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. (იხ., ი. გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედ: ზ. ძლიერიშვილი, ნ. კვანტალიანი, 2020წ. გვ.168, 169, 214-215, 221, 231).

68. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

69. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).

70. მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების წარდგენის დროს მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, იგი ფაქტობრივად ეთანხმება მოსარჩელეს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებში, თუმცა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების გამო (ასეთი მოცემულობის პირობებში მტკიცების საგანში შედის მხოლოდ ერთი გარემოება _ „ვალდებულების შესრულება“, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა (მითითების ტვირთი), რომლის გაქარწყლება და დამტკიცებაც მოპასუხის მხარესაა. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი - ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი). მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელთან გვაქვს საქმე ასევე, როდესაც მოპასუხე უთითებს მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებაზე (სსკ-ის 369-ე მუხლი), შესრულების ვადის დაუდგომლობაზე (სსკ-ის 361.2 მუხლი).

71. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.

72. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

73. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.

74. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების (გამომრიცხავი ნორმების) შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად: ა) მოპასუხის მიერ ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას; აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით უნდა იყოს გამართული. გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე, საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).

75. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუხსიდან კონკრეტულად რომელი სამუშაო (თანამდებობა) წარმოადგენს განთავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ სამუშაოს (თანამდებობას) (შდრ: სუსგ -ები №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021; №ას-588-556-2014, 27 აპრილი, 2015 წელი). მოპასუხის ვალდებულებაა გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ (იხ. სსსკ 102-ე მუხლი), კერძოდ, დამსაქმებლის ვალდებულებაა მიუთითოს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ არის, ან თუ ტოლფასია, არ არის ვაკანტური. დასახელებული გარემოებების (თანამდებობა არ არის ტოლფასი, არ არის ვაკანტური, ან მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს) მითითება და, საჭიროებისამებრ, მტკიცებულებებით დადასტურება მოპასუხის/დამსაქმებელის პროცესუალური ვალდებულებაა.

76. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიები მოსარჩელის მაკომპენსირებელი საშუალების (სამსახურში აღდგენა) არასწორ გამოყენებასთან (შერჩევა) მიმართებით ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი. ამ განჩინების პპ: 28-29; 31-32-ით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილია 2021 წლის 02 დეკემბერის მიმართვა, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. წერილიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 02 დეკემბრის მდგომარეობით სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვაკანტური იყო შემდეგი საშტატო ნუსხით განსაზღვრული პოზიციები: სამსახურის უფროსი - 1 პოზიცია, მთავარი სპეციალისტი - 2 პოზიცია. აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე (იხ. სხ. ოქმი 31.03.2022წ. 13:57:14) დაადასტურა, რომ ამ პოზიციაზე პირები მხოლოდ დროებით არიან დანიშნული. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მთავარი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული კვლავ ვაკანტურია და მასზე მუდმივად არავინ დასაქმებულა. ამასთან, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აეკრძალა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე (ზუგდიდის ერთი ვაკანტური პოზიცია, თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი) კონკურსის შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა (გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა) (იხ. ტომი 2, ს/ფ 146-150).

77. რაც შეეხება კასატორის მითითებას რომ გაურკვეველია სასამართლომ, რატომ აღადგინა მოსარჩელე მითითებულ პოზიციაზე ვადის დაკონკრეტების გარეშე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 38.8 (მოქმედი რედაქციით 48- ემუხლი) მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საშუალებას წარმოადგენს იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზეა შერჩეული უფლებრივი რესტიტუციის საშუალება - სამსახურში აღდგენა და სამსახურში აღდგენის პარალელურად დამსაქმებელს დაკისრებული აქვს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება ყოველთვიურად 1100 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), გათავისუფლების მომენტიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის ვადის ახლებურად მოწესრიგების საჭიროებაც არ არსებობს.

78. კასატორი შუამდგომლობს, რომ საკასაციო სასამართლომ სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვოს შემდეგი სახის ინფორმაცია: 2022 წლის 16 მარტის (ამ თარიღამდე ინფორმაცია უკვე წარმოდგენილია) შემდეგ უფიქსირდება, თუ არა მოსარჩელეს შემოსავალი ხელფასის სახით, ხოლო ასეთი შემთხვევაში, რა თარიღიდან, რა ოდენობით და რომელი დამსაქმებლის მიერ.

79. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ, რომელიც მითითებულია ამ განჩინების პ.51-ში არ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენა და გამოთხოვა დაუშვებელია. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუცია მოხდა სამსახურში აღდგენით და არა კომპენსაციის დაკისრებით.

80. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

81. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

82. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

83. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორის შუამდგომლობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს.კ:-------) (ქ.თბილისი, „სახელმწიფოხაზინა“, ბანკისკოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 08.09.2022-ში N----- საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 1320 ლარის 70% – 924 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი