საქმე №ას-1499-2020 6 მაისი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს "ნ------ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "თ------ის ჯ-----ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს "თ----ის ჯ---ის" სარჩელი შპს "ნ---ის" მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, კასატორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის გადახდა. 2021 წლის 18 იანვარს კასატორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 6674,25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება შპს "თ---ის ჯ----ის", სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1325,75 ლარის ხოლო შპს "ნ---ის" სასარგებლოდ 6674,25 ლარის, დაკისრების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად შპს "თ---ის ჯ---ს" კასატორს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6674,25 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ამავე კდოექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1325,75 ლარის გადახდა.
იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია შპს "თ----ის ჯ----ის", სახელმწიფო ბიუჯეტის და კასატორის სასარგებლოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი, მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება და შპს "თ----ის ჯ----ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 1325,75 ლარის, ხოლო შპს "ნ----ის" სასარგებლოდ - 6674,25 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "თ----ის ჯ----ს" (ს/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ---) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1325,75 ლარის გადახდა;
2. შპს "თ---ის ჯ---ს" (ს/ნ ----) შპს "ნ----ის" (ს/ნ ----) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 6674,25 ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური