Facebook Twitter

29 ივნისი, 2022 წელი,

საქმე №ას-410-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ. ჯ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ. ტ-ლი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 21 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ. ჯ-ლი (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან მემკვიდრე) ლ. კ-ის (შემდეგში - მამკვიდრებელი, გამყიდველი ან კრედიტორი) ერთადერთი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილადაა ცნობილი შემდეგი გარემოებები:

2013 წლის 5 ნოემბერს, მამკვიდრებელსა და თ. ა-ლს (შემდეგში - მყიდველი, მოვალე ან მოპასუხე, რომელმაც შემდეგში გვარი შეიცვალა და ამჟამინდელი გვარით, ტ-ია) შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც, მყიდველმა, გამყიდველისგან, 25 000 აშშ დოლარად იყიდა, ამ უკანასკნელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება - ქ.თბილისში, ---- --ის დასახლებაში, მე- მ/რ-ის მე-- კორპუსში მდებარე №--ე ბინა (შემდეგში - უძრავი ნივთი, ნასყიდობის საგანი ან სადავო ბინა).

3. უძრავი ქონებაზე მყიდველის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული.

4. 2018 წლის 21 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლე), 2018 წლის 17 იანვარს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება მიიღო.

5. მოგვიანებით, მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც ამ უკანასკნელისათვის, მის სასარგებლოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ფასის - 25 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის 25 000 აშშ დოლარის მიკუთვნების საფუძველი არ არსებობდა.

ზემომითითებული დასკვნის ჩამოყალიბებისას, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე დადგენილად მიჩნეული კიდევ რამდენიმე გარემოება, კერძოდ:

1). გამყიდველსა და მყიდველს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 2013 წლის 5 ნოემბერს დაიდო, რაც სანოტარო წესით დამოწმდა. სანოტარო აქტში მითითებულია, რომ მხარეებს ხელშეკრულება ნოტარიუსმა წაუკითხა, იგი თავადაც წაიკითხეს და ნოტარიუსის თანდასწრებით მასზე ხელმოწერის ნება გამოხატეს.

2). 2018 წლის 17 იანვარს გამყიდველი გარდაიცვალა. ხელშეკრულების დადებიდან მის გარდაცვალებამდე, გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულება საცილოდ არ გაუხდია, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც გამყიდველის მიერ მყიდველის წინაშე რაიმე სახის პრეტენზიის წარდგენა დადასტურდებოდა.

3). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინების (რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა) მიხედვით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გამყიდველის გარდაცვალებამდე მყიდველი სადავო ქონებას არ დაუფლებია, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ერთადერთი საფუძველი ვერ გახდებოდა. ამასთან, დასახელებულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამყიდველი და მყიდველი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა ნათესავების/ახლობლების მხრიდან მამკვიდრებლის, როგორც ხანდაზმული, ავადმყოფი ნათესავის მიმართ მზრუნველობაზე მიუთითეს, რაც მისი მხრიდან საკვებით თუ სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებებით უზრუნველყოფაში გამოიხატებოდა. განსახილველი საქმის მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო გარიგება თვალთმაქცური გარიგებების რიგს მიეკუთვნებოდა, ვინაიდან მხარეთა გამოვლენილი ნება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას არ მიემართებოდა, არამედ ხელშეკრულების მიზანი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შედგენა იყო.

4). მხარეები არ დავობდნენ და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც დგინდებოდა, რომ მამკვიდრებელი (გამყიდველი) სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაში ირიცხებოდა, შემოსავალი არ გააჩნდა, მისი მეუღლე (მოსარჩელე) დღეის მდგომარეობითაც სოციალურად დაუცველ პირთა რეესტრში ირიცხება. გარდა ამისა, მამკვიდრებელს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, რის გამოც ძვირადღირებულ მკურნალობას, მოვლას და პატრონობას საჭიროებდა.

5). საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ე.კ-ის განცხადების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის შესაბამისად გაფორმდა, სანოტარო ბიუროში გამყიდველი თავად იმყოფებოდა და მან ნება გამოხატა, რომ უძრავი ქონება მყიდველისათვის მიეყიდა. მოწმის ჩვენებით, გამყიდველს თანხა სადავო ბინაში გადაეცა, რაც თავად გამყიდველის სურვილი იყო, თანხის გადაცემის ხელწერილი საქმეში არ მოიპოვება, თუმცა, როგორც მოწმე აცხადებს ხელწერილის ჩამორთმევის არანაირი წინაპირობა მხარეთა შორის არ ყოფილა, რადგან ისინი ერთმანეთისადმი ნდობით სარგებლობდნენ. რაც შეეხებოდა გადაცემული თანხის მახასიათებლებს, მოწმემ განაცხადა, რომ, რთულია, აღდგენა - რა კუპიურები გადაეცა 2013 წელს მამკვიდრებელს, დაახლოებით განაცხადა, რომ გადაცემული თანხიდან უმეტესობა 100 დოლარიან კუპიურებს შეადგენდა.

8.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო იმ გარემოების დასადგენად, რომ მყიდველმა ნასყიდობის საფასური გადაიხადა, თუმცა მიმდინარე დავასა და მხარეთა შორის სამოქალაქო წესით წარმოებულ სხვა დავებში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მყიდველის მიერ თანხის საფასურის გადახდა/არგადახდის საკითხი სამართლებრივ მნიშვნელობას კარგავდა, შემდეგი მოტივაციის გათვალისწინებით:

მესაკუთრის მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის ნების საწინააღმდეგოდ გასვლის ფაქტი არც სადავო არ გამხდარა და არც სასამართლოში აქამდე წარმოებულ დავებში არ დადგენილა. ამასთან, საქმის მასალებში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ იკვეთებოდა, რომ, გამყიდველს, მის სიცოცხლეში, მყიდველისთვის უძრავი ქონების გადაცემის სურვილი/ნება არ გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამკვიდრებელს თავისი საკუთრების განკარგვა სხვადასხვა ფორმით შეეძლო, როგორიცაა უსასყიდლოდ გადაცემა (ჩუქება) ან ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა, თუმცა შემდგომ საფასურის პატიება (ვალის პატიება); ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და შემდგომ სხვა შესრულების მიღება (ვალდებულების შეწყვეტა სხვა შესრულებით).

ამდენად, მართალია, თანხის გადაცემის თაობაზე მოპასუხეს რელევანტური მტკიცება არ წარუდგენია, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მტკიცების ნაკლი, გარემოებათა ერთობლიობის გათვალისწინებით, საქმის შედეგის მიმართ არარელევანტურად ჩათვალა.

რაკი საქმეზე დადგინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება 2013 წელს დაიდო, გამყიდველი 2018 წელს გარდაიცვალა, ხოლო მყიდველი გამყიდველზე სიცოცხლის განმავლობაში ზრუნავდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რომ გამყიდველმა ფულადი თანხის შესრულების სანაცვლოდ სხვა შესრულება - სიცოცხლის განმავლობაში უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლება და სიცოცხლის მანძილზე მოვლა-პატრონობა მიიღო, რითიც 2013 წლის 5 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხისთვის წარმოშობილი ვალდებულება შესრულებით შეწყდა. აღნიშნული გარემოება კი, წინამდებარე სარჩელს სამართლებრივ საფუძველს აცლიდა და მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 477-ე, 427-ე მუხლები).

8.3. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო; კერძოდ, სსკ-ის 129.1 მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავა შეეხებოდა არა უძრავი ქონებიდან წარმოშობილ მოთხოვნას, არამედ სახელშეკრულებოსამართლებრივი საფუძვლიდან წარმოშობილ მოთხოვნას ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე. ამდენად, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წარმოშობის მომენტად (ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად) 2013 წლის 5 ნოემბერი უნდა მიჩნეულიყო.

ვინაიდან სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, უნდა დავასკვნათ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 5 ნოემბრის შემდეგ უკვე ხანდაზმული იყო, სარჩელი კი, მოსარჩელემ 2019 წლის 31 ივლისს აღძრა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოპასუხის მიერ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენის პირობებში, მოსარჩელის მოთხოვნა განუხორციელებელი უნდა დარჩენილიყო.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

9.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 428-ე მუხლი. ამ მუხლის გამოყენების საფუძველი მაშინ იარსებებდა, თუკი საქმეზე უტყუარად დადგინდებოდა, რომ ნასყიდობის მხარეები სხვა შესრულებაზე შეთანხმდნენ ან აღნიშნული გარემოება კონკლუდენტური მოქმედებით გამოიხატებოდა. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა პირებმა (ნათესავები/ახლობლები) მიუთითეს მამკვიდრებლის (როგორც ხანდაზმულისა და ავადმყოფის) მიმართ მზრუნველობაზე, მაგრამ მოწმე ე.კ-ის ჩვენების მიხედვით, გამყიდველს ნასყიდობის საფასური სადავო ბინაში გადაეცა, თუმცა მხარეთა შორის ნათესაური კავშირისა და ურთიერთნდობის გამო, ხელწერილის ჩამორთმევის წინაპირობა არ არსებობდა.

9.2. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებით განსაზღვრულია ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეები, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ამასთან, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, რომ კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული მტკიცებულება, ამის მაგალითია სსკ-ის 429.1 მუხლი. იმის გათვალისწინებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი მყიდველს ეკისრება, შესაბამისი მტკიცებულება შეიძლება იყოს, მის მიერ გამყიდველისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება კანონსაწინააღმდეგოა.

9.3. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ხანდაზმულობის ნაწილშიც, რასაც ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე მიღებული განჩინება (სუსგ, №ას-1344-2018, 5.04.2019).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საკასაციო პალატის განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა მისი, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის (მყიდველი) ნასყიდობის საფასურის დაკისრების თაობაზე.

12. სააპელაციო სასამართლომ, ზემომითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, რაც ორი ძირითადი მოსაზრებით დაასაბუთა, კერძოდ:

1). მართალია, თანხის გადაცემის თაობაზე მოპასუხეს (მყიდველი) სათანადო მტკიცება არ წარმოუდგენია, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მტკიცების ნაკლი, გარემოებათა ერთობლიობის გათვალისწინებით, საქმის შედეგის მიმართ არარელევანტურად ჩათვალა. რაკი საქმეზე დაადგინა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება 2013 წელს დაიდო, გამყიდველი 2018 წელს გარდაიცვალა, ხოლო მყიდველი გამყიდველზე სიცოცხლის განმავლობაში მზრუნველობდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გამყიდველმა ფულადი თანხის შესრულების სანაცვლოდ სხვა შესრულება - სიცოცხლის განმავლობაში უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლება და მოვლა-პატრონობა მიიღო, რითაც 2013 წლის 5 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხისათვის წარმოშობილი ვალდებულება შესრულებით შეწყდა;

2). განსახილველი დავა შეეხებოდა არა უძრავი ქონებიდან წარმოშობილ მოთხოვნას, არამედ სახელშეკრულებოსამართლებრივი საფუძვლიდან წარმოშობილ მოთხოვნას, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, რაზეც სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება (სსკ-ის 129.1 მუხლის პირველი წინადადება). მოცემულ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წარმოშობის მომენტად (ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად) 2013 წლის 5 ნოემბერი (ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თარიღი) უნდა მიჩნეულიყო. ვინაიდან, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, ეს იმას ნიშნავდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 5 ნოემბრის შემდეგ უკვე ხანდაზმული იყო.

13. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, რასაც შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებს:

13.1. სსკ-ის 427-ე მუხლი, რომელიც სხვა შესრულების მიღებით ვალდებულების შეწყვეტის წესს ითვალისწინებს, ასეთი შინაარსისაა: ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას. ამ მუხლის შინაარსი იმის მაუწყებელია, რომ შესაბამისი საფუძვლით ვალდებულების შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა - მოვალის მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულება, რომელიც, ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულება არ არის, თუმცა, კრედიტორი, მას, ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების სანაცვლოდ იღებს.

ზემოხსენებული ნორმის ანალიზისას, ერთი გარემოებაა საყურადღებო, შესრულების ნაცვლად სხვა შესრულებით ვალდებულებით შეწყვეტაზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ, ასეთი სახის შეთანხმებას დამხმარე ხასიათის გარიგებას უწოდებენ. ამასთან, მხარეთათვის პრაქტიკული მნიშვნელობის იქნება, რომ წერილობით დეტალურად შეთანხმდნენ ვალდებულების თავდაპირველი შესრულების სანაცვლო შესრულების პირობებზე, რათა სამომავლოდ, ვალდებულების შეწყვეტის სადავოობისას, თავიდან იქნეს არიდებული უთანხმოებები (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 3, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი 2019).

13.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ვალდებულების თავდაპირველი შესრულების სანაცვლო შესრულებაზე შეთანხმების არსებობა საქმეზე არ დგინდება, ხოლო განსახილველი სარჩელით მოვალის (მყიდველი) მხრიდან ვალდებულების შესრულება კრედიტორის მემკვიდრის მიერ შედავებულია, დღის წესრიგში შემდეგი საკითხების გამორკვევის მიზანშეწონილობა დგება: 1). არსებობდა თუ არა სანაცვლო შესრულებაზე შეთანხმება, სადავო ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეებს შორის; 2). არის თუ არა, „სხვა შესრულება“, მოვალის მიერ „შესასრულებელი ვალდებულების“ შესატყვისი.

უფრო კონკრეტულად, რომ ითქვას: სიცოცხლის განმავლობაში უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლებისა და ამავე პერიოდში მოვლა-პატრონობის მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ მიღება, შესაძლებელია, თუ არა, შეფასდეს, როგორც მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების (ნასყიდობის საფასურის, 25 000 აშშ დოლარის) ტოლფასი ქმედება; თუკი ეს ასეა, მაშინ რა გარემოებები განაპირობებს იმ მოსაზრებას, რომ მოვალის „სხვა შესრულება“, მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების თანაბარღირებული ქმედებაა.

13.3. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა კრედიტორის მიერ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად სხვა შესრულებით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა, არ გამოურკვევია, შესასრულებელ ვალდებულებასთან მისი ტოლფასობის საკითხი.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად სხვა შესრულებით ვალდებულების შეწყვეტის შესახებ დაფუძნებულია გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მყიდველი გამყიდველზე სიცოცხლის განმავლობაში ზრუნავდა.

მითითებული დასკვნის გაკეთებისას, სააპელაციო სასამართლო, ძირითადად, მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნო. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესულ განჩინებით (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება) დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ გამყიდველი და მყიდველი ერთმანეთის ახლო ნათესავები იყვნენ და კრედიტორი მოვალეზე, როგორც ხანდაზმულ ავადმყოფზე, მზრუნველობდა.

მოცემული საკითხის შეფასებისას, გასათვალისწინებელია ხსენებული განჩინების ის ნაწილიც, სადაც აღნიშნულია, რომ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, გამყიდველზე მყიდველის ოჯახიც და სხვა ნათესავებიც ზრუნავდნენ, მათ შორის, მისი დაკრძალვის ხარჯები ნათესავებმა/ახლობლებმა გაიღეს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 59).

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ სანაცვლო შესრულებაზე შეთანხმების არსებობის ფაქტზე თავად მოპასუხეს თავის შესაგებელში არ მიუთითებია. მისი განმარტებით, გამყიდველის მხრიდან უძრავი ქონების მოპასუხეზე გასხვისება მიზნად იმას ისახავდა, რომ ეს უკანასკნელი გამყიდველს სიცოცხლის ბოლომდე სადავო ბინაში ცხოვრების უფლებას მისცემდა, რის შემდეგაც მოსარჩელე (გამსხვისებლის მეუღლე, რომელთანაც, მოპასუხის მითითებით, გამყიდველს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა) თავის შვილებთან წავიდოდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 82-83).

პალატის მოსაზრებით, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელახალ გამოკვლევასა და შეფასებას საჭიროებს, თუ რა მტკიცებულებებსა და გარემოებებზე დაყრდნობით შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მოპასუხის მიერ გამყიდველზე გაწეული ზრუნვა, მის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ნაცვლად გაწეული ზრუნვაა, რომელიც გამყიდველმა სწორედ ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მიიღო.

13.4. გარდა ამისა, საქმის გარემოებების ხელახალ დადგენასა და შეფასებას საჭიროებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილი. ამ კუთხით, საყურადღებოა, შემდეგი საკითხი:

სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სსკ-ის 129.1 მუხლითაა მოწესრიგებული. ამ ნორმის პირველი წინადადება სახელშეკრულებო მოთხოვნების სტანდარტულ სამწლიან ვადას განსაზღვრავს, რომელიც ყველა იმ სახელშეკრულებო მოთხოვნისთვისაა დადგენილი, რომლისთვისაც კანონი სპეციალურ ვადას არ ითვალისწინებს. რაც შეეხება ნორმის მეორე წინადადებას, მის შესაბამისად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა ექვს წელს შეადგენს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის შესახებ, შემდეგ მოსაზრებას ემყარება: განსახილველი დავა შეეხება არა უძრავი ქონებიდან წარმოშობილ მოთხოვნას, არამედ სახელშეკრულებოსამართლებრივი საფუძვლიდან წარმოშობილ მოთხოვნას, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, რაზეც სსკ-ის 129.1 მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.

საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რამდენადაც სსკ-ის 129.1 მუხლის მეორე წინადადების შინაარსის სადავო შემთხვევასთან ერთობლიობაში განხილვა, საკითხის ამგვარად განმარტების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ზემოხსენებული მუხლით, კანონმდებელმა, პირველ წინადადებაში მითითებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისგან გამიჯნა იმ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლებიც უძრავ ნივთებთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებებს და აქედან წარმოშობილ მოთხოვნებს უკავშირდება.

ეს გარემოება იმის მაუწყებელია, რომ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა, მათ შორის, მოთხოვნა ასეთი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის გადახდის თაობაზე, სსკ-ის 129.1 მუხლის მეორე წინადადების რეგულირების ქვეშ მოექცა.

უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (რომლის ნასყიდობის ფასის მოპასუხისათვის დაკისრებასაც მემკვიდრე განსახილველი სარჩელით მოითხოვს) ორმხრივმავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რადგან ხელშეკრულების თითოეულ მხარეს (როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს) გააჩნია უფლება-მოვალეობები, ანუ ნასყიდობაში ადგილი აქვს, მხარეთა შემხვედრი ვალდებულებების არსებობას: გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნივთისა და ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა.

ეს ორი ვალდებულება ერთმანეთს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა. შესაბამისად, მასზე სსკ-ის 129.1 მუხლის ის მოწესრიგება უნდა გავრცელდეს, რომელიც სწორედ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ექვსწლიან ვადას განსაზღვრავს.

13.5. ზემომითითებულ საკითხს ეხმიანება, საქართველოს უზენაესი სასამართლო, თავის ერთ-ერთ განჩინებაში, სადაც განმარტებულია, რომ: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით (მყიდველისათვის ნაყიდი ნივთისა და ამ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა) ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომლის დაწყებისათვის დაცული უნდა იქნეს სსკ-ის 130-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესები (სუსგ, №ას-1344-2018, 5.04.2019).

საკასაციო სასამართლოს ხსენებული განმარტება, წინამდებარე განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასთან თანხვედრაშია. ამასთან, საკითხისადმი საწინააღმდეგო მიდგომის გავრცელების პირობებში, სსკ-ის 129.1 მუხლის მეორე წინადადების მოწესრიგების სფერო მნიშვნელოვნად დავიწროვდება, რაც მართებული არ იქნება.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3.განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

ლევან მიქაბერიძე