საქმე №ა-1522-შ-44-2022 27 ოქტომბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ტ. ს-ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ს-ვი
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით ვ. ს-ის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, ---- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #----- გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე, დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა რუსეთის ფედერაციის, ----- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #---- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტ. ს-ას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ. ვ. ასული ს-ას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე. ვ. ასული ს-სა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ. ვ. ძე ს-ის მიმართ.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2022 წლის 17 ოქტომბერს, ტ. ს-ას წარმომადგენელმა განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
3. განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტებით, 2022 წლის 14 სექტემბერს ტ. ს-ამ საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინება მიიღო, რომლის თანახმადაც როსტოვის ოლქის ---- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე გადაეგზავნა როსტოვის ოლქის ----- საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
4. განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმების საფუძველი ისაა, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ს-ას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები შეეზღუდა და რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, გაუქმებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
5. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ს-ას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები შეეზღუდა და რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, გაუქმებულია.
6. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის მოწესრიგებას მოიხმობს და აღნიშნავს, რომ ტ. ს-ას განცხადებას ახლავს საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინება, რომლის თანახმადაც როსტოვის ოლქის ----- საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება და როსტოვის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე გადაეგზავნა როსტოვის ოლქის ----- საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ განჩინება ვერ გახდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან უცნობია შეიცვლება თუ არა შედეგი საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება შეუქცევადია, ამიტომ სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების საკითხს არსობრივად განიხილავს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. შესაბამისად, იქამდე ვიდრე რუსეთის ფედერაციაში ტ. ს-სა და ვ. ს-ის საქმის განხილვა არ დასრულდება, საკასაციო სასამართლო ტ. ს-ას განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მას განუხილველად დატოვებს.
8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებაში, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი N 18156/05), მითითებულია, რომ კანონის უზენაესობის ერთერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (ბრუმანესკუ რუმინეთის წინააღმდეგ, 28342/95). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. სხვათა შორის, ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, N 59498/00).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგია ის, რომ იგი სავალდებულოა, მას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი განცხადება დაუშვებელია სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, რადგან სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ფორმალურ-პროცესუალური საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად წარმოდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში ჩამოთვლილ წინაპირობებს, რომლებიც შესაძლებელია გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ. ს-ას განცხადება არ აკმაყოფილებს გადაწყვეტილების გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.
13. განცხადების განუხილველად დატოვების გამო, განმცხადებელს დაუბრუნდება, 2022 წლის 25 ოქტომბერს, ც. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. ს-ას განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, მიჩნეულ იქნას დაუშვებლად;
2. ტ. ს-ას (პ/ნ -----) დაუბრუნდეს ც. მ-ის (პ/ნ -----) მიერ, 2022 წლის 25 ოქტომბერს, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №------, სახაზინო კოდი ------);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი