Facebook Twitter

საქმე №ას-634-2022 16 სექტემბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ლ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ქ-ას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი გ. ლ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, თანხის 38 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის ზეპირი ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ მოპასუხეს 38 000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით გადასცა;

3.2. მხარეთა შორის გარიგების დადების თარიღი სადავოა.მოსარჩელის მითითებით, ეს ფაქტი 2012-2013 წლებში მოხდა, მოპასუხემ კი გარიგების დადების თარიღად 2011 წელი დაასახელა;

3.3. მოპასუხემ, ვალის აღიარების ხელწერილით 2016 წლის 10 თებერვალს, აიღო ვალდებულება 38 000 აშშ დოლარის ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად დაბრუნების თაობაზე;

3.4. მოპასუხეს სესხად აღებული თანხა არ დაუბრუნებია და მოსარჩელემ თანხის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს პირველად 2019 წლის იანვარში მიმართა. თუმცა, ეს სარჩელი სასამართლომ მოპასუხეთა წრის დაუზუსტებლობის გამო არ მიიღო წარმოებაში (ხსენებულ სარჩელში თანამოპასუხედ მითითებული იყო მ. ლ-ც). მოსარჩელემ, წინამდებარე სარჩელით, 2019 წლის 10 აპრილს, კვლავ მიმართა სასამართლოს;

3.5. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 10 თებერვლის ხელწერილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იურიდიულ დოქტრინაში განასხვავებენ კონსტიტუციურ (დამდგენი) და დეკლარაციულ (კაუზალური) ვალის აღიარებას. ორივე შემთხვევაში, სახეზეა ვალის აღიარება, თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კონსტიტუციური ვალის აღიარების შემთხვევაში, სახეზეა ახალი, ძველი სამართალურთიერთობისაგან დამოუკიდებელი გარიგება, რა დროსაც ძველი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე შესაგებელი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის - შესაგებელი ძველი გარიგების ბათილობის საფუძვლით სამართალურთიერთობის არარსებობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში აღიარება წერილობით ფორმას მოითხოვს, იგი უფლებამოსილი პირის წინაშე უნდა იყოს გაცხადებული, მასში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იკვეთებოდეს ნება ვალდებულების აღიარების თაობაზე და, რაც მთავარია, მითითებული ვალის აღიარება ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის. მას ხელშეკრულების ორივე მხარე უნდა აწერდეს ხელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 341-ე მუხლი (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი ფორმა), სწორედ კონსტიტუციური ხასიათი ვალდებულების აღიარებას აწესრიგებს;

3.6. ვალის კონსტიტუციური აღიარების, როგორც ვალდებულების წარმოშობის ახალი საფუძვლისგან, უნდა გაიმიჯნოს ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა, თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვქვეშ დააყენებს (ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტ. I, თბილისი, 2020, გვ. 11). ამდენად, კაუზალური აღიარების მიზანია ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და არა ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დავისა თუ გაურკვევლობის თავიდან აცილება (შდრ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ, პარ 781, ველი 2,3);

3.7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის 2016 წლის 10 თებერვლის ხელწერილი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლებელია სსკ-ის 341-ე მუხლის გათვალისწინებით მიჩნეულ იქნეს ვალის არსებობის აღიარებად, ვინაიდან მასში მოპასუხემ ნათლად და გარკვევით აღიარა 38 000 აშშ დოლარის დავალიანების არსებობის ფაქტი და სრულად გაცნობიერებულად იკისრა ამ თანხის გადახდის ვალდებულება;

3.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ხელწერილით ფულადი ვალდებულების შესრულებისათვის არ იყო განსაზღვრული დრო, რის გამოც მოპასუხის (მოვალის) შედავება ხანდაზმულობაზე სსსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე დაუსაბუთებელი გახდა (თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს);

3.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ზემოხსენებული ხელწერილი სსკ-ის 341-ე მუხლის გაგებით (ვალის აბსტრაქტული აღიარება) არ იქნებოდა ვალის არსებობის აღიარება, მოპასუხის უარი ხელწერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე მაინც დაუსაბუთებლად ჩაითვლებოდა, ვინაიდან სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულიც რომ ყოფილიყო ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის თაობაზე 2016 წლის 10 თებევრლის ხელწერილით მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება (კაუზალური აღიარება) მოსარჩელეს სსკ-ის 144.3-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებდა მისი შესრულების მოთხოვნის უფლებას (იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალების მიმართაც). მითითებული ნორმა განიმარტა ამავე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლიობაში, კერძოდ, 144.2-ე მუხლის თანახმად, თუკი მოვალე ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ შეასრულებს ვალდებულებას, იგი შესრულების დაბრუნების მოთხოვნის უფლებას კარგავს. ასეთ შემთხვევაში მოვალის შესაგებელი არ შეიძლება იყოს, მათ შორის, იმაზე მითითება, რომ შესრულების მომენტში მან არ იცოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ. ანალოგიური ძალის მატარებელია მოვალის მიერ ვალდებულების აღიარება მოთხოვნის იძულებითი განხორციელების ვადის გასვლის შემდეგ, თუკი ეს აღიარება შეიცავს პირის გაცნობიერებულ ნებას, რომ იგი ვალდებულებას შეასრულებს. ეს რეგულაცია ვრცელდება ვალის როგორც მარტივ, ისე - კაუზალურ აღიარებაზე;

3.10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ხელწერილით მოპასუხემ აღიარა არა მარტო დავალიანების არსებობის ფაქტი, არამედ გასცა დაპირება ვალდებულების შესრულების თაობაზე, რის გამოც ასეთ აღიარებას სსკ-ის 144.3-ე მუხლით გათალისწინებული შედეგი უნდა მოჰყვეს;

3.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ ვითარებაში სსკ-ის 141-ე მუხლით (თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან) გათვალისწინებთ, ხანდაზმულობის ვადა თავიდან იწყება. ამდენად, ხანდაზმულობის ახალი ვადა 2016 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო, სადავო მოთხოვნით სარჩელი კი 2019 წლის იანვარში ანუ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით აღიძრა;

3.12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე უარს ვერ იტყოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მოქმედების შესრულებაზე სსკ-ის 144.1-ე მუხლზე მითითებით, ვინაიდან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოვალეს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს მის მიერ აღიარებული ვალდებულების შესრულებაზე, თუნდაც გასული იყოს მოთხოვნის იძულებითი განხორციელების ვადა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4.1. კასატორის განმარტებით, არ არსებობს სესხის გაცემის ფაქტის დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძველი. მისი განმარტებით თანხა 2010-2011 წლებში გაიცა, მაშინ როდესაც მოსარჩელე სესხის გაცემის პერიოდად 2012-2013 წლებს უთითებს;

4.2. კასატორის განმარტებით, ვალის აღიარების ხელწერილი ფორმადაუცველია, რადგანაც იგი ხელშეკრულებაა, რომელსაც ორივე მხარე უნდა აწერდეს ხელს, ხოლო იმის გამო, რომ მხარემ სასამართლოს სარჩელით სესხის გაცემის ვადიდან 6 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 აპრილს მიმართა, სარჩელი ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული;

4.3. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სარჩელი 2019 წლის იანვარში იქნა აღძრული, რის გამოც ხანდაზმულობის ვადის დენასთან დაკავშირებული საკითხი არასწორად შეაფასა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. კასატორის მთავარი პრეტენზია ვალის აღიარების ხელწერილის ფორმადაუცველობას და სარჩელის ხანდაზმულობას შეეხება.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი მართებულად გადანაწილდა მხარეებს შორის, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) დაყრდნობით დავის განხილვასა და გადაწყვეტას და სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 3.5-3.12 ქვეპუნქტებშია ასახული.

10. მხარეთა შორის სსკ-ის 623-ე მუხლით (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მოწესრიგებული სასესხო ურთიერთობის არსებობა დავას არ იწვევს. სადავოა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.

11. საკასაციო სასამართლომ განმარტა: „რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ Nას-392-371-2013, 8.11. 2013 წ.). ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა (იხ. სუსგ # ას-383-364-2015, 26.05.2016).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა სსკ-ის 341-ე მუხლით (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შეადრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 08.11.2011წ.; №ას-392-371-2013, 08.11.2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018წ.; №ას-758-2019, 22.10.2019წ.).

13. პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (N სუსგ-ები: №ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; №ას-226-213-2015, 18.05.2015წ.).

14. ვალის კონსტიტუტიური აღიარების დროს ახალი მოთხოვნა წარმოიშობა და ახალი ხანდაზმულობის ვადა იწყება. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძველი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია, ახალი ვადა მაინც იწყებს ათვლას (შეადრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, თბილისი, მუხლი 341, ველი 21).

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებით ვალის კონსტიტუციური (აბსტრაქტული) აღიარებისგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს. კერძოდ, დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება, სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას), უკვე ხანდაზმული მოთხოვნის ვადას კი არ აღადგენს, არამედ ხანდაზმულობის მიმდინარე ვადის შეწყვეტას იწვევს (იხ. ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.12; შეადრ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, თბილისი, მუხლი 341, ველი 24). შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სსკ-ის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (სუსგ №ას-1029-949-2017, 23.02.2018წ.).

16. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ კასატორის 2016 წლის 10 თებერვლის ხელწერილი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, სსკ-ის 341-ე მუხლით დადგენილ ვალის აღიარებას გულისხმობს, რადგან კასატორმა აღიარა 38 000 აშშ დოლარის დავალიანების არსებობის ფაქტი და იკისრა მისი ეტაპობრივად გადახდის ვალდებულება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზემოხსენებული ხელწერილი ნოტარიულადაა დამოწმებული (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება), რაც იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ კასატორს გაცნობიერებული ჰქონდა მისი ქმედების შინაარსი და მოსალოდნელი შედეგები. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განსჯით, ვალი შესაბამისი ფორმის დაცვითაა აღიარებული, რაც გამორიცხავს მის ფორმადაუცველობასთან დაკავშირებით საკასაციო პრეტენზიის დაკმაყოფილებას.

17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა, 2016 წლის 10 თებერვლიდან, ვალის აღიარების მომენტიდან უნდა დაწყებულიყო, რაც 2019 წლის იანვარში აღძრული სარჩელის ხანდაზმულად ცნობას გამორიცხავს. მოსარჩელემ სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის დაცვით მიმართა, რადგან სასამართლოსთვის თავდაპირველად მიმართვის დროს 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო (სსკ-ის 141-ე მუხლი).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ. ლ-ეს (პ/ნ ----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5630,46 ლარის (საგადახდო დავალება N-, გადახდის თარიღი 2022 წლის 9 ივნისი), 70% – 3941,3 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური