Facebook Twitter

№ას-948-2022

26 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ამხანაგობა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრები: ა.თ–ძე, ხ.თ–ძე, პ.უ–ძე, მ.შ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი.ს–ის“ დამფუძნებელ წევრებს მ.შ–ს, ა.თ–ძეს, ხ.თ–ძეს, მ.გ–ძეს, ო.მ–ს, კ.ა–ს, ე.ბ–ძეს, ძ.ს–ს, ს.მ–ნს, ლ.ჩ–ძეს, პ.უ–ძეს, მ.ტ–ძეს, კ.ლ–ძეს, თ.ლ–ძეს, ი.ხ–ს, ზ.ა–ძესა და ი.შ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14 000,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - მ.შ–მა, ა.თ–ძემ, ხ.თ–ძემ, პ.უ–ძემ, ს.მ–ნმა, მ.ტ–ძემ, ი.შ–მა და ძ.ს–მა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. მ.შ–ის, ა.თ–ძის, ხ.თ–ძის და პ.უ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2. ს.მ–ნის, მ.ტ–ძის, ი.შ–ის და ძ.ს–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება ს.მ–ნის, მ.ტ–ძის, ი.შ–ის და ძ.ს–ის მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

4. ლ.ა–ძის სარჩელი ს.მ–ნის, მ.ტ–ძის, ი.შ–ის და ძ.ს–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - ა.თ–ძემ, ხ.თ–ძემ, ს.მ–ნმა, პ.უ–ძემ, ი.შ–მა და მ.შ–მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლ.ა–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა) გადახდისუუნარობის, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდისგან გათავისუფლების შესახებ სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი დამატებითი მტკიცებულებების ან 700 აშშ დოლარის ექვინალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა; ბ) საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით; გ) საკასაციო საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირთა მიერ შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორთა წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2022 წლის 28 ივლისს.

2022 წლის 02 აგვისტოს (სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში) საკასაციო სასამართლოში კასატორებმა წარმოადგინეს საკასაციო საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირთა მიერ შედგენილი საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და ამასთანავე, ითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ სათანადო და არსებითად გასათვალისწინებელი დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 04 აგვისტოს განჩინებით ა.თ–ძის, ხ.თ–ძის, პ.უ–ძის და მ.შ–ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა გადახდისუუნარობის შესახებ ან 700 აშშ დოლარის ექვინალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორების წარმომადგენელს ჩაბარდა 2022 წლის 09 აგვისტოს. კასატორებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს – თ.მ–ს (იხ. მინდობილობები ტ.1 ს.ფ. 88; ს.ფ. 91; ს.ფ. 95; ს.ფ. 455) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – თბილისი, ..... – და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაჰბარდა კასატორთა წარმომადგენლის ოჯახის წევრს (დას) – ი.მ–ს 2022 წლის 09 აგვისტოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გზავნილი კასატორების წარმომადგენელს - თ.მ–ს ჩაბარდა 2022 წლის 09 აგვისტოს.

სსსკ–ის 60–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 10 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 15 აგვისტოს (ვინაიდან, სასამართლოს მიერ კასატორისთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს -კვირას, ხოლო 15 აგვისტო იყო პირველი სამუშაო დღე კვირის შემდეგ), რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2022 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ–ის 396–ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს მათთვის დადგენილი ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ამხანაგობა „ი.ს–ის“ დამფუძნებელი წევრების: ა.თ–ძის, ხ.თ–ძის, პ.უ–ძის და მ.შ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია