Facebook Twitter

3გ-ად-7-გ-02 7 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის შესახებ დავა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002 წლის 3 იანვარს რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს «ე.ბ.ა»-ს მიმართ და ვადაგადაცილებული დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების გამარტივებული წესით განხილვა მოითხოვა. მოსარჩელე განცხადებაში მიუთითებდა, რომ სს «ე.ბ.ა»-ს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების მიმართ 224838 ლარის ოდენობით ძირითადი დავალიანება და 44818 ლარის ოდენობით საურავი ერიცხებოდა. საოლქო საგადასახადო ინსპექციამ მოპასუხისათვის მითითებული დავალიანების დაკისრება მოითხოვა.

2002წ. 15 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლომ გადახდის ბრძანება გასცა და მოპასუხე სს «ე.ბ.ა»-ს რუსთავის საქალაქო საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ 269655 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით 4045 ლარის გადახდა დააკისრა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადახდის ბრძანებაზე, კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში, სს «ე.ბ.ა»-მ სასამართლოში პროტესტი წარადგინა, რომელშიც მიუთითებდა, რომ სს «ე.ბ.ა»-ს მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხებით საწარმოს 631 955 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა, თუმცა მას სასარჩელო მოთხოვნა ამ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოში არ წარუდგენია. სს «ე.ბ.ა» მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადახდის ბრძანების გაუქმებას მოითხოვდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის განჩინებით გაუქმდა 2002 წლის 15 იანვრის გადახდის ბრძანება და საქმის მასალები, განსჯადობით განსახილველად, თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის 1 ნაწილის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადი იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 11 თებერვლის განჩინებით სადავო გახადა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინება განსჯადობის შესახებ და მიიჩნია, რომ რადგან სარჩელის ფასი 500000 ლარს არ აღემატებოდა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, საქმე პირველი ინსტანციის წესით საოლქო სასამართლოს კოლეგიის განსჯადი არ იყო. სასამართლო კოლეგიამ საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და თვლის, რომ მოცემული საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიიჩნევს რომ მოპასუხე _ სს «ე.ბ.ა»-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი არ წარუდგენია, მან გადახდის ბრძანებაზე პროტესტი (შესაგებელი) წარადგინა, რომლითაც, მართალია, მიუთითებდა, რომ საგადასახადო ინსპექციის მოქმედებით სს «ე.ბ.ა»-ს 631955 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა, მაგრამ შეგებებული სარჩელის სახით, მას აღნიშნული ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია. პროტესტით სს «ე.ბ.ა» მხოლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის გადახდის ბრძანების გაუქმებას ითხოვდა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელის ფასი 500000 ლარს არ აღემატება, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-6 მუხლების შესაბამისად, მოცემული დავა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-6 მუხლებით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციასა და სს «ე.ბ.ა»-ს შორის წარმოშობილი დავა განსჯადობის შესაბამისად განსახილველად რუსთავის საქალაქო სასამართლოს დაექვემდებაროს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.