Facebook Twitter

საქმე №ას-131-2022 17 მაისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ბ–გი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, შემკვეთი) და შპს „ე.ბ–გს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N14 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „ე.ბ–გმა“ იკისრა ვალდებულება, შეასრულოს სახანძრო-სამაშველო შენობის სამშენებლო სამუშაოები, ჩოხატაურში, ....., ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 270 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 365 895 ლარს შეადგენდა.

2. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაშია ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით სამუშაოები უნდა შესრულებულიყო შპს „ე.ბ–გის“ მიერ წარდგენილი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3. პუნქტის „ა“ პუნქტის მიხედვით, თუ შემსრულებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას (შესრულების ვადა, ხარისხი, საქონლის მახასიათებლები...) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და შემსრულებელს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააკისროს პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% ან განუსაზღვროს სამუშაოს დასრულებისათვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, როდესაც შემსრულებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იხდის, პირგასამტეხლოს - ხელშეკრულების საერთო 0.15%.

3. 2019 წლის 18 აპრილის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მხარეთა მიერ დადასტურებულია მოსარჩელის მიერ 88 941.88 ლარის სამუშაოების შუალედური შესრულება. 2019 წლის 4 ივლისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მხარეთა მიერ დადასტურებულია მოსარჩელის მიერ 187 907.5 ლარის სამუშაოების შუალედური შესრულება.

4. 2019 წლის 18 სექტემბერს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აცნობა შპს „ე.ბ–გს“ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და, ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად, მოსთხოვა პირგასამტეხლოს - 136 589.50 ლარის გადახდა.

5. სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე მხოლოდ 20% იყო შესრულებული. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება იყო 1 365 895 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოს-276 849.47 ლარი.

6. შპს „ე.ბ–გმა“ სასამართლოში სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მხარეთა შორის 2019 წლის 21 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარება და პირგასამტეხლოს - 136 589.50 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად ცნობის თაობაზე სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე გათავისუფლდა 2019 წლის 21 იანვრის N14 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ გადასახდელი პირგასამტეხლოდან 136 589.50 ლარიდან ნაწილის 109 271.6 ლარის გადახდისაგან.

8. კასატორის პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

8.1. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა და თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია. სასამართლოს უფლებამოსილება, შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა უმთავრესად ობიექტური გარემოებების შესწავლას გულისხმობს, კერძოდ, შეფასდეს დარღვევის ხასიათი, ხანგრძლივობა, მხარის ინტერესი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. პირგასამტეხლო მოვალის წახალისების საშუალებაა, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. მიზანი უგულებელყოფილია სასამართლოს მიერ, როდესაც მხოლოდ ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლება და დაუსაბუთებლად ამცირებს პირგასამტეხლოს ოდენობას 5-ჯერ. ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს - აიძულოს მოვალე ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. სასამართლოს გადაწყვეტილება არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მიმართულია, უპირველესად, მოვალის ინტერესების უზრუნველსაყოფად, როდესაც მოვალის მიერ ვალდებულება კრედიტორის მიმართ ბრალეულად არაჯეროვნად შესრულდა.

8.2. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებაზე. არარეალურია, პირგასამტეხლო - 27 317,9 ლარი რაიმე სახის პრევენციულ, ვალდებულების მასტიმულირებელ ანდა მიყენებული ზიანის კომპენსირების საშუალებას წარმოადგენდეს ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომლის საერთო ღირებულებაც 1 365 895 ლარია. მხარემ, რომელმაც იცის, რომ ხელშეკრულების დარღვევით მას მხოლოდ მინიმალური ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს არ იქნება, ორიენტირებული რაიმე შეფერხების არსებობისას დროულად, ყველა საშუალების გამოყენებით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები.

8.3. კასატორი განმარტავს, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ჩოხატაურში სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფის შენობის მშენებლობა, რაც მოსარჩელის მიერ მხოლოდ 20%-ით შესრულდა, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოუწია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ახალი ტენდერის გამოცხადება, მშენებლობის მიზნით კიდევ დამატებითი ვადის დაკარგვა და ა.შ. მოსარჩელე მხარემ, რომელმაც იცის, რომ ხელშეკრულების დარღვევით მას მხოლოდ მინიმალური ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს, არ იქნება ორიენტირებული რაიმე შეფერხების არსებობისას დროულად, ყველა საშუალების გამოყენებით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. შესაბამისად, ამ პირობებში პირგასამტეხლოს 5-ჯერ შემცირება უკარგავს აზრს პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს და ამავდროულად, "აიძულოს" მოვალე ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

11.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

11.3. დადგენილია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რაც შემსრულებლის მიერ იქნა წარდგენილი, ივლისის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო შენობის კონსტრუქციული სამუშაოები: მონოლითური რკ/ბეტონის საძირკვლის ფილის, მონოლითური რკ/ბეტონის ტექნიკური ორმოს, მონოლითური რკ/ბეტონის იატაკის, სვეტების, კედლების მოწყობა და სხვა. საქმეში წარმოდგენილი შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2019 წლის 24 ივლისის წერილით დამკვეთი ითხოვს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, დგინდება, რომ ამ დროისათვის დასხმული იყო მხოლოდ საძირკვლის ფილა.

11.4. მოსარჩელის 2019 წლის 27 თებერვლის წერილის (იხ. ტ.1. ს.ფ. 24) თანახმად, შემკვეთს ეცნობა, რომ მიწის ქვაბულის ამოღების შემდგომ აღმოჩნდა, არსებული ნიადაგი არ გამოდგება ბეტონის „ბალიშის“ მოსაწყობად და საჭიროებს დამატებით ღონისძიებებს, კერძოდ: დამატებით სიღრმეზე ჩასვლასა და მისი ე.წ. „ბალასტით“ შევსებას, რაც თავისთავად მოითხოვს ხარჯთაღრიცხვის შესწორებას გაუთვალისწინებელი ხარჯების გამოყენებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, შემკვეთის რეაგირებას ამ ფაქტთან დაკავშირებით, მხარეების შეთანხმებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელ საკითხებზე (ხარჯთაღრიცხვაში კორექტირების შეტანა და სხვა), ასევე - მტკიცებულებებით არ დგინდება, კონკრეტულად რა სახის დამატებითი სამუშაო შესრულდა და რამდენი დრო დასჭირდა.

11.5. მოწინააღმდეგე მხარის 2019 წლის 12 აპრილის წერილიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 25) ირკვევა, რომ მშენებლობის დროს მიწის ქვეშ აღმოჩნდა გაზის ცენტრალური მაგისტრალის 300მმ დიამეტრიანი მეტალის მილი. სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე ხაზოვანი ნაგებობის არსებობას ადასტურებს, სოკარ ჯორჯია გაზი 2019 წლის 16 აპრილის წერილით, რომლითაც განემარტა მოსარჩელეს, რომ გაზის მეურნეობაში არსებული უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საჭირო იყო პროექტში ცვლილებების შეტანა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის და მოსარჩელის მიერ სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული ვადის შესახებ.

11.6. მოსარჩელის მიერ მითითებული ხელის შემშლელი გარემოებები, რამაც მენარდის განმარტებით, სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილება გამოიწვია მისი ბრალის გარეშე, არსებობდა 2019 წლის 8 აგვისტომდე (განახლებული გეგმა-გრაფიკის წარდგენის თარიღამდე), როდესაც უკვე დასრულებული იყო საძირკვლის მშენებლობა.

11.7. მოსარჩელის მიერ 2019 წლის 8 აგვისტოს წარდგენილი დარჩენილი სამუშაოების განახლებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, 2,50 ნიშნულზე კედლებისა და რკ/ბეტონის სვეტების მოწყობის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 18 აგვისტოს. ამ დროისათვის ობიექტზე მუშაობა შეჩერებული იყო, რაც დასტურდება ექსპლუატაციის სამმართველოს სამშენებლო ზედამხედველის 2019 წლის 19 აგვისტოს მონიტორინგის აქტითა და პატაკით.

11.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 11 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის შედგენის დროისათვის ობიექტზე შესრულებულია შემდეგი სახის სამუშაოები: გრუნტის დამუშავება, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის, სეპტიკისა და საძირკველის ფილის მოწყობის 276 849.47 ლარის სამუშაოები. დათვალიერების დროისათვის სამუშაოები არ მიმდინარეობდა. არ არის მოწყობილი ყალიბები პროექტით გათვალისწინებული მონოლითური სვეტებისა და კედლებისათვის. მონოლითური კონსტრუქციებისა და ტიხრების მოწყობას სჭირდება სამიდან ოთხ თვემდე სამუშაო პერიოდი, კორექტირებული გრაფიკით - ორი თვე (შესრულებული სამუშაოს გარდა). აქედან გამომდინარე -შენობა-ნაგებობების მშენებლობის 18 ოქტომბრისათვის სრულყოფილად დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების, საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით შეუძლებელია.

11.9. დადგენილია, რომ სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე შესასრულებელი სამუშაოებიდან მხოლოდ 20% იყო შესრულებული. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება იყო 1 365 895 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოს - 276 849.47 ლარი.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. ამდენად უდავოა, რომ მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ვადის დარღვევით. შესაბამისად, წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოსარჩელისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

13. მენარდის განმარტებით, იგი საერთოდ გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობას და ამასთან, სადავოდ ხდიდა მის ოდენობასაც. ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები არსებობდა და პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, პირველი ინსტანციის სასამართლომ შემკვეთის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა 27 317.9 ლარამდე. კასატორი არ ეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობის ამგვარ შემცირებას და მიიჩნევს, რომ მენარდეს დარიცხული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისროს.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. პალატა განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

15. აპელანტის მოსაზრებით, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, ამიტომ სასამართლოს ის არ უნდა შეემცირებინა. პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრული სტანდარტით შეფასებისათვის სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ. Nას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა - 27 317.9 ლარია.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი