Facebook Twitter

საქმე №ას-40-2021 28 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოსარჩელე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.11.2020 წლის განჩინება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის/კომპენსაციის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.02.2020 წლის გადაწყვეტილებით მ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „II საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „თეატრი“, „I საკასაციო საჩივრის ავტორი“) 05.09.2016 წლის #02/27 ბრძანება გაფრთხილების გამოცხადების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 23.01.2017 წლის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით; სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, ასევე სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. 2003 წლიდან 23.01.2017 წლამდე პერიოდში, მოსარჩელე უწყვეტად იყო დასაქმებული თეატრში მსახიობის თანამდებობაზე. გათავისუფლების მომენტში მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 750 ლარს. ამდენად, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგეში სშკ) მე-6 მუხლის 13 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე, რომელიც უწყვეტად მუშაობდა თეატრში 30 თვეზე მეტი, წარმოადგენს უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.

1.2. მოპასუხის 30.12.2016 წლის #01/19 ბრძანებით ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შრომითი ხელშეკრულება შეწყდა თეატრის 13 თანამშრომელთან, მათ შორის, მოსარჩელესთან. მითითებულ ბრძანებაში 20.01.2017 წლის #01/2 ბრძანებით შევიდა ცვლილება და თანამშრომელთა სიიდან ამოღებული იქნა მოსარჩელე. ცვლილების განხორცილების საფუძვლად მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა აღემატებოდა 30 თვეს და სშკ-ის მე-6 მუხლის შესაბამისად მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება უვადოდ მიიჩნეოდა.

1.3. მოპასუხის 23.01.2017 წლის N-01/3 ბრძანებით შეწყდა შრომითი ურთიერთობა და დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა მოსარჩელე. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია: 1) სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილი, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი; 2) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები და გასატარებელი ღონისძიებები; 3) თეატრში დაგეგმილი ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; 4) 20.01.2017 წელს მოსარჩელისადმი გაგზავნილი შეტყობინება. მოსარჩელეს აუნაზღაურდა 2 თვის კომპენსაცია.

1.4. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემამდე სამი დღით ადრე, 20.01.2017 წლის N02/13 წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ეკონომიკური გარემოებებიდან გამომდინარე, შრომითი და მატერიალურ-ფინანსური რესურსების ეფექტურად, რაციონალურად გამოყენებისა და ოპტიმიზაციის მიზნით, თეატრში დაგეგმილი ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების, ასევე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული საბიუჯეტო შეზღუდვებისა და გასატარებელი ღონისძიებების გათვალისწინებით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 23.01.2017 წლიდან თეატრი აღარ აგრძელებდა მასთან შრომით ურთიერთობას.

1.5. მოპასუხის 26.01.2017 წლის N02/17 მიმართვით მოსარჩელეს განემარტა გათავისუფლების მიზეზები (რომ 23.01.2017 წლის NO1/3 ბრძანება ამომწურავად შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთებას. საქართველოს კანონი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ხოლო თეატრი მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას განმარტოს კანონის ან მისი დანაწესის შინაარსი. დასახელებული კანონით დაწესებული საბიუჯეტო შეზღუდვებისა და გასატარებელი ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეატრისათვის გამოყოფილი სახელფასო ფონდი შემცირდა 10%-ით, ხოლო ამ ფინანსურ-ეკონომიკურმა ფაქტორმა გამოიწვია თეატრში სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა. კონკრეტულ როლზე რომელიმე მსახიობის დამტკიცება, როლიდან მოხსნა, სხვა მსახიობით შეცვლა ან სხვაგვარი მხატვრული გადაწყვეტა სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის პრეროგატივაა, რომლის შემოქმედებითი პროცესში ჩარევა დაუშვებელია და ასეთი ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა სპექტაკლის ფორმირებისას. არსებული საშტატო ნუსხის მიხედვით, თეატრში ირიცხებოდა 56 თანამშრომელი, აქედან 16 მსახიობია. 2017 წლის იანვრიდან თეატრიდან გათავისუფლდა სულ 13 თანამშრომელი, მათ შორის 5 მსახიობი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, არჩევანი შეჩერდა იმ შემოქმედებით და ტექნიკურ პერსონალზე, რომლებთან ერთადაც თეატრი გეგმავდა შემდგომი მუშაობის გაგრძელებას და თანამშრომლობას, რისი უფლებამოსილებაც მოქმედი კანონმდებლობით („პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“; „კ“ ქვეპუნქტები და მე-14 მუხლის „ბ“ პუნქტი; სშკ) მინიჭებული აქვს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს. მოსარჩელეს განემარტა, რომ პირადი უთანხმოება მასსა და თეატრის ხელმძღვანელობას შორის არ ყოფილა. თეატრის ხელმძღვანელობის მხრიდან ყველა თანამშრომლის მიმართ ვრცელდება სამართლიანი მიდგომა, არცერთი თანამშრომლის მიმართ ადგილი არ აქვს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას).

1.6. დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შტატების შემცირების (რეორგანიზაცია) მოტივით. დავის სწორად გადაწყვეტისათვის შესაფასებელია შტატების შემცირების მოტივით (რეორგანიზაცია) მოსარჩელის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების მართლზომიერების საკითხი, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება შრომის უფლებას. რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება.

1.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებლობა. საქმის მასალებით არ დასტურდება იმგვარ გარემოებათა არსებობა, რაც შტატების შემცირებით ორგანიზაციული ცვლილების აუცილებლობას დაასაბუთებდა. რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს და მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძველი და მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას.

1.8. მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაო ადგილების შემცირების შედეგად. უდავოა, რომ თანამშრომლის გათავისუფლება, მისი ხელფასის დანაზოგი, არის საწარმოს დანახარჯის შემცირების უმარტივესი მაგალითი, თუმცა მხოლოდ თანამშრომლის გათავისუფლებით მიღწეული ეკონომია არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს საპატიო გარემოებად. ინსპექტირების დასკვნის შესაბამისად, 2014 წელს თეატრს ჩატარებული აქვს 142 წარმოდგენა, გაყიდულია 13 943 ლარის 6122 ბილეთი და 57 358 ლარის 18 544 აბონემენტი, შემოსავალმა წლის განმავლობაში შეადგინა სულ - 71301 ლარი. 2015 წელს თეატრს ჩატარებული აქვს 163 წარმოდგენა, გაყიდულია 14 530 ლარის 2 912 ბილეთი და 88 309 ლარის 14 560 აბონემენტი. შემოსავალმა წლის განმავლობაში შეადგინა 102869 ლარი. 2016 წელს ჩატარებული 181 წარმოდგენიდან მიღებულია 103 868 ლარი, მათ შორის, გაყიდული 4 181 ბილეთიდან 20 830 ლარი, ხოლო 21 261 აბონემენტიდან 83 038 ლარი. შესაბამისად, გაზრდილია როგორც ჩატარებული წარმოდგენების რიცხვი ასევე წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი. საქმის მასალებით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება, თეატრში სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობამ, ფინანსურ-ეკონომიკურმა ფაქტორმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეატრისათვის გამოყოფილი სახელფასო ფონდის 10%-ით შემცირებამ გამოიწვია. ინსპექტირების დასკვნის მიხედვით კი შემცირებული თანამშრომლების წლიური ხელფასით (56 400 ლარი) გამოთავისუფლდა 12,5%-ით (11 400 ლარით) მეტი ფინანსური რესურსი, ვიდრე კულტურის სამინისტროდან იყო მოთხოვნილი. შესაბამისად, არ იკვეთება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა ეკონომიკური გარემოებებიდან გამომდინარე. სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება საწარმოს ინტერესებს, არ ხელყოფს დასაქმებულთა უფლებებს და გამართლებულია მისი თავისუფალი ნების შესაბამისად. გადაწყვეტილება მოითხოვს დასაბუთებას, გარკვეულ გათვლებს, რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარებას, რეორგანიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებს. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ საშტატო რიცხოვნობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამგვარი ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. უცნობია, რა აუცილებლობით არის გამოწვეული სამუშაო ძალის იმ სახით შემცირება, როგორც ეს მოპასუხემ განახორციელა, ხომ არ მოხდა ფორმალური საფუძვლის შექმნა რეორგანიზაციისათვის. აღნიშნულ კითხვებზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პასუხს ვერ სცემს.

1.9. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის საშტატო ერთეულის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აუცილებლობა არც ეკონომიკური გარემოებებითა და არც ოპტიმიზაციის საფუძვლით. არ დგინდება, არც ფუნქციურ ცვლილებასთან დაკავშირებული დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაცია. დამსაქმებელი განმარტავს, რომ კონკრეტულ როლზე რომელიმე მსახიობის დამტკიცება, როლიდან მოხსნა, სხვა მსახიობით შეცვლა ან სხვაგვარი მხატვრული გადაწყვეტა სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის პრეროგატივაა, რომლის შემოქმედებითი პროცესში ჩარევა დაუშვებელია. არსებული საშტატო ნუსხის მიხედვით, თეატრში ირიცხებოდა 56 თანამშრომელი, აქედან 16 მსახიობია. 2017 წლის იანვრიდან თეატრიდან გათავისუფლდა სულ 13 თანამშრომელი, მათ შორის 5 მსახიობი. დამსაქმებლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას, არჩევანი შეჩერდა იმ შემოქმედებით და ტექნიკურ პერსონალზე, რომლებთან ერთადაც გეგმავდა თეატრი შემდგომი მუშაობის გაგრძელებას და თანამშრომლობას განსაზღვრავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ინტენსიურად იღებდა თეატრის შემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობას. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალის დატვირთულობის საკითხის გადაწყვეტა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის უფლებამოსილებას განეკუთვნება, მოპასუხის აპელირება მასზე, რომ მოსარჩელის გათავისუფლებისას მხედველობაში მიიღო მისი როლების რაოდენობა და დატვირთულობა, სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება დასაქმებულთა შერჩევის წინასწარ განსაზღვრულ, სამართლიან კრიტერიუმად და დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების საფუძვლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ორგანიზაციული, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიული გარემოებებით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, ამასთან, ვერ დაასაბუთა კონკრეტულად მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც სხვა თანამშრომლებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის უპირატესობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, რაც 23.01.2017 წლის №01/3 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.

1.10. მოპასუხის Nბ/18-34 ცნობით 2020 წელს თეატრში 50 საშტატო ერთეულია და მიმდინარე პერიოდში ვაკანტური ადგილი არ არის. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ისე, რომ არ შეილახოს სხვა მესამე პირის კანონიერი უფლებები, შეუძლებელია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის და სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს. ვინაიდან, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, მას უნდა აუნაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისათვის სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომლის გონივრულ ოდენობად სასამართლოს, საქმის ფაქტობრივი გარემოებების - მოსარჩელის საქმიანი გამოცდილების, მისი დასაქმების პერსპექტივის, ხელფასის ოდენობის, ხელშეკრულების ვადის (განუსაზღვრელი) გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მიღებული აქვს 2 თვის კომპენსაცია - მიაჩნია 15 000 ლარი (ხელზე მისაღები).

1.11. რაც შეეხება 05.09.2016 წლის #02/27 ბრძანებას გაფრთხილების გამოცხადების შესახებ, მის დასაბუთებაში მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი დისციპლინის უხეშ დარღვევას, რაც არაერთგზის გამოიხატა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის დისკრედიტაციის მცდელობაში, მათ მიმართ არაკორექტულ, არასამართლიან და დაუსაბუთებელ ვარაუდებზე აგებულ გამონათქვამებში, როგორც სატელეფონო, ასევე ზეპირი კომუნიკაციის დროს; ბ) მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ ქმედებებს, რაც თავის მხრივ, ზიანს აყენებს თეატრის საერთო სამუშაო ატმოსფეროს, იწვევს ურთიერთობების დაძაბვას თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის, ლახავს თეატრისა და მისი ხელმძღვანელობის რეპუტაციას და იმიჯს.

1.12. სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა - მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენების საფუძვლის არსებობა, ასევე არ დგინდება 05.09.2016 წლის ბრძანების თაობაზე მოსარჩელის ინფორმირების ფაქტი. მოპასუხის მითითებით, ბრძანება 30 დღის განმავლობაში გამოკრული იყო თეატრის შენობაში, თვალსაჩინო ადგილზე, თუმცა, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ბრძანების მოპასუხისთვის ჩაბარების, ან სხვა გზით მისი ინფორმირებულობის ფაქტს დაადასტურებდა. მხოლოდ მოპასუხის განმარტება ვერ მიიჩნევა აღნიშნული სადავო გარემოების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებად. რაც შეეხება თავად ბრძანების გამოცემის საფუძველს, წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, არ ირკვევა, თუ მოსარჩელის რა ქმედება შეფასდა დამსაქმებლის მხრიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის დისკრედიტაციის მცდელობად, მათ მიმართ არაკორექტულ კომუნიკაციად, თეატრის სამუშაო ატმოსფეროსათვის ზიანის მიმყენებელ დესტრუქციულ ქმედებად და სხვა. საქმის მასალებში არ მოიპოვება ბრძანების გამოცემამდე დისციპლინური წარმოების განხორციელების, მოსარჩელისაგან ახსნა-განმარტების მიღების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც წარმოადგენს დასაქმებულის უფლებების დაცვის ერთ-ერთ საშუალებას, შესაძლებლობას, აუხსნას და დაუსაბუთოს დამსაქმებელს ჩადენილი ქმედების განმაპირობებელი გარემოებები, გამომწვევი მიზეზები და რაც, თავის მხრივ, დამსაქმებელს აძლევს მათი შეფასებისა და შესაბამისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას (საქმეში წარმოდგენილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და დეპარტამენტის დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 5 და 9 იანვარს სამინისტროში შევიდა თეატრის ყოფილი მსახიობების - მოსარჩელის და თ.ბ–ძის განცხადებები, სადაც მითითებულია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მხრიდან თეატრის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებთან არსებული დაპირისპირების, არაჯანსაღი სამუშაო გარემოსა და თანამშრომლებთან არასათანადო დამოკიდებულების თაობაზე. ასევე აღნიშნულია, რომ მათი გათავისუფლება მოხდა პირადი მოტივებით და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის ფონზე, რის გამოც ითხოვდნენ: მიღებული გადაწყვეტილების (ბრძანების) გაუქმებას და თანამდებობაზე აღდგენას. დასკვნის მიხედვით, თეატრის საერთო კრებებზე მსახიობებზე განხორციელებული ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტების დადგენის მიზნით, შედგა შეხვედრა თეატრის დასთან. მსახიობების უმრავლესობამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ამასთან, შექმნილი მდგომარეობის შესახებ თეატრის კოლექტივმა თავისი აზრი დააფიქსირა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისადმი გაგზავნილ 10.03.2017 წლის წერილში, სადაც დადებითადაა შეფასებული თეატრის განვითარების სტრატეგია და თეატრის თანამშრომელთა უმეტესობა (მსახიობები თ. ბ–ძე და ი. კ–ძე არ დაეთანხმნენ წერილის შინაარსს) ემიჯნება გათავისუფლებული თანამშრომლების პრეტენზიებს თეატრში არსებული მდგომარეობის შესახებ. თეატრის ხელმძღვანელობამ ვერ წარმოადგინა განცხადებაში მოყვანილი იმ საერთო კრებების ოქმები, რომლებიც ეხებოდა მოსარჩელისა და თ.ბ–ძის სამსახურეობრივ პრობლემებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება ჩამოერთვა თეატრის სალიტერატურო ნაწილის ხელმძღვანელს - მ.ა–ს (შინაგანაწესით მას ევალებოდა საერთო კრების ოქმების წარმოება და შენახვა), რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ოქმები გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და არ დევს ოქმებისთვის განკუთვნილ საქაღალდეში. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების წარმოუდგენლობიდან გამომდინარე და დასში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, ინსპექტირების ჯგუფის მიერ ვერ მოხერხდა განცხადებებში აღნიშნული ფაქტების რეალობის დადგენა. ასევე, აუდიტის ჯგუფის მიერ უარყოფითადაა შეფასებული კრების ოქმების დაკარგვისა და წარუდგენლობის ფაქტი) ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. საფუძვლიანია სარჩელი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.11.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა ბრძანებების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განჩინება საკასაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ერთ-ერთი საგანია შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების მართლზომიერება, რა დროსაც უნდა შეფასდეს დასაქმებულის ქცევა და გამოყენებული სახდელის პროპორციულობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი) (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტში მოქმედი რედაქციით). შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31.07.2019წ.). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).

9. შრომითი მოვალეობის დარღვევისათვის დასაქმებულის პასუხისმგებლობის საფუძვლებს ადგენს თავად შრომის კოდექსი. პასუხისმგებლობის ფორმად კი, კანონმდებლობა განიხილავს, როგორც შრომითი ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოებ მეორად მოთხოვნებს (ზიანის ანაზღაურება), ისე - დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესაძლებლობას. დისციპლინური პასუხისმგებლობის რეგულაციას კანონმდებელი მთლიანად შრომის შინაგანაწესს უკავშირებს (სშკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი მთლიანად დამსაქმებლის დისკრეციულ უფლებათა სპექტრს განეკუთვნება, თუმცა, იგი არ შეიძლება გაგებულ იქნას დამსაქმებლის აბსოლუტურ უფლებად, რამეთუ ე.წ დასაქმებულის დასჯის მექანიზმი შრომის კოდექსით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად უნდა იცავდეს სშკ-ის მე-2 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს და არ უნდა იქცეს დამსაქმებლისთვის თვითნებობის საფუძვლად (შდრ. №ას-344-322-2017, 11.10.2017წ.; სუსგ Nას-57-2020, 05.06.2020წ.).

10. მნიშვნელოვანია მსგავს ვითარებაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესის სწორად განსაზღვრა. როდესაც დამსაქმებელი განკარგავს უფლებას დასაქმებულის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო დასაქმებული შეედავება მას, ბუნებრივია, მოსარჩელეს ეკისრება პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ფაქტების მითითება, თუმცა, გამოყენებული ღონისძიების კანონიერების, მათ შორის, პროპორციულობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს (სუსგ №ას-344-322-2017, 11.10.2017წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად უსვამს ხაზს ზომიერი ბალანსის დაცულობის აუცილებლობას დისციპლინური ღონისძიების გამოყენებასა და მუშაკის მიერ განხორციელებულ დარღვევას შორის (შდრ. სუსგ N ას- 536-2021, 21.09.2021წ.).

11. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ არ დასტურდება დასაქმებულის მხირიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, არ ირკვევა, მოსარჩელის რა ქმედება შეფასდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის დისკრედიტაციის მცდელობად, მათ მიმართ არაკორექტულ კომუნიკაციად, თეატრის სამუშაო ატმოსფეროსათვის ზიანის მიმყენებელ დესტრუქციულ ქმედებად და სხვა. საქმის მასალებში არ მოიპოვება ბრძანების გამოცემამდე დისციპლინური წარმოების განხორციელების, მოსარჩელისაგან ახსნა-განმარტების მიღების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც დასაქმებულის უფლებების დაცვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს და მას შესაძლებლობას აძლევს დამსაქმებელს განუმარტოს სადავო ქმედების განმაპირობებელი გარემოებები. ასევე არ დგინდება 05.09.2016 წლის ბრძანების თაობაზე მოსარჩელის ინფორმირების ფაქტი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენების საფუძვლის არსებობა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია უკანონოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანება და არ არსებობს ამ ნაწილში I კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

12. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმებას, ამ მიზნით უნდა შეფასდეს: რეორგანიზაციის მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობებიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ. სუსგ №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).

13. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება მის ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ უფლებებს.

14. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ. №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.).

15. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

16. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები: ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის; შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების გათავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ.). დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

17. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.

18. პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ: საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (სუსგ №ას-955-2020, 09.12.2021წ.; №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.; №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).

19. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარებას.

20. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ Nას-1135-2018 31.05.2019წ.; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). როგორც პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა, ისე ტოლფასი თანამდებობის არარსებობა სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ არის. ამდენად, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის საშუალებას მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება წარმოადგენს.

21. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა და გადახდისუნარიანობა და ა.შ. (სუსგ Nას-1540-2019, 30.09.2020წ.). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია (15 000 ლარი) გონივრულია (შდრ. სუსგ Nას-512-2020, 18.02.2021წ.).

22. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს II საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მასზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია კანონიერად პირველი ინსტანციის სასამართლოს 20.12.2019 წლის განჩინება 16.04.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არსებობდა სსსკ-ის 241-ე მუხლის საფუძველზე სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი წინაპირობები. მოპასუხემ სსსკ-ის 215.3 მუხლის შესაბამისად დაასაბუთა ის საპატიო გარემოება, რამაც შეუძლებელი გახადა სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადება. მოპასუხის წარმომადგენელმა წინასწარ აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, ხოლო მოგვიანებით წარადგინა საავადმყოფო ფურცელი, რომლითაც დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა, რაც მართებულად შეფასდა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

24. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, I საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750 ლარის 70% – 525 ლარი,, ხოლო II საკასაციო საჩივრის ავტორს - გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს (ს/ნ: 2020...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №00574, გადახდის თარიღი 24.12.2020წ.) 70% – 525 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. მ.მ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს ნ.ხ–ძის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №10580570891, გადახდის თარიღი 11.03.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია