საქმე №ას-550-2022 26 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.06.2021 წლის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემსყიდველი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „გ–სი“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“) მოსარჩელის სასარგებლოდ, შემცირებული პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 3 000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოსარჩელეს (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის 19.04.2017 წელს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ორი ხელშეკრულება (შემდეგში „ხელშეკრულებები“) : N03.01./20/251 ხელშეკრულება - ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიის გასამწვანებლად დასარგავი ჰორიზონტალური კვიპაროზის თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობა) შესყიდვის და N03.01./20/252 ხელშეკრულება - სხვადასხვა ტერიტორიის გასამწვანებლად დასარგავი პირამიდული კვიპაროზის თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობა) შესყიდვის შესახებ.
1.2. მოპასუხემ 13.01.2020 წლის N06/03 წერილით წარადგინა დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობის სავარაუდო გეგმა-გარაფიკი 2020 წლის განმავლობაში განსაზღვრული აგროტექნიკური ღონისძიებების წინასწარ განსაზღვრის მიზნით, რაც მოსარჩელის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 14.01.2020 წლის N18-01200142008 წერილით დადასტურდა. მოპასუხეს მცენარეებისთვის უნდა მოევლო სწორედ მის მიერ წარდგენილი გრაფიკის შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე.
1.3. ხელშეკრულებების 8.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5 -%-ის ოდენობით. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 8.2 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა განპირობებული იყო იმით, რომ 13.01.2020 წელს წარმოდგენილი, მოსარჩელის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ დადასტურებული და კორექტირებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულებების ფარგლებში, აპრილის თვეში უნდა განხორციელებულიყო თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხე-მცენარეების გათიბვა, შეწამვლა და ჯამების მოწყობა. საქმეში წარმოდგენილი 01.05.2020 წლის ინსპექტირების აქტებით დასტურდება ვალდებულების დარღვევა. მოპასუხემ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად ხელშეკრულებების 8.2. პუნქტის გამოყენება სადავოდ გახადა.
1.4. მიმწოდებელმა 27.02.2020 წლის N06/13 წერილით შემსყიდველის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წინაშე იშუამდგომლა 13.01.2020 წლის N06/03 წერილით შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების, კერძოდ, ხე-მცენარეების ჯამების მოწყობა-გაფხვიერების გადატანა მომდვნო თვეში. შემსყიდველის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 03.03.2020 წლის N18-0120066673 წერილით დადასტურდა აღნიშნული მოთხოვნა.
1.5. მიმწოდებელმა 24.03.2020 წლის N06/25 წერილით მიმართა შემსყიდველის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს და განმარტა, რომ ქვეყანაში არსებული ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ვერ ახერხებს სრულად განახორციელოს სამუშაოები. შესაბამისად, ითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების, კერძოდ ხე-მცენარეების მორწყვისა და ჯამების მოწყობა-გაფხვიერების გადატანა მომდევნო თვეში. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 27.03.2020 წლის N18-01200871082 წერილით დადასტურდა მოთხოვნა, ხე-მცენარეების მორწყვისა და ჯამების მოწყობა-გაფხვიერების სამუშაოების შესრულების თარიღად განისაზღვრა აპრილის თვე.
1.6. შემსყიდველის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 31.03.2020 წლის N18-0120091311 წერილით მიმწოდებელს დამატებით 27.03.2020 წლის N18-01200871082 წერილზე გაეგზავნა აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელების გეგმა-გრაფიკის საბოლოო ვარიანტი.
1.7. მოსარჩელის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 20.05.2020 წლის N12-0120141258 და N12-0120141259 წერილებით მოპასუხეს ეცნობა დარიცხული პირგასამტეხლოს შესახებ (ჯამში 13 978.5 ლარი). აღნიშნული თანხა მოპასუხეს არ გადაუხდია.
1.8. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი, ორივე მხარის მიერ შეთანხმებული და კორექტირებული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვალდებულება. მოპასუხემ ვალდებულების დარღვევის ფაქტი სადავო გახადა და, ერთის მხრივ, მიუთითა კორექტირებულ გეგმა-გრაფიკის სარეკომენდაციო ხასიათზე, ხოლო მეორეს მხრივ, განმარტა, რომ ინსპექტირების აქტები შედგენილია კანონდარღვევით, მისი მონაწილეობის გარეშე.
1.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე მოპასუხის მიერ მცენარეების მოვლა-პატრონობის სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების ფაქტს ადასტურებს კომპეტენტური პირის, შპს „ე.ჯ–ის“ მიერ შედგენილი ინსპექტირების აქტებით. ამასთან, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელეს არც ხელშეკრულებით და არც მხარეთა შეთანხმებით არ ევალებოდა მოპასუხის წარმომადგენლის მოწვევა ინსპექტირების წარმოებისას. მოპასუხემ განმარტა, რომ მოვლა-პატრონობის ნაწილში გეგმა-გრაფიკით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას, ყოველთვის ვერ ახერხებდნენ ერთობლივი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენას. მოპასუხემ ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დააარღვია გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებები.
1.10. ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გამო მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამში 13 978.5 ლარი (NO3.01/20/251 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე (3-ჯერ), ხელშეკრულების ღირებულების (453 000 ლარი) 0,5%-ის ოდენობით, ჯამში - 6 795 ლარი. NO3.01/20/252 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ჯერზე (3-ჯერ), ხელშეკრულების ღირებულების (478900 ლარი) 0,5%-ის ოდენობით, ჯამში 7183.5 ლარი).
1.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი სამუშაოების შესრულების ვალდებულება, რაც შემსყიდველს ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
1.12. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის მიხედვით, თუ როგორია შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული სავარაუდო ზიანის თანაფარდობა მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან, ასევე მოვალის ქონებრივი მდგომარეობა და ვალდებულების შეუსრულებლობისადმი დამოკიდებულება. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება.
1.13. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის შედავებაზე პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დარღვევების მიუხედავად, მოპასუხის მიერ დარგული ჰორიზონტალური და პირამიდული კვიპაროზების გახმობით, ან გაუვარგისების ფორმით ზიანის მიყენებაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია. მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების (მორწყვა, გათიბვა, ჯამების მოწყობა, სასუქის შეტანა, შეწამვლა და სხვ.) შეუსრულებლობის გამო, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდა, წარმოიქმნა დარგული მცენარეების გახმობის საფრთხე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება ატარებს ზიანის პრევენციის და არა ზიანის გამოსწორების ფუნქციას. ამ გარემოებას სასამართლომ არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების მიზნისთვის და მოთხოვნილი პირგასამტეხლო, 13 978.5 ლარი შემაცირა 3 000 ლარამდე.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2022 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი და პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე მოპასუხის შედავების პირობებში, სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მას დააკისრა გონივრულ ოდენობამდე შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.
9. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
11. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
12. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).
13. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
14. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, არაჯეროვანი შესრულების და შესრულებული სამუშაოს მთლიანი მოცულობის თანაფარდობის, მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი დამოკიდებულების და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების მიზნებისათვის საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემობას, რომ ხელშეკრულების შესაბამისად პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილის - შესყიდული მცენარეების მოვლა პატრონობის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან აღნიშნული, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (შდრ. სუსგ Nას- 667-2021, 09.12.2021წ.) .
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია