Facebook Twitter

საქმე №ას-852-2020 12 აპრილი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ჯ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.07.2020 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.11.2019 წლის გადაწყვეტილებით გ.ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი შპს „კ.ჯ–ასა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და ი.მ. „ა.კ–ვას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ კომპენსაციის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს (სოლიდარული წილის) ნაცვლად დაეკისრათ ფულადი კომპენსაცია ამ უკანასკნელის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევამდე.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.07.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირველი მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის 65 წლის ასაკის მიღწევამდე, სარჩოს ნაცვლად, შესაბამისი ფულადი კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ, 65 წლის ასაკის მიღწევამდე დანიშნული სარჩოს ნაცვლად, შესაბამისი ფულადი კომპენსაციის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.07.2018 წლის (საქმე №ას-1423-1343-2017) გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „პ.ბ–ს“, პირველ მოპასუხეს, ი.მ. გ.გ–ძეს, მეორე მოპასუხესა და შპს „ჯ.ა.კ–ს“ 09.06.2016 წლიდან სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიური სარჩოს, 600 ლარის გადახდა.

3.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 01.06.2017 წლის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია, ლ.ჭ–ძე (მოსარჩელის მეუღლე) გამოსახლებულ იქნა სს „ს.ბ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ქ. ფოთი, ......., ს/კ: .......). სამტრედიის რაიონული სასამართლოს 19.05.2017 წლის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია, მოსარჩელე გამოსახლებულ იქნა სს „ს.ბ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ხონის რაიონი, სოფ. ......, ს/კ: ......).

3.3. მოსარჩელე იღებს სოციალურ პაკეტს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო.

3.4. პალატის მითითებით, სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობს თუ არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვიურად გადასახდელი სარჩოს - 600 ლარის სანაცვლოდ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, 65 წლის ასაკის მიღწევამდე მისაღები სარჩოს - 118 200 ლარის, პირველი მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

3.5. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე სარჩოს ნაცვლად კომპენსაციის მიღებას ითხოვს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: 1) სს „ს.ბ–ის“ წინაშე შეუსრულებელი ვალდებულების გამო, მისი და მისი მეუღლის უძრავი ქონებები გადავიდა სს „ს.ბ–ის“ საკუთრებაში, რომელიც ითხოვს მათ გამოსახლებას, თუმცა კრედიტორი თანახმაა, ორივე უძრავი ქონება მოსარჩელემ გამოისყიდოს, რისთვისაც ესაჭიროება თანხა; 2) ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობისა და ცვალებადი ბიზნეს-გარემოს პირობებში, შესაძლებელია, პირველმა მოპასუხემ ნაადრევად შეწყვიტოს სამეწარმეო საქმიანობა, რაც გამოიწვევს მისთვის სარჩოს გადახდის შეწყვეტას.

3.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩოს მოთხოვნის უფლების მქონე დაზარალებულს უფლება აქვს, მის მაგივრად მოითხოვოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის თითოეული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც კომპენსაციას დროში გაწელილ სარჩოსთან შედარებით, უკეთესი ზეგავლენა ექნება დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, ერთიანი კომპენსაციის გადახდამ შესაძლებელია დაზარალებულს დამოუკიდებელი (სამეწარმეო) საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობა მისცეს. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით და მიუთითა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერანაირი მტკიცებულებით ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი იმ გარემოების დადასტურება, რომ გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ ბანკი რეალურად სთავაზობდა მას მისი ოჯახის უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლის) გამოსყიდვას, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს ემსჯელა, რამდენად არსებობდა კომპენსაციის დაკისრების, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული, მნიშვნელოვანი საფუძველი.

3.7. სასამართლოს მითითებით, კომპენსაცია ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ გამოიყენება. ზიანის ანაზღაურება კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზანს ემსახურება. ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა აღდგეს ის მდგომარეობა, რომელიც მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების გარეშე იარსებებდა. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ზიანი რომ არ მიეყენებინა, მოსარჩელე მიიღებდა არა ერთიან თანხას, არამედ ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას და სასესხო ვალდებულების შესასრულებლად ერთჯერადი თანხის მიღების მოლოდინი, რითაც თავიდან აიცილებდა საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების დაკარგვას და გამოსახლებას, ვერანაირად ვერ ექნებოდა.

3.8. პალატამ დამატებით აღნიშნა, სასამართლო გადაწყვეტილების სტაბილურობის პრინციპი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მიერ სადავო საკითხი გადაწყვეტილია და ეს გადაწყვეტილება შეიძლება ეჭვქვეშ, მხოლოდ, განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევაში დადგეს. ის გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე მიუთითებს, არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის დროსაც. ამ პირობებში, თავად მოსარჩელემ არა კომპენსაციის, არამედ სარჩოს ანაზღაურება მოითხოვა. ის გარემოება, რომ მესაკუთრე მოსარჩელის გამოსახლებას ცდილობს, ახალი გარემოება არ არის, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოსარჩელეს ნივთზე საკუთრება უკვე დაკარგული ჰქონდა.

3.9. მოსარჩელის მსჯელობასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია პირველმა მოპასუხემ ნაადრევად შეწყვიტოს სამეწარმეო საქმიანობა, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 366-ე, 367-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმები აწესრიგებს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ვალდებულების შესრულებისათვის დრო განსაზღვრულია. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, მხოლოდ აღნიშნული დროის დადგომიდან წარმოიშობა. ვალდებულების შესრულების დრო, საეჭვოობის შემთხვევაში, მოვალის სასარგებლოდ განისაზღვრება იმგვარად, რომ მოვალეს ვალდებულების ვადამდე შესრულების უფლება აქვს. საეჭვოობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც განსაზღვრული ვადის დაცვა, მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, ეჭვის ქვეშ დგება. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა მოვალის ინტერესების დაცვას ენიჭება. გამონაკლისის სახით, იმ შემთხვევაში, როცა აშკარა ხდება ვალდებულების მომავალში შესრულების შეუძლებლობა, ან, თუნდაც, გაძნელება, კრედიტორი უფლებამოსილია, ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება მოითხოვოს. ამდენად, თუ ვადის დაცვა ვალდებულების შესრულებას საფრთხეს შეუქმნის, ვადამდე შესრულების მოთხოვნა მართლზომიერია. ამასთან, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნის უფლების არსებობა კრედიტორმა უნდა ამტკიცოს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა, რომ პირველი მოპასუხე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომელიც ყოველთვიურად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, იხდის დაკისრებულ სარჩოს 600 ლარის ოდენობით. ასეთ ვითარებაში, საუბარი იმაზე, რომ არსებობს პირველი მოპასუხის მიერ ვალდებულების მომავალში შესრულების შეუძლებლობის, ან, თუნდაც, გაძნელების საფრთხე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ხოლო მოთხოვნა, ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების თაობაზე, გაუმართლებელი.

3.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ განახორციელა მტკიცების ტვირთი წარმატებით, ვერ შეძლო ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებების დადასტურება, რაც მისცემდა შესაძლებლობას პერიოდულად, ყოველთვიურად გადასახდელი, განსაზღვრული ოდენობის სარჩოს ნაცვლად მოეთხოვა ერთჯერადი კომპენსაცია. ასევე, ვერ დაადასტურა პირველი მოპასუხის - მეწარმე სუბიექტის მდგომარეობის ისეთი გაუარესება, რაც გამოიწვევდა ვალდებულების მომავალში შესრულების შეუძლებლობას ან, თუნდაც, გაძნელებას და ამ მიზეზით ვადაზე ადრე, მთელი პერიოდისათვის (65 წლის ასაკამდე) გადასახდელი სარჩოს სრული მოცულობით პირველი მოპასუხისთვის დაკისრებას.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ არსებობს. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ №ას-807-2020, 12.11.2020წ; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია შეაფასოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ა-1915-ბ-8-2015 , 22.07.2015წ; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, №21920/93, 1996 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

9. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.07.2018 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს, მათ შორის წინამდებარე საქმის პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 09.06.2016 წლიდან სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიური სარჩოს, 600 ლარის გადახდა. ამავდროულად, ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 09.06.2016 წლის გადაწყვეტილება მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 13000 ლარისა და მორალური ზიანის 8000 ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე (ს.ფ.16-55). განსახილველ დავაში, მოსარჩელე ითხოვს ყოველთვიური სარჩოს ერთჯერადი კომპენსაციით ჩანაცვლებას.

10. სსკ-ის 408-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარისათვის დაკისრებული სარჩო შეიძლება შეიცვალოს ერთჯერადი კომპენსაციით იმ შემთხვევაში, თუკი მხარე ამგვარი ცვლილებისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობას სათანადოდ დაასაბუთებს. მნიშვნელოვანი საფუძველი სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც კომპენსაციას დროში გაწელილ სარჩოსთან შედარებით უკეთესი ზეგავლენა ექნება დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, ერთიანი კომპენსაციის გადახდამ შესაძლებელია, დაზარალებულს დამოუკიდებელი (სამეწარმეო) საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობა მისცეს (გ.რუსიაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 408, ველი 36).

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის დადასტურება ვერ შეძლო.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, განსხვავებით პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებისაგან, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.).

15. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. გ.ა–ძის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. გ.ა–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ტ.1, ს.ფ.359).

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

რევაზ ნადარაია