Facebook Twitter

საქმე №ას-877-2020 22 მარტი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.03.2019წ. გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

დავის საგანი – დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.10.2017 წლის გადაწყვეტილებით მ.ბ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მარწმუნებელი“) სარჩელი გ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „რწმუნებული“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 243 ლარის გადახდა.

2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.03.2019 წლის გადაწყვეტილებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4734,68 ლარის გადახდა. მოთხოვნა მოპასუხისათვის 1608.5 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 08.05.2014 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება წარმოედგინა და დაეცვა მისი ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვადასხვა უწყებასა თუ დაწესებულებასთან ურთიერთობაში, მისი სახელით ეწარმოებინა სააღსრულებო წარმოება, ასევე სამემკვიდრეო, ჩუქების, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების, განქორწინების, სახელისა და გვარის შეცვლის, ნათესაური კავშირის დადგენის, ალიმენტის და სხვა საქმეები.

3.2. 16.06.2015 წლიდან 11.08.2016 წლის ჩათვლით მოპასუხეს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ჩაერიცხა 3793,18 ლარი და 6750 ლარი. სადავო არ არის, რომ აღნიშნული თანხიდან 30.03.2016 წელს მ.ღ–ს ჩაერიცხა 3700 ლარი, ხოლო 20.06.2017 წელს მოსარჩელის ანგარიშზე ჩაირიცხა 500 ლარი. მოსარჩელე ითხოვს 08.05.2014 წელს გაფორმებული რწმუნებულების საფუძველზე მოპასუხის მიერ მიღებული 6343,18 ლარის დაბრუნებას.

3.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლით დადგენილ მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და დადგენილად მიიჩნია, რომ რწმუნებულის გასამრჯელო შეადგენდა 1500 ლარს. სასამართლოს მითითებით, მოპასუხის შესაგებელი ემყარება იმ გარემოებას, რომ რწმუნებულების ფარგლებში მიღებული თანხიდან 5000 ლარი წარმოადგენდა შეთანხმებულ გასამრჯელოს და მას ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია. ახსნა-განმარტების გარდა სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა მოპასუხეს არ წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლო მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ რწმუნებულის გასამრჯელო შეადგენდა 1500 ლარს. მოპასუხე თავად მიუთითებს, რომ მოსარჩელის ძმისგან გასამრჯელოს სახით მიიღო 1500 ლარი, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მოხერხდა მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის ამოღება, ეს თანხა უკან დაუბრუნა მას. სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოებაც ადასტურებს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული რწმუნებულის გასამრჯელო შეადგენდა 1500 ლარს.

3.4. მოპასუხემ მინდობილი მოქმედებების შესასრულებლად გასწია შემდეგი ხარჯი: 03.07.2015 წელს გადაიხადა 46 ლარი, განქორწინების რეგისტრაციისთვის, 20.07.2017 წელს - 2 ლარი, ქორწინების განმეორებითი მოწმობის საფასური, 14.03.2015 წელს საჯარო რეესტრში - 51 ლარი, 18.08.2015 წელს საჯარო რეესტრში - 7.5 ლარი, 20.07.2017 წელს 2 ლარი - განქორწინების განმეორებითი მოწმობის საფასური, ჯამში - 108.5 ლარი.

3.5. სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს რწმუნებულისათვის შეთანხმებული გასამრჯელო - 1500 ლარი არ გადაუხდია. სასამართლომ მოპასუხის განმარტებები არ მიიჩნია სსსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად, რაც სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში საკმარისი იქნებოდა სადავო გარემოების დასადგენად.

3.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 709-ე, 715-ე მუხლებზე და განმარტა, რომ რწმუნებულმა მარწმუნებლის სახელით წარმოებული სააღსრულებო მოქმედებების საფუძველზე მიიღო 10 543.18 ლარი, საიდანაც მარწმუნებლის კრედიტორს გადაუხადა 3700 ლარი, მოსარჩელეს ჩაურიცხა 500 ლარი, დარჩენილი 6 343.18 ლარი კი მოსარჩელისთვის არ დაუბრუნებია.

3.7. სსკ-ის 710-ე მუხლის პირველი ნაწილით, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 717-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები. დადგენილია, რომ მარწმუნებელს არ გადაუხდია მხარეთა მიერ შეთანხმებული რწმუნებულის გასამრჯელო 1500 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ მინდობილი მოქმედებების შესასრულებლად გასწია ხარჯი - 108.5 ლარი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხები უნდა გამოაკლდეს მარწმუნებლისთვის დასაბრუნებელ თანხას - 6343.18 ლარს.

3.8. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხისთვის 4734,68 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობაში სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) მუხლის საფუძველზე (სუსგ Nას-1139-1059-2017, 31.07.2018წ., Nას-431-414-2016, 08.07.2016წ.). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს კონკრეტული პირის (ან პირთა) უფლება სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგინოს სხვა პირი (ან პირები) - წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სსსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, გვ.425,426).

9. რწმუნებულის მიერ მინდობილი მოქმედების შესრულების დროს მიღებული თანხის დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია 715.1 (რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით) მუხლი. თავის მხრივ, მარწმუნებელი ვალდებულია რწმუნებულს აუნაზღუროს შეთანხმებული საზღაური, ასევე აუცილებელი ხარჯები სსკ-ის 710.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) და 717.1 მუხლების თანახმად (მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები).

10. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 16.06.2015 წლიდან 11.08.2016 წლის ჩათვლით რწმუნებულს სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ჩაერიცხა 3793,18 ლარი და 6750 ლარი, საიდანაც მარწუნებლის კრედიტორს გადაუხადა 3700 ლარი, თავად მარწმუნებელს ჩაურიცხა 500 ლარი, ხოლო მინდობილი მოქმედებების შესასრულებლად გასწია ხარჯი - 108.5 ლარი. წამოყენებული არ არის დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) მასზე, რომ რწმუნებულის გასამრჯელო შეადგენდა არა 1500 ლარს, როგორც ეს დაადგინა სასამართლომ, არამედ 5000 ლარს.

11. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48).

12. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის და მოწმის დაკითხვის თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, განსხვავებით პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებისაგან, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.). მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი დასაშვები მტიკცებულებათაგანი, ასევე ვერ იქნება მიღებული საკასაციო პალატის მიერ, რაც მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ. სუსგ Nას-928-890-2014, 02.10.2015წ.). არ არსებობს მოწმის დაკითხვისა და საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. გ.გ–ძეს (პ/ნ: ....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 15.10.2020წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. გ.გ–ძის შუამდგომლობები მოწმის დაკითხვისა და საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს. მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს.

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია