3გ/ად-7-გ-03 12 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1998წ. 14 სექტემბერს შპს “კ-ის" პარტნიორმა რ. შ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა ...... მდებარე საერთო საცხოვრებლის მობინადრეთა, სულ 21 ოჯახის გამოსახლება. სასამართლოში საქმის განხილვისას შეგებებული სარჩელი შეიტანა თ. ჭ-ამ, ლ. ჯ-მა, მ. კ-ემ და სხვებმა (სულ 19 პირმა) და მოითხოვეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შპს “კ-ზე" გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება.
ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “კ-ის" პარტნიორის რ. შ-ას სარჩელი და თ. ჭ-ა, ლ. ჯ-ი, მ. კ-ე, ნ. შ-ი, ი. ფ-ი, ა. მ-ი, მ. ბ-ი, მ. მ-ე, მ. მ-ი, ნ. გ-ი, მ. ბ-ი, ნ. ფ-ე, მ. ზ-ი, ლ. ჯ-ი, ლ. ტ-ი, მ. ა-ე, ვ. ჟ-ი, ნ. მ-ი და ხ. ბ-ი ოჯახებით გამოსახლებულნი იქნენ ქ. თბილისში, ...... მდებარე შპს “კ-ის" სახელზე რიცხული შენობიდან.
ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი შპს “კ-ისა" და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ 1998წ. 23 ივლისს შპს “კ-ის" სახელზე გაცემული ¹..... საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი და ისნის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩვრეს ლ. ჯ-მა, მ. კ-ემ და სხვებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000წ. 3 ივლისის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
საქმის სააპელაციო პალატის ინსტანციაში ხელახალი განხილვის სტადიაში აპელანტებმა გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებასთან ერთად ითხოვეს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1998წ. 2 ივლისის ¹1-3/514 ბრძანების გაუქმება.
მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა დავის საგნის გაზრდას. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ დავის საგნის გაზრდის შემდგომ შეიცვალა მოცემული საქმის განსჯადობაც. მოპასუხეები საკუთრების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 1998წ. 23 ივლისის ¹1-3/514 ბრძანების ბათილადაც ცნობას, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მულის 1-ლი ნაწილის “ბ" პუნქტის თანახმად კი სარჩელი უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე პირველი ინსტანციის წესით საოლქო სასამართლოს განსახილველია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 10 თებერვლის განჩინებით ჩათვალა, რომ საქმე არ უნდა იქნეს განხილული პირველი ინსტანციის წესით, ვინაიდან მოცემულ საქმეზე განხილვის საგანს წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლებიც განხილულ უნდა იქნეს სსკ-ს მე-8 კარით დადგენილი წესებით. ამდენად, დავის საგნის გადიდება სააპელაციო განხილვის ეტაპზე თუნდაც ისეთი მოთხოვნით, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 6.1 მუხლის “ბ" პუნქტის შესაბამისად საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველია, ვერ გამოიწევევს მოცემული საქმის განსჯადობის შეცვლას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განსაჯდობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, რომელიც არის სააპელაციო სასამართლო. აღნიშნული საპროცესო ნორმის შესაბამისად რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელანტების სააპელაციო საჩივრის განხილვა მოცემულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის კომპეტენციაში შედიოდა.
მართალია, აპელანტებმა სასამართლო განხილვის პროცესში გაზარდეს სასარჩელო მოთხოვნა _ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებასთან ერთად მოითხოვეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 23 ივლისის ¹1-3/514 ბრძანების ბათილად ცნობა, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარეც, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს საქართველოს სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე, მაგრამ სსკ-ს 22-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რაიმე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.
ამავე დროს საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გადასცა რა განსჯადობით მოცემული საქმე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე სასამართლო კოლეგია საქმეებს იხილავს პირველი ინსტანციის წესით და მის კომპეტენციაში არ შედის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებების შემოწმება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგია ფაქტობრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა საქმე და მიეღო რაიმე გადაწყვეტილება.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჯ-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 26-ე მუხლებით, სსკ-ს 22-ე და 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ჯ-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს გადაეგზავნოთ დადგენილი წესით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.