Facebook Twitter

№ას-924-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.მ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხეები - ნ.ლ–ნი, გ.მ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2022წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") წარადგინა სარჩელი ზ.მ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", "კასატორი"), ნ.ლ–ნის და გ.მ–ნის (შემდეგში ტექსტში მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც "მოპასუხეები") მიმართ და მოითხოვა:

- მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 30.08.2017წ. ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 61 634,27 აშშ დოლარის გადახდა;

- მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 30.08.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილში არსებული დავალიანების ძირ თანხაზე 47 420,50 აშშ დოლარზე (სარჩელის მომზადების დღიდან 24.10.2018წ.) საპროცენტო სარგებლის წლიური 9,5%-ის (12,34 აშშ დოლარი დღეზე) და ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0,5%-ის ოდენობით დარიცხვა გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე;

- გადაწყვეტილების აღსრულება 30.08.2017წ. ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით: უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ........, სართული 3, ბინა 8, ს.კ ......; უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ........., ს.კ ........

- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად არ დაფარავს ვალდებულებას, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 21.09.2017წ. ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 2627,50 ლარის გადახდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 20.02.2015წ. ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების 5178,38 ლარის გადახდა;

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.04.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 30.08.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 56 544.83 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 47 420,50 აშშ დოლარი, პროცენტი - 4034.89 აშშ დოლარი, ჯარიმა - 5089.44 აშშ დოლარი) გადახდა;

- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 31.10.2018 წლიდან (სასამართლოში სარჩელის შეტანის თარიღიდან) 30.08.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 47 420,50 აშშ დოლარზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური საპროცენტო სარგებლის 9.5% -ის (12.34 აშშ დოლარი დღეზე) გადახდა;

- მოთხოვნა ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეებზე სოლიდარულად პირგასამტეხლოს სახით 0.5%-ის ოდენობით თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა;

- გადაწყვეტილების აღსრულება დაკისრებული თანხების გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელდა იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის გზით: უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, .........., საკადასტრო კოდით ........; უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ....... ს/კ ........

- დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, ვალდებულების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეთა - სოლიდარულ მოვალეთა კუთვნილი სხვა ქონება;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21.09.2017წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2063,75 ლარის (ძირი თანხა - 1000 ლარი, საკომისიო - 500 ლარი, ჯარიმა - 563.75 ლარი) გადახდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20.02.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4433.41 ლარის (ძირი თანხა -3067.52 ლარი, პროცენტი - 620.93 ლარი, ჯარიმა - 744.96 ლარი) გადახდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.209-227).

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხის - 5089.44 აშშ დოლარის 2544.72 აშშ დოლარამდე შემცირება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.02.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.04.2019წ. გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 349-366).

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2022 წლის განჩინებით მოპასუხეს საკასაციო საჩივარზე დაუწესდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად (ტ.2, ს.ფ.397-400). 17.10.2022წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.2, ს.ფ. 427-429).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.10.2022 წლის განჩინება პირადად ჩაჰბარდა კასატორს 21.10.2022წ. (იხ.: შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ, ტ.2, ს.ფ.431).

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

10. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 22.10.2022წ. და ამოიწურა ამავე წლის 26.10.2022წ.. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 26.10.2022წ. ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით დგინდება, კასატორის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სასამართლო კანცელარიის რეგისტრაციაში გატარდა 28.10.2022წ.. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განცხადება წარმოდგენილია ფოსტის მეშვეობით. საფოსტო კორესპონდენციის კონვერტით, დგინდება რომ განცხადება ფოსტას ჩაჰბარდა 27.10.2022წ. (ტ.2, ს.ფ.437), ანუ, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის დარღვევით. თავად განცხადებაშიც მისი შედგენის თარიღად მითითებულია 27.10.2022წ. (ტ.2, ს.ფ 433).

11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ-ები №ას-137-2020, 13.07.2020 წელი; №ას-1354-2022, 24.10.2022 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

12. სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. დაგვიანებით წარმოდგენილ განცხადებას ერთვის კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 300 ლარის ოდენობით გადახდის ქვითარი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.მ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ზ.მ–ნს (პირადი ნომერი .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ 26.10.2022წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (კომპანია თიბისი ფეი, ტერმინალის N175, ოპერაციის ID546896) და 27.10.2022წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარი (კომპანია თიბისი ფეი, ტერმინალის N175, ID546951), ჯამში 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე