Facebook Twitter

№ას-1281-2022 17 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.ჯ–ა“, მ.ტ-ვი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ლ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის სოლიდარულად დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ლ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე) სარჩელი აღძრა შპს „მ.ჯ–ასა“ და მ.ტ-ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „პირველი კასატორი“ და „მეორე კასატორი“, ერთობლივად „კასატორები“) მიმართ და მოითხოვა დავალიანების - 59 003.73 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.11.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 57 315.46 ლარის გადახდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ. 161-179). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ. 326-345). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

4. საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების ეტაპზე კასატორებმა წარმოადგინეს განცხადებები, რომლებითაც უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო რომ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

6. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2022 წლის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ. 326-345). განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. საქმე საკასაციო სასამართლოში განაწილდა 04.10.2022 წელს (იხ.: საქმის განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ს.ფ.362).

8. 10.10.2022 წელს საკასაციო სასამართლოს წერილობით მომართა პირველმა კასატორმა, რომელმაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და დაადასტურა, რომ აღარ აქვს საკასაციო საჩივრის განხილვის ნება (ს.ფ.363). პირველი კასატორის განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მ.ჯ–ვას მიერ (იხ.: მინდობილობა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის, გასაჩივრების და სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის უფლებით, ს.ფ. 364,365). იმავე შინაარსის განცხადება წარმოადგინა მეორე კასატორმა 13.10.2022 წელს (ს.ფ. 367).

9. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წელი; №ას-1793-2019, 12.03.2020 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი).

10. კასატორებმა განაცხადეს, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობენ უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მათ განახორციელეს სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორებმა იქამდე განაცხადეს უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 284-ე, 285-ე, 396.4 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.ჯ–ას“ და მ.ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.06.2022 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე