საქმე №ას-925-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე –შპს "ს------ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინება`
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ს-----ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მიმწოდებელი) სარჩელი:
1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში: მოპასუხე შემსყიდველი, მერია, აპელანტი ან კასატორი), მოსარჩელის სასარგებლოდ, 50 610 ლარი და ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯი - 1300 ლარი დაეკისრა.
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №----ხელშეკრულება გაფორმდა.
3.2. ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.9 პუნქტის მიხედვით, მომსახურება დასრულებულად ჩაითვლებოდა შემსყიდველის მიერ შერჩეული კომპანიის, შპს „ს-----ო მ-----ის ჯ----ის“ მიერ დადებითი დასკვნის შემსყიდველთან წარდგენის შემდეგ. ხელშეკრულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ იქნა ფორსმაჟორული ფაქტორები, რაც გულისხმობს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მხარის შეცდომასა და დაუდევრობასთან, ასეთი გარემოება შეიძლება იყოს ომი, პანდემია და სხვა. დამაბრკოლებელი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში მხარეებს ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან შესრულების შეფერხება ვალდებულების დარღვევად არ ჩაეთვლებოდათ. ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 4 მარტის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 485531.46 ლარით განისაზღვრა.
3.3. 2019 წლის 24 დეკემბრის შეთანხმების ოქმის მიხედვით, N--- ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტი ქ. საჩხერეში, მდინარე -----, ---- ---- ქუჩის გასწვრივ რკინა/ბეტონის საყრდენი კედლის აშენება და 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მდინარე --- დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები იყო. ამავე შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2020 წლის 4 აპრილით განისაზღვრა.
3.4. მიმწოდებელს 2020 წლის თებერვალში მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ხელი ეშლებოდა სამუშაოების შესრულებაში, რის გამოც 2020 წლის 26 თებერვალს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და სამუშაობის დასრულების გადავადება მოითხოვა. 2020 წლის 4 მარტს მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმის მიხედვით მიწოდების ვადა 15 აპრილით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა, 4 აპრილის ნაცვლად, 15 მაისით განისაზღვრა.
3.5. მხარეებს შორის 2020 წლის 30 მარტს გაფორმდა N--- ხელშეკრულების შეთანხმების ოქმი, რომლითაც ხელშეკრულების ღირებულება, 485531,46 ლარის ნაცვლად, 485504,02 ლარით განისაზღვრა.
3.6. 2020 წლის 30 მარტის დამატებითი შეთანხმების აქტის თანახმად, მოსარჩელეს/მიმწოდებელს მესამე ობიექტი დაემატა, კერძოდ, ქ. საჩხერეში, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მდ. ---, ---- --- ქუჩის გასწვრივ დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები, რომელთა ღირებულება ხარჯთაღრიცხვით 124 434.85 ლარით განისაზღვრა. მესამე ობიექტის სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრის გამო ხარჯთაღრიცხვა დაკორექტირდა.
3.7. მიმწოდებელმა 2020 წლის 15 აპრილისთვის ორი ობიექტის სამუშაოები შეასრულა. შპს „ს----ო მ----ის ჯ---ის“ მიერ 2020 წლის 27 აპრილს შედგენილ იქნა ინსპექტირების შუალედური ანგარიში N ---, სადაც აღნიშნულია, რომ შესრულდა ორი ობიექტის ა) ქ. საჩხერეში, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მდინარე ---- დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები და ბ) ქ. საჩხერეში, მდინარე ----, ----- ---- ქუჩის გასწვრივ რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები დადებითად შეფასდა. შედგენილ იქნა, აგრეთვე, „სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების შემოწმების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის“ მიერ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარედგინა მუნიციპალიტეტის მერიას. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 339 461.12 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლის ანგარიშზე ჩარიცხა;
3.8. მესამე ობიექტი მოსარჩელეს 2020 წლის 30 მარტს დაემატა და იმავე წლის 23 მარტს ქვეყანაში გამოცხადედა საგანგებო მდგომარეობა, რაც მიმწოდებელს ხელს უშლიდა მესამე ობიექტის სამუშაოების სრულად შესრულებაში. მისგან დამოუკიდებელი მიზეზების არსებობის გამო, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერს და 15 მაისს ვადის გაგრძელება მოითხოვა. განცხადება შესასწავლად გადაეგზავნა „სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს“. ამ ჯგუფმა შეისწავლა მიმწოდებლის განცხადება და მიიღო აქტი, სადაც აღნიშნა, „ჯგუფის წევრებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ ობიექტის მიწოდების ვადა 2020 წლის 15 ივნისისთვის გადაიწიოს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდეს.“ იმავე დღეს მერიაში წარდგენილ იქნა „სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების შემოწმების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის“ ხელმძღვანელ კ. ქ-ის მოხსენება.
3.9. მხარეებს შორის 2020 წლის 15 მაისს გაფორმებული შეთანხმების ოქმით, ხელშეკრულების ვადა 2020 წლის 15 ივლისამდე გაგრძელდა, რაც შეეხება მიწოდების ვადას, ჩანაწერი გამორჩენილია. შეთანხმების ოქმში არაფერია მითითებული ვადის გაგრძელების, ძველი ვადის დატოვების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. მიმწოდებელმა მესამე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის 15 ივნისს დაასრულა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კრებსითი და მიღება-ჩაბარების აქტები შედგა.
3.10. 2020 წლის 13 ივლისს გაფორმებული ინსპექტირების N----ანგარიშის მიხედვით, პროექტი მოიცავს ქ. საჩხერეში 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მდინარე ---- დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენას, მდინარე ---, ---- --- ქუჩის გასწვრივ რკინა- ბეტონის საყრდენი კედლის აშენებას (პკ 3+80-დან პლ 2+80-მდე) და ქ. საჩხერეში 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მდინარე ----, ---- ---- ქუჩის გასწვრივ დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოებს; 2020 წლის 22 მარტიდან 15 აპრილამდე შესრულებული სამუშაოების ფორმა N-- და შესრულებულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირების ანგარიშს; 2020 წლის 22 მარტიდან 15 აპრილამდე სამუშაოების ფორმა N----ის ინსპექტირებასა და 2020 წლის 22 მარტიდან 15 აპრილამდე შესრულებული სამუშაოების ერთეულის ღირებულების შემოწმებას წარდგენილი სასაქონლო ზედნადების მიმართებით. ინსპექტირების ანგარიშის „გამოკვლევის გრაფაში“ მითითებულია, რომ შემოწმებულ იქნა „ქ. საჩხერეში 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მდ. ---- დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენის 2020 წლის 22 მარტიდან 15 აპრილამდე შესრულებული სამუშაოები“. დასკვნაში აღინიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ ქ. საჩხერეში 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლთან მდინარე ---- დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენის და მდინარე ----, --- --- ქუჩის გასწვრივ რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის (პკ 3+80-დან პლ 2+80-მდე) 2020 წლის 22 მარტიდან 15 აპრილამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია და საპროექტო დოკუმენტაციას, საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს შეესაბამება. ფორმა N --ის მიხედვით ფაქტობრივად შესრულებულმა სამუშაოთა ღირებულებამ 112 809,81 ლარი შეადგინა, რასაც „ს----ო მ----ის ჯ---ის“ წევრ ა. ჯ-ის „ინსპექტირების ანგარიშის“ კვლევით ნაწილში მითითებული ინფორმაცია ადასტურებს, თუმცა „მ----ის ჯ---ის“ მიერ შედგენილ „დასკვნით ნაწილში“ სამუშაოთა ღირებულება 62 199.69 ლარამდე შემცირდა. ამასთან დაკავშირებით „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფმა“ განმარტა: „მიუხედავად სამუშაოების ფაქტობრივი შესრულებისა (112 809.81 ლარის სამუშაოები იქნა შესრულებული), ვინაიდან ზოგიერთი მასალის სასაქონლო ზედნადებების შესყიდვის თარიღები არ შეესაბამება შესრულებული სამუშაოების პერიოდს, ამიტომ აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ვერ იქნება გათვალისწინებული და 112 809.81 ლარის სამუშაოები შემცირდება 62 199.69 ლარის ღირებულების სამუშაოთა ღირებულებამდე (სხვაობამ50 610.12 ლარი შეადგინა). 2020 წლის 13 ივლისის „ინსპექტირების ანგარიში“ წარდგენილ იქნა მუნიციპალიტეტის მერიაში, რის შემდეგაც მოსარჩელეს მერიამ მხოლოდ 62 199.12 ლარი აუნაზღაურა.
3.11. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტექნიკურმა მენეჯერმა - ი. ო-ემ, რომელიც ინსპექტირების აქტის ერთ-ერთი ავტორია, დაადასტურა, რომ მოსარჩელის/მიმწოდებლის მიერ 2020 წლის 22 მარტიდან 15 აპრილამდე სამუშაოები, N--- ხელშეკრულების შესაბამისად, სრულად არის შესრულებული.
3.12. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მერიას მისთვის ხელშეკრულებით, ხარჯთაღრიცხვით და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი თანხის - 50 610.12 ლარის ანაღაურების თაობაზე, რაზედაც მოპასუხემ 2020 წლის 29 ივლისის N----წერილით უარი განუცხადა.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს კი, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების სრულად ანაზღაურების საკითხის გამორკვევა წარმოადგენდა. აპელანტის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ მოპასუხემ სრულად უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს მესამე ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება.
5. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 3.8-3.10 ქვეპუნქტებში დადგენილ გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ სადავო არ არის მესამე ობიექტის სამუშაოთა არც შესრულების ხარისხი და არც მისი ფაქტობრივი ღირებულება. შემსყიდველის მიერ გადასახდელი თანხის - 50 610.12 ლარით შემცირებას საფუძვლად უდევს ინსპეტიქრების აქტში მითითებული გარემოება - ,,ზოგიერთი მასალის სასაქონლო ზედნადებების შესყიდვის თარიღები არ შეესაბამება შესრულებული სამუშაოების პერიოდს, ამიტომ აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ვერ იქნება გათვალისწინებული“.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და არც კანონმდებლობით არ არის დადგენილი შეზღუდვა, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოებისათვის მასალის შესყიდვის ვადებთან დაკავშირებით. მენარდემ სამუშაოები უნდა შეასრულოს შეთანხმებით გათვალისწინებული ხარისხის მასალებით, რომელიც შესაძლებელია, იყიდოს სამუშაოთა შესრულების პროცესში ან გამოიყენოს უკვე მის საკუთრებაში არსებული დასაწყობებული მასალები და შემდეგ შეივსოს მარაგი. მთავარია, მან ფაქტობრივად შეასრულოს და ჩააბაროს შემსყიდველს შეთანხმებული ოდენობისა და ხარისხის სამუშაო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში შეთახმებული ხარისხისა და ოდენობის სამუშაო შეასრულა, რომლის ღირებულების დარჩენილი ნაწილის 50 610 ლარის ანაზღაურება პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად და კანონიერად დააკისრა მოპასუხეს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. მოპასუხემ (შემსყიდველმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისთვის (შემსყიდველისათვის) შესრულებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილის - 50 610 ლარის მოსარჩელის (მიმწოდებლის) სასარგებლოდ ანაღაურების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება.
13. დადგენილია, რომ მოდავე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი ქ. საჩხერეში, მდინარე ----, ----- ---- ქუჩის გასწვრივ რკინა/ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა და 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მდინარე ---- დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები იყო, რაც გულისხმობს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 629-ე მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია. გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულების დადებას.
14. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად უნდა შესრულდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
15. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ № ას-1646-2019, 30.09.2020წ).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და წარმოშობს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018წ) .
17. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მიმწოდებელმა ნარდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები (მათ შორის შეთანხმებული ხარისხის) ჯეროვნად შეასრულა, შემსყიდველმა კი, მიმწოდებელს 50 610 ლარით ნაკლები აუნაზღაურა. მითითებული თანხის გადაუხდელობის თაობაზე მოპასუხის (შემსყიდველის) შესაგებელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ვინაიდან, ფორმა N---ში შეტანილი მასალების ერთეულების ფასები და სასაქონლო ზედნადებებში ასახული ფასები თანხვედრაში არ იყო, ინსპექტირების შედეგად შესრულებული სამუშაოების (ფორმა N--) ღირებულებამ კორექტირება განიცადა. შესაბამისად, ინპექტირების შედეგად შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით 62199.69 ლარი შეადგინა, რაც მოსარჩელეს აუნაზღაურდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მენარდის მიერ სამუშაოთა შესრულებას უკავშირდება კუთვნილი ანაზღაურება, ხოლო სამუშაოთა შესასრულებლად შეძენილი მასალები დაემთხვევა თუ არა სამუშაოთა ფაქტობრივად შესრულების თარიღს, როგორც ეს ინსპექტირების აქტშია მითითებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) არ არის მნიშვნელოვანი და ვერ მოახდენს გავლენას შესრულებული სამუშაობის ღირებულებაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც შესრულების ხარისხი, ვადა და სხვა გარემოებები სადავო არ არის. ნებისმიერი მენარდე კომპანიის მიერ გარკვეული მასალების შეძენა, რომლითაც მას უწევს არა მხოლოდ კონკრეტულ, არამედ რამდენიმე ობიექტზე მუშაობის წარმოება, ჩვეულებრივი საქმიანობის ნაწილია და იმასაც გულისხმობს, რომ შესაძლოა მენარდემ გარკვეული მასალები (სხვადასხვა სამუშაოებში სტანდარტულად გამოსაყენებელი) წინასწარაც შეიძინოს (გარკვეული მარაგი შექმნას) და ამა თუ იმ ობიექტზე მუშაობის პროცესში სხვადასხვა დროს გამოიყენოს.
18. მოცემული შემთხვევა მენარდის მიერ ფაქტობრივად და ჯეროვანი ხარისხით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას ეხება, ხოლო კასატორს მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს თანხის გადახდა ინსპექტირების აქტზე დაყრდნობით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 და მე-17 პუნქტები), ეს საკასაციო პრეტენზია კი დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას. კასატორის საყურადღებოდ, საკასაციო სასამართლო მისსავე არაერთ გადაწყვეტილებაში/ განჩინებაში ასახულ განმარტებას მოიხმობს, რომელიც სსკ-ის 636-ე მუხლით განსაზღვრულ ისეთ ვითარებას ეხება, რომელიც შემკვეთს უფლებას ანიჭებს, რომ ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაშიც კი, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს. სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებლი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას- 697-663-2015, 15.12.2015წ; N ას-885-852-2016,03.07.2017წ; . N ას-717-670-2017, 26.04.2018წ);
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ. სუსგ Nას-1252-2020, 29.09.2021წ).
20. ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კერძო სამართლის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა ,,კეთილსინდისიერების” მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნების სამართალში იგი წარმოადგენს მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედს. ქართულ სამოქალაქო სამართალშიც იმავე მიზანს ემსახურება კეთილსინდისიერების, როგორც სამართლებრივი ფასეულობის შემოღება. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე“. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის საერთო მიმართულებასაც. არა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველი. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზოგადსახელმძღვანელო პრინციპი, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთ მუხლში. ამიტომაც, კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლით, არამედ იგი ამოსავალი და ფუნდამენტური ქცევის პრინციპია ზოგადად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში (იხ. სუსგ Nას-559-2019, 4.12.2019წ) .
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ საქმეზე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათელი ხდება მიმწოდებელის/მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში შეთახმებული ხარისხისა და ოდენობის სამუშაოს შესრულება, რაც მოპასუხის მხრიდან საპასუხო შესრულების ვალდებულებას - (დასრულებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებას) წარმოშობს. შესაბამისად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი, ამ განჩინებაში ასახული მსჯელობის საწინააღმდეგოს ვერ ამტკიცებს და მოპასუხისთვის დაკისრებული 50 610 ლარი, სავსებით სამართლიანი და კანონიერია.
22. კასატორის კიდევ ერთი პრეტენზია მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრებას უკავშირდება.
23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები მართებულად დააკისრა.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
28. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური