საქმე №ას-1028-2021 3 ოქტომბერი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - რ. ე-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ე-ძე, ნ. ე-ძე, მ. ე-ძე, ჟ. ე-ძე (მოპასუხეები)
II კასატორი - ჟ. ე-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ე-ძე, ნ. ე-ძე, მ. ე-ძე, რ. ე-ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ჟ. ე-ის სარჩელი მოპასუხეების თ, ნ, მ. და რ. ე-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განჩინებით რ. ე-ის და ჟ. ე-ის საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი;
2022 წლის 26 სექტემბერს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა და მოითხოვა ჟ. ე-ვის და რ. ე-ვის, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამივე ინსტანციაში გადახდილი იურიდიული მომსახურების ხარჯის - 8000 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი განჩინების მიღების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
2. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.
3. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ არსებობს დამატებითი განჩინების მიღების წინაპირობა. თ. ე-ის, ნ. ე-ის და მ. ე-ის წარმომადგენელმა საკასაციო შესაგებელში იშუამდგომლა ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 3000 ლარის ანაზღაურების შესახებ. ასევე 2022 წლის 26 სექტემბერს წარმოადგინა შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის მიერ, სამივე ინსტანციაში გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის -8000 ლარის, კასატორებისთვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.
4. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.
5. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს მიიჩნევს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად, რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე და პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ №ას-739-707-2016, 24.10.2016წ.).
6. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ წარმომადგენელს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება; საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015).
7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო წარმოების ეტაპზე მხარემ წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი საკასაციო საჩივარზე, ხოლო სასამართლომ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმომადგენლის მხრიდან საკასაციო შესაგებლის წარმოდგენა გარკვეულ ინტელექტუალურ და დროის რესურსის დახარჯვას მოითხოვდა, (თუმცა არა იმ ოდენობით, როგორც ამას განმცხადებელი ითხოვს) რაც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარმომადგენლის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას. შესაბამისად, სამართალწარმოების საბოლოო ეტაპის, ასევე, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), საკასაციო სასამართლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ რ. ე-ეს და ჟ. ე-ეს დაეკისროთ, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ხარჯის სოლიდარულად ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სასამრთლო განმარტავს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს, ვინაიდან ხარჯების მოთხოვნა სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე უნდა მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა წარმომადგენლის მოთხოვნა სამართალწარმოების ყველა ეტაპზე გაწეული მომსახურების ჯამური ოდენობის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ე-ის, ნ. ე-ის და მ. ე-ის წარმომადგენლის გ. ღ-ის განცხადება, დამატებითი განჩინების მიღების შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. რ. ე-ეს და ჟ. ე-ეს, თ. ე-ის, ნ. ე-ის და მ. ე-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიერ, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე