Facebook Twitter

საქმე №ას-872-2022 25 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ, ჯ, ლ. და ა. ბ-ბი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ლი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. გ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ, ჯ, ლ, ა. და ნ. ბ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ ქონების მესაკუთრედ ცნობის, თანხის დაკისრების, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ. ბ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ნ. გ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით მ, ჯ, ლ. და ა. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში, მ, ჯ, ლ. და ა.ბ-ის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს მომართა განცხადებით და აღნიშნა, რომ კერძო საჩივრის ავტორები იმყოფებიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ოჯახიდან დასაქმებულია მხოლოდ ჯ. ბ-ძე, რომელიც არჩენს მთელ ოჯახს. ოჯახის სხვა წევრებს არ გააჩნიათ სამსახური და შემოსავლების სამსახურში არ მოიპოვება ცნობა მათი შემოსავლების შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ კერძო საჩივრის ავტორებს გააჩნიათ ფინანსური დავალიანება სს „------ ბანკის“ და სს „------- ბანკის“ მიმართ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მ, ჯ, ლ. და ა. ბ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ, ჯ, ლ. და ა. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ, ჯ, ლ. და ა. ბ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელს ს. ა-ეს (იხ. მინდობილობა, ტ. 3, ს.ფ. ----) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, -. ---- --, ბ. ---.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 73 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის, ს. ა-ის სახელზე გაგზავნილი გზავნილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჩაიბარა დ. ა-ემ, რომლის სტატუსადაც შეტყობინებაში მითითებულია - სტაჟიორი (იხ. ტომი 3, ს.ფ. ----), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად მიიჩნევა მხარისათვის ჩაბარებად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 4 ოქტომბერს და ამოიწურა 2022 წლის 8 ოქტომბერს. ვინაიდან 8 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2022 წლის 10 ოქტომბერს.

ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის. ამასთან, მ, ჯ, ლ. და ა. ბ-ის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ შეუვსიათ (იხ. სატელეფონო აქტი, ტ. 3, ს.ფ.----).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ, ჯ, ლ. და ა. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური