საქმე №ას-809-2022
18 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი შპს ,,ა---ი უ------ლი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,ე-----ან პ-----ას ქ------ნი’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ე-----ნ პ-----ას ქ-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. მოპასუხეს შპს ,,ა----ი უ----ს“ მოსარჩელე შპს ,,ე---ნ პ----ას ქ----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა იჯარის თანხის - 91 240.44 ლარის და 450 აშშ დოლარის გადახდა;
2. მოპასუხე შპს ,,ა----ი უ-----ს“ მოსარჩელე შპს ,,ე----ნ პ----ას ქ----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 29 ოქტომბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს სახით, ჯამში - 1000 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს ,,ა----ი უ------ს“ 2020 წლის 29 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, შპს ,,ე----ნ პ-----ას ქ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დასარიცხი პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 9.12 ლარის და 0.04 აშშ დოლარის გადახდა;
4. მოპასუხეს შპს ,,ა-----ი უ-----ს“ მოსარჩელე შპს ,,ე-----ნ პ-----ას ქ----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით - 2 610.50 ლარის და 22 680 ევროს გადახდა.
5. მოპასუხეს შპს ,,ა----ი უ-----ს“ მოსარჩელე შპს ,,ე-----ნ პ-----ას ქ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის თანხის - 19 997 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხე შპს ,,ა----ი უ-----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება 22 680 ევროს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ე----ნ პ-----ას ქ-----ის“ სასარჩელო მოთხოვნა 22 680 ევროს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის ავტორმა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით შპს ,,ა----ი უ----ის“ მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს ,,ა----ი უ----ს“ დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნა მისთვის ზიანის სახით დაკისრებულ 2 610.50 ლართან დაკავშირებით და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 778,31 ლარის და 23,23 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის ქვითრის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა---ი უ-----ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით შპს ,,ა----ი უ----ის“ მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს ,,ა----ი უ-----ლს“ დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნა მისთვის ზიანის სახით დაკისრებულ 2 610.50 ლართან დაკავშირებით და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 778,31 ლარის და 23,23 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის ქვითრის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე კასატორის ადვოკატს მ. გ-ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა წარმომადგენლის თანამშრომელს, ს. შ-ს, 2022 წლის 15 სექტემბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 16 სექტემბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2022 წლის 25 სექტემბერს, მაგრამ, ვინაიდან 25 სექტემბერი იყო არასამუშაო - კვირა დღე, სსსკ 61-მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ათ დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველი სამუშაო დღეს, ანუ 2022 წლის 26 სექტემბერს - ორშაბათს.
კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი აღმოეფხვრა 2022 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,ა----ი უ----ის“ საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე