Facebook Twitter

13 ივლისი, 2022 წელი,

საქმე №ას-312-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ს----ო ს----ის დ-----ტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა----ი ს-------ტი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2019 წლის 4 ივლისს, სსიპ ს----ო ს-----ის დ----სა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, შემკვეთი) და შპს ,,ა----ლ ს-------ტს“ (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე ან შემკვეთი) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მენარდე ვალდებული იყო მოემზადებინა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივი რეაბილიტაციის, აღდგენა-გამაგრებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საინჟინრო, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო-დოკუმენტაცია.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება 155 650 ლარით განისაზღვრა.

2. ნარდობის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში (2019 წლის 18 აგვისტომდე), მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მენარდეს საპროექტო დოკუმენტაცია უნდა აეტვირთა ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე და იმავე ვადაში შემკვეთისათვის უნდა მიეწოდებინა დოკუმენტაცია, რომელიც უნდა წარდგენილიყო თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ან/და შპს ,,თ-----ის ჯ----ში“.

ხელშეკრულების იმავე მუხლის შესაბამისად, 45 დღის ვადაში უნდა წარდგენილიყო შენობის აღდგენა-გამაგრების საინჟინრო, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

3. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული გარემოებების გარდა, ამ ხელშეკრულებით დადგენილი ვადების გადაცილებისათვის მენარდეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ხოლო 12.3 პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო ვალდებულებების სრულად და ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში შემკვეთი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მენარდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით პირგასამტეხლო დააკისროს.

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება შემკვეთს არ მიუღია, რადგან იგი ნაკლიანი იყო, რაც, მოთხოვნის მიუხედავად, მენარდემ არ გამოასწორა.

5. ზემოაღნიშნულის გამო, შემკვეთმა მოპასუხესთან ნარდობის ხელშეკრულება შეწყვიტა.

6. მენარდის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის, ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პირგასამტეხლოს - 18 989.30 ლარისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირგასამტეხლოს - 7 782.50 ლარის დაკისრება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს, 11 581 ლარის გადახდა დაევალა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

8.1. მოსარჩელემ მოითხოვა, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8.2. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იყო, 7 782.50 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ნაწილში სარჩელის უარყოფა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 7 689.25 ლარის გადახდა დაეკისრა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება შემკვეთს არ მიუღია, რადგან იგი ნაკლიანი იყო, რაც, მოთხოვნის მიუხედავად, მენარდემ არ გამოასწორა; აღნიშნულის გამო, შემკვეთმა მოპასუხესთან ნარდობის ხელშეკრულება შეწყვიტა.

9.2. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემკვეთს წარმოეშვა ხელშეკრულების 12.3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ი, მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო იყო, რაც სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე 50%-ით უნდა შემცირებულიყო და 3 891.25 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.

9.3. ხელშეკრულების 12.1 პუნქტით (ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო) გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაკი მითითებული პირგასამტეხლოს (3 798 ლარი) დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ამიტომ სააპელაციო პალატა ამ ნაწილში გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ ვერ შეცვლიდა (სსსკ-ის 377.1 მუხლი).

9.4. დავის მოსაწესრიგებლად, სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 629.1, 417-418-ე მუხლები გამოიყენა.

10. პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

10.1. პირგასამტეხლოს მოთხოვნით აღძრული დავების განხილვისას, ყურადღება უნდა მიექცეს სასამართლოს ვალდებულებას - კრედიტორისა და მოვალის ინტერესები ერთმანეთს იმგვარად შეუპირისპიროს, რომ მათ შორის ბალანსი სამართლიანად განსაზღვროს. მითითებული „ბალანსი“ უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ მოვალის ქონებრივ/ფინანსურ მდგომარეობას, არამედ ისიც უნდა შემოწმდეს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

10.2. ვინაიდან მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შეფასების კრიტერიუმი, რომელიც ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს, ვალდებულების შესრულების მიმართ. სადავო არ არის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კასატორისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს რეაბილიტაციის, აღდგენა-გამაგრებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის სახელშეკრულებო მოთხოვნების შესაბამისად და დროულად წარდგენა.

10.3. საყურადღებოა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაც, სადაც განმარტებულია, რომ მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება, შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით კრედიტორისათვის მიკუთვნებული თანხა არ უნდა იყოს სიმბოლური, არამედ, მოვალეს, შეუსრულებელი ვალდებულების გამო უნდა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა. ხსენებული პასუხისმგებლობა თანაფარდობაში უნდა იყოს ზიანის მოცულობასთან.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

2022 წლის 6 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნაა.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მოთხოვნა - პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაა, ე.ი. კასატორის იურიდიული ინტერესი ისაა, რომ არ მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება და მისი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს.

ამდენად, საკასაციო პალატის მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად მართლზომიერია მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი, ე.წ. „ხელშეკრულების შეწყვეტის“ პირგასამტეხლოს სააპელაციო სასამართლოს მიერ შემცირება. ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევისათვის 3 798 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ამიტომ გადაწყვეტილების ეს ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული და მასზე ვერც საკასაციო პალატა ვეღარ იმსჯელებს (სსსკ-ის 377.1 და 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

13. კასატორის განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებშია წარმოდგენილი.

14. მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი:

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-176-157-2014).

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).

ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

15. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, ნაწილობრივ სამართლიანი, გონივრული და დასაბუთებულია. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას, პალატა მხედველობაში იღებს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

ა). სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის სუბიექტთაგან ერთ-ერთი (შემკვეთი) საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მუშაობაზეა დამოკიდებული, საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა („საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 54.1 მუხლი), რაც მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ბ). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია, რომ: ხელშეკრულებით, რომლის საერთო ღირებულებაც 155 650 ლარით განისაზღვრა, მენარდე ვალდებული იყო მოემზადებინა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივი რეაბილიტაციის, აღდგენა-გამაგრებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საინჟინრო, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო-დოკუმენტაცია; ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება შემკვეთს არ მიუღია, რადგან იგი ნაკლიანი იყო, რაც, მოთხოვნის მიუხედავად, მენარდემ არ გამოასწორა; აღნიშნულის გამო, შემკვეთმა მოპასუხესთან ნარდობის ხელშეკრულება შეწყვიტა.

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, რადგან მათ წინააღმდეგ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

ამავდროულად, დასახელებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოდან - 26 771.8 ლარიდან, ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება განვიხილოთ, 13 385.9 ლარის პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა (13 385.9 ლარი) ვალდებულების დარღვევის საპირწონეა, იგი სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებს და იმ მიზანს ემსახურება, რომ თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები. საკითხის ამგვარად გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-189-2020, 20.04.2021).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობაზე, ნაწილობრივ აქვს სამართლებრივად ვარგისი საფუძველი. ამასთან, კასატორის მიერ პირგასამტეხლოს ანგარიშში მოთხოვნილი თანხა ის თანხაა, რომლის კასატორის სასარგებლოდ გადახდადაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ პირგასამტეხლოს ნაწილის, კერძოდ 3798 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მოპასუხეს დამატებით აკისრებს 9587,9 ლარს. შესაბამისად მთლიანობაში მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოცულობა განისაზღვრება (3798+9587,9=13385,9) 13385,9 ლარით.

16. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

17. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, რაკი წინამდებარე გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილიბრივ დაკმაყოფილდა, ამიტომ, მოწინააღმდეგე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული ბაჟის ნაწილი - 1 606.30 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 264.3, 257.1, 253-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ ს----ო ს----ის დ----ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ ს---ო ს----ის დ---ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და შპს ,,ა----ლ ს-----ტს“, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს - 13385,9 ლარის გადახდა;

4. შპს ,,ა----ლ ს-----ტს“, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1606,30 ლარი;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე