Facebook Twitter

22 ივნისი, 2022 წელი,

საქმე №ას-600 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. ჯ-ლი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ძ-უა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - არასწორი მკურნალობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ჯ-ლი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 აპრილის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით ი. ძ-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, მართალია უშუალოდ მოპასუხეს მისთვის კბილები არ დაუზიანებია, თუმცა ფულის გამოძალვის მიზნით, სიმართლე დაუმალა და არ განუმარტა, რომ ჩასატარებელ მკურნალობას სათანადო შედეგი არ მოყვებოდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. მოსარჩელემ მოპასუხეს სამედიცინო მომსახურების (კბილების პროთეზირების) მიღების მიზნით 2017 წელს მიმართა. შეთანხმების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს - 1850 ლარი აუნაზღაურა.

5.4. მკურნალობის პროცესის მიმდინარეობაზე და შესაძლო გართულებაზე მოსარჩელე მკურნალობის დაწყებამდე წერილობით გაფრთხილდა.

5.5. მოსარჩელეს, ბიგელისებრი პროთეზის გამოუყენებლობის გამო, ხიდისებრი პროთეზი ჩამოუვარდა.

5.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 მაისის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, მოსარჩელეს ზედა ყბაზე აქვს 7 კბილი - 1.3; 1.1; 2.1; 2.3; 2.5; 2.6; 2.7, რომლებიც დამუშავებულია ფაიფურის ხიდისებრი პროთეზისათვის (კასატორის მითითებით, მანიპულაცია გაკეთდა 2016 წლის შემოდგომაზე). კბილები არადამაკმაყოფილებლადაა დამუშავებული, აღინიშნება მანიპულაციის ხარვეზები - კერძოდ: 1.3; 1.1; 2.1 და 2.3 კბილების ფესვები ენდოდონტიურად დამუშავებულია, მაგრამ მათი გვირგვინოვანი ნაწილი, ,,დაუზოგავად“ და აგრესიულადაა დამუშავებული, კბილები - 2.5; 2.6 და 2.7-ის ფესვები მომზადებულია და შევსებულია არასრულფასოვნად, კბილში 2.5 ანკერული წკირი არასწორად დგას და ამ კბილთა (2.5; 2.6 და 2.7) გვირგვინოვანი ნაწილიც არადამაკმაყოფილებლადაა დამუშავებული. ამ ხარვეზების გამო ზემოთ არსებული კბილების ფუნქცია დაკარგულია და მათზე ხიდისებრი კონსტრუქციის დამზადება შეუძლებელია, შესაბამისად, მათი გამოყენება ორთოპედიული კონსტრუქციის საყრდენად (მოუხსნელი კონსტრუქციისათვის) შეუძლებელია. ვინაიდან ზემოთ აღნიშნული საყრდენი კბილების გამოყენება მოუხსნელი კონსტრუქციისათვის შეუძლებელია, საჭიროა ექსტრაქცია და მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზის დამზადება.

5.6.1. ექსპერტიზის დასკვნით, ექიმის/მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და „მცდარი საექიმო ქმედება“ არ დასტურდება.

6. ის სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, არასწორი მკურნალობის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1007-ე (სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის), 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 413.2 (სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში, დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლების შემადგენლობის არარსებობამ განაპირობა.

7. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1007-ე მუხლის შინაარსზე და განმარტავს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ბრალი. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი (საქმე №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ.).

8. პაციენტს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურება მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს (უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე). პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

9. რაც შეეხება პაციენტის უფლებას უსაფრთხოებაზე, იგი პრაქტიკულად მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ყველას აქვს უფლება, გათავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც განპირობებულია ჯანდაცვის სამსახურების ცუდი მუშაობით, საექიმო გულგრილობით, სამედიცინო შეცდომებით და ხელი მიუწვდებოდეს სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს (ნუნუ კვანტალიანი, პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2012 წ., გვ.94-96).

10. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით.

11. სამედიცინო პერსონალის ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული პაციენტის ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების ან სიკვდილის შემთხვევაში, პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, მოითხოვოს პაციენტისათვის მიყენებული როგორც მორალური, ასევე - მატერიალური ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ. №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ).

12. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ - უმოქმედობასაც.

13. პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ იკვეთება. ასეთ შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერება და ყურადღებიანობა გამოიხატება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში.

14. მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით, ანუ, თუ მკურნალობა სწორადაა წარმართული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-1046-966-2017, 20.07.2018წ.; საქმე №260-244-11, 27.06.2011წ.; №ას-1800-2019, 20.02.2020წ.).

15. „მცდარი საექიმო ქმედების“ განმარტება მოცემულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში და გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებებს, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.

16. საექიმო შეცდომად მიიჩნევა ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებები, რაც, თავის მხრივ, პაციენტისათვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტს მართლზომიერად და უშეცდომოდ უმკურნალეს, იგი პასუხს აგებს არასწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანმდევ უარყოფით შედეგზე. ამდენად, ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო მეცნიერების სტანდარტებიდან გადახვევა (შდრ. სუსგ. №1268-1526-09, 25.05.2010წ.).

17. აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე, მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ მკურნალობისას შეცდომა დაუშვეს. თუ მისი განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (შდრ. სუსგ. №ას-111-111-2018, 11.05.2018წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანია არასწორი მკურნალობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხეს მისთვის პროთეზი არ უნდა დაემზადებინა, რადგან კბილების მდგომარეობა პროთეზისათვის არადამაკმაყოფილებელი იყო. ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ მიუთითა, რომ კბილების ამგვარი მდგომარეობა თავად პაციენტის ქმედების შედეგია, კერძოდ, მის მიერ ბიგელისებრი პროთეზის გამოუყენებლობამ გამოიწვია ხიდისებრი პროთეზის ჩამოვარდნა, თავად მოსარჩელის განმარტებითაც დასტურდება, რომ ბიგელისებრ პროთეზს ვერ ეგუებოდა და არ მოიხმარდა.

19. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, ამ კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე - მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ ექიმმა შეცდომა დაუშვა. თუ პაციენტის განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა პაციენტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება ექიმის ვალდებულების დარღვევას, პაციენტის მიერ მხოლოდ ფაქტებზე მითითების ტვირთი არ წარმოადგენს სასურველი მატერიალურსამართლებრივი შედეგის მიღწევის წინაპირობას, აუცილებელია მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთის რეალიზებაც.

20. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არასწორი მკურნალობის გამო ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების დასადასტურებლად საქმეში არასრული სახით წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე უთითებდა (წარდგენილია მხოლოდ დასკვნითი ნაწილი), რომლის კვლევითი ნაწილის შინაარსის დადგენა შეუძლებელია, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი სრული სახით იქნებოდა წარდგენილი, ეს სამართლებრივ სურათს მაინც ვერ შეცვლიდა, რადგან აღნიშნული დასკვნით, მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და „მცდარი საექიმო ქმედება“ დადასტურებული არაა. მოპასუხის მხრიდან სათანადო მკურნალობის გაწევის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ იკვეთება მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავადვე ადასტურებს სამედიცინო პროთეზების არასწორი გამოყენების ფაქტს კერძოდ, ბიგელისებრი პროთეზის მოხსნას (იხ. სხდომის ოქმი) რასაც უდავოდ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელისთვის არასასურველი შედეგი.

21. დავის განხილვისთვის არსებით (რელევანტურ) ნორმათა დოქტრინალური და პრაქტიკული განმარტების, ასევე, საქმის გარემოებების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა გამოსაყენებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმებით - სსკ-ის 992-ე, 1007-ე და 413-ე მუხლებით და იმის გათვალისწინებითაც, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის სრულყოფილად რეალიზება, სარჩელი მართებულად უარყო.

22. სსსკ-ის 992-ე და 1007-ე მუხლებთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც შეეხება სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს.

23. მოხმობილ ნორმათა თანახმად, ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის (შდრ: სუსგ #as-874-1146-05, 14 seqtemberi, 2005w.; სუსგ №ას-1163-1092-2012, 25 დეკემბერი, 2013 წელი). ნორმათა დანაწესები ერთობლივად განამტკიცებს საექიმო შეცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესს და ადგენს ზიანის ანაზღაურების ზოგად პირობებს. საყურადღებოა, რომ დელიქტური ვალდებულების ზემოაღნიშნული შემადგენლობის რომელიმე კომპონენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.

24. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამედიცინო შეცდომით გამოწვეული ზიანის შემადგენლობაში ბრალის ხარისხზე. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულოა, დადასტურდეს ექიმის გაუფრთხილებლობა და არა განზრახვა არასასურველი შედეგის დადგომის მიმართ, ამასთანავე, დამდგარი ზიანი უშუალოდ ამ ქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს და არა ექიმის მიერ გაცემული რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შედეგს (პაციენტის/მოსარჩელის მიერ ბიგელისებრი პროთეზის გამოუყენებლობა), რომლის თავიდან აცილებაც ექიმს ობიექტურად არ შეეძლო.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ პირობებში, როცა არ დგინდება ექიმის/მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, არასწორი მკურნალობა და მცდარი სამედიცინო მომსახურების გაწევა, არ არსებობს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არავითარი სამართლებრივი საფუძველი.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

27. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (შდრ. სუსგ №ას-111-111-2018, 11.05.2018წ.). კასატორს არც დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე