Facebook Twitter

29 სექტემბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-659 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ჩ----ის რ-----ს ----ე ბ---ს ჯ---ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ა. ჩ-ძე, გ. ხ-ძე, ქ. ჩ-ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ჩ----ის რ-----ის --ე ბ--ს ჯ----ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან კომპანია) ასაჩივრებდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განჩინებას, ამ გადაწყვეტილებით - ა. ჩ-ის, გ. ხ-სა და ქ. ჩ-ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან მესაკუთრეები) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 10 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

1.1. კასატორის მტკიცებით, საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აფეთქების მონიტორინგის განმახორციელებელი სართაშორისო კომპანია „ე-----ის“ დასკვნა და დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომელიც დაუსაბუთებელია და არანაირ კვლევას არ ეფუძნება.

1.2. კასატორის მითითებით, ინდმეწარმე „ზ. გ-ემ“ დაიანგარიშა სახცოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაციის ხარჯი, ამასთან გაზრდილია მათი მოცულობაც.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ხაშურის რაიონის სოფელ ----- მდებარე უძრავი ნივთი - 1128.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა ს/კ-ით ------ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან მოსარჩელეების საკუთრება) მოსარჩელეების საკუთრებაა.

4.4. მოპასუხე კომპანია სოფელ ----- სარკინიგზო გვირაბს აშენებდა, რისთვისაც მიწისქვეშა აფეთქებებს იყენებდა.

4.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 აპრილის №----- დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. თუმცა, ამ ეტაპზე, მზიდ კედლებში განვითარებული დაზიანებები საფრთხის შემცველი არ არის და შენობა ვარგისია ექსპლუატაციისათვის, მაგრამ შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული ანალიზის შემდეგ - აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები, ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. სახლზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება №-- სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის შედეგად არის გამოწვეული.

4.6. მოსარჩელეების მიერ წარდგენილი ინდმეწარმე ზ. გ-ის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 19881,89 ლარია.

4.7. მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ა…..ტ-ს…..ის-ც….ის“ 2020 წლის 18 თებერვლის #..... დასკვნის მიხედვით, სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 5920 ლარია.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.

7. მოპასუხის პრეტენზია ისაა, რომ მის მიერ აფეთქებით სამუშაოებს არ დაუზიანებია მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ქონება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის ქმედებასა და შედეგს - მოსარჩელეების უძრავი ქონების დაზიანებას შორის, სადავოა ზიანის ოდენობაც.

8. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

9. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #---- დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება სოფელ ----- №--სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის შედეგად არის გამოწვეული. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლის შინაარსიც მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოშობას სხვა მოვლენას ან გარემოებას დაუკავშირებს და საკასაციო სასამართლოს დასკვნით საექსპერტო კვლევის შედეგები გასაზიარებელია.

10. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

10.1. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

10.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის.

10.3. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს უფლება აქვთ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

10.4. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

10.5. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, ახსნა-განმარტებებიც დასაბუთებული და უშუალოდ დავასთან დაკავშირებული უნდა იყოს.

10.6. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

11. როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლო №----- საექსპერტო კვლევის საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული მოქმედებით. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, წარადგინა აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანიის "ე-----ის" 2020 წლის #----- და შპს „ა….ტ-ს…..ის-ც….ის“ 2020 წლის 18 თებერვლის #---- დასკვნები.

11.1. კასატორის მიერ წარდგენილი საერთაშორისო კომპანია "ე----ის" დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აფეთქება საშიში ზონის გარეთ, მის მიმართ დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, მათ მიერ აფეთქებით სამუშაოებს არ დაუზიანებია მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ქონება.

აღნიშნული დასკვნა, სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია "ე-----ის" 2017 წლის ივლისის ანგარიშებზე დაყრდნობითაა შედგენილი, მაშინ როცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, გამოსაკვლევი ობიექტის ვიზუალურ შესწავლას ემყარება, გამოყენებულია "ე-----ის" მონაცემებიც.

იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედება არ გამოკვლეულა, ასევე, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმომედეგობის გათვალისწინებით მიყენებულ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ განხილულა, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა, სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, ხარისხობრივად არასათანადო მტკიცებულებაა და მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შედეგებს ვერ გააქარწყლებს.

11.2. რაც შეეხება შპს „ა……ტ-ს…..ის-ც…..ის“ დასკვნას, რომელიც დაზიანების სავარაუდო მიზეზებზე უთითებს, მისგან განსხვავებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, სახლის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, კატეგორიულად არის მითითება დაზიანების ერთადერთ მიზეზზე, მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე.

11.3 ამდენად, მოპასუხემ ვერ შეძლო თავის წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა სათანადო ხარისხის მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა.

12. რაც შეეხება ზიანის მოცულობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხეს, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ზიანის ოდენობასა და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებების შინაარსს გააქარწყლებდა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა შპს „ა…….ტ-ს…..ის-ც…..ის“ დასკვნა, რომლის საკონსტანტაციო ნაწილში მითითებულია სახლის მხოლოდ ნაწილის დაზიანებების, გარე პერიმეტრზე ფასადისა და უკანა კედლებზე შენობის თავდაპირველ და მოგვიანებით მიშენებულ ნაწილებს შორის ვერტიკალური ბზარების წარმოშობის მიზეზებზე, კერძოდ, გადაბმის არარსებობაზე, იმ პირობებში როცა ამავე დასკვნით სახლს სხვა დაზიანებებიც აღენიშნება, რომლის წარმოშობის მიზეზებზე დასკვნაში არფერია ნათქვამი, შესაბამისად, მის შინაარსს საკასაციო პალატაც არადამაჯერებლად მიიჩნევს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც აშკარაა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით - 10 000 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.

15. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: #ას-482-2019წ, 31.05.2019წ; #ას-280-280-2018წ, 18.07.2018წ; #ას-189-189-2018წ, 23.03.2018წ; #ას-411-2019წ, 11.06.2019წ).

16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს შპს ,,ჩ…….ის რ…….ის ….-ე ბ…..ს ჯ…..ის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (საგადასახადო დავალება - №---, გადახდის თარიღი - 06.07.2022), 70% - 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -------;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ჩ----ის რ-----ის ----ე ბ-----ოს ჯ----ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,ჩ-----ის რ----ის ---ე ბ----ოს ჯ--ს“ (ს/ნ ----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს ,,ჩ-ის რ----ის ----ე ბ----ს ჯ---ის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (საგადასახადო დავალება - №-, გადახდის თარიღი - 06.07.2022), 70% - 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი --------;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე