6 ივლისი, 2022 წელი,
საქმე №ას-1103 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „სადაზღვევო კომპანია ------------“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-----ა ტ------სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „სადაზღვევო კომპანია ---------“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს „ე----ია ტ-----ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გადამზიდავი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 69 229.45 აშშ დოლარისა და 5880,4 ევროს გადახდა დაეკისრა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელე იყო გადამზიდავი და არა ექსპედიტორი.
1.2. კასატორის მითითებით, პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ 2017 წლის 27 და 28 ოქტომბერს ბელგიაში, -------, ქურდობის ფაქტი.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელე გადამზიდავი კომპანიაა, რომლის საქმიანობის სფერო ტვირთის გადაზიდვაა. მხარეებს შორის 2017 წლის 19 აპრილს დაიდო სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. დაზღვევის საგანი ტვირთის გადამზიდავის პასუხისმგებლობა იყო.
4.3.1. სადაზღვევო თანხა/პასუხისმგებლობის ლიმიტი ჯამურად განისაზღვრა - T1 150 000 აშშ დოლარით, მაგრამ არაუმეტეს 100 000 აშშ დოლარით, ერთ შემთხვევაზე, ხოლო ფრანშიზა - (თითოეულ და ყველა შემთხვევაზე) 1000 აშშ დოლარით (იხ. სადაზღვევო პოლისი).
4.3.2. გადამზიდავის პასუხისმგებლობა ტვირთის გადამზიდავისა და ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების შესაბამისად განისაზღვრა, დაზღვევის ტერიტორიული საზღვრებია - ევროპა, დსთ, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, ჯამური სადზღვევო პრემია შეადგენდა - 2 200 აშშ დოლარს.
4.4. მზღვეველი ვალდებულია, დამზღვევის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის შესაბამისად გადახდილი პრემიის საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას, აუნაზღაუროს დამზღვევს ზარალი (იხ. ხელშეკრულების 5.1.2. პუნქტი).
4.5. ტვირთის გადამზიდავისა და ექსპედიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების (T1) მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარე დაზღვეულია მხოლოდ იმ კონტრაქტების მიხედვით დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან, რომლებიც მოცემულია ,,საერთო პირობები და გამონაკლისების“ თავის მე-13 მუხლში; აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, დამოწმებული კონტრაქტებია:
1)F-----A-ს კინოსამენტი (სატრანსპორტო ოპერატორებისათვის);
2)ექსპედიტორების/გადამზიდავების ნაციონალური ასოციაციის პირობები (სატრანსპორტო ოპერატორებისათვის);
3)-------ის კინოსამენტი (სატრანსპორტო ოპერატორებისათვის);
4)-----ის სტანდარტული ხელშეკრულებები (სატრანსპორტო ოპერატორებისათვის);
5)ნებისმიერი საერთაშორისო სატრანსპორტო კონვენციები ან ეროვნული სატრანსპორტო კანონმდებლობა, რომელიც სავალდებულო წესით უნდა იყოს შესრულებული;
6)ნებისმიერი სატრანსპორტო ხელშეკრულება;
7)ნებისმიერი სხვა ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმაში იქნება შეთანხმებული მზღვეველთან.
4.6. 2012 წლის 15 იანვარს მოსარჩელესა და შპს „ლ----რ ტ----ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შემკვეთი ან კომპანია) შორის საერთაშორისო გადაზიდვებში ტვირთის გადაზიდვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს ანაზღაურების სანაცვლოდ საგარეო ვაჭრობისა და ტრანზიტული ტვირთები უნდა გადაეტანა საერთაშორისო გადაზიდვებით.
4.7. 2017 წლის 27 ოქტომბერს, 22:00 საათიდან იმავე წლის 28 ოქტომბრის 03:00 საათამდე, ბელგიაში, ------, საჯარო პარკინგზე, მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება გაქურდეს, შედეგად - 70229.45 აშშ დოლარის (----ის) კომპიუტერული ნაწილები და 5580,4 ევროდ ღირებული პარფიუმერია დაიკარგა.
4.8. ბელგიის, ----- ოლქის პოლიციის განყოფილების ----- პოლიციის განყოფილებაში 2017 წლის 28 ოქტომბერს ტვირთის დაკარგვის შესახებ განაცხადი შევიდა.
4.9. ბელგიის, ---- ოლქის პოლიციის განყოფილების ---- პოლიციამ ქურდობის ფაქტზე 2017 წლის 28 ოქტომბერს ოქმი შეადგინა.
4.10. მოსარჩელემ კომპეტენტური ორგანოებიდან ამ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებით მტკიცებულებები გამოითხოვა (იხ. ს.ფ. 162-217).
4.11. 2017 წლის 3 ნოემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ აცნობა და გაუგზავნა ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნა.
4.12. სადაზღვევო კომპანიამ იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული მასალები არ იყო სრულყოფილი (ხარვეზანი იყო) შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, სახელდობრ, არასრულად წარდგენილი დოკუმენტაცია მოთხოვნის საფუძვლიანობისა და მოცულობის დასადასტურებლად უტყუარი მტკიცებულებების წარუდგენლობაზე მიუთითებდა.
4.13. რ----ის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის შემოწმების აქტით, მძღოლის მიერ მოწოდებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, გადაზიდვის საერთო ღირებულება - 5 880.40 ევროა. CMR სატრანსპორტო ზედნადების თანახმად, ტვირთის წონაა 224 კგ. ამავე შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ტვირთის წმინდა ზარალის საფუძველზე, დანაკლისი შეადგენს - 5 880.40 ევროს (,,ფ-----ო ქ-----ა ტ----ი“).
მძღოლის მიერ მოწოდებული ანგარიშფაქტურების საფუძველზე, გადაზიდვის საერთო ღირებულება - 79 578.89 აშშ დოლარია. სატვირთო ავტომობილის ტრანსპორტირების მონაცემების თანახმად, ტვირთის საერთო წონა - 1013 კგ-ია, ზარალის საერთო ოდენობა კი, 70 229.45 აშშ დოლარი. დაკარგული ნივთების წონა დაანგარიშდა 837 კგ-ით.
4.14. შემკვეთმა 2018 წლის 16 მარტის წერილით, მოსარჩელეს ქურდობის შედეგად დაკარგული ნივთების ღირებულების კომპენსაცია მოსთხოვა, რომელიც ტვირთის ინვოისის Dell---------- და 23.10.2017 წლით დათარიღებული ინვოისის Dell-----—---- - 77 910.75 აშშ დოლარია.
4.15. შპს ,,ლ----ს“ 2018 წლის 31 იანვრის წერილით, კომპანიამ მოითხოვა 2017 წლის 28 ოქტომბრის მოსარჩელის კუთვნილი სატვირთო ავტომობილიდან ------- ------ მოპარული ტვირთის ღირებულების კომპენსაცია, რაც ტვირთის N--- და N--- ინვოისებით - 5880.4 ევროა.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სსკ-ის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
7. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
8. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს.
9. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.
10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია, კერძოდ:
11. სარჩელი დაკმაყოფილებადი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა, რეალიზაციის შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) კომპანიისათვის ზიანის მიყენება.
12. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
11.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია, მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
11.3. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
11.4. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
11.5. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
11.6. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
11.7. მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო შემთხვევის რელობის, სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის ასევე ზიანის მოცულობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. მან აღნიშნულს წარმატებით გაართვა თავი.
საქმეში წარდგენილია რ----ის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის შემოწმების აქტი, ბელგიის, -----ოლქის პოლიციის განყოფილების -----პოლიციიის მიერ ქურდობის ფაქტზე 2017 წლის 28 ოქტომბერს შედგენილი ოქმი, კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე შემკვეთის მიმართვები, მოსარჩელის მიერ შესაბამისი ორგანოებიდან დამატებით გამოთხოვილი მტკიცებულებები, რომელთა საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხეს/კასატორს ევალებოდა.
სს „სადაზღვევო კომპანია --------“ კი ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, რომ ისინი სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებად არ მიაჩნია) გამაქარწყლებელი მტკიცებულებები ვერ დაუპირისპირა.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას. კასატორის პრეტენზიების პასუხად კი განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი გარემოებებით დადასტურებულია გადაზიდვის განხორციელებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების გაქურდვის ფაქტი რაც იწვევს ტვირთის ღირებულების იდენტური მოცულობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. აქედან გამომდინარე, ვლინდება სსკ-ი 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.
14. კასატორის ერთ ერთი პრეტენზიის თანახმად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა, რომ მოსარჩელე კომპანია სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგენდა ექსპედიტორს და არა გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედ სუბიექტს.
14.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს/კასატორს პირველი ინსტანციის სსამართლოში დასახელებულ არგუმენტზე არ მიუთითებია. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილისა (მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია, პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა) და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელად დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს, ამდენად, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ახალ ფაქტებზე მითითების შესაძლებლობას.
ამასთან, მოსარჩელესა და შემკვეთს შორის დადებული შეთანხმებით, დასტურდება, რომ მოსარჩელეს ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა ეწარმოებინა საგარეო ვაჭრობისა და ტრანზიტული ტვირთის გადაზიდვა საერთაშორისო გადაზიდვებით, ხელშეკრულებაშიც მოსარჩელის სტატუსი მითითებულია როგორც „გადამზიდი“ და კასატორის მითითებული არგუმენტიც უსაფუძვლოა.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება #------, გადახდის თარიღი 03.08.2021წ), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -----;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „სადაზღვევო კომპანია -----------“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „სადაზღვევო კომპანია ----------“ (ს/ნ ------) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება #-----, გადახდის თარიღი 03.08.2021წ), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი --------;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე