Facebook Twitter

6 ოქტომბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-1308 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ბ------დ გ------ი “ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ------ი ლ-----ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 14 დეკემბერს, შპს „დ----ი ლ----სა“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, შემკვეთი) და შპს „ბ----დ გ---ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, მენარდე) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება ან ნარდობის ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მენარდემ ამ ხელშეკრულებით, საწყობის სამშენებლო პროექტითა (დანართი 1) და სამშენებლო საქმიანობაზე დანართით (დანართი 2) გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვალდებულება იკისრა ქ.თბილისში, ----- ქუჩის მიმდებარედ არსებულ ობიექტზე.

2. ნარდობის ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, 2019 წლის 14 აპრილიდან, მოსარჩელეს სამშენებლო ობიექტზე სამუშაო აღარ შეუსრულებია.

3. სამშენებლო საქმიანობაზე დანართი 2-ის მიხედვით, შესასრულებელ სამუშაოში შედიოდა: 1). რკინა-ბეტონის მონოლითური კარკასის მოწყობა; 2). რბილი სახურავის მოწყობა; 3). „პარაპეტზე“ თუნუქის მოწყობა; 4). სახურავის წყლის პლასტმასის ღარების მოწყობა; 5). „ატმოსკა“ შენობის ირგვლივ 50სმ. ბეტონის მოწყობა; 6). ეზოში რკინა-ბეტონის ჭის მოწყობა, 1 ცალი დიამეტრი - 150 სმ მეტრი სიმაღლის; 7). პანდუსების მოწყობა ნაგებობაზე გარედან; 8). - 0.10 ნიშნულზე წყლის ტრაპების მოწყობა და ეზოს ჭაზე დაერთება; 9). სველი წერტილიდან კანალიზაციის გამოყვანა და ეზოს ჭაზე დაერთება; 10). - 0 ნიშნულზე ბეტონის იატაკის მოპრიალება.

ხელშეკრულების შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამუშაო 2019 წლის 14 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა იგი მაისის თვეშიც არ დასრულებულა.

4. სამშენებლო საქმიანობაზე დანართი 2-ში მითითებული სამუშაოს ჩამონათვალიდან არ შესრულდა ან უხარისხოდ შესრულდა პირველი, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეათე პუნქტებში გათვალისწინებული სამუშაო.

5. 13 000.5 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემკვეთის წინააღმდეგ მენარდემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ 12 924.42 ლარის გადახდა დაეკისრა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა;

- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამ გარემოებებს ადასტურებდა საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2 და 14 მაისის დასკვნები და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანება.

2 მაისის ზემოხსენებული დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ---- ქუჩის მიმდებარედ არსებული სასაწყობე შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაო მოსარჩელემ ძირითადად სახელშეკრულებო და საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად შეასრულა, თუმცა ზოგიერთი სამუშაო ხარვეზით შესრულდა, კერძოდ: შენობის პირველ სართულზე მოწყობილ მონოლითურ რკინა-ბეტონის იატაკს ტრაპებისკენ სათანადო დაქანება არ აქვს; აღნიშნული ტრაპები იატაკის დონეზე არათანაბრადაა მოწყობილი და დაწეულია; მე-3 და მე-4 კოლონებს შორის მოწყობილი მონოლითური რკინა-ბეტონის ერთ რიგელზე დეფორმაცია შეინიშნება, რიგელის შუა ნაწილი დაწეულია; შენობის შესასვლელში მოწყობილი კიბის ბოლო ერთი მარში მაღალია და დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება. ექსპერტიზა 2019 წლის 2 მაისს ჩატარდა, რა დროსაც ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის შენობაზე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაო რიგ შემთხვევაში დასრულებული არ ყოფილა, კერძოდ, წინა ფასადის ორი კოლონა ფობროცემენტის ფილებით მოპირკეთებული არ იყო; ფასადი არ იყო შეღებილი, ფანჯრის რაფებზე გარე პერიმეტრზე თუნუქის (საცრემლე) არ მოუწყვიათ; პანდუსზე მოწყობილი არ იყო ლითონის დ=40 მმ მილის მოაჯირი; წინა ფასადზე არ იყო პოლიკარბონატის საჩრდილობელი ლითონის კარკასზე; შენობის ირგვლივ არ იყო მოწყობილი ბეტონის 50 სმ ე.წ. „ატმოსკა“; შენობის შიგნით ბეტონის იატაკი შესაბამისად არ იყო მოპრიალებული.

14 მაისის დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, ---- ქუჩის მიმდებარედ განთავსებული სასაწყობე შენობის მე-2 სართულზე არსებული ფანჯრებიდან და ჭერზე (სახურავის გადახურვის ფილის ერთ ადგილზე) შეინიშნება წყლის (სავარაუდოდ, ატმოსფერული ნალექის - წვიმის) შემოდინების კვალი, რაც გამოწვეულია ფანჯრის რაფებზე გარე პერიმეტრზე თუნუქის საცრემლეს არარსებობით.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანების თანახმად, შემკვეთს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ----- ქუჩის მიმდებარედ არსებული მშენებლობადამთავრებული მესამე კლასის ობიექტის (საწყობი) ექსპლუატაციაში მიღებაზე, რის საფუძველსაც სხვა დარღვევებთან ერთად წარმოადგენდა ის, რომ ფასადზე გაზრდილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი პანდუსების დახრის კუთხე, შეცვლილი იყო პანდუსი 2-ის მოპირკეთების ფაქტურა და შიდა კიბის საფეხურების რაოდენობა.

8.2. რაც შეეხებოდა სამშენებლო საქმიანობაზე დანართი 2-ის მეხუთე და მეექვსე პუნქტებში მითითებულ სამუშაოებს, მოსარჩელის განმარტებით, მას საერთოდ არ შეუსრულებია მეხუთე პუნქტის სამუშაო („ატმოსკა“ - შენობის ირგვლივ 50 სმ ბეტონის მოწყობა), რადგან, ასეთ შემთხვევაში, სამშენებლო პროექტით გათვალისწინებულ ე.წ. „წითელ ხაზებს“ დაარღვევდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ მიუთითებია, თუ სად მდებარეობდა წითელი ხაზები და ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულებით, რატომ დაირღვეოდა ისინი.

8.3. ამრიგად, რაკი მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ხოლო მოპასუხემ კანონისმიერი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 361.2, 427-ე მუხლები) საშუალება გამოიყენა და ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, სააპელაციო სასამართლომ მენარდის სარჩელი წარუმატებლად ჩათვალა და არ დააკმაყოფილა.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

9.1. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია 2020 წლის 16 იანვრის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება კასატორის მიერ დანართი 2-ით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება. ამავე ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა კასატორის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რაც სახელშეკრულებო ღირებულების იდენტურია.

9.2. სასამართლომ ისე დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში არ შეაფასა. სასამართლოს უნდა გამოერკვია, თუ რამ გამოიწვია 2019 წლის 2 და 14 მაისის დასკვნებში მითითებული ხარვეზების 2020 წლის 16 იანვრის დასკვნასა და 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანებაში აუსახველობა.

9.3. მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად, საჭიროა დადგინდეს, კონკრეტულად რა სამუშაო უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს. დანართი 2-ში იმ სამუშაოს ამომწურავი ჩამონათვალია, რომელიც მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა. დანართი 1-ში კი, ტექნიკური აღწერილობაა წარმოდგენილი, კერძოდ, აღწერილია, თუ რა სამუშაო უნდა ჩატარებულიყო შენობის სრულად ასაშენებლად და ექსპლოატაციაში მისაღებად, მაგალითად, რა ზომის ფანჯარა უნდა ყოფილიყო ან კედლები რა მასალით უნდა ამოყვანილიყო და ა.შ. აქედან გამომდინარე, დანართი 2-ით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას მენარდეს დანართი 1-ით გათვალისწინებული სამუშაო სრულად არ უნდა შეესრულებინა. დანართი 2-ით მხარეებმა მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაო დააკონკრეტეს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის (მენარდე) მოთხოვნა მოპასუხისათვის (შემკვეთი) ნარდობის საზღაურის, 13 000.5 ლარის დაკისრების თაობაზე.

განსახილველი სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს (მენარდე) უნდა დაემტკიცებინა, რომ მან ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სათანადოდ შეასრულა, რამაც მოპასუხეს შეთანხმებული საზღაურის ანაზღაურების ვალდებულება წარმოუშვა.

15. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა შემკვეთის მიერ მენარდისათვის საზღაურის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ:

1). ნარდობის ხელშეკრულების 1.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ზუსტი მოცულობა და აღწერილობა მოცემულია თანდართულ კონსტრუქციულ ნაწილში, საწყობის სამშენებლო პროექტში (დანართი 1) და დანართში სამშენებლო საქმიანობაზე (დანართი 2), რომლებიც ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.

ზემომითითებული გარემოება იმის მაუწყებელია, რომ ხელშეკრულებაც და დასახელებულ ორივე დანართში აღწერილი სამუშაოებიც, სააპელაციო სასამართლომ სწორად განიხილა ერთიან ჭრილში.

2). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2 მაისის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ----- ქუჩის მიმდებარედ არსებული სასაწყობე შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაო მოსარჩელემ ძირითადად სახელშეკრულებო და საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად შეასრულა, თუმცა ზოგიერთი სამუშაო ხარვეზით შესრულდა, კერძოდ:

შენობის პირველ სართულზე მოწყობილ მონოლითურ რკინა-ბეტონის იატაკს ტრაპებისკენ სათანადო დაქანება არ აქვს; აღნიშნული ტრაპები იატაკის დონეზე არათანაბრადაა მოწყობილი და დაწეულია;

მე-3 და მე-4 კოლონებს შორის მოწყობილი მონოლითური რკინა-ბეტონის ერთ რიგელზე დეფორმაცია შეინიშნება, რიგელის შუა ნაწილი დაწეულია;

შენობის შესასვლელში მოწყობილი კიბის ბოლო ერთი მარში მაღალია და დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება.

ექსპერტიზა 2019 წლის 2 მაისს ჩატარდა, რა დროსაც ექსპერტიზის ჩატარების მომენტისათვის შენობაზე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაო რიგ შემთხვევაში დასრულებული არ ყოფილა, კერძოდ, წინა ფასადის ორი კოლონა ფიბროცემენტის ფილებით მოპირკეთებული არ იყო; ფასადი არ შეუღებავთ, ფანჯრის რაფებზე გარე პერიმეტრზე თუნუქის (საცრემლე) არ მოუწყვიათ; პანდუსზე მოწყობილი არ იყო ლითონის დ=40 მმ მილის მოაჯირი; წინა ფასადზე არ იყო პოლიკარბონატის საჩრდილობელი ლითონის კარკასზე; შენობის ირგვლივ არ მოუწყვიათ ბეტონის 50 სმ ე.წ. „ატმოსკა“; შენობის შიგნით ბეტონის იატაკი შესაბამისად არ იყო მოპრიალებული.

3). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 14 მაისის დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, ----- ქუჩის მიმდებარედ განთავსებული სასაწყობე შენობის მე-2 სართულზე არსებული ფანჯრებიდან და ჭერზე (სახურავის გადახურვის ფილის ერთ ადგილზე) შეინიშნება წყლის (სავარაუდოდ, ატმოსფერული ნალექის - წვიმის) შემოდინების კვალი, რაც გამოწვეულია ფანჯრის რაფებზე გარე პერიმეტრზე თუნუქის საცრემლეს არარსებობით.

4). ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 27 სექტემბრის ბრძანების თანახმად, შემკვეთს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ---- ქუჩის მიმდებარედ არსებული მშენებლობადამთავრებული მესამე კლასის ობიექტის (საწყობი) ექსპლუატაციაში მიღებაზე, რის საფუძველსაც სხვა დარღვევებთან ერთად წარმოადგენდა ის, რომ ფასადზე გაზრდილი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი პანდუსების დახრის კუთხე, შეცვლილი იყო პანდუსი 2-ის მოპირკეთების ფაქტურა და შიდა კიბის საფეხურების რაოდენობა.

5). მოსარჩელის განმარტებით, მას საერთოდ არ შეუსრულებია მეხუთე პუნქტის სამუშაო („ატმოსკა“ - შენობის ირგვლივ 50 სმ ბეტონის მოწყობა), რადგან, ასეთ შემთხვევაში, სამშენებლო პროექტით გათვალისწინებულ ე.წ. „წითელ ხაზებს“ დაარღვევდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ მიუთითებია, თუ სად მდებარეობდა წითელი ხაზები და ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულებით, რატომ დაირღვეოდა ისინი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემომითითებული გარემოებების მიმართ კასატორს (მოპასუხე) დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მენარდემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, ხოლო აღნიშნული ფაქტის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოსარჩელემ ვერ დაძლია (სსსკ-ის 102.1, 103.1, 105-ე მუხლები), მათ უარსაყოფად მან სათანადო მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.

16. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში წარუმატებულია მოსარჩელის მოთხოვნა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნარდობის საზღაურის სრული მოცულობით ანაზღაურების თაობაზე.

აღნიშნული მოთხოვნის წარუმატებლობის საფუძველს ქმნის სსკ-ის 361.2 (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 641-ე (ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის; ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას), 645-ე (შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას) მუხლები.

კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საზღაურის ანაზღაურების შესახებ მენარდის მოთხოვნის დაკმაყოფილების მთავარ წინაპირობას, ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრული მოცულობით და შეთანხმებული ხარისხით შესრულება წარმოადგენს.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361.2 მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ, საქმე №ას-696-696-2018, 6.07.2018; №ას-495-2020, 23.10.2020).

სსკ-ის 645-ე მუხლის ზემომითითებული დისპოზიციით დადგენილია, რომ შეკვეთი, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას არ მიიღებს და არც ხელშეკრულებაზე უარს არ განაცხადებს, უფლებამოსილია - საზღაური იმ თანხით შეამციროს, რა თანხითაც ნაკლი ნაკეთობის ღირებულებას ამცირებს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების ფაქტი საქმეზე დადგენილია და სსკ-ის 645-ე მუხლის შესაბამისად, ამ გარემოებამ შემკვეთი იმ უფლებით აღჭურვა, რომ ნაკეთობის ნაკლის ღირებულების შესაბამისად ნარდობის საზღაური შეემცირებინა. განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე შპს „დ----ი ლ----ის“ მოქმედება მენარდის მიმართ ანაზღაურების ნაწილის გადახდის თაობაზე სამართლებრივად არგუმენტირებულია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები გამოკვეთილი არაა.

17. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად ვერ გამოდგება კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია 2020 წლის 16 იანვრის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება კასატორის მიერ დანართი 2-ით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებასა და საზღაურის ანაზღაურების საფუძვლის არარსებობაზე დამყარებულია არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე, არამედ, ეს მოსაზრება, საქმის მასალების ერთობლიობაში განხილვის შედეგადაა ჩამოყალიბებული. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ზემოაღნიშნული არგუმენტიც არაა გასაზიარებელი.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ----დ გ----ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ბ----დ გ----ს“ (ს/ნ -----) დაუბრუნდეს გ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 800.35 ლარის (საგადახდო დავალება #-----, გადახდის თარიღი 01.12.2021წ), 70% - 560.45 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი - --;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე