3გ/ად-8გ-02 1 მაისი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა «ს.-ის” (...) სარჩელის განსჯადობის თაობაზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 2001 წლის 18 სექტემბრის ¹8/56 ბრძანებით დაამტკიცა ანტიმონოპოლიური სამსახურის მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოს 2001 წლის 18 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილება, რომლითაც ანტიმონოპოლიური სამსახურის მუდმივმოქმედმა სათათბირო საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას მინერალური წყლების ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტად «ს.-ის” გამოცხადების თაობაზე, რომლის ხვედრითი წილი 2001 წლის, ექვსი თვის ოფიციალური მონაცემებით შეადგენს მთლიანი ბაზრის 91%-ს, წარმოებაში 90%-ს და ექსპორტში 87%-ს.
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის 2002 წლის 24 სექტემბრის ¹8/58 ბრძანების პირველი ნაწილის «ა» პუნქტის შესაბამისად, «ს.-ა» გამოცხადდა მინერალური წყლების ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტად და შეყვანილ იქნა ეკონომიკური აგენტების სახელმწიფო რეესტრში.
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის 2002 წლის 25 სექტემბრის ¹8/62 ბრძანების შესაბამისად, ქვეყანაში მინერალური წყლების ბაზარზე 2001 წლის 6 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ეკონომიკურ აგენტად ჩაითვალა «ს.-ა».
«ს.-ამ» სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის 2001 წლის 18 სექტემბრის ¹8/56 ბრძანების ბათილად გამოცხადება იმ ნაწილში, რომელიც ეხება «ს.-ას», აგრეთვე 2001 წლის 24 სექტემბრის ¹8/58, 2001 წლის 25 სექტემბრის ¹8/62 ბრძანების ბათილად ცნობა. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ «ს.-ის” სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული 2001 წლის 31 დეკემბერს.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ «მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ» კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, იგივე კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, სამსახურის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი; «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი გამოსცემს ნორმატიულ აქტებს; «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, იგივე კანონის მე-8 მუხლის I პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის საქართველოს პრეზიდენტის ან სამთავრობო დაწესებულების გამგებლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მიიჩნია, რომ მათი უწყება არის პრეზიდენტის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა განსახილველად საქმის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის გადაცემა.
მოსარჩელე არ დაეთანხმა შუამდგომლობას. მან მიუთითა, რომ “საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის» შესახებ დებულების I მუხლის თანახმად, სამსახური არის საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ამიტომ განსახილველი საქმე განსჯადობით ექვემდებარება რაიონულ სასამართლოს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის შუამდგომლობა და 2002 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადასცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რასაც არ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგია, მან მიიჩნია, რომ დავა არ არის მათი განსჯადი, რის გამოც სასარჩელო განცხადება საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადმოაგზავნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.
საოლქო სასამართლო დაეყრდნო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლს, რომელშიც ამომწურავად არის მითითებული პირველი ინსტანციით საოლქო სასამართლოს განსჯადი საქმეები. კოლეგიამ მიუთითა, რომ 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს პარლამენტის დადგენილების «მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ» კანონის თაობაზე მე-4 მუხლისა და «მონოპოლიური საქმიანობის და კონკურენციის შესახებ» კანონის მე-16 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ საჯარო სამართლის სუბიექტად, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის ¹272 ბრძანებულებით დამტკიცებული ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების 27-ე მუხლის «ი» პუნქტისა და პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივნისის ¹248 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური წარმოადგენს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას და არა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განსჯადობის შესახებ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრება განსახილველი საქმის განსჯადობაზე სწორია და «ს.-ის» სარჩელი განსახილველად განსჯადობით ექვემდებარება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის წესით თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი, რომლის I ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად: «საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს საქართველოს სამთავრობო დაწესებულების, პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის, აგრეთვე მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე». ამდენად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია უშუალოდ პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ხოლო სამთავრობო დაწესებულების გამგებლობაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, განსახილველად განსჯადობით ექვემდებარებიან რაიონულ სასამართლოებს.
«აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის და სამთავრობო დაწესებულებათა გამგებლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, მიჯნავს პრეზიდენტისა და სამთავრობო დაწესებულებათა გამგებლობაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5, მე-6 მუხლებიც შესაბამისად განასხვავებენ ამ დაწესებულებათა ადმინისტრააციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებასთან დაკავშირებული დავების განსჯადობას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რადგან «მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ» კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის სამართლებრივი სტატუსი და იგი არის საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის სუბიექტი, რასაც ასევე ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივნისის ¹248 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის დებულების» პირველი მუხლიც, ამიტომ იგი არის სამთავრობო დაწესებულების საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულება და არა პრეზიდენტის გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, შესაბამისად მისი ადმინისტრაციული აქტების კანონიერების შესახებ დავა განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლისა.
საკასაციო პალატის აზრით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას განმსაზღვრელი და არსებითია სადავო ადმინისტრაციული აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი სტატუსი და არა ის გარემოება, თუ ვის მიერაა დამტკიცებული ამ ორგანოს დებულება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, მე-5-6, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. «ს.-ის” სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს;
2. «ს.-ის” სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს დაეგზავნოთ დადგენილი წესით;
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.