Facebook Twitter

02 მარტი 2022 წელი

საქმე №ას-1380-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ი“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ს“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

II კასატორი - შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ს“

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ნოემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ი“-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ს“-ის სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - მიწოდებული პროდუქციის ღირებულების, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის, პირგასამტეხლოს დაკისრება და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.პ.ს „ო.ე.გ.ი.ს–მა“ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - შ.პ.ს „შ.ზ.ტ–ის“ მიმართ და მოითხოვა:

1.1. შ.პ.ს „შ.ზ.ტ–ისათვის“ შ.პ.ს „ო.ე.გ.ი.ს–ის“ სასარგებლოდ 1 444 810 აშშ დოლარის დაკისრება.

1.2. შ.პ.ს „შ.ზ.ტ–ისათვის“ შ.პ.ს „ო.ე.გ.ი.ს–ის“ სასარგებლოდ 1 444 810 აშშ დოლარის 8,3%-ის დაკისრება, 2018 წლის 27 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3. შ.პ.ს „შ.ზ.ტ–ისათვის“ შ.პ.ს „ო.ე.გ.ი.ს–ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 1 444 810 აშშ დოლარის 0,1%-ის დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 27 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 722 404 აშშ დოლარისა (კონტრაქტის ღირებულების 10%).

1.4. შ.პ.ს „შ.ზ.ტ–ისათვის“ შ.პ.ს „ო.ე.გ.ი.ს–ის“ სასარგებლოდ 722 404 აშშ დოლარის დაკისრება.

1.5. შ.პ.ს „შ.ზ.ტ–ისათვის“ შ.პ.ს „ო.ე.გ.ი.ს–ის“ სასარგებლოდ 722 404 აშშ დოლარის წლიური 8,3%-ის დაკისრება, 2018 წლის 27 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა:

2.1. შ.პ.ს „ო.ე.გ.ი.ს–თვის“ შ.პ.ს „შ.ზ.ტ–ის“ სასარგებლოდ ზიანის - 2 596 936, 04 ლარის ანაზღაურება.

2.2. შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–თვის“ შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ სასარგებლოდ ზიანის - 8 288 638,96 ლარის ანაზღურება.

2.3. შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–თვის“ შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ სასარგებლოდ ვალდებულებების დარღვევით წარმოშობილი რეალური თანხობრივი დანაკლისის - 2 512 500 ლარის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის სახით.

2.4. შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–თვის“, შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ სასარგებლოდ 10 885 575 ლარის წლიური 13,1%-ის - 2 000 000 ლარის დაკისრება.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. 2017 წლის 11 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო შერეული ტიპის, ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება, კონტრაქტის ღირებულება ხელშეკრულების პრეამბულის, მეორე მუხლისა და დანართი 2-ის შესაბამისად, განისაზღვრა 7 224 044 აშშ დოლარით. ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად ჩაითვალა დამატებითი შეთანხმებები და დანართები (დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4, დანართი 5), რომლითაც გაწერილი იყო ხელშეკრულების შესასრულებლად მხარეთა მიერ შეთანხმებული დეტალური სავალდებულო პირობები (ტ.1 ს.ფ. 71-145).

5.2. მოსარჩელემ კონტრაქტის შესაბამისად დათქმულ ვადაში 2017 წლის 31 ოქტომბრამდე მიაწოდა მოპასუხეს ხელშეკრულებით შეთანხმებული დანადგარები (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები).

5.3. 2017 წლის ოქტომბერში დანადგარების მონტაჟის პროცესში გამოვლინდა დეფექტი 37 დანადგარის სამკაპზე, რაც მოსარჩელემ აღმოფხვრა, რის შემდეგაც, 2017 წლის 8 ნოემბერს მხარეთა შორის შედგა დეფექტური აქტი (ტ.1 ს.ფ. 168). განხორციელდა 42 ცალი მაზუთის გახურებისა და ჩამოსხმის ავტომატიზირებული მოდულის დამონტაჟება და 2017 წლის 10 ნოემბერს შედგა შესაბამისი აქტი (ტ.1 ს.ფ.170-171). განხორციელდა დამონტაჟებული ჰიდრო მონიტორების გამოცდა, რის თაობაზეც 2017 წლის 12 ნოემბერს შედგა ჰიდრავლიკური შემოწმების აქტი (ტ.1, ს.ფ.173-174).

5.4. ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ტერმინალის ნავთობპროდუქტების გამტარუნარიანობის გაზრდა, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მოსარჩელის მიერ მიწოდებული სისტემის მეშვეობით.

5.5. მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაგეგმილი შედეგი ვერ დადგა. ვაგონების დაცლა კვლავ 15-20 საათის, ხოლო მე-4 ესტაკადაზე 22-24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამტარუნარიანობა ვერ გაიზარდა, რაც მოსარჩელის მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულება იყო.

5.6. ხელშეკრულების დანართი 2-ში, სახელწოდებით „ხელშეკრულების ღირებულება“, მოცემულია კონკრეტული ნივთების, დანადგარების, მოდულებისა და ა.შ. ჩამონათვალი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 7224044 აშშ დოლარს. ამავე დანართში მითითებულია, რომ ეს დანადგარები უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ში ჩამოყალიბებულ ტექნიკურ დავალებას.

5.7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თავდაპირველი მოსარჩელის მიერ ვერ შესრულდა ხელშეკრულებითა და დანართებით ნაკისრი ვალდებულება უნაკლო ნივთის მიწოდების შესახებ, რაც უპირველესად გულისხმობდა იმას, რომ მიწოდებული დანადგარები დანართ 1-ში ჩამოყალიბებული ტექნიკური დავალების სტანდარტის შესატყვისი უნდა ყოფილიყო.

უდავო ფაქტობრივი გარემოება იყო ისიც, რომ მიუხედავად გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრისა, (სამკაპების შეცვლა და მათი ჩანაცვლება ახალი თავსებადი სამკაპებით), რაც აისახა 2017 წლის 8 ნოემბრის დეფექტურ აქტში, პრობლემა ვერ აღმოიფხვრა, რადგან აღმოჩნდა, რომ მიწოდებული დანადგარები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართი №1-ში ჩამოყალიბებულ ტექნიკურ დავალებას.

ამ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებდა მხარეთა შორის 2017 წლის დეკემბრიდან არსებული მიმოწერა, მაგალითად, საქმეში (ტ.2, ს.ფ. 67) წარმოდგენილი მოპასუხის წარმომადგენლის - ე.ა–ვის წერილი, თავდაპირველი მოსარჩელეს მიმართ: „მინდა გაცნობოთ, რომ მოდულების მუშაობის დროს გამოვლენილ იქნა შემდეგი მოშლილობები: 1. პირველი და მე-10 მოდულების ძრავები გაჩერდა მოდულების მუშაობის დროს. გამოკვლევისას არ იქნა გამოვლენილი პრობლემები ტუმბოებთან მიმართებით, თქვენი წარმომადგენლების აზრით პრობლემა დაკავშირებული არის ძრავებთან და პრობლემა აღმოფხვრილი იქნება... მე-14 მოდულის ტუმბოს სატორსო შემჭიდროებებმა გაუშვეს მუშაობის პროცესში. შემჭიდროებები შეცვალეს, მაგრამ ძრავი არ ირთვება. თქვენი წარმომადგენლების აზრით, იგივე პრობლემაა რაც პირველ და მე-10 მოდულებზე. გთხოვთ, შეისწავლოთ პრობლემა და წარმოგვიდგინოთ თქვენი დასკვნა მ–ის ტერმინალზე ჩამოსვლის შემდეგ...“.

5.8. 2018 წლის 6 თებერვალს ე.ა–ვმა კვლავ მიმართა წერილით თავდაპირველ მოსარჩელეს: „როგორც თქვენთვის ცნობილია ნავთობპროდუქტების ინდივიდუალური გახურებისა და ჩამოსხმის მოწყობილობების გამოცდის ბოლო ვადა ხელშეკრულების მიხედვით ამოიწურა 2018 წლის 31 იანვარს. თანამშრომლობისას ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ მომენტში თქვენი მხრიდან ტარდება სამუშაოები გამოვლენილი ტექნიკური მოუგვარებლობების და ხარვეზების აღმოფხვრისთვის, შ.პ.ს. შ.ზ.ტ–ის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულებათა შესრულების ვადების გაგრძელების თაობაზე 2018 წლის 26 თებერვლამდე. ვიმედოვნებთ, თქვენი მხრიდან მიღებულ იქნება ყველა ზომა სამუშაოს წარმატებით დასრულებისთვის მითითებულ თარიღამდე“.

5.9. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 5 იანვრის, შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ რწმუნებულის - ე.ა–ვის მიერ შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ის“ რწმუნებულის - მ.გ–თვის გაგზავნილი წერილის თანახმად, გამგზავნი ადრესატს ატყობინებს 2017 წლის 11 მაისით დათარიღებული კონტრაქტის საფუძველზე, შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ შენობა-ნაგებობებზე დამონტაჟებული მაზუთის გათბობისა და ჩამოტვირთვის ავტომატიზირებულ მოდულების ხარვეზების თაობაზე (წერილი შეიცავს 13 ტიპის ხარვეზის ჩამონათვალს), მიუთითებს დაგვიანებული ჩამოტვირთვის ხარვეზზე და მიმართავს თხოვნით, რომ მიიღოს საჭირო ზომები ჩამოთვლილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 2018 წლის 31 იანვრამდე (ტ. 2. ს.ფ.31).

5.10. საქმეში წარმოდგენილი 18.01.2018 წლის წერილის თანახმად, შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ი“ პირობას იძლევა და არწმუნებს ხელშეკრულების მხარეს, რომ უზრუნველყოფს სამუშაოების სრული მოცულობით შესრულებას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მუშაობის შესაძლებლობა შეთანხმებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად. ამავე წერილით გამგზავნი ადრესატს თხოვს აღმოუჩინოს დახმარება ახლომდებარე საწარმოს მოძიებაში, რომელშიც შესაძლებელი იქნება სახარატო სამუშაოების შესრულება, რომელთა განხორციელება სასურველია ადგილზე. ამავე წერილით მოსარჩელის წარმომადგენელი გამოთქვამს მზადყოფნას საკუთარ თავზე აიღოს მიწოდებული დანადგარების ტექნიკური თანხლების ვალდებულება საგარანტიო პერიოდის დასრულების შემდეგ (ტ.2, ს.ფ. 35, 41).

5.11. 2018 წლის 22 იანვრის წერილით ე.ა–ვი მიმართავს თავდაპირველი მოსარჩელის წარმომადგენელ - მ.გ–ს: „ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენი სპეციალისტების გულმოდგინე მუშაობას დანადგარების მუშაობაში გამოვლენილი დეფექტების და მოუგვარებლობების აღმოფხვრისათვის და იმედი გვაქვს, რომ ყველა პრობლემა აღმოფხვრილი იქნება შეთანხმებულ ვადებში...“ (ტ.2 ს.ფ. 52).

5.12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული და საქმეში სხვა მრავლად წარმოდგენილი თავად მოსარჩელის წერილები, უტყუარად ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული დანადგარები, ხშირ შემთხვევაში იყო ნაკლის მქონე, გაუმართავი და ტექნიკურ პირობებთან შეუსაბამო, რამაც სწორედ ტესტირების რეჟიმში დანადგარების გაშვების დროს იჩინა თავი და ამ პროცესის უშუალო მონაწილენი იყვნენ მოსარჩელის წარმომადგენლებიც, სწორედ მათი მონაწილეობით ხდებოდა ტესტირების რეჟიმში დანადგარების გაშვება (რაც ნათლად ჩანს საქმეში არსებული მიმოწერებიდან, წერილებიდან, ნაკლის აღმოფხვრისათვის მათი მზადყოფნა და მადლიერება იმის გამო, რომ ხელშემკვრელი მხარე ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობას აძლევდა), კერძოდ: „...მადლიერი ვართ იმის გამო, რომ გაგებით მოეკიდეთ შექმნილ სიტუაციას მაზუთის გახურებისა და ჩამოსხმის მოდულებში გამოვლენილი მთელი რიგი ტექნიკური პრობლემების გამო“ (2018 წლის 6 თებერვლის წერილი, ასევე, სხვა წერილები ტ.2, ს.ფ. 52-დან).

5.13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნაკლის აღმოფხვრა მიმწოდებელმა ვერ შეძლო, ხოლო 2018 წლის 5 მარტს მან შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ს“ აცნობა, რომ ჯერაც არ იყო წარმოდგენილი მოწვევა დამკვეთის პერსონალის დოკუმენტების შესახებ, მოითხოვა უმოკლეს ვადაში დოკუმენტების წარმოდგენა და აღნიშნა, რომ გამოუცდელი პერსონალის მიერ ექსპლუატაციის შედეგად, სისტემის გაუმართაობის გამო 05.03.18 წლიდან იხსნიდა პასუხისმგებლობას ხელშეკრულების საგარანტიო მოვალეობაზე და დანადგარების შემდგომი ექსპლუატაცია განხორციელდებოდა ტერმინალის პასუხისმგებლობით (ტ.1. ს.ფ. 178).

5.14. აღნიშნული წერილის პასუხად, 2018 წლის 14 მარტს (ტ.2 ს.ფ. 74) მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ მიწოდებული მოწყობილობის გამშვებგამმართველი სამუშაოების ჩატარება და პერსონალის სწავლება არ საჭიროებდა რაიმე სახის გამოძახებას, ვინაიდან წარმოადგენდა მოსარჩელის - შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ის“ პირდაპირ ვალდებულებას 11.05.2017 წლის ხელშეკრულების ფარგლებში. ამ ვალდებულებაზე დაყრდნობით 2017 წლის 12 ნოემბრიდან 2018 წლის 5 მარტის ჩათვლით, - შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ის“ წარმომადგენლების მიერ ჩატარდა მიწოდებული მოწყობილობის გამშვებ-გამმართველი სამუშაოები და ჩამოცლილ იქნა 1030 ვაგონი მაზუთი. ამ სამუშაოების ჩატარების დროს შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ის“ სპეციალისტების მიერ გამოვლენილ იქნა სერიოზული ტექნიკური პრობლემები, რომლის აღმოსაფხვრელად და გამშვებ-გამმართველი სამუშაოების დასასრულებლად, მიუხედავად ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისა, კონტრაქტორის მიერ არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები. აქედან გამომდინარე, არ იქნა შედგენილი მიღება-ჩაბარების ფინალური აქტი. პირიქით, შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ისგან“ გაკეთდა ოფიციალური განცხადება საგარანტიო ვალდებულებებზე უარის თქმის შესახებ, რაც, ტერმინალმა შეაფასა, როგორც უარი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე. წერილის ბოლო აბზაცში მითითებულია, რომ შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ს“ არ აქვს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ საკუთარი სახსრებით დაიწყოს გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა (ტ.2 ს.ფ. 75).

5.15. შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–მა“ უარი განაცხადა დარჩენილი 20%-ის გადახდის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე, წაიღო აკრედიტივზე დარჩენილი თანხის 20% და გაიტანა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 10% - 722 405 აშშ დოლარი.

5.16. მოსარჩელემ მიიღო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 70%. ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 1 მარტიდან.

5.17. მხარეებმა ისე დაასრულეს ერთმანეთთან ურთიერთობა, რომ მოსარჩელემ ნაკლი ვერ გამოასწორა, მოპასუხემ თავისი 14.03.2018 წლის წერილით საკუთარ თავზე აიღო ვალდებულების შესრულება ნაკლის ხარვეზებისა და ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა. დადგენილი იყო, რომ სწორედ აღნიშნული გახდა იმის საფუძველი, რომ მხარეთა შორის არ შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.

5.18. უდავოა, რომ მხარეებმა ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის გადაუხდელობა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობას დაუკავშირეს.

5.19. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხის უარს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით (რაც თავისთავად მისი მხრიდან მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების აღიარებას უკავშირდებოდა) ჰქონდა როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი საფუძველი, ე.ი მოპასუხის მიერ სადავო თანხის გადაუხდელობას ჰქონდა კანონშესაბამისი საფუძველი.

5.20. პალატამ ყურადღება მიაქცია მხარეთა შორის არსებულ შემდეგ სახელშეკრულებო დათქმებს:

ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად, აკრედიტივის მთლიანი თანხის 20% უნდა გადაიხადოს მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტის ხელმოწერის შემდეგ. მიღება ჩაბარების საბოლოო აქტი გაფორმდება კონტრაქტის საფუძველზე ტექნიკური დავალების შესაბამისად ტექნიკის წარმატებით ინსტალაციის, ექსპლუატაციისა და შემოწმების შემდეგ (დანართი1) (ტ.1 ს.ფ. 75).

ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტორი იძლევა გარანტიას, რომ სამუშაოები შესრულდება მაღალი ხარისხით და შეძენილი მარაგი იქნება ახალი და გამოუყენებელი. კონტრაქტორი პასუხისმგებელია ობიექტის ნებისმიერ ნაწილში დაზიანების აღმოფხვრაზე, გარანტიის მოქმედების პერიოდში და რომელიც შეიძლება წარმოიშვას არასათანადო/შეუსაბამო მასალის, არასწორი სამუშაობის ან დიზაინის გამოყენების გამო (ტ.1, ს.ფ. 76).

ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, ტექნიკის საბოლოო მიღება ხორციელდება ტექნიკის ექსპლუატაციაში გაშვებისა და შემოწმების დასრულებისას. 9.2. პუნქტის მიხედვით, ექსპლუატაციაში გაშვება განხორციელდება ერთობლივად, დამკვეთისა და კონტრაქტორის სპეციალისტების მონაწილეობით, იმის შესამოწმებლად, რომ დამკვეთის მირ კონტრაქტორის ზედამხედველობით დამონტაჟებული მოწყობილობა ფუნქციონირებს და კარგ სამუშაო მდგომარეობაშია. 9.3. პუნქტის შესაბამისად, ექსპლუატაციაში გაშვების შედეგები უნდა იყოს შესაბამისობაში ტექნიკური დავალების ნორმებთან. 9.4. პუნქტით, კონტრაქტორი ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ექსპლუატაციაში გაშვების ყველა აქტი. 9.5. პუნქტის მიხედვით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი უნდა იქნეს ხელმოწერილი ტექნიკის წინასწარი ექსპლუატაციაში გაშვებისა და გაშვების დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლის შემდეგ. 9.6. პუნქტის შესაბამისად, ტექნიკის ექსპლუატაციაში გაშვებისა და ტექნიკის ამოქმედების წარმატებულ საფუძვლად მიიჩნევა ტექნიკურ დავალებაში (დანართი 1) მითითებულ დროში 10 მატარებლის გადმოტვირთვა მძიმე საწვავით. 9.7. პუნქტით კონტრაქტი არ მიიჩნევა სრულად შესრულებულად მანამ, სანამ არ მოხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერა ორივე მხარის მიერ (ტ.1 ს.ფ. 77).

5.21. შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ განმარტებით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებოდა კონტრაქტორს (მოსარჩელეს). მას რაიმე მიზეზი რომ ჰქონოდა იმისა, რომ წარმატებით განხორციელდა ტესტირება და გადმოცლის პერიოდი წარმატებით ჩატარდა, უპირველესად თვითონ იქნებოდა დაინტერესებული წარედგინა მიღება-ჩაბარების აქტი, რადგან მისი წარდგენა სწორედ მოსარჩელის ვალდებულებაა (სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 25.10.2021წ, 13:53:56).

5.22. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 11 მაისს შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–სა“ და შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ს“ შორის დაიდო შერეული ტიპის ხელშეკრულება. კონტრაქტორმა იკისრა რიგი ვალდებულებების შესრულება, რომელიც დეტალურად აისახა ხელშეკრულებაში და მის დანართებში. ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ს“ შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ისათვის“ უნდა მიეწოდებინა დანადგარები და ამასთან ერთად უნდა მომხდარიყო ერთობლივი მონტაჟი, ზედამხედველობა, ტესტირება, დამკვეთის პერსონალის ტრენინგები და ექსპლუატაციაში გაშვება, ცხადია ეს ყოველივე, როგორც ნასყიდობის ასევე ნარდობის ხელშეკრულებების ელემენტებია, შესაბამისად, სახეზე იყო, შერეული ხელშეკრულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასიც მოიცავდა ყველა ამ ელემენტს.

5.23. პალატა არ დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ტერმინალმა მიიღო დანადგარები, შეამოწმა და პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც ხარვეზი აღმოჩნდა გამოსწორებულ იქნა მოსარჩელის მიერ და საბოლოოდ, მოპასუხეს გადაეცა უნაკლო ნივთები (ვინაიდან მას პრეტენზია არ განუცხადებია). ამის გამო, ითვლება, რომ მოსარჩლემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ აანაზღაურა მხოლოდ ნივთების ღირებულების 80%, ნივთების ღირებულების გადაუხდელი ნაწილი კი - 1444810 აშშ დოლარია (25.10.2021 წლის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 11:58:40).

5.24. პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ადასტურებდა, რომ მოსარჩელე თავადაც ადასტურებდა მიწოდების ხარვეზიანობას, დანადგარების მუშაობაში გამოვლენილ ნაკლს, ცდილობდა მათ აღმოფხვრას, თუმცა - უშედეგოდ. საბოლოოდ, კი იმ მიზეზით, რომ დანადგარები ექსპლუატაციაში გაუშვა მოპასუხემ, თავად მოუმზადებელი, არაკვალიფიციური პერსონალის საშუალებით (ტრენინგებზე მოწვევისათვის არ იზრუნა) დააზიანა დანადგარები, რის გამოც მან პასუხისმგებლობა მოიხსნა.

5.25. პალატამ არ გაიზიარა შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ის“ წარმომადგენლის მოსაზრებები ხელშეკრულების ღირებულების განმარტებასთან დაკავშირებით, შემდეგი გარემოებების გამო: დანართი №2-ის თანახმად, (ტ.1, ს.ფ. 100) კონტრაქტის ღირებულება, რომელიც 7224044 აშშ დოლარს შეადგენს მოიცავს 3 გარაფას, სამ დასახელებას: 1. მაზუთის გახურებისა და ჩამოსხმის ავტომატიზირებული მოდული ტექნიკური დავალების შესაბამისად (დანართი №1) 2. ზედა გამორეცხვის/ჩარეცხვის მოწყობილობა; 3. ჰიდრო მონიტორის საქშენები.

5.26. პალატამ ყურადღება მიაპყრო კონტრაქტის ღირებულების ჩამონათვალში პირველ გრაფაში, პირველ ნომრად მითითებულ დასახელებას, რომლის ღირებულებაც 7141050 აშშ დოლარად არის შეფასებული. ამ გრაფაში არის მითითება იმაზე, რომ მაზუთის გახურებისა და ჩამოსხმის ავტომატიზირებული მოდული ტექნიკური დავალების შესაბამისი უნდა ყოფილიყო დანართი №1-ის შესაბამისად. დანართი №1-ის (ტ.1 ს.ფ. 80) თანახმად კი, უნდა მომხდარიყო შეფ-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამონტაჟებს მოპასუხე მოსარჩელის ზედამხედველობით, „შეფობით“; ასევე ხდება გაშვება-ასაწყობი სამუშაოების წარმოება დამკვეთის ობიექტზე; დამკვეთის პერსონალის სწავლება ექსპლუატაციისა და მომსახურებისათვის...(ს.ფ. 98 დანართი №1-ის თავი მე-12). რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგნის განმარტებით, ასევე, ხელშეკრულების დანართებით ნათლადაა განსაზღვრული მიმწოდებელ-მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაო, რომელიც მოიცავს მოწყობილობების ჩამოტანას, მონტაჟს, ინსტალირებას, მოწყობილობებზე პრობლემების აღმოფხვრას, ახალი პროექტის სამუშაოების, აღჭურვილობის მიწოდებას, ზედამხედველობას, ტესტირებას, მოდერნიზაციას, დამკვეთის პერსონალის ტრენინგებსა და ექსპლუატაციაში გაშვებას ხელშეკრულების ტექნიკური დავალების დანართი 1-ის შესაბამისად. პალატის მოსაზრებით, ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ კონტრაქტის ღირებულება ცალსახად მოიცავდა ყველაფერს, რაც კი ამ შერეული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და არა მხოლოდ მიწოდებული დანადგარების ღირებულებას, მათ შორის - სატრენინგო სწავლებასაც მოპასუხის პერსონალისთვის, რომელიც არ იყო უფასო და მისი ფასი განივთებული იყო კონტრაქტის ღირებულებაში, სახელდობრ კი, მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულების - „კონტრაქტის ღირებულება“ - პირველ გრაფაში.

5.27. რაც შეეხება №1 დანართს, სადაც თავი მოიყარა ყველაფერმა, რაც 7141050 აშშ დოლარად შეფასდა, იგი არის მოცულობითი დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა მიმოხილული ტექნიკური დავალება. ის ერთგვარ საინფორმაციო მეთოდოლოგიურ ინფორმაციას წარმოადგენს, საიდანაც დგინდება, თუ რა იყო მოდერნიზაციის არსი (ტ1, ს.ფ. 82), რა ტექნოლოგიური ღონისძიებები უნდა ჩატარებულიყო, როგორ უნდა მომხდარიყო მოწყობილობების მიწოდება, მათ შორის ე.წ. მისაღები შემოწმებები.

5.28. პალატამ ყურადღება გაამახვილა დანართის იმ ნაწილზე (ს.ფ. 84), რომლითაც დგინდება, რომ მისაღები შემოწმებები, ანუ ე.წ. ტესტირება წლის ცივ პერიოდში უნდა ჩატარებულიყო 2018 წლის 31 იანვრამდე, მისაღები შემოწმებების ციკლით 10 მატარებელი უნდა განტვირთულიყო მისაღები შემოწმების დასრულებამდე, შემოწმების გავლის შედეგი კი, ორივე მხარის მიერ მოწყობილობის მიღების საბოლოო აქტზე ხელი უნდა მოწერილიყო.

5.29. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ აღნიშნულ პერიოდში ტესტირება (ანუ მისაღები შემოწმება) ტარდებოდა და არა ექსპლუატაციაში გაშვება, რა დროსაც უამრავი ხარვეზი გამოვლინდა. ხოლო ტესტირება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელთა მონაწილეობით ხდებოდა, ზემოხსენებული წერილებითა და სხვა მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდებოდა.

5.30. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის (თავდაპირველი მოსარჩელის) წარმომადგენელმა განმარტა, რომ გამოვლენილი ხარვეზები, სხვადასხვა მიზეზით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული. მაგალითად, სუსტი დენის მიწოდებით, რაზეც მოსარჩელე ვერანაირად ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი. დანართ №1-ში 7.3.2. პუნქტი (დანადგარის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები) მოცემულია ცხრილი, რომელიც გარკვეულ პარამეტრებს ადგენს გამართული მუშა რეჟიმისთვის. ამ ცხრილის თანახმად, განსაზღვრულია ელექტრომომარაგების პარამეტრიც (380 ვოლტი, 50 ჰც), თუმცა აქ უმთავრესი მხარის პოზიციის შესაფასებლად არის ის, რომ მას, როგორც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნაკლი და ხარვეზი შეუსაბამო ელექტრომომარაგებით იყო გამოწვეული, რაზეც იგი ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი. მეტიც, ამ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს არ გაუკეთებია.__

5.31. პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ორბუნებოვნებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს გააჩნდა ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილი 20%-ის დატოვებისა და საგარანტიო თანხის (ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის) მოთხოვნის საფუძველი. მხარეთა შორის არსებული ყველა დოკუმენტი და კომუნიკაცია (ხელშეკრულება, მისი დანართები, საბანკო გარანტია და აკრედიტივი) უდავოდ მოწმობს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასი მხარეებს შორის განისაზღვრა ყველა პირობის შესაბამისად, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ გარკვეული მოწყობილობების მიწოდებას. შესაბამისად, უდავო იყო, რომ სახელშეკრულებო ფასი არ უკავშირდება ერთ-ერთ რომელიმე ცალკე აღებულ ვალდებულებას და იგი მოიცავს ხელშეკრულების საგნით, დანართებითა და სხვა პირობებით განსაზღვრულ ვალდებულებებს სრულად (ტ.1 ს.ფ. 75-77).

5.32. რაც შეეხება ტრენინგებთან დაკავშირებით აპელანტის მოსაზრებას, პალატამ არ გაიზიარა შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ის“ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს არ მოუწვევია და არც მიუმართავს მოსარჩელისათვის ტრენინგის ჩასატარებლად, არ შეუთავაზებია და არ განუსაზღვრავს ტრენინგის ჩატარების თარიღი, ადგილი, ასევე ტრეინინგზე დასასწრები პერსონალი და მისი რაოდენობა. პალატის შეფასებით, აპელანტის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული აქტივობები წარმოადგენს ტრენინგის ორგანიზებას. ხელშეკრულების 3.1. „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სწორედ კონტრაქტორი იყო ვალდებული, უზრუნველეყო PLC-ის პროგრამის კოდების გაუმჯობესება დამკვეთის მოთხოვნით, გარანტიის მოქმედების პერიოდში კონტრაქტორის პასუხიმგებლობა იყო ადგილზე ტრენინგების ორგანიზება დამკვეთის პერსონალისთვის (ტ.1 ს.ფ. 74).

5.33. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ ტრენინგების ჩაუტარებლობა და სხვა სახით მომსახურება არ იყო ის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული იყო რაიმე ფინანსური ვალდებულება და რომ, ეს სამუშაოები (მომსახურებები) უფასო იყო და ღირებულების არმქონე სამუშაოსთვის საბანკო გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 10%) სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მიიღო მოპასუხემ, რაც მას უკან უნდა დაებრუნებინა. პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებითა და მისი დანართებით მხარეთა ვალდებულებები როგორც მიმწოდებელ-მყიდველის, ასევე, მენარდე-შემკვეთის, დეტალურად იყო გაწერილი. ტრენინგები, ტესტირებისას სპეციალისტების მივლინება, ექსპლუატაციაში გაშვების დროს სპციალისტის დასწრება თუ სხვა ხელშეკრულების არსებითი პირობაა და გარკვეული ღირებულების მატარებელია და ის, რომ თითოეული ამ სამუშაოსათვის დანართ №1-ში (რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია) დიფერენცირებულად არ არის გამოყოფილი ამა თუ იმ მომსახურების ღირებულება, ცხადია არ მიუთითებდა, რომ მათი ღირებულება ნულის ტოლად მიჩნეულიყო.

5.34. ამდენად, მოსარჩელეს თანაბარი მნიშვნელობის პასუხისმგებლობა გააჩნდა სანარდო სამუშაოების შესრულების, ნასყიდობის საგნის გადაცემის თუ ხელშეკრულების სხვა ნებისმიერი დათქმით გათვალისწინებულ ვალდებულებათა (მონტაჟი, ტრენინგები, ექსპლუატაციაში, გაშვება) შესრულებისას. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აკრედიტივის პირობებსა და სანქციებს (გარანტია, 20%-ის დაკავება) თანაბარი შემხებლობა აქვთ, როგორც ნასყიდობის ნაწილით განსაზღვრული, ასევე ნარდობის ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილზე შესრულებასთან, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა შეუძლებელი გახადა.

5.35. მოდერნიზაციის შემდეგ, უნდა გაზრდილიყო ტერმინალის გამტარუნარიანობა ნავთობპროდუქტებზე - ხელშეკრულების ტექნიკური დავალების შესაბამისად, შეთანხმებული ხარისხის მაზუთით სავსე ვაგონის ჩამოტვირთვა უნდა განხორციელებულიყო 8-10 საათში. შესაბამისად, შეთანხმებული პირობების მიხედვით, მე-3 ესტაკადის გამტარიანობა ერთი დღე-ღამის მანძილზე უნდა ყოფილიყო 5040 ტონა, ხოლო, მე-4 ესტაკადის მოდერნიზაციის შემდგომ შეთანხმებული ხარისხის (Pour Point 42c) მაზუთით სავსე ვაგონის ჩამოტვირთვა (დაცლა) უნდა მომხდარიყო 14 საათში. შესაბამისად, ერთი დღე-ღამის მანძილზე მე-4 ესტაკადის გამტარიანობა უნდა ყოფილიყო 3590 (სამიათას ხუთას ოთხმოცდაათი) ტონა.

ამრიგად, ორივე ესტაკადას ერთად, ერთი დღე-ღამის მანძილზე უნდა უზრუნველეყო ჯამში 8630 ტონა შეთანხმებული ხარისხის მაზუთის დაცლა.

უდავო იყო, რომ ხელშეკრულების აღნიშნული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, რაშიც მოპასუხის ბრალეულობა არ დადასტურდა.

5.36. 2017 წლის 12 ნომბრიდან 5 მარტის ჩათვლით მიწოდებული დანადგარებით და კონტრაქტორის წარმომადგენლების თანდასწრებით, 2017 წლის 12 ნოემბრიდან 2018 წლის 5 მარტამდე სატესტო რეჟიმში დაიცალა 1030 ვაგონცისტერნა. ხელშეკრულებაში მითითებულია (დანართი 1-ის მე-6 პუნქტი), რომ დანადგარების მისაღები შემოწმებები ტარდება წლის ცივ პერიოდში 2018 წლის 31 იანვრამდე, ეს ვადა მოპასუხემ 2018 წლის 26 თებერვლამდე თავად გააგრძელა, ვინაიდან შემოწმების წარმატებით დასრულება 2018 წლის 31 იანვრისთვის ვერ მოხერხდა.

5.37. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დანადგარების ექსპლუატაციაში მიღება არ მომხდარა და 2017 წლის 12 ნოემბრიდან 2018 წლის 5 მარტამდე სისტემა მუშაობდა ვაგონცისტერნების დაცლის სატესტო (შემოწმების) რეჟიმში და მხოლოდ 2018 წლის მარტის თვის (ხელშეკრულების შეწყვეტის) შემდეგ, როდესაც ტერმინალმა თავად გაწია ხარჯები სისტემის გამართულად ასამუშავებლად, მოხდა სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება, თუმცა ხელშეკრულებით გათვლისწინებული შედეგი მაინც ვერ იქნა მიღწეული.

5.38. 2017 წლის 11 მაისის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კონტრაქტის ხელმოწერიდან და აკრედიტივის გახსნიდან 15 დღის ვადაში წარედგინა მოპასუხესთან შეთანხმებული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია კონტრაქტის მთლიანი თანხის 10%-ზე. 2017 წლის 8 ივნისს, გაიცა საბანკო გარანტია მოსარჩელის სასარგებლოდ - 722405 აშშ დოლარზე (ტ.1 ს.ფ. 180-181).

5.39. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 მარტამდე. მოპასუხემ 2018 წლის 22 თებერვლის წერილით მიმართა ს.ს. „ს.ბ–ს“ და მოითხოვა საბანკო გარანტიის განაღდება 722 405 აშშ დოლარზე, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ტ,1 ს.ფ. 193-194). 23 თებერვალს ს.ს. „ს.ბ–მა“ მოსთხოვა მოსარჩელის გარანტორს შ.პ.ს. „ს.კ–ს“ საგარანტიო თანხის - 722 405 აშშ დოლარის გადარიცხვა (ტ.1 ს.ფ. 197-198). 2018 წლის 28 თებერვალს შ.პ.ს. „ს.კ–მა“ გადაურიცხა ს.ს. „ს.ბ–ს“ საგარანტიო თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ.

5.40. გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტორმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ გამოასწორა შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებული დეფექტები, უარი განაცხადა 2 - წლიან გარანტიაზე, რის გამოც შეწყდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება მიზნის არაჯეროვანი შესრულებით, მოპასუხეს უფლება ჰქონდა დაეტოვებინა აკრედიტივზე დარჩენილი თანხა და გამოეთხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ის“ სააპელაციო საჩივარი იყო უსაფუძვლო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

5.41. შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ სააპელაციო საჩივართან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ იკვეთებოდა, რომ შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ს“ ძირითად მოსარჩელესთან შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–თან“ 11.05.2017 წლის ხელშეკრულების გაფორმებამდე სხვა სავარაუდო კონტრაქტორებისაგან უკეთესი შემოთავაზებები ჰქონდა დანადგარების მიწოდებასა და მონტაჟის თაობაზე. ამ გარემოების დასადასტურებლად პალატამ არარელევანტურად მიიჩნია შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მითითებული მტკიცებულებები, კერძოდ, შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ მიერ წარმოდგენილი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები და საბანკო გადარიცხვები, მოდულის ტუმბოს რემონტისათვის საკუთარი თანამშრომლებისთვის გადახდილი ხელფასის ცხრილი, ელექტროენერგიისა და მაზუთის გაზრდილი მოხმარების შესახებ ცხრილი, მაზუთის შეძენის სპეციალური ანგარიშფაქტურები, დამოუკიდებელი სურვეირის მიერ შედგენილი აქტები და საქართველოს რკინიგზის ტვირთების მიღება-ჩაბარების სამახსოვროები. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ მოთხოვნა ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ. აპელანტმა შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–მა“ ვერ დაადასტურა, რომ მას ძირითადი მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანი მიადგა და, რომ ამ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობდა მიზეზობრივი კავშირი.

5.42. სასამართლოს შეფასებით, არცერთი წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიცავდა დეტალურ გაანგარიშებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შედეგად, ხარჯებმა და ჩატარებულმა სამუშაოებმა შეადგინა 2069693.68 ლარი, 42 მოდულის შეკეთების საფასურმა კი -177,966.10 დოლარი.

5.43. შეგებებული სარჩელის მოთხოვნებისა და დამდგარი ზიანის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილ იქნა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის მოსაზრება, ელექტროენერგიის მოხმარებისა და მაზუთის მოხმარების გაზრდასთან დაკავშირებით ცხრილები და დახურული სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ წერილი.

5.44. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ მიერ სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლად მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები არ ადასტურებდა ძირითადი მოსარჩელის - შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ის“ ბრალეულობას ზიანთან მიმართებით.

5.45. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ელექტროენერგიისა და მაზუთის მოხმარების გაზრდასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცხრილით შეუძლებელია დადგინდეს, რომ ელექტროენერგიის მოხმარება სწორედ ძირითადი მოსარჩელის ბრალეული ქმედებით გამოწვეული გაუთვალისწინებელი დანახარჯია და არა თავად ტერმინალის ჩვეულებირივი საქმიანობიდან გამომდინარე. ამასთან, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა მაზუთის შეძენის მიზანს, რომ ეს უკანასკნელი ემსახურებოდა მოპასუხის ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრას და არა თუნდაც სატესტო რეჟიმში დანადგარების შემოწმებას. სასამართლომ არასათანადო მტკიცებულებად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის შეთავაზება, რადგან შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ი“ თავისუფალი იყო არჩევანში და სწორედ შ.პ.ს „ო.ე.გ.ი.ს–ის“ მიერ შეთავაზებული წინადადება აღმოჩნდა მისთვის მისაღები. შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ წარმომადგენლის განმარტებით, ზუსტად იგივე შემოთავაზება არ ჰქონიათ ტექნიკური უნივერსიტეტისგან, რადგან იცოდნენ, რომ ის შედეგი დადგებოდა რა მდგომარეობაც ახლა აქვს ტერმინალს. სწორედ ამიტომ ხელშეკრულება შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–თან“ დაიდო, ვინაიდან შემოთავაზებული იყო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უფრო მისაღები იყო ტერმინალისთვის (8-10 საათში ჩამოცლა), (სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 25.10.2021, 17:23:14).

პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლის ეს მითითება გამორიცხავდა სხვა კონტრაქტორებთან ხელშეკრულების გაუფორმებლობით მიყენებული ზიანის არსებობას.

5.46. სასამართლომ მიიჩნია, რომ დახურული სააქციო საზოგადოება „ა. რ–ისა“ და ს.მ–ისა და ოპერაციების დირექტორის წერილებით არ დასტურდებოდა ფაქტი, რომ ყ–ვის ტერმინალში დამონტაჟებული მოწყობილობები იწვევდა ტვირთგადამზიდავი კომპანიების უკმაყოფილებას, ვინაიდან დაცლა ვერ ხორციელდება დროულად და ტვირთგადამზიდავი კომპანიები ამის გამო უპირატესობას სხვა მარშრუტს ანიჭებდნენ. პალატის შეფასებით, აღნიშნული წერილები არ წარმოადგენდა ვარგის მტკიცებულებას, იმის დასადასტურებლად, რომ შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ს“ ან ს.ს. „ა. რ–ას“ გააჩნდა კონტრაქტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ყოველთვიურად 100 000 ტონა მაზუთის ყ–ვის ტერმინალისთვის მიწოდების შესაძლებლობას. მითითებული წერილები ასევე ვერ ადასტურებდა ნავთობპროდუქტების მესაკუთრეების ნებას, ყ–ვის ტერმინალის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვის თაობაზე.

საქმის მსალებით არ დგინდებოდა მოპასუხესთან 100 000 ტონა მაზუთის მიწოდების ხელშეკრულების არსებობა და, რომ ამ მოცულობის მაზუთის გადაზიდვა, ყულევის ტერმინალის გავლით რეალურად მოხდებოდა.

5.47. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების შექმნა (მტკიცებულებათა წარდგენით), გაცილებით მაღალი სტანდარტის მტკიცებას მოითხოვს სამართალწარმოების მონაწილის, მოცემულ შემთხვევაში, შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ მხრიდან, რომლმაც ეს საპროცესო ვალდებულება ვერ განახორციელა. წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა სასამართოს არ შეუქმნა შინაგანი რწმენა იმისა, რომ შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–მა“ ხარვეზის აღმოსაფხვრელად 2 596 936 ლარის ხარჯი გაწია და რომ არა ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული მდგომარეობა, იგი გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებდა, ასევე, რომ შპს „ო.ე.გ.ი.ს–ი“ შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

5.48. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ სააპელაციო საჩივარი სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ - ისე მოპასუხემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–სის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნებთან მიმართებით. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასებები მისცა მათ.

6.1.2. შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–სმა“, 2017 წლის 11 მაისის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შ.პ.ს „შ.ზ.ტ–ს“ მიაწოდა 7 244 044 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხისა და რაოდენობის ნივთები (დანადგარები). აღსანიშნავია, რომ დანართ 2-ში მითითებული თანხა განკუთვნილი იყო მხოლოდ ნივთების (პროდუქციის) შესაძენად.

შ.პ.ს „შ.ზ.ტ–მა“ მიიღო მიწოდებული ნივთები (დანადგარები), შეამოწმა მისი ხარისხი, რაოდენობა და პრეტენზია გამოთქვა მხოლოდ ე.წ. „სამეულებთან“ დაკავშირებით, რაც შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–სის“ მიერ გამოსწორებულ იქნა.

შ.პ.ს „შ.ზ.ტ–მა“ ე.წ. „სამეულების“ გარდა, მიიღო ყველა დანარჩენი ნივთი, შეამოწმა მათი რაოდენობა და ხარისხი. შესაბამისად, ცხადია, რომ შ.პ.ს „ო.ე.გ.ი.ს–მა“ შ.პ.ს „შ.ზ.ტ–ს“ მიაწოდა უნაკლო ნივთები. პრეტენზიის განუცხადებლობა ნივთების მიღების დროს არის დადასტურება, რომ შ.პ.ს „ო.ე.გ.ი.ს–სმა“ პირნათლად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ისთვის“ შეთანხმებული ხარისხისა და რაოდენობის ნივთების მიწოდების თაობაზე. მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერით მოპასუხემ დაადასტურა, რომ მიწოდებული საქონელი იყო უნაკლო.

მოპასუხემ აანაზღაურა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების მხოლოდ 80 %, შესაბამისად, მას ასანაზღაურებელი აქვს დარჩენილი დავალიანება - 1 444 810 აშშ დოლარი.

6.1.3. ხელშეკრულების თანახმად, დამონტაჟებული დანადგარების ექსპლუატაციაში მიღება და გამოცდა უნდა განხორციელებულიყო ორივე მხარის მონაწილეობით, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული განახორციელა ხელშეკრულების დარღვევით - ერთპიროვნულად, ფაქტობრივად სათანადო ცოდნის არმქონე პერსონალის მიერ. ხელშეკრულებით სპეციალურად განისაზღვრა დებულება, რომ უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის პერსონალის გადამზადება მოსარჩელის მხრიდან. აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ სისტემა გამოირჩეოდა სპეციფიკით, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას, რათა ექსპლუატაციისას არ წარმოშობილიყო პრობლემები, მოპასუხემ კი, აღნიშნული დებულება უგულებელყო და სპეციალური ცოდნის, უნარისა და მომზადების გარეშე გაუშვა და გამოსცადა სისტემა.

6.1.4. არ დასტურდება, რომ დეფექტები, თუ საერთოდ არსებობს ასეთი, გამოწვეული იყო, მიწოდებული დანადგარების უხარისხობით. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე აღიარებს ბრალს მიწოდებული ნივთების უხარისხობასთან დაკავშირებით. კასატორის მითითებით, თუ დეფექტს აქვს ადგილი, ის გამოწვეულია მოპასუხის მხრიდან დანადგარების არასათანადო ექსპლუატაციით.

6.1.5. უსაფუძვლოა დასკვნა იმის შესახებ, რომ დანადგარების დაცლის საშუალო ხანგრძლივობა 8-10 საათის ნაცვლად არის 15 საათი. პროდუქციის გაცხელებისა და დაცლის დრო დამოკიდებულია სხვადასხვა ტექნიკურ პარამეტრსა და ფაქტორზე, კერძოდ, დანადგარის საპროექტო სიმძლავრეზე, დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებისთვის შესაბამისი გარემოს მომზადებაზე, პროდუქტის ფიზიკურ-ქიმიურ მდგომარეობაზე, ელ. ენერგიის სიმძლავრესა და იმ პერსონალის კვალიფიკაციაზე, რომლებიც ახორციელებენ დანადგარების ექსპლუატაციას. აღნიშნული ფაქტორებიდან მოსარჩელის კონტროლის ქვეშ მხოლოდ დანადგარების საპროექტო სიმძლავრე იყო. დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს შეთანხმებული სიმძლავრის დანადგარები მიაწოდა. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ისინი უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის მხრიდან.

6.1.6. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სისტემა იყო გაუმართავი და მას ჰქონდა რაიმე ხარვეზი.

6.2. შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.2.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა და არ დაადგინა ის ფაქტი, რომ კონტრაქტორის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მან ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების არსებითი პირობების შესრულება, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების საგნითა და დანართებით, რამაც დამკვეთს მიაყენა ზიანი.

6.2.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ ხელშეკრულების საგანი მოიცავდა სისტემის მოდერნიზებას, საპროექტო სამუშაოებს, მოწყობილობების მიწოდებას, შეფ-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას დამკვეთის ობიექტზე, გამშვებ-გამმართველი სამუშაოების ჩატარებას, დამკვეთის თანამშრომლებისთვის ადგილზე ტრენინგის ჩატარებას, ამასთანავე, დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებული ინსტრუქციის მიწოდებას, დამკვეთის შესაბამისი პერსონალისათვის პროცესებისა და ავტომატური დიაგრამების ნახაზების გადაცემას, რათა მათ განეხორციელებინათ დანადგარების ჩართვა, ოპერირება და ტექნიკური რემონტი, ასევე გარანტიის პერიოდში დამკვეთის მოთხოვნით ხარვეზების გამოსწორებას, ადგილზე დანადგარების დამონტაჟების პროცესის მეთვალყურეობას, მათ შორის მეთვალყურეობას დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების პროცესისათვის ხელშეკრულებისა და მის დანართებში აღნიშნული სპეციფიკის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ დამკვეთის მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, ბუნებრივია, რომ სრულად უკავშირდებოდა ხელშეკრულების პირობებს.

მხარეთა შორის არსებული ყველა დოკუმენტი და კომუნიკაცია (ხელშეკრულება, მისი დანართები, საბანკო გარანტია და აკრედიტივი) უდავოდ მოწმობს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასი მხარეებს შორის განისაზღვრა ყველა პირობის შესაბამისად, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ გარკვეული მოწყობილობების მიწოდებას. ამდენად, სახელშეკრულებო ფასი არ უკავშირდება ერთ-ერთ რომელიმე ცალკე აღებულ ვალდებულებას და იგი მოიცავს ხელშეკრულების საგნით, დანართებითა და სხვა პირობებით განსაზღვრულ ვალდებულებებს სრულად.

6.2.3. ხელშეკრულების ტექნიკური დავალების შესაბამისად, მოსარჩელისგან შეძენილი დანადგარებით მაზუთით სავსე ვაგონის ჩამოტვირთვა უნდა განხორციელებულიყო 8-10 საათში, მაშინ, როდესაც, ვაგონების დაცლის ხანგრძლივობამ საუკეთესო შემთხვევაში, მე-3 ესტაკადაზე 15-16 საათი შეადგინა, ხოლო მე-4 ესტაკადაზე - 20-21 საათი.

6.2.4. დროული ჩამოცლისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად ტვირთგადამზიდავმა კომპანიებმა შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ს“ მიმართეს თხოვნით, განეხორციელებინა არსებული დანადგარების თანამდროვე და უფრო ძლიერი დანადგარებით ჩანაცვლება. აღნიშნული ცხადყოფს, რომ დამკვეთს გააჩნდა არსებითი ინტერესი მოწყობილობების ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მიმართ (დრო, სიძლიერე, ხარისხი), ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული კლიენტები და ტვირთგადამზიდავი კომპანიები არ განახორციელებდნენ გადაზიდვას ყულევის ტერმინალის მეშვეობით. დღეის მდგომარეობით, რადგანაც კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულება, ხშირია დაყოვნებები და დამკვეთის კლიენტების უკმაყოფილება, რის შედეგადაც ტვირთგადამზიდავი კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ ტვირთის გადაზიდვას ყულევის ტერმინალის ავლით, რაც წარმოშობს უზარმაზარ ზიანს დამკვეთისათვის.

6.2.5. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე არასწორად იმსჯელა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ არ დაადგინა ფაქტი, რომ კონტრაქტორის მიერ ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ი“ განახორციელებდა ყოველთვიურად 100 000 ტონა მაზუთის გადმოცლას, საიდანაც იგი სარჩელის შეტანის დღის მდგომარეობით შემოსავლის სახით მიიღებდა - 2,512,500 აშშ დოლარს, შესაბამისად, დამკვეთმა განიცადა მნიშვნელოვანი თანხობრივი დანაკლისი, რომელიც ამჟამად 2,512,500 აშშ დოლარია.

6.2.6. კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეშმა დარღვევამ, არსებული დეფექტების გამოუსწორებლობამ, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრულ გარანტიაზე უარის თქმამ, დამკვეთი იძულებული გახადა თავად განეხორციელებინა დეფექტების გამოსწორება, დაზიანებული ნაწილების გამოცვლა და ა.შ, რათა თავიდან აეცილებინა გაცილებით დიდი ზიანი, ვიდრე ის, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს. გაზრდილმა ხარჯებმა, ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა, სამუშაო ძალის დაქირავებამ და შექმნილმა ურთულესმა მდგომარეობამ 1187701,68 ლარის ზიანი მიაყენა დამკვეთს, ამასთანავე, გადაჭარბებული მოხმარების ხარჯმა შეადგინა 881992 ლარი, ხოლო 42 მოდულზე გარკვეული სამუშოების შესრულების ღირებულებამ - 177966.10 აშშ დოლარი. მიუხედავად დამკვეთის ხარჯებით ჩატარებული სამუშაოებისა, დღეის მდგომარეობით, მაინც ვერ ხერხდება ხელშეკრულებით დადგენილ დროში ვაგონების ჩამოცლა, რაც ყოველდღიურ ზიანს წარმოშობს დამკვეთისათვის.

6.2.7. შპს „შ.ზ.ტ–ის“ სასარგებლოდ, ზიანის 8288638.96 ლარის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ზედაპირულია. ხელშეკრულების კონტრაქტორთან გაფორმება განხორციელდა სწორედ იმ ტექნიკური მახასიათებლების უზრუნველყოფის მიზნით, რომლის შესრულების ვალდებულებაც მან იკისრა. კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, დამკვეთს ჰქონდა სხვადასხვა სახელშეკრულებო შემოთავაზებები, რომელიც კონტრაქტორის მიერ ფაქტობრივად შესრულებულ და მოწოდებულ დანადგარებზე უკეთესი ხარისხის დანადგარებს, მოდერნიზებასა და პროექტირებას სხვა იურიდიული პირისგან გაცილებით დაბალ ფასად, 2049400 ევროდ, სთავაზობდა. უდავოა, რომ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაფორმდა 7224044 აშშ დოლარზე, საიდანაც დამკვეთის მიერ კეთილსინდისიერად და ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დაცვით გადახდილ იქნა თანხის 70%, კერძოდ 5056830 აშშ დოლარი, რომლითაც ის შედეგებიც კი არ იქნა მიღწეული, რომელსაც დამკვეთი მიიღებდა ალტერნატიული ხელშეკრულების გაფორმებისას. შესაბამისად, 2049400 ევროსა და 5056830 აშშ დოლარს შორის სხვაობა წარმოადგენს იმ ზიანს, რომელიც ფაქტობრივად მიადგა დამკვეთს.

6.2.8. მიყენებული ზიანის 10885575 ლარის დაზოგვითა და სარგებლობით მოპასუხე ახდენს ქონების დაზოგვას. კერძოდ, თანხის საბანკო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში მას მოუწევდა საპროცენტო სარგებლის სახით წლიური 13.1% ის გადახდა, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია უსაფუძვლოდ გამდიდრების, სხვა პირის კუთვნილი ფულადი თანხის არაუფლებამოსილი სარგებლობის გამო, მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის მიერ დაზოგილი თანხა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. წინამდებარე საკასაციო საჩივრების ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია: მხარეთა მხრიდან შესრულდა თუ არა ვალდებულებები ხელშეკრულების შესაბამისად, უარყოფით შემთხვევაში, რომელმა მხარემ დაარღვია ხელშეკრულება და არსებობს თუ არა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ზიანის დაკისრების წინაპირობები.

11. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

11.1. 2017 წლის 11 მაისს მოსარჩელესა (კონტრაქტორი) და მოპასუხეს (დამკვეთს) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–მა“ 7 224 044 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ისათვის“ მიეწოდებინა დანადგარები, დამკვეთის ობიექტზე განეხორციელებინა შეფ-სამონტაჟო და გამშვებ-გამმართველი სამუშაოების ჩატარება, დამკვეთის თანამშრომლებისთვის ტრენინგის მოწყობა, დამკვეთისათვის დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებული ინსტრუქციის, დიაგრამებისა და ნახაზების გადაცემა; დანადგარების მონტაჟის, ტესტირებისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესის მეთვალყურეობა; გარანტიის პერიოდში დანადგარებზე წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორება.

11.2. ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად, დამკვეთმა აკრედიტივის მთლიანი თანხის 20% უნდა გადაიხადოს მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტის ხელმოწერის შემდეგ. მიღება ჩაბარების საბოლოო აქტი გაფორმდება კონტრაქტის საფუძველზე ტექნიკური დავალების შესაბამისად ტექნიკის წარმატებით ინსტალაციის, ექსპლუატაციისა და შემოწმების შემდეგ (დანართი1) (ტ.1 ს.ფ. 75).

ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტორი იძლევა გარანტიას, რომ სამუშაოები შესრულდება მაღალი ხარისხით და შეძენილი მარაგი იქნება ახალი და გამოუყენებელი. კონტრაქტორი პასუხისმგებელია ობიექტის ნებისმიერ ნაწილში დაზიანების აღმოფხვრაზე, გარანტიის მოქმედების პერიოდში და რომელიც შეიძლება წარმოიშვას არასათანადო/შეუსაბამო მასალის, არასწორი სამუშაობის ან დიზაინის გამოყენების გამო (ტ.1, ს.ფ. 76).

ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, ტექნიკის საბოლოო მიღება ხორციელდება ტექნიკის ექსპლუატაციაში გაშვებისა და შემოწმების დასრულებისას. 9.2. პუნქტის მიხედვით, ექსპლუატაციაში გაშვება განხორციელდება ერთობლივად, დამკვეთისა და კონტრაქტორის სპეციალისტების მონაწილეობით, იმის შესამოწმებლად, რომ დამკვეთის მიერ კონტრაქტორის ზედამხედველობით დამონტაჟებული მოწყობილობა ფუნქციონირებს და კარგ სამუშაო მდგომარეობაშია. 9.3. პუნქტის შესაბამისად, ექსპლუატაციაში გაშვების შედეგები უნდა იყოს შესაბამისობაში ტექიკური დავალების ნორმებთან. 9.4. პუნქტით, კონტრაქტორი ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ექსპლუატაციაში გაშვების ყველა აქტი. 9.5. პუნქტის მიხედვით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი უნდა იქნეს ხელმოწერილი ტექნიკის წინასწარი ექსპლუატაციაში გაშვებისა და გაშვების დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლის შემდეგ. 9.6. პუნქტის შესაბამისად, ტექნიკის ექსპლუატაციაში გაშვებისა და ტექნიკის ამოქმედების წარმატებულ საფუძვლად მიიჩნევა ტექნიკურ დავალებაში (დანართი 1) მითითებულ დროში 10 მატარებლის გადმოტვირთვა მძიმე საწვავით. 9.7. პუნქტით კონტრაქტი არ მიიჩნევა სრულად შესრულებულად მანამ, სანამ არ მოხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერა ორივე მხარის მიერ (ტ.1 ს.ფ. 77).

11.3. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მიწოდებული დანადგარების მეშვეობით ტერმინალის ნავთობპროდუქტების გამტარუნარიანობის გაზრდა იმგვარად, რომ მიღწეულიყო ვაგონ-ცისტერნების 8-10 საათში დაცლა.

11.4. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა ხელშეკრულების ღირებულების 80%, ხოლო დარჩენილი 20% განათავსა აკრედიტივზე.

11.5. მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეზე გაიცა საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.

11.6. მოსარჩელემ, მოპასუხეს, ხელშეკრულებით შეთანხმებული დანადგარები დათქმულ ვადაში 2017 წლის 31 ოქტომბრამდე მიაწოდა.

11.7. 2017 წლის ოქტომბერში დანადგარების მონტაჟის პროცესში გამოვლინდა დეფექტები 37 დანადგარის სამკაპზე, რაც მოსარჩელის მიერ აღმოიფხვრა, რის შემდეგაც, 2017 წლის 8 ნოემბერს მხარეთა შორის შედგა დეფექტური აქტი. განხორციელდა 42 ცალი მაზუთის გახურებისა და ჩამოსხმის ავტომატიზირებული მოდულის დამონტაჟება და 2017 წლის 10 ნოემბერს შედგა შესაბამისი აქტი. განხორციელდა დამონტაჟებული ჰიდრო მონიტორების გამოცდა, რის თაობაზეც, 2017 წლის 12 ნოემბერს შედგა ჰიდრავლიკური შემოწმების აქტი.

11.8. დანართ №1-ის თანახმად, სისტემას მისაღები შემოწმებები, ანუ ე.წ. ტესტირება წლის ცივ პერიოდში, 2018 წლის 31 იანვრამდე უნდა ჩატარებოდა და ტესტირების ფარგლებში 10 მატარებელი უნდა განტვირთულიყო, რის შემდეგაც მხარეებს შორის უნდა შემდგარიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.

11.9. სისტემის ტესტირება განხორციელდა მოსარჩელის მონაწილეობით, რა დროსაც მიწოდებულ დანადგარებს გამოუვლინდათ მთელი რიგი ტექნიკური პრობლემები (აღნიშნულის დასტურია საქმეში წარმოდგენილი მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, სადაც კონტრაქტორი მზადყოფნას გამოთქვამს აღმოფხვრას გამოვლენილი ნაკლოვანებები და მადლიერებას გამოხატავს იმის გამო, რომ ხელშემკვრელმა მხარემ ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობა მისცა).

11.10. ტესტირებისას, გარდა იმისა, რომ დანადგარებს გაშვებისას გამოუვლინდათ ტექნიკური დეფექტები, ასევე, მიღწეული ვერ იქნა ხელშეკრულების მთავარი მიზანი - ტერმინალის ნავთობპროდუქტების გამტარუნარიანობის გაზრდა, კერძოდ, ვაგონების დაცლა მე-3 ესტაკადაზე კვლავ 15-20 საათის, ხოლო მე-4 ესტაკადაზე 22-24 საათის განმავლობაში განხორციელდა.

11.11. მოსარჩელეს, მოპასუხის პერსონალი არ გადაუმზადებია.

11.12. მოსარჩელეს სისტემის ტესტირებისას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზები არ გამოუსწორებია.

11.13. 2018 წლის 5 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ სისტემის გაუმართაობა გამოწვეული იყო მისი გამოუცდელი პერსონალის მიერ ექსპლუატაციის შედეგად, რის გამოც, 05.03.18 წლიდან იხსნიდა პასუხისმგებლობას ხელშეკრულების საგარანტიო მოვალეობაზე და დანადგარების შემდგომი ექსპლუატაცია განხორციელდებოდა ტერმინალის პასუხისმგებლობით (ტ.1. ს.ფ. 178).

11.14. მოსარჩელის განცხადება საგარანტიო ვალდებულებებზე უარის თქმის შესახებ, მოპასუხემ შეაფასა, როგორც უარი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე, რის გამოც, გაიტანა აკრედიტივზე არსებული ხელშეკრულების ღირებულების 20% (1444810 აშშ დოლარი) და გამოითხოვა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობთ (722 405 აშშ დოლარი).

11.15. მოსარჩელის მხრიდან საგარანტიო ვალდებულებებზე უარის თქმის გამო, მოპასუხე იძულებული გახდა საკუთარი ძალებით განეხორციელებინა დანადგარებზე გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა (ტ.2 ს.ფ. 75).

11.16. მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის არ გაფორმებულა.

12. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მხარეებს შორის გაფორმდა შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა ნასყიდობისა და ნარდობის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებს, კერძოდ, კონტრაქტორის ვალდებულებას ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ წარმოადგენდა არა მხოლოდ დანადგარების მიწოდება, არამედ, ასევე მათი მონტაჟი, ინსტალირება, ტესტირება, ექსპლუატაციაში გაშვება, მოდერნიზება, დამკვეთის პერსონალის დატრენინგება, საგარანტიო მომსახურება.

13. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, სახელდობრ, დანადგარებს ტესტირებისას გამოუვლინდათ ტექნიკური ხარვეზები, რაც არ იქნა გამოსწორებული დამკვეთის მხრიდან და გარდა ამისა, ვერ იქნა მიღწეული ხელშეკრულების მთავარი მიზანი - ტერმინალის გამტარუნარიანობის გაზრდა, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, უარი განეცხადებინა ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის გადახდაზე და გამოეთხოვა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.

14. საკასაციო პალატა არ იზიარებს ძირითადი მოსარჩელის მტკიცებას, რომ დანადგარების გაუმართაობა გამოწვეულ იქნა დამკვეთის მხრიდან, სისტემის, კონტრაქტორის მონაწილეობის გარეშე გაშვებით და არასწორი ექსპლუატაციით, ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ სისტემას ტესტირება ჩაუტარდა მოსარჩელის წარმომადგენლების მონაწილეობით, ამასთან, არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ სისტემის მუშაობისას გამოვლენილი ტექნიკური პრობლემები გამოწვეულ იქნა დანადგარების არასწორი ექსპლუატაციით.

15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა, ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებელია და გამყარებული არ არის ზიანის ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებებით.

16. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 494.1 მუხლის შესაბამისად, ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. ამავე კოდექსის 394.1 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმავე კოდექსის 408.1 მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სათანადო მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნი შესრულებით მოპასუხემ განიცადა ქონებრივი დანაკლისი.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის შესაბამისად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან საგარანტიო ვალდებულებებზე უარის თქმის გამო, მოპასუხემ მზაობა გამოხატა საკუთარი ძალებით განეხორციელებინა დანადგარებზე გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა, რითაც მან მიიღო ნაკლიანი შესრულება.

20. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნაკლიანი შესრულების გამო, დამკვეთმა კონტრაქტორს არ გადაუხადა ხელშეკრულების ღირებულების 20% და ამასთან, გამოითხოვა საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით, რითაც ფაქტობრივად ხელშეკრულების ღირებულება შეამცირა 30%-ით.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიების წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, თითოეულს - 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ი“-ს და შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ს“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „შ.ზ.ტ–ი“-ს (ს/კ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (ელექტრონული საგადახდო დავალება №25396, გადახდის თარიღი 30.11.2021 წ.) 70% - 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. შ.პ.ს. „ო.ე.გ.ი.ს–ს“-ს (ლიცენზიის ნომერი 5620, რეგისტრაციის ნომერი 5241) დაუბრუნდეს შ.პ.ს. „ს. და ფ.კ.-მ“-ს (ს/კ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება №0 გადახდის თარიღი 17.12.2021 წ.) 70% - 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია