Facebook Twitter

№ა-2429-შ-63-2019 31 ივლისი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები (მოსარჩელეები) – ზ.ო–ი, შპს „ო.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

განხილვის საგანი – შვედეთის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის შუალედური ღონისძიების შესახებ 2019 წლის 2 აპრილის საგანგებო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შვედეთის, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟის შუალედური ღონისძიების შესახებ 2019 წლის 2 აპრილის საგანგებო გადაწყვეტილებით: საგანგებო არბიტრის მიერ საქართველოს რესპუბლიკას დაევალა თავის შეკავება შემდგომი მოქმედებებისგან, აღსრულების პროცესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებისგან, რომელიც გამოტანილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 4 ოქტომბერს შპს „ო.-ს“ წინააღმდეგ, ვიდრე შეწყდება წინამდებარე გადაწყვეტილების სავალდებულოობა სსს საარბიტრჟო წესების, 2017-ის დანართი II-ის 9(4) მუხლის დებულებების შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, საქართველოს რესპუბლიკას დაევალა გადაუხადოს ზ.ო–ს 60 000 ფუნტი, როგორც კომპენსაცია იურიდიული ხარჯებისათვის და პროცენტი LIBOR-ის ზემოთ 2%, რაც დაანგარიშდება გადაწყვეტილების მიღების დღიდან. საქართველოს რესპუბლიკას ასევე დაევალა გადაიხადოს საგანგებო არბიტრის მომსახურების ღირებულება 16 000 ევრო (პლიუს 4000 ევრო დღგ 25%), განაცხადის გადასახადი 4000 ევროს ოდენობით (პლიუს 25% დღგ 1000 ევრო) და პროცენტი, რაც დაირიცხება ზ.ო–ის კუთვნილ ოდენობაზე, განაკვეთით 2% LIBOR-ის ზემოთ, დაანგარიშდება გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

2. ზ.ო–მა და შპს „ო.-მ“ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით ზ.ო–ისა და შპს „ო.-ს“ შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

4. 2019 წლის 29 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს შუამდგომლობის ავტორებმა და მიუთითეს, რომ უარს ამბობენ წარდგენილ შუამდგომლობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კოდექსის 356 20 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

8. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

10. სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება შუამდგომლობაზე უარის თქმის უფლებაზეც.

11. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, შუამდგომლობის ავტორებმა წარმოადგინეს განცხადება და უარი თქვეს შუამდგომლობაზე, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით, 2019 წლის 20 მაისის #0 საგადახდო დავალებით ხ.ფ–ნის მიერ გადახდილი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ო–ისა და შპს „ო.-ს“ შუამდგომლობაზე შეწყდეს საქმის წარმოება;

2. ზ.ო–სა (.....) და შპს „ო.-ს“ (...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ 20.05.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი