№ა-4330-შ-121-2016 26 თებერვალი, 2018 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი (მოსარჩელე) – ვ.ჯ–ი
წარმომადგენლები - დ.ტ–ძე, გ.ო–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ.ჯ–ი
წარმომადგენელი - გ.ს–ძე
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება – აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის # FD-19-126-15 გადაწყვეტილება (ბრძანება) და აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის # FD-19-000126-15 გადაწყვეტილება (ბრძანება)
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის # FD-19-126-15 გადაწყვეტილებისა (ბრძანებისა) და აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის # FD-19-000126-15 გადაწყვეტილების (ბრძანების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის # FD-19-126-15 გადაწყვეტილებითა (ბრძანება) და აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის # FD-19-000126-15 გადაწყვეტილებით (ბრძანება) დადგინდა შემდეგი: მოპასუხე გ.ჯ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოვალე) მოსარჩელე ვ.ჯ–ის (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, მოსარჩელე, კრედიტორი) სასარგებლოდ დაეკისროს, მეუღლის სარჩო, თვეში 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი. მითითებული თანხა მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს, ყოველი თვის პირველ რიცხვში, 2016 წლის 1 თებერვლიდან.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების (ბრძანებების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. 2017 წლის 20 თებერვალს მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსაზრება წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის სასამართლოში მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ აღძრული არც სარჩელის ასლი და არც შესაბამისი სასამართლო უწყება არ ჩაბარებია. მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა და 2012 წლიდან მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოშია, რის შესახებაც მოსარჩელემ სასამართლოს ინფორმაცია განზრახ არ მიაწოდა. ნიუ ჯერსის სასამართლოს ცნობაში აღნიშნულია, რომ დასახელებულ საქმეზე მოპასუხეს შეტყობინება გაეგზავნა, თუმცა მასში მითითებული არ არის, რომ ამ უკანასკნელს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა.
4. 2017 წლის 22 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნიუ ჯერსის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაარღვევს საქართველოში მოქმედ საჯარო წესრიგს, სამართლის ძირითად პრინციპებს და შეეწინააღმდეგება მსგავს საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, შემდეგი მიზეზების გამო:
4.1. მოპასუხე არ გაუფრთხილებიათ სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ, მას არანაირი დოკუმენტი და საქმის მასალა არ ჩაბარებია, რაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ის გარემოება, რომ მოპასუხეს შესაძლებლობა არ მიეცა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციისათვის შესაგებელი დაეპირისპირებინა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 4.1 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული შეჯიბრებითობისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებს. ამავდროულად, დარღვეულია სსსკ-ის 422.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილება ბათილია, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
4.2. საქმის განმხილველმა მოსამართლემ მხარის დაუსწრებლად ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოპასუხის შემოსავლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების დამდგენი რაიმე მტკიცებულება არ გამოუთხოვია, მაშინ როდესაც სსსკ-ის 4.2 და ამავე კოდექსის 354-ე მუხლით, მოსამართლე ვალდებულია ასეთი გარემოებები დაადგინოს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 48.6 პუნქტის თანახმად, სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სარჩენი პირის მოთხოვნილება და მარჩენალის ეკონომიკური მდგომარეობა, მაშინაც კი, როცა სამართალი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება, სხვა რამეს განსაზღვრავს. ეს ნორმა თავისი იმპერატიული ბუნებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრინციპია, რომელიც საერთაშორისო კერძოსამართლებრივი მითითებითი ნორმებიდან ერთგვარი გადახვევაა და ქართულმა სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, ერთ შემთხვევაში, როგორც დათქმა გამოსაყენებელ სამართალთან ერთად და, მეორე შემთხვევაში, როგორც სამართლებრივი პრინციპი, რომელსაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის სარჩოს სახით 3000 აშშ დოლარის დაკისრება მოხდა ამ უკანასკნელის რეალური ეკონომიკური მდგომარეობის მხედველობაში მიუღებლად, რაც კანონსაწინააღმდეგოა. ქონების გაყიდვის ხელშეკრულება, რომელსაც აშშ-ის სასამართლო დაეყრდნო, გაყალბებულია. ამ დასკვნის საფუძველს ის გარემოება ქმნის, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა მოპასუხეს არ ეკუთვნის და შეუძლებელიცაა, მისი ხელმოწერა იყოს.
5. 2017 წლის 15 აგვისტოს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში განცხადება შემოიტანა, რომლითაც ითხოვა 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის გათვალისწინებით ნიუ ჯერსის სასამართლოდან მოპასუხისათვის გაგზავნილი კორესპონდენციების შესახებ ინფორმაციის განსაზღვრული სუბიექტებიდან (საფოსტო მომსახურების კომპანია სასაქონლო ნიშნით „ფ–სი“ (შპს „მ მ მ. და მ.ჯ.“, საფოსტო მომსახურების კომპანია სასაქონლო ნიშნით „მ. ე.-U.“ (შპს „მ.ე–სი“), ს.ფ–ა (შპს „ს.ფ–ა“), საფოსტო მომსახურების კომპანია სასაქონლო ნიშნით „D.ს–ო“ (შპს „ჯ.ე–სი“), საფოსტო მომსახურების კომპანია სასაქონლო ნიშნით „T.“ (შპს „ს.“), სსიპ შემოსავლების სამსახური) გამოთხოვა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, დასახელებული კომპანიები წარმოადგენდენ საქართველოს ბაზარზე მოქმედ საფოსტო კომპანიებს, რომლებიც ახორციელებდნენ საერთაშორისო საფოსტო მომსახურებას. შესაბამისად, სავარაუდო იყო, რომ ნიუ ჯერსიდან გამოგზავნილი კორესპონდენცია მოპასუხეს მიწოდებოდა რომელიმე ამ კომპანიის მიერ და ჩაბარების შესახებ ცნობაც რომელიმე ამ კომპანიის მონაცემთა ბაზაში იქნებოდა. გარდა ამისა, საქართველოში შემომავალი კორესპონდენცია გადის საქართველოს საბაჟო საზღვარს და, ამდენად, წერილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს შემოსავლების სამსახურის ბაზაში. სასამართლო წარმოება ნიუ ჯერსის უმაღლეს სასამართლოში სწორედ 2015 წლის ბოლოდან მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, საფოსტო კომპანიებში ან შემოსავლების სამსახურში აუცილებლად იქნებოდა დაცული ინფორმაცია მოპასუხესთან კომუნიკაციის შესახებ. ხსენებულ განცხადებას თან დაერთო საფოსტო პროვაიდერებისგან გამოგზავნილი კორესპონდენცია, კერძოდ, „ს.ფ–ის“ 2017 წლის 9 აგვისტოსა და 2017 წლის 11 აგვისტოს წერილები ინფორმაციის მიწოდებაზე უარის შესახებ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შესაბამის ორგანიზაციებს: (საფოსტო მომსახურების კომპანია სასაქონლო ნიშნით „ფ–სს“ (შპს „მმ მ. და მ.ჯ.“), საფოსტო მომსახურების კომპანია სასაქონლო ნიშნით „მ.ე–სი-U-ს“ (შპს „მ.ე–სს“), ს.ფ–ას (შპს „ს.ფ–ას“), საფოსტო მომსახურების კომპანია სასაქონლო ნიშნით „D.ს–ოს“ (შპს „ჯ.ე–სს“), საფოსტო მომსახურების კომპანია სასაქონლო ნიშნით „T-ს“ (შპს „ს-ს“), სსიპ შემოსავლების სამსახურს) - დაევალათ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ შემდეგი ინფორმაცია: იყო თუ არა გაგზავნილი აშშ-ის ნიუ ჯერსის სასამართლოდან გზავნილი საქართველოში მცხოვრები მოპასუხის სახელზე - 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე დროის მონაკვეთში.
7. 2018 წლის 22 იანვარს შპს „ს.ფ–ამ“ საკასაციო სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, რომელსაც თან ერთვის შპს „ს.ფ–ის“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის/რეკლამაციის სამსახურის უფროსის მიმართვა და ამონაწერი ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამიდან. ხსენებულ მიმართვაში აღნიშნულია შემდეგი: შპს „ს.ფ–ის“ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, მოპასუხის სახელზე (ქ.თბილისი, .....) 2015 წლის 22 დეკემბერს შემოსულია მარტივი კატეგორიის წერილობითი კორესპონდენცია ნომრით - 020026456425; დასახელებული წერილი სავარაუდოდ გამოგზავნილია ამერიკის შეერთებული შტატებიდან; გზავნილი №020026456425 მოპასუხეს ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ „ადრესატი არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე“. საფოსტო წესების სრული დაცვით, შენახვის ვადის გასვლის გამო, აღნიშნული წერილი დაბრუნდა უკან, გამომგზავნთან. ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამიდან ამონაწერში მითითებულია, რომ 2015 წლის 23 დეკემბერს შპს „ს.ფ–ის“ თბილისის საფოსტო სერვის ცენტრიდან ვერ მოხერხდა გაგზავნილი კორესპონდენციის მოპასუხისათვის ჩაბარება, ვინაიდან ადრესატი მისამართზე არ იმყოფებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის # FD-19-126-15 გადაწყვეტილებითა (ბრძანება) და აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის # FD-19-000126-15 გადაწყვეტილებით (ბრძანება) დადგინდა შემდეგი: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს, მეუღლის სარჩო, თვეში 3 000 (სამი ათასი) აშშ დოლარი. მითითებული თანხა მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს, ყოველი თვის პირველ რიცხვში, 2016 წლის 1 თებერვლიდან.
9. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილებები (ბრძანებები) კანონიერ ძალაშია შესული და არ არის აღსრულებული.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის, დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
11. მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნას და ძირითადად საკუთარ პოზიციას აფუძნებს იმაზე, რომ მოპასუხე სათანადოდ არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, მას არანაირი დოკუმენტი და საქმის მასალა არ ჩაბარებია, ასევე, საქმის განმხილველმა მოსამართლემ მხარის დაუსწრებლად ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოპასუხის შემოსავლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების დამდგენი რაიმე მტკიცებულება არ გამოუთხოვია.
12. პალატა არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ის კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: „მოპასუხის სათანადო წესით მოწვევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შუამდგომლობას თან ერთვის მოპასუხის მოწვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, წარმოიშობა გაბათილებადი პრეზუმფცია (rebuttable presumption), რომ მოპასუხე მოწვეული იყო სასამართლო განხილვაზე. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს პრეზუმფცია გააბათილოს და მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადაიტანოს“ (საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018 წ. გვ:110). ამასთან, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა (შდრ. იხ.: სუსგ №ა-2021-შ-52-2016, 21.10.2016; №ა-5274-შ-130-2018, 11.06.2019; №ა-4744-შ-119-2017, 30.05.2018; №ა-5069-შ-130-2017, 26.04.2018). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მიეცა შესაძლებლობა გაექარწყლებინა მისთვის უწყების ჩაბარების ვარაუდი, თუმცა, მან ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ამ ვარაუდს გააქარწყლებდა ან მტკიცების ტვირთს შუამდგომლობის ავტორზე გადაიტანდა. უფრო მეტიც, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნის საფუძველზე შპს „ს.ფ–იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ სწორია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება სათანადო წესით მოპასუხის ინფორმირების თაობაზე. კერძოდ, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია სასამართლოს ოფიციალური ჩანაწერი უწყების ჩაბარების პროცედურასთან დაკავშირებით (ს.ფ. 323-325) და სასამართლოს მიერ 2015 წლის 12 სექტემბერს გაგზავნილი ოფიციალური უწყება (ს.ფ. 327-329). აღნიშნულ მტკიცებულებებში მითითებულია, რომ: მოპასუხეს სათანადო წესით გაეგზავნა შეტყობინება სასამართლოში გამოცხადების (2016 წლის 26 იანვარს, 09.00 საათზე) თაობაზე, იგი „სათანადოდ იყო გაფრთხილებული მოსმენაზე გამოცხადების შესახებ“, თუმცა არ გამოცხადებულა; მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მოპასუხეს სათანადოდ ჩაბარდა შეტყობინება და შესაგებელი არ წარადგინა, ამ უკანასკნელს დაეკისრა მეუღლის სარჩოს გადახდის ვალდებულება; სასამართლოს ხსენებული კორესპონდენცია მოპასუხეს გაეგზავნა საქართველოში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ..... მითითებული გარემოება დასტურდება, ასევე, შპს „ს.ფ–ის“ 18.01.2018წ. განცხადებაზე თანდართული ხარისხის მართვის დეპარტამენტის/რეკლამაციის სამსახურის 18.01.2018წ. წერილით. კერძოდ, მოპასუხე არ შედავებია იმ გარემოებას, რომ მისამართი, რომელზედაც უწყება გაიგზავნა, მას ეკუთვნის. ის ფაქტი, რომ შესაძლოა მოპასუხე ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს, ვერ აბათილებს მისთვის უწყების ჩაბარების ზემოხსენებულ ვარაუდს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლო აქტის მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე მას უწყება არ ჩაბარებია, არასაკმარისი მტკიცებულებაა. სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების სასამართლო აქტში მითითებული ჩანაწერის გაქარწყლებას დასაბუთებული მტკიცებულება სჭირდება, რაც მოცემულ საქმეზე მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას, როდესაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს მკაფიო მითითებას კანონით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირების თაობაზე, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში, იმის გამო, რომ კანონით დადგენილი წესით არ გადასცეს უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტს, რომ მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ.
13. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ იმაზე აპელირება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას უცხო ქვეყნის სასამართლოს მოპასუხის შემოსავლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების დამდგენი რაიმე მტკიცებულება არ გამოუთხოვია. ამ შემთხვევაში, საყურადღებოა შემდეგი გარემოება: აშშ-ის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა - არა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ - სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო. ასეთ დროს კი, სასამართლოს მიერ მოპასუხის შემოსავლის გაუთვალისწინებლად გადაწყვეტილების გამოტანა განსხვავდება საქმის არსებითი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების გამოტანისგან. საკითხის ამგვარად შეფასება მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, სასამართლო პროცესზე გამოუცხადებელი მხარის მიმართ (რომელსაც შესაბამისი სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა) გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო შესაძლებლობა. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ, №ას-121-117-2016, 17.03.2016; №ას-68-62-2015, 29.04.2015; №ას-1158-1113-2016, 10.02.2017). მოცემულ შემხვევაში, საქმეში არსებული 2015 წლის 12 სექტემბრის უწყების მიხედვით, მოპასუხეს დაევალა, სასამართლოსათვის წარედგინა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ბოლო 3 თვის გადახდის ქვითარი და/ან სხვა შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) უკანასკნელი ფედერალური (IRS) საგადასახადო დეკლარაცია (ს.ფ. 327). ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოსათვის მნიშვნელოვანი იყო, მოპასუხის გადახდისუნარიანობის საკითხის შესწავლა, თუმცა იმის გამო, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც შესაგებელი არ წარმოუდგენია, საქმეზე გადაწყვეტილება მის დაუსწრებლად მიიღო.
14. დაუსაბუთებელია მოპასუხის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ქონების გაყიდვის ხელშეკრულება (რომელსაც აშშ-ის სასამართლო დაეყრდნო) გაყალბებულია. კერძოდ, პალატა აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას. ამდენად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია სწორედ შუამდგომლობის ცნობითა და აღსრულებით შემოიფარგლება და, შესაბამისად, მხარის მიერ მოყვანილი ზემომითითებული გარემოებები ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს - აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის # FD-19-126-15 გადაწყვეტილება (ბრძანება) და აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის # FD-19-000126-15 გადაწყვეტილება (ბრძანება) მოთხოვნილ ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ჯ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის # FD-19-126-15 გადაწყვეტილება (ბრძანება) და აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის # FD-19-000126-15 გადაწყვეტილება (ბრძანება), რომლითაც მოპასუხე გ.ჯ–ს მოსარჩელე ვ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა მეუღლის სარჩო თვეში 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარი. მითითებული თანხა მოპასუხე გ.ჯ–მა მოსარჩელე ვ.ჯ–ს უნდა გადაუხადოს ყოველი თვის პირველ რიცხვში 2016 წლის 1 თებერვლიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ.ქათამაძე
მომხსენებელი: ბ.ალავიძე
ე.გასიტაშვილი