Facebook Twitter

№ას-1770-2019 15 ოქტომბერი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „მ–ი"

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ა–ი"

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს “მ–ი“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, მოვალე) ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, შპს „ა–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე, კრედიტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 92 115 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის მითითებით, მოსარჩელისაგან შესაბამისი ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ფაქტი სადავო არ არის, თუმცა სასამართლო მოპასუხისათვის თანხის დაკისრების დროს დაეყრდნო 2014 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ ვალის აღიარების ყალბ დოკუმენტს. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2017 წლის 9 ნოემბერს. შესაბამისად, რადგანაც პროდუქციის 4 მიწოდებიდან სამი მიწოდებით გათვალისწინებული მოთხოვნა ხანდაზმული იყო, მოსარჩელემ, მოპასუხე კომპანიის ყოფილ დირექტორთან ერთად, გააყალბა წერილი, თითქოსდა მან 2014 წლის 29 ნოემბერს აღიარა მოსარჩელის წინაშე 62 715 ლარის დავალიანების არსებობა. კასატორის მტკიცებით, მოხმობილი დოკუმენტი არა მითითებულ თარიღში, არამედ მოგვიანებით შეიქმნა.

2.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიანიჭა სადავო დოკუმენტს მტკიცებულებითი მნიშვნელობა, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ ასლის დედანთან შესაბამისობის დამოწმება არ ნიშნავს დოკუმენტის დედნის კანონიერებისა და ნამდვილობის დამოწმებას. შესაბამისად, შესაძლებელია ასეთი დოკუმენტი იყოს გაყალბებული.

2.3. კასატორის მტკიცებით, სარჩელი ხანდაზმულია მეოთხე (ბოლო) მიწოდების/შესყიდვის ნაწილშიც. ბოლო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 8 ნოემბერს და საფასურიც მყიდველს უნდა გადაეხადა იმავე დღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის 8 ნოემბრიდან თანხის ანაზღაურების მოთხოვნა, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლის გამო, ხანდაზმულია.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.1.1. მოსარჩელემ მოპასუხეს 2011 წლის 24 ოქტომბერს 16 290 ლარის 5430 კგ ყურძენი, 2012 წლის 30 ოქტომბერს 11 850 ლარის 3950 კგ ყურძენი, 2013 წლის 12 ოქტომბერს 34 575 ლარის 11 525კგ ყურძენი, ხოლო 2014 წლის 8 ნოემბერს 29 400 ლარის 9800 კგ ოჯალეშის ჯიშის ყურძენი მიაწოდა. 2011 წლის 24 ოქტომბრიდან 2014 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით მოპასუხემ მოსარჩელეს სულ 92 115 ლარის ოჯალეშის ჯიშის ყურძენი მიაწოდა.

5.1.2. 2014 წლის 29 ნოემბრით დათარიღებული მოპასუხე კომპანიის დირექტორის (შემდეგში ყოფილი დირექტორის) მიერ ხელმოწერილი და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული წერილის სანოტარო წესით დამოწმებული ასლით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიამ მიწოდებული ყურძენი გადაამუშავა სარეალიზაციოდ და 2011 წლის 24 ოქტომბერს, 2012 წლის 30 ოქტომბერს და 2013 წლის 12 ოქტომბერს მიწოდებული ყურძნის ღირებულების - 62 715 ლარის გადახდა იკისრა.

6. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, ეს გარემოებები, სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

7. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიწოდებული ყურძნის ღირებულების ანაზღაურებაა. მოპასუხე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან ნამდვილად მიიღო მოსარჩელისგან ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ღირებულების საქონელი, თუმცა უარს აცხადებს გადახდაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. მოპასუხის ამ შესაგებლის გასაბათილებლად მოსარჩელე უთითებს 2014 წლის 29 ნოემბრის ვალის აღირების ხელწერილზე და მიიჩნევს, რომ ამ ხელწერილით აღიარებული თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა მისი შედგენის მომენტიდან უნდა დაიწყოს და, რაკი სარჩელი შეტანილია 2017 წლის 9 ნოემბერს, მოთხოვნა ხანდაზმული არაა.

8. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული ხელწერილის თანახმად, მოპასუხე კომპანიის დირექტორი აღიარებს მოსარჩელის წინაშე 62 715 ლარის დავალიანების არსებობას და კრედიტორს ჰპირდება მის სრულად დაფარვას. კასატორი ედავება მითითებული დოკუმენტის ნამდვილობას. კერძოდ, მისი განმარტებით, სადავო მტკიცებულება შედგენილია არა 2014 წელს, არამედ მოგვიანებით, როდესაც ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პირი კომპანიის დირექტორი აღარ იყო და, ამდენად, ასეთი დოკუმენტის შედგენის უფლებამოსილებაც არ გააჩნდა. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ, ჯერ ერთი, კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას, დაადასტურა 2014 წლის 29 ნოემბერს გამყიდველის წინაშე დავალიანების არსებობის აღიარების ფაქტი და, მეორეც, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელისათვის სარჩელის გამოხმობის სანაცვლოდ 92115 ლარის (10 თვის განმავლობაში განაწილვადებით) გადახდის თაობაზე კომპანიის ამჟამინდელი დირექტორის შეთავაზება. მითითებული დოკუმენტის ნამდვილობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხეს არც ზემოხსენებული მოწმის ჩვენების გასაქარწყლებლად წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება. საკასაციო პალატა, ამ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით, მიიჩნევს, რომ მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (საწარმოს დირექტორმა) 2014 წლის 29 ნოემბერს აღიარა დავალიანების არსებობა და მისი გადახდაც იკისრა. არადამაჯერებელია მოპასუხის შედავება ზემოხსენებული ვალის აღიარების წერილობითი დოკუმენტის არანამდვილობაზე, რადგან, როგორც ითქვა, მოპასუხე კომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა დავის დაწყების შემდეგაც შესთავაზა მოსარჩელეს იმ თანხის გადახდა, რაც სადავო ხელწერილით იყო აღიარებული. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, თუკი მოპასუხეს ზემოხსენებული დოკუმენტი გაყალბებულად მიაჩნდა და მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო ნასყიდობის ფასის გადახდაზე უარს ამბობდა, ლოგიკურად ამ თანხის სრულად გადახდა, დავის დაწყების შემდეგ, აღარ უნდა შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის. ამასთან, მოპასუხე იმასაც ვერ ხსნის, თუ რატომ ამბობს უარს თავის ბოლო შეთავაზებაზე, მაშინ, როდესაც მოსარჩელე ამის წინააღმდეგი არაა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ არაა გასაზიარებელი, ასევე, კასატორის პრეტენზია დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭების დაუშვებლობის თაობაზე, რადგან, ჯერ ერთი, სსსკ-ის 135-ე მუხლი, სასამართლოს ასეთ უფლებას ანიჭებს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტები დოკუმენტის დედნის წარდგენის შეუძლებლობის თაობაზე, რაც ამ დოკუმენტისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, როგორც აღინიშნა, სადავო გარემოება სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება, შესაბამისად, დოკუმენტის სიყალბეზე მითითება მოსარჩელის მოთხოვნას ვერ გამორიცხავს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ამ დავის ფარგლებში წარმატებით დაძლია მისი წილი მტკიცების ტვირთი, კერძოდ, მან სასამართლოს წარუდგინა დასაშვები და რელევანტური მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ 2014 წლის 29 ნოემბერს ვალის აღიარების ფაქტს. ამ გარემოების გაქარწყლება მოპასუხეს ევალებოდა, თუმცა მან ვერ შეძლო სასამართლოსათვის დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა.

10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ვალის აღიარების ხელწერილი მოსარჩელეს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას სსკ-ის 341-ე მუხლის (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას) საფუძველზე. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება აბსტრაქტული ხელშეკრულებაა. მისი ნამდვილობა არაა დამოკიდებული იმ სამართალურთიერთობის ნამდვილობაზე, რომლის აღიარებაც მოხდა ამ უკანასკნელით. ასეთი აღიარება თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. როგორც წესი, ვალის ასეთ აღიარებაში არ მიეთითება იმის თაობაზე, თუ საიდან წარმოეშვა მოვალეს ეს ვალდებულება. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ვალის აბსტრაქტულ აღიარებაში მიეთითოს იმ ვალდებულებითი ურთიერთობის შესახებ, რომელმაც განაპირობა მოვალის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ ვალის აღიარება. თავისთავად ასეთი მითითება აბსტრაქტულ აღიარებას დეკლარაციულად ვერ გადააქცევს, თუ ნათელია, რომ კრედიტორის მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს სწორედ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან. ხშირად რთულია იმის დადგენა, აბსტრაქტულ აღიარებასთან გვაქვს საქმე თუ დეკლარაციულთან. ამიტომ ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა დადგინდეს, რამდენად ფორმალური ხასიათი აქვს არსებულ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაზე მითითებას და სურდათ თუ არა მხარეებს ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ახალი ვალდებულების წარმოშობა.

11. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, 2014 წლის 29 ნოემბრის ვალის აღიარების ხელწერილში მითითებულია იმის თაობაზე, რომ ეს ვალდებულება წარმოშობილია ყურძნის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, მაგრამ, პალატის მოსაზრებით, ეს მითითება ფორმალურ (ინფორმაციულ) ხასიათს ატარებს, რადგან სრულიად ნათელია, რომ მოვალე 62 715 ლარის დავალიანების არსებობას აღიარებს და კრედიტორს მის გადახდასაც ჰპირდება. ამდენად, ზემოხსენებული ვალის აღიარების ხელწერილი ვალის აბსტრაქტულ აღიარებად უნდა მივიჩნიოთ, რაც ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის. შესაბამისად, ამ ხელწერილიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იმის მიხედვით უნდა დაიწყოს, თუ რა ვადაში იკისრა მოვალემ აღიარებული ვალის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, ხელწერილი არ შეიცავს ვალდებულების შესრულების კონკრეტულ თარიღს, თუმცა, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ვალის აღიარების დღეც (2014 წლის 29 ნოემბერი) რომ მივიჩნიოთ, მოთხოვნა ხანდაზმული არაა, რადგან სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2017 წლის 9 ნოემბერს, ანუ სსკ-ის 129.1 მუხლით დადგენილ სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიან ვადაში.

12. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელეს 62 715 ლარის მოთხოვნის უფლება იმ შემთხვევაშიც ექნებოდა, ზემოხსენებული აღიარება არა აბსტრაქტულ, არამედ ე.წ. მარტივ ან კაუზალურ აღიარებადაც რომ მიგვეჩნია. კერძოდ, სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება არსებობს მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და, ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). როგორც მარტივი, ასევე კაუზალური აღიარება მოთხოვნის უფლებას წარმოშობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც ამ აღიარებებითაა დადასტურებული. ამდენად, ამ ტიპის აღიარებებიდან გამომდინარე დავა უნდა გადაწყდეს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოვალის აღიარებით დადასტურებულია ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მისთვის მიწოდებული საქონლის ოდენობა და ღირებულება, უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა წარმოშობილია სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც არაა ხანდაზმული. კერძოდ, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ნორმის წინაპირობათაგან პირველზე (გარკვეული შესრულების განხორციელების გზით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა) საკასაციო პალატა არ შეჩერდება, რადგანაც, მისი არარსებობა სადავო არ არის. რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხს, იგი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობის თაობაზე (შდრ: იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). შესაბამისად, როგორც მარტივი, ისე - კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის (თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან) ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა თავიდან დაიწყება. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, ასევე, სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები. კერძოდ, სსკ-ის 144.2 მუხლის თანახმად, თუკი მოვალე ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ შეასრულებს ვალდებულებას, იგი შესრულების დაბრუნების მოთხოვნის უფლებას კარგავს. ასეთ შემთხვევაში მისი შესაგებელი არ შეიძლება, იყოს, მათ შორის, იმაზე მითითება, რომ შესრულების მომენტში არ იცოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტი. ანალოგიური ძალის მატარებელია მოვალის მიერ ვალდებულების აღიარება მოთხოვნის იძულებითი განხორციელების ვადის გასვლის შემდეგ, თუკი ეს აღიარება შეიცავს პირის გაცნობიერებულ ნებას, რომ იგი ვალდებულებას შეასრულებს (სსკ-ის 144.3 მუხლი - იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც). ეს რეგულაცია ვრცელდება ვალის როგორც მარტივ, ისე - კაუზალურ აღიარებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოვალემ აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განახორციელა, ამიტომ აღიარებული ვალის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან დაიწყო, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არაა. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მოვალე თავის აღიარებას უკან ვეღარ წაიღებს სსკ-ის 144.3 მუხლიდან გამომდინარეც.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმული არაა, ასევე, მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 8 ნოემბერს მიწოდებული 9800 კგ ოჯალეშის ჯიშის ყურძნის ღირებულების - 29 400 ლარის მოთხოვნის თაობაზე. კერძოდ, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ სსკ-ის 122-ე (თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო.) მუხლის შესატყვისად, განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მიწოდებული ნასყიდობის საგნის ანგარიშსწორების დღის მეორე დღიდან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ზუსტი თარიღი დადგენილი არაა, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად საქონლის მიწოდების დღეც (2014 წლის 8 ნოემბერი) რომ მივიჩნიოთ, მოთხოვნა ხანდაზმული არაა, რადგან, სსკ-ის 122-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა 2014 წლის 9 ნოემბერს დაიწყო და 2017 წლის 9 ნოემბერს ამოიწურა. ანუ მოსარჩელეს შეეძლო სასამართლოში სარჩელი შეეტანა 2017 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით. როგორც უკვე ითქვა, მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა 2017 წლის 9 ნოემბერს, ანუ სსკ-ის 129.1 (სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს) მუხლით დადგენილ სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიან ვადაში.

14. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. Nას-1133-1079-2014; 30 სექტემბერი, 2015 წელი, Nას-389-2019, 24 მაისი, 2019 წელი, Nას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი).

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 4605.75 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4605.75 ლარის (საგადახდო დავალება #1579520325, გადახდის თარიღი - 20.02.2020) 70% – 3224.02 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „მ–ს“ (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4605.75 ლარის (საგადახდო დავალება #1579520325, გადახდის თარიღი - 20.02.2020) 70% – 3224.02 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი