საქმე №ას-764-2021 28 ივნისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი.ვ–ვი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ფ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.04.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სარჩოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.08.2020 წლის გადაწყვეტილებით ა.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ი.ვ–ვს’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“, „დამსაქმებელი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 318 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 02.11.2018 წლიდან მის სრულწლოვანებამდე, ასევე 27.12.2017 წლიდან 02.11.2018 წლამდე პერიოდისათვის მიუღებელი სარჩოს გადახდა 3243,6 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ეფუძნება შემდეგს:
1.1. მოსარჩელე დაიბადა 15.02.2004 წელს. მოსარჩელის მამა, ბ.ფ–ძე (შემდეგში „დაზარალებული“, „დასაქმებული“) დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში 10.04.2017 წლიდან 27.12.2017 წლამდე, სამშენებლო სამუშაოებზე მუშად.
1.2. დაზარალებული გარდაიცვალა 27.12.2017 წელს მოპასუხე კომპანიაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.
1.3. 03.07.2018 წელს მოსარჩელემ, როგორც დაზარალებულის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, შვილმა, მემკვიდრეობით მიიღო მამის მთელი სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი, მასში შემავალი ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა.
1.4. ქ. ქუთაისის რაიონული პროკურორის 14.09.2018 წლის დადგენილების თანახმად, 27.12.2017 წელს დილის საათებში, ქუთაისში, ......... #1/4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევამ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გამოიწვია ამწის ბაქანზე, ე.წ.,,მოედანზე’’ მყოფი დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა. დადგენილებით დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ.ფ–ძე, მისი დედა. გამოკითხვის ოქმში მ.ფ–ძე მიუთითებს, რომ ეჭვი აქვს, მოსარჩელე არ არის მისი შვილიშვილი და არანაირი უფლება არ აქვს იყოს დაზარალებული სისხლის სამართლის საქმეში.
1.5. 26.12.2018 წელს მ.ფ–ძემ შვილის გარდაცვალების გამო, მოპასუხისგან მიიღო 7500 ლარი, ასევე ერთჯერადი დახმარების სახით 1500 ლარი. მოსარჩელეს მამის გარდაცვალების გამო რაიმე სახის დახმარება მოპასუხისგან არ მიუღია.
1.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 05.02.2018წ. #000732218 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 27.12.2017 წელს ქ. ქუთაისში, ....... მდებარე სამშენებლო ობიექტზე, სადაც შპს ,,ი.ს.გ–ი’’ და მოპასუხე აწარმოებენ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული მუშების, ს.კ–ის და დაზარალებულის ელექტროსაწეველათი ასვლისას, რომლის პლატფორმაზე ასევე დაწყობილი იყო რამდენიმე წვრილი სამშენებლო ბლოკი, დაახლოებით მე-8 სართულის სიმაღლეზე გაწყდა ელექტროსაწეველას ლითონის ბაგირი, ჩამოვარდა მისი ბაქანი მასზე მდგომ მუშებთან ერთად, რომლებიც ძირს დაცემისას ადგილზევე გარდაიცვალნენ. დარღვეულ იქნა: ,,მშენებლობისა და ლიფტების ექსპლოატაციის უსაფრთხოების წესების’’ #1.1.8. პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და #10.1.18. პუნქტის მოთხოვნები; ,,მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 27.05.2014 წლის #361 დადგენილების #3 მუხლის #1 პუნქტის მოთხოვნები; ,,უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში ,,ცნიპ-3-4-80’’-ის #1.11 პუნქტის მოთხოვნები. საქართველოს მთავრობის 27.05.2014 წლის #361 დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვისათვის. ,,უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში ,,ცნიპ-3-4-80’’-ის #1 დანართის მე-3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, ზოგადი ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ტექნიკაში მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ევალება უფროსს, ხოლო უშუალო ხელმძღვანელობა კი მთავარ ინჟინერს. ამავე დანართის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა თანახმად - მთავარ ინჟინერს ასევე ევალება უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაცია, ხოლო მე-12 პუნქტის მიხედვით, უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი ევალება სამუშაოთა მწარმოებელს, ოსტატს (ბრიგადირ ოსტატს) მასზე განპირობებულ სამშენებლო უბნის ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტი მიუთითებს, რომ ე.წ. ელექტროსაწეველები განკუთვნილია მხოლოდ ტვირთის ტრანსპორტირებისათვის, გარდა ამისა, მას უნდა გააჩნდეს დამჭერები, რომლებიც მოქმედებაში მოდიან მზიდ ბაგირებთან მექანიკური კავშირით. მშენებლობის დროს გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლოატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. სამშენებლო მოედანზე მყოფ პირს უნდა ეხუროს ჩაფხუტი, მუშები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი დამცავი ჩაფხუტისა და სხვა აუცილებელი ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე არ დაიშვებიან სამუშაოს შესასრულებლად. მუშები არ უნდა ასულიყვნენ ელექტროსაწეველას საშუალებით და ელექტროსაწეველას რომ ჰქონოდა დამჭერები, მაშინ თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი უბედური შემთხვევა. ექსპერტი ასკვნის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა უსაფრთხოების ნორმები, რომლის დაცვაზე გამოყოფილი უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვისათვის, გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი ევალება სამუშაოთა მწარმოებელ ოსტატს (ბრიგადირ ოსტატს) მასზედ განპიროვნებულ სამშენებლო უბნის ფარგლებში.
1.7. დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტის გამო საწარმოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე #041271217002 ბრალდებულ იქნა მოპასუხის სამუშაოთა მწარმოებელი. საქმე იმყოფება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად, გადაწყვეტილება (განაჩენი) ჯერ მიღებული არ არის.
1.8. სასამართლომ მიუთიუთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხე არ უარყოფს საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტს, რაც გახდა დაზარალებულის გარდაცვალების მიზეზი. ამასთან, დადგენილია ამ შედეგის დადგომაში მოპასუხის ბრალეულობა ექსპერტიზის დასკვნით, რაც მას აკისრებს ვალდებულებას ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისათვის.
1.9. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია, დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.
1.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე, 998-ე, 408-ე მუხლებზე და განმარტა, რომ დაზარალებული დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებული იყო, დაეცვა დასაქმებულის შრომის უსაფრთხო პირობები. მას ასევე ჰქონდა ვალდებულება სადავო სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხოების წესების სრული დაცვით შესრულების შესახებ. შრომის უსაფრთხო პირობების უგულვებელყოფა და შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის გარდაცვალება, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას და შესაბამისად, გამოწვეული ზიანიც უნდა ანაზღაურდეს მოპასუხის მხრიდან.
1.11. სსკ-ის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაზარალებული დასაქმებული იყო რა მოპასუხე კომპანიაში, მიღებული შემოსავლით მატერიალურად ეხმარებოდა თავის არასრულწლოვან შვილსაც. შესაბამისად, მოსარჩელე, როგორც გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირი, უფლებამოსილია მოითხოვოს სარჩო სრულწლოვანების მიღწევამდე.
1.12. სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ მოპასუხემ დაზარალებულის დედას გადაუხადა თანხა ერთჯერადი კომპენსაციის სახით, მოსარჩელეს არ ართმევს უფლებას მოითხოვოს სარჩო მოპასუხისაგან.
1.13. სსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ექსპერტის დასკვნა ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც პირდაპირ ან თუნდაც ირიბად მიუთითებდა უბედური შემთხვევის დადგომაში გარდაცვლილის ბრალეულობაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის. საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მხოლოდ მოპასუხის ბრალეულობაზე. ამასთან, მხარეებს არ წარმოუდგენიათ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, მაგრამ მათ დაადასტურეს, რომ დაზარალებულის გარდაცვალების გამო უბედური შემთხვევის ფაქტზე, განსასჯელია მოპასუხის თანამშრომელი (სამუშაოთა მწარმოებელი). ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოპასუხის ბრალეულობა ზიანის დადგომაში.
1.14. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ცნობას, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის ხელფასის ოდენობა შეადგენდა 318 ლარს, სასამართლომ გარკვეულწილად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ის არ ასახავს დაზარალებულის ანაზღაურების სრულ ოდენობას, რადგან სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშის შრომატევადი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, ის არ შეიძლება იყოს 20 ლარზე ნაკლები დღეში. სასამართლოს განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად სასამართლოს მოთხოვნისა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ხელფასის უწყისები. სარწმუნო არ არის მოპასუხე მხარის განმარტება, რომ მუშებზე ხელფასის გაცემა ხდება ხელზე, რადგან დასაქმებულებს ხელფასი უნდა მიეცეთ საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლის ფიქსირებაც საწარმოს მიერ უნდა მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხე საზოგადოების მძიმე ფინანსურ მდგომარეობას. სასამართლოს გაანმარტებით, ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს შემოსავლის ის გონივრული ოდენობა წარმოადგენს, რასაც მოსარჩელე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სსკ-ის 408-ე მუხლი). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისთვის ყოველთვიური სარჩოს სახით განსაზღვრული უნდა იქნეს 318 ლარი, მის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, ანუ 15.02.2022 წლამდე. შესაბამისად, 27.12.2017 წლიდან 02.11.2018 წლამდე (სარჩელის აღძვრამდე) პერიოდისათვის მიუღებელი სარჩო შეადგენს 3243,6 ლარს (10 თვე და 6 დღე = 3180+63,60=3243,6 ლარი).
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.04.2021 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისთვის სარჩოს დაკისრების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დაზარალებულის გარდაცვალებისას ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია და სადავო ურთიერთობა დელიქტური სამართლის ნორმებით მოწესრიგებას ექვემდებარება - სსკ-ის 992-ე მუხლი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 1006-ე მუხლი (დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო).
9. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის სსკ-ის 1006-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების მართლზომიერება.
10. მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. მითითებული მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (სუსგ №ას-786-753-2016, 12.10.2016წ.).
11. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (შდრ. სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე აპელირებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს – დაზარალებულის გარდაცვალებას შორის სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული მიზეზობრივი კავშირის დადასტურება. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა, მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას გააქარწყლებდა.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ვლინდება (შდრ. სუსგ №ას-1295-1215-2017, 15.05.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სშკ-ის 35.1 (დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი), და 35.4 (დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად) მუხლების (სადავო პერიოდში მოქმედით რედაქციით) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რასაც შედეგად დასაქმებულის გარდაცვალება მოჰყვა და რაც ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველია.
13. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს დაზარალებულის კმაყოფაზე მყოფ პირს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებმაც, დაზარალებულის გარდაცვალებით დაკარგეს მარჩენალი. სსკ-ის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირთა ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო კოდექსში და ასეთებად მიიჩნევიან: დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც გარდაცვალების მომენტისათვის იმყოფებოდნენ გარდაცვლილი პირის კმაყოფაზე ანდა ჰქონდათ მისგან სარჩოს მიღების უფლება; ბავშვი, რომელიც დაიბადა დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ; ერთ-ერთი მშობელი, მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრი, რომელიც არ მუშაობს და დაკავებულია საოჯახო მეურნეობით, გარდაცვლილის შვილიშვილები, და-ძმები, რომლებსაც არ მიუღწევიათ სრულწლოვანებისათვის, ანდა მიაღწიეს აღნიშნულ ასაკს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებენ მოვლას. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო (სუსგ Nას-889-839-2015, 26.11.2015წ., პ.40.2.).
14. სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოსარჩელე არის დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი, რომელიც იმყოფებოდა მის კმაყოფაზე. შესაბამისად, მართებულია მსჯელობა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სწორედ იმ პირს, რომლის რჩენის ვალდებულებაც გააჩნდა სამსახურებრივი ტრავმის გამო გარდაცვლილ მარჩენალს. რაც შეეხება კასატორის მითითებას დაზარალებულის დედის მიერ ერთჯერადი კომპენსაციის სახით თანხის მიღების ფაქტზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მასზე, რომ მოპასუხის მხრიდან დაზარალებულის ერთ-ერთი მემკვიდრისთვის გარკვეული თანხის გადახდა არ ართმევს უფლებას მარჩენალის კმაყოფაზე მყოფ არასრულწლოვან შვილს, მოითხოვოს სარჩო მოპასუხისგან სრულწლოვანების მიღწევამდე პერიოდზე. რაც შეეხება სარჩოს ოდენობას, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით 318 ლარის განსაზღვრა გონივრული და საფუძვლიანია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 734 ლარის 70% – 513.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი.ვ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ი.ვ–ვს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს ქ. ი–ძის (პ/ნ: ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 734 ლარის (საგადახდო დავალება №11166390757, გადახდის თარიღი 05.07.2021წ.) 70% – 513.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია