Facebook Twitter

საქმე №ას-1470-2020 14 ივნისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ს–ო ...“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.10.2020 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.03.2020 წლის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მეიჯარე“ ან „კასატორი“) სარჩელი შპს „მ.ს–ო ...“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მოიჯარე“) მიმართ საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულებები (ოთხი ხელშეკრულება), რომელთა თანახმად, მოიჯარეს სარგებლობის უფლებით გადაეცა: 11.10.2016 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, 15 წლის ვადით, თიანეთის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 130 525 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: ...); თიანეთის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 89 078 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: .....); თიანეთის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 157 395 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: .....); 02.12.2016 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, 15 წლის ვადით, თიანეთის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 25 754 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: .....); 15.06.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, 15 წლის ვადით, თიანეთის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 105 796 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: ......); 20.01.2017 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, 15 წლის ვადით, თიანეთის რაიონში, სოფელ ....... მდებარე 64 231 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: .....). იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისი სარგებლობის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

1.2. ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა: №..... ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის 4569 ლარის; №..... ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის 1961 ლარის; №..... ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის 3463 ლარის; №..... სკ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის 567 ლარის; №..... სკ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის 2328 ლარის; №.... ს/კ-ით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის 1414 ლარის ყოველი წლის 31 დეკემბრამდე გადახდის ვალდებულებას, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

1.3. მოსარჩელის 16.05.2018 წლის №17-163, №17-161, №17-159 და №17-158 ბრძანებებით ცალმხრივად შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, და გაუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოპასუხის სარგებლობის უფლება დასახელებულ მიწის ნაკვეთებზე.

1.4. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის დირექტორის მიერ 05.10.2017 წელს გაგზავნილი წერილი მოსარჩელის თავმჯდომარისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის 2016-2017 წლებში გაფორმდა სამი ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა მიწის ნაკვეთები იჯარის უფლებით: მოიჯარის მიერ 29.12.2016 წელს გადახდილია, 11.10.2016წ. და 02.12.2016წ. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა 10560 ლარი, ამის გარდა, მოიჯარეს გადახდილი აქვს ზემოთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ბე, თანხით - 2253 ლარი. წერილის თანახმად: „ხელშეკრულების გაფორმების დღიდან შპს „მ.ს–ო ...“-ს ჰქონდა არაერთი მცდელობა შეეღობა და დაემუშავებინა ზემოთ აღნიშნული ნაკვეთები, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წააწყდნენ სერიოზულ წინააღმდეგობას, როგორც შემდგომში გაირკვა, აღნიშნულ ნაკვეთებს ისინი იყენებდნენ როგორც საძოვრებად, ასევე პირადი მოხმარებისათვის, კერძოდ, სათიბად. მოიჯარეს ჰქონდა სერიოზული კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან, რის გამოც ვერ განახორციელა დასახული მიზნები და მის მიერ გაწეული ფინანსური დანახარჯების ამოღება. წერილის მიხედვით კომპანიამ განიცადა სერიოზული ფინანსური ზარალი და ვეღარ ახერხებს შემდგომი ფინანსური დანახარჯების განხორციელებას, რის გამოც ითხოვა ხელშეკრულებების ვადამდე შეწყვეტა და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მის მიერ გადახდილი თანხების (საიჯარო ქირა, ბე) გადაანგარიშება და მოქმედი წესის შესაბამისად უკან დაბრუნება (ჩათვლა)“.

1.5. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის პასუხი ზემოაღნიშნულ წერილზე. მეიჯარის განმარტებით: „განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „მ.ს–ო ...“-ს შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს, 2016 წლის 2 დეკემბერს და 2017 წლის 5 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტას, გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილ №89050/ფ განცხადებაში მითითებული გარემოებები დადასტურებული არ არის რაიმე სახის დოკუმენტაციით, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს განცხადებაში მითითებული საკითხის თაობაზე“.

1.6. საქმეში წარმოდგენილია თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პასუხი მოიჯარის დირექტორის წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიას ახალსოფლის მოსახლეობა იყენებდა და დღესაც იყენებს პირუტყვის საძოვრად. ამის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე მეიჯარეებმა მოსავალი ვერ დაიცვეს. აქედან გამომდინარე, მეიჯარეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მიწები. ახალსოფლის მოსახლეობა დღესაც წინააღმდეგია აღნიშნული მიწების იჯარით გაცემისა, რადგან, მათი განმარტებით, ერთადერთი ადგილი, რასაც მსხვილფეხა პირუტყვის საძოვრად იყენებენ, სწორედ ზემოაღნიშნული ტერიტორიაა. აღნიშნული წერილის მიხედვით, მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესი, რამაც გამოიწვია გაუგებრობა ადგილობრივ მოსახლეობასა და მეიჯარეებს შორის.

1.7. 05.03.2020 წელს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გ.ზ–ძე, ყოფილი სახელმწიფო გუბერნატორი თიანეთის მუნიციპალიტეტში. მოწმის განმარტებით, დეტალურად იცის საქმის გარემოებები, რადგან მოსახლეობასა და მოიჯარეს შორის დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე, ხშირად უწევდა მხარეებს შორის კონფლიქტის მოგვარება, მოიჯარემ ვერ შეძლო ქონების ფაქტობრივად მართვა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მიწებს იყენებდა საძოვრებად და მოიჯარეს მისი მიზნობრივად სარგებლობის საშუალებას არ აძლევდა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია აღნიშნული მსჯელობის გამაბათილებელი მტკიცებულება. შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქონებით სარგებლობის საშუალება არ მიეცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, რაც უნდა უზრუნველეყო მეიჯარეს, რის გამოც მას არ წარმოეშობა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.

1.8. მოპასუხე ნაწილობრივ ასრულებდა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას, თუმცა მან 05.10.2017 წელს მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ზემოთ აღნიშნული იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება იმის გამო, რომ, ფაქტობრივად, ვერ ახერხებდა ქონების ფლობას, მუნიციალიტეტის თემში შემავალი მოსახლეობის პროტესტის გამო. ადგილობრივი მოსახლეობა პირადი მოხმარებისათვის, კერძოდ, სათიბად იყენებდა მიწის ნაკვეთებს. მოიჯარეს ჰქონდა სერიოზული კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან, რის გამოც ვერ განახორციელა დასახული მიზნები და მის მიერ გაწეული ფინანსური დანახარჯების ამოღება. საქმეში წარმოდგენილი ბრძანებებით დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული იჯარის ხელშეკრულებები შეწყდა საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო და არა სხვა ობიექტური გარემოებების გამო.

1.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 595-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში და შეინარჩუნოს იგი ამ მდგომარეობაში იჯარის მთელი ვადის მანძილზე. დასახელებული ნორმით დადგენილია მეიჯარის ვალდებულება მოიჯარისათვის ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ, რაც გულისხმობს, რომ ნივთი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დადებამდე ნივთის ვარგისიანობის შემოწმების ვალდებულება მეიჯარეს გააჩნდა, ვინაიდან, ამ უკანასკნელის მოვალეობაა მოიჯარისათვის უნაკლო ნივთის გადაცემა. ამავდროულად, საყურადღებოა, რომ მხარეები არ არიან თანაბარ მდგომარეობაში და განსხვავებით მოპასუხისაგან, რომელიც ფიზიკურ პირს წარმოადგენს, მოსარჩელე წარმოდგენილია სოლიდური რესურსების მქონე სუბიექტის სახით, ამიტომ მოიჯარისათვის ხელშეკრულების დადებამდე ნივთის შემოწმების ვალდებულების დაკისრება უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენებს მას, რის გამოც, კონკრეტულ შემთხვევაში, მოიჯარის ვალდებულება უნდა შემოიფარგლოს ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების დროს ნაკლის აღმოჩენისას მეიჯარის ინფორმირებით. დასახელებული ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო საიჯარო საგნის ბატონობის მიზნობრივი კვლევა, რათა კონფლიქტი არ გამოეწვია ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა მესამე პირთა ინტერესებს შორის, ის იყო ვალდებული დარწმუნებულიყო ნივთის ყველა იმ თვისებაში, რამაც განაპირობა ხელშეკრულების დადება.

1.10. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებებისაგან განსხვავებულ მდგომარეობას და დროებით სარგებლობაში, კონკრეტული მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთი იყო უფლებრივად უნაკლო. აღნიშნული ვერ დადასტურდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და უშუალოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. საქმეში წარმოდგენილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პასუხით მოპასუხის დირექტორის წერილზე, დგინდება რომ მოიჯარეს გადაეცა ნაკლიანი ნივთი, აღნიშნული კი არ წარმოშობს საიჯარო ქირისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.10.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუნება შემდეგს:

3.1. მეიჯარის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 3.2.2. მუხლის თანახმად, მოიჯარეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა იჯარით გადაცემული ქონების დაბრუნება ნებისმიერი უკანონო მფლობელისაგან, აგრეთვე ქონებით სარგებლობის ყოველგვარი დაბრკოლების აღმოფხვრა და ქონებიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მეიჯარის ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა ამავე ხელშეკრულებების 4.2. პუნქტზე, რომლის თანახმად: „იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირმა მოიჯარეს წაუყენა პრეტენზია იჯარის საგნის გამო იმ უფლების საფუძველზე, რომელიც წარმოიშვა იჯარის საგნის მიმართ ხელშეკრულების დადებამდე, მოიჯარე ვალდებულია ამის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს მეიჯარეს. ამასთან, მას უფლება აქვს მესამე პირს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მეიჯარეს აქვს მის მიმართ.“ მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოიჯარემ აცნობა მეიჯარეს იმის შესახებ, რომ ვერ შეძლო ქონების ფაქტობრივად მართვა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მიწებს იყენებდა საძოვრებად და მოსახლეობა მოიჯარეს მისი მიზნობრივად სარგებლობის საშუალებას არ აძლევდა. ამასთან, უდავოა, რომ მეიჯარემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების საგნის მდგომარეობის იმგვარი შენარჩუნება, რომ მოპასუხეს შეძლებოდა საკუთარი მიზნების განხორციელება.

3.2. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი დანიშნულებისამებრ არ გამოუყენებია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მიწებს იყენებდა საძოვრებად და მოიჯარეს მისი მიზნობრივად სარგებლობის საშუალებას არ აძლევდა. შესაბამისად, მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქონებით სარგებლობის საშუალება არ მიეცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, რაც უნდა უზრუნველეყო თავად მეიჯარეს, რაც მას, მიმართვის მიუხედავად, არ განუხორციელებია. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 581-ე, 531-ე, 532-ე, 533-ე, 537-ე, 543-ე, 592-ე, მე-400, 417-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარმოეშვა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.

3.3. პალატის მითითებით, საიჯარო ქირის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად ვერ მიიჩნევა მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება ადასტურებს მისი მხრიდან აღებული ვალდებულების არსებობას. პალატის მითითებით, იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ყოველწლიური საიჯარო ქირის ყოველი წლის 31 დეკემბრამდე გადახდის ვალდებულება, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პალატამ მიიჩნია, რომ მოიჯარემ სწორედ აღნიშნულის საფუძველზე გადაიხადა საიჯარო ქირა. ამასთან, უდავოა, რომ მიწის ნაკვეთის სარგებლობის დანიშნულებიდან გამომდინარე, მოპასუხისთვის იმ პერიოდისთვის უცნობი იყო მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე. ამრიგად, პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელზეც სსკ-ის 592-ე მუხლის (სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი) თანახმად, ვრცელდება იჯარის წესები. იჯარის ხელშეკრულების მიმართ კი, გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სსკ-ის 581.2 მუხლი). იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდაა (სსკ-ის 581-ე მუხლი) (სუსგ №ას-294-294-2018, 08.05.2018წ.).

9. სსკ-ის 595-ე მუხლი ითვალისწინებს მეიჯარის ვალდებულებას გადასცეს მოიჯარეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში და შეინარჩუნოს იგი ამ მდგომარეობაში იჯარის მთელი ვადის მანძილზე. იჯარის საგნის ხარისხის უპირველესი კრიტერიუმია მისი ვარგისიანობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის მიზნისათვის. ვარგისიანობის შენარჩუნების მხრივ მეიჯარის ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების დადების მომენტით; მეიჯარე ვალდებულია იჯარის საგნის ვარგისიანობა შეინარჩუნოს იჯარის ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. მოიჯარემ იჯარის საგანი უნდა გამოიყენოს სამეურნეო დანიშნულებით (ჭეჭელაშვილი ზ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ. 595, ველი 3, იხ.: gccc.tsu.ge). საიჯარო ქირის თუ მისი გადაუხდელობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შესახებ მეიჯარის მოთხოვნის პერსპექტიულობა დამოკიდებულია მეიჯარის მტკიცებაზე, საიჯარო ქონების ისეთ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ, რითაც ქონების სარგებლობით გარანტირებულია შემოსავლის მიღების შესაძლებლობა (სუსგ №ას-294-294-2018, 08.05.2018წ.).

10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოიჯარეს იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები დანიშნულებისამებრ არ გამოუყენებია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მიწებს იყენებდა საძოვრებად და მოიჯარეს ნაკვეთებით მიზნობრივად სარგებლობის საშუალებას არ აძლევდა. დადგენილია, ასევე, რომ მოიჯარემ აცნობა მეიჯარეს ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ, თუმცა მეიჯარემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების საგნის მდგომარეობის იმგვარი შენარჩუნება, რომ მოპასუხეს შეძლებოდა საკუთარი მიზნების განხორციელება.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოიჯარემ შეძლო მის მიერ მითითებული იმ გარემოების დადასტურება, რომ იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქონებით სარგებლობის საშუალება არ მიეცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ხოლო მეიჯარემ საწინააღმდეგო ვერ დაადასტურა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საიჯარო ქონების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში, მოიჯარისათვის გადაცემის ვალდებულება სწორედ მეიჯარეს ეკისრებოდა, რაც მას არ განუხორციელებია. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოიჯარეს საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია, რადგან სსკ-ის 581-ე, 417-ე-418-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება არ იყო შესრულებული.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1 ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია