Facebook Twitter

საქმე №ას-1129-2022 28 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ნ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.ნ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ა–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 26 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ამ ქონების მესაკუთრედ აღირიცხა მოსარჩელე.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ა.ა–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ა.ა–ს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის – 4 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

8. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს მ.ს–ს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 147) გაეგზავნა და 2022 წლის 5 ოქტომბერს ჩაბარდა წარმომადგენლის მამას - უ.ს–ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელს მ.ს–ს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 147) გაეგზავნა და 2022 წლის 5 ოქტომბერს ჩაბარდა მის მამას - უ.ს–ს.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

14. სსსკ-ის 74-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო და ამავე წლის 17 ოქტომბერს (რამდენადაც ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა უქმე/დასვენების დღეს) ამოიწურა.

16. ამ დროის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 73-ე, 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე