Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-8-გ-03 14 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

ადმინისტრაციული საპრცოესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განიხილა საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადების განსჯადობის თაობახე დავა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შორის.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს განათლების სამინისტრომ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მიუთითა, რომ აპირებს სარჩელის აღძვრას ქ. თბილისის მთავრობისა და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართ ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 13 თებერვლის ¹03.02.28 დადგენილების «საჯარო სამართლის იურიდიული პირების _ თბილისის მუნიციპალიტეტი სკოლების დაფუძნების (შექმნის) შესახებ» ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელის აღძვრამდე კი მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების _ ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 13 თებერვლის ¹03.02.28 დადგენილების მოქმედების შეჩერება და სადავო აქტის შესრულებისგან თავის შეკავება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 მარტის განჩინებით საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უფლებამოსილი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადება არ წარმოუდგენია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსჯად ადმინისტრაციულ დავას.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლო 2003წ. 7 მარტის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადება განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპრცოესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის თანახმად სარჩელებს თბილისის საკრებულოსა და მერიის მიერ გამოცემული ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე განიხილავდა საოლქო სასამართლო. ვინაიდან ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 13 თებერვლის დადგენილება მიღებული იყო თბილისის საკრებულოს 2003წ. 29 იანვრის ¹1-1 გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად «განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და «საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების შესაბამისად და წარმოადგენდა ნორმატიულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ადგენდა მუდმივი და მრავალჯერადი ქცევის ზოგად წესს, ამასთან მიღეუბლი იყო კოლეგიური ორგანოს (მთავრობის) მიერ, ამიტომ სადავო აქტი მერიის მიერ გამოცემული აქტის ძალის მქონედ მიიჩნია და მიუთითა, რომ სასამართლოთა განსჯადობის წესები მოცემულ შემთხვევაში ემყარებოდა სუბიექტურობის დონეს, რის გამოც მასთან დაკავშირებული საკითხები ზემდგომ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება განსახილველი საქმის განსჯადობაზე სწორია და საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადება ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებით ითხოვს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას _ ქ. თბილისის მთავრობის 2003წ. 13 თებერვლის ¹03.02.28 დადგენილების მოქმედების შეჩერებას და ამ დადგენილების შესრულებისგან მოპასუხისათვის თავის შეკავების დაკისრებას, იმ მოტივით, რომ აპირებს სარჩელის აღძვრას ქ. თბილისის მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მსჯელობა განსახილველი განცხადების განსჯადობის თაობაზე არასწორია და არ შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას, რომლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამავე კოდექსის მე-6 მუხლი განსაზღვრავს საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსახილველ საქმეთა წრეს, რომლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლო პირველი ინსტანციის წესით განიხილავს სარჩელებს ქ. თბილისის საკრებულოსა და მერიის (მერის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე. აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავია და მისი განვრცობა დაუშვებელია. ხოლო მე-5 მუხლის თანახმად სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავენ რაიონული სასამართლოები გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ვინაიდან კოდექსის მე-6 მუხლი საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსჯად ადმინისტარციულ საქმეთა ჩამონათვალში არ ითვალისწინებს ქ. თბილისის მთავრობის ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტების კანონიერების თაობაზე აღძრულ სარჩელებს, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად სარჩელი, რომლის აღძვრასაც აპირებს საქართველოს განათლების სამინისტრო, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადია. რის გამოც, ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებაც მისი განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-6, 26-ე მუხლებით და სსკ-ს 408-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს გაეგზავნოს დადგენილი წესით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.