Facebook Twitter

საქმე №ას-557-2021 24 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი)

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.მ–ვი, რ.მ–ვი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ა–ძე (მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.მ–ვი, რ.მ–ვი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – საკუთრების უფლების აღდგენა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.ა–ძემ (შემდეგში ტექსტში „მოსარჩელე“, ,,შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა გ.მ–ვისა (შემდეგში ტექსტში „პირველი მოპასუხე“, ,,პირველი კასატორი“) და რ.მ–ვის (შემდეგში ტექსტში „მეორე მოპასუხე“, ,,მეორე კასატორი“) მიმართ საკუთრების უფლების აღდგენის, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.04.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შ.ა–ძესა და რ.მ–ვს შორის 2015 წლის 16 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. ბორჯომი, ......, 180 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე აღმართული 94 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით: ....), მასზე აღდგა შ.ა–ძის საკუთრების უფლება და იგი საკუთრების უფლებით აღირიცხა შ.ა–ძის სახელზე. მოპასუხეების რამინ და გ.მ–ვების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი (მდებარე: ქ. ბორჯოში, ....., 180 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე აღმართული 94 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით: ......) და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე შ.ა–ძეს; შ.ა–ძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების რ. და გ.მ–ვებისთვის სოლიდარულად, ერთჯერადად 284 000 ლარის, ასევე 2019 წლის 1 ოქტომბრიდან სადავო უძრავი ნივთის მოსარჩელისთვის დაბრუნებამდე, ყოველთვიურად 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.01.2022წ. გადაწყვეტილებით: გ.მ–ვისა და რ.მ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დსაკმაყოფილდა. შ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი), კერძოდ, შ.ა–ძის სასარჩელო მოთხოვნა გ.მ–ვისა და რ.მ–ვისათვის სოლიდარულად, ერთჯერადად 284 000 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; შ.ა–ძის სასარჩელო მოთხოვნა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან სადავო უძრავ ქონების შ.ა–ძისათვის დაბრუნებამდე, ყოველთვიურად 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ.მ–ვსა და რ.მ–ვს შ.ა–ძის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან უძრავი ქონების დაბრუნებამდე ყოველთვიურად 7 000 ლარის გადახდა;

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს, მოპასუხეებმა, ხოლო მოსარჩელემ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.07.2020 წლის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ხოლო ამავე სასამართლოს 12.09.2022 წლის განჩინებით მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;

6. 21.10.2022წ., მხარეებმა სასამართლოს მომართეს შუამდგომლობით მორიგების დამტკიცების თაობაზე და წარმოადგინეს მორიგების აქტი, რომელიც ხელმოწერილია, ერთი მხრივ, მოსარჩელის წარმომადგენლის რ.მ–ძის (იხ. მინდობილობა საქმეზე მორიგების უფლებით, ტ.III, ს.ფ 364), ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ მოპასუხეების მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

8. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-2-2019, 30 იანვარი, 2019 წელი). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

12. სსსკ-ს 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ 2022 წლის 21 ოქტომბრის მორიგების აქტით შეთანხმებულია პირობა უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ, მორიგების აქტის მე-2-მე-9 (იხ. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.2.-2.9. პუნქტები) პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე (შ.ა–ძე) მიმართავს სასამართლოს, მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გამო, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბერის განჩინება.

13. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

14. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, ანუ საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ხოლო, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან, საქმის არსებითად განხილვამდე მიღწეულ იქნა მხარეთა შორის მორიგება, პალატა თვლის, რომ მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს ხსენებული თანხის გადახდისგან. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-273-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შალვა ბულაძის, რ.მ–ვისა და გ.მ–ვის შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1.1. მორიგების მხარეები:

ერთი მხრივ, მოსარჩელე შ.ა–ძე და, მეორე მხრივ, მოპასუხე რ.მ–ვი, მოპასუხე გ.მ–ვი, შემდგომში ერთად მხარეებად წოდებულნი, გამოხატავენ დავის მორიგებით დასრულების ნებას შემდეგი პირობებით:

2. მორიგების პირობები:

2.1. ბათილად იქნას ცნობილი შ.ა–ძესა და რ.მ–ვს შორის 2015 წლის 16 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ. ბორჯომში, ...... მდებარე 180.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ 94.00 კვ/მ შენობა-ნაგებობასთან ერთად (საკადასტრო კოდი: ......), საკუთრების უფლებით აღირიცხოს შ.ა–ძის (პ/ნ: ......) სახელზე;

2.2. წინამდებარე მორიგების აქტის პირველ (იხ. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 პუნქტი) პუნქტში აღნიშნული უძრავი ქონება, იჯარის წესით სარგებლობის უფლებით გადაეცემა მოპასუხეებს: გ.მ–ვსა (პ/ნ .....) და რ.მ–ვს (პ/ნ ......), 2024 წლის 28 სექტემბრამდე ვადით, შესაბამისი საიჯარო ქირის გადახდის პირობით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ მხარეები დამატებით სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, იჯარის საგანი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდება მესაკუთრეს - შ.ა–ძეს.

2.3. წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით (იხ. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.2. პუნქტი) გათვალისწინებული, ქონების იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, გასან და რ.მ–ვები კისრულობენ საიჯარო ქირის სახით, მთლიან საიჯარო პერიოდზე 160,000 (ას სამოცი ათასი) ლარის გადახდის ვალდებულებას, რომელიც უნდა შესრულდეს, შემდეგი წესითა და ვადებში:

2.3.1. არაუგვიანეს 2023 წლის 28 ივნისისა 20,000 (ოცი ათასი) ლარი;

2.3.2. არაუგვიანეს 2023 წლის 28 ივლისისა - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;

2.3.3. არაუგვიანეს 2023 წლის 28 აგვისტოსა - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;

2.3.4. არაუგვიანეს 2023 წლის 28 სექტემბრისა - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;

2.3.5. არაუგვიანეს 2024 წლის 28 ივნისისა - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;

2.3.6. არაუგვიანეს 2024 წლის 28 ივლისისა - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;

2.3.7. არაუგვიანეს 2024 წლის 28 აგვისტოსა - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;

2.3.8. არაუგვიანეს 2024 წლის 28 სექტემბრისა - 20,000 (ოცი ათასი) ლარი.

2.4. გასან და რ.მ–ვები, აღიარებენ, რომ მათ გააჩნიათ სოლიდარული ვალდებულება შ.ა–ძის წინაშე, ფულადი დავალიანების სახით, 240,000 (ორას ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს შემდეგი წესითა და ვადებში:

2.4.1. არაუგვიანეს 2022 წლის 07 ნოემბრისა - 180,000 (ასოთხმოცი ათასი) ლარი;

2.4.2. არაუგვიანეს 2023 წლის 28 ივლისისა - 10,000 (ათი ათასი) ლარი;

2.4.3. არაუგვიანეს 2023 წლის 28 აგვისტოსა - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;

2.4.4. არაუგვიანეს 2024 წლის 28 ივლისისა - 10,000 (ათი ათასი) ლარი;

2.4.5. არაუგვიანეს 2024 წლის 28 აგვისტოსა - 20,000 (ოცი ათასი) ლარი;

2.5. წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 და მე-4 პუნქტებით (იხ. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.3.-2.4. პუნქტები) განსაზღვრული თანხების გადახდა, უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შ.ა–ძის შემდეგ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით:

მიმღები ბანკი: სს „ლიბერთი ბანკი“;

ანგარიშის N: GE84LB0711198370711000.

2.6. გარდა ზემოაღნიშნულისა, გ. და რ.მ–ვები, კისრულობენ ვალდებულებას, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერისა და სათანადო წესით სასამართლოს მიერ დამტკიცების მომენტიდან, ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად, უზრუნველყოფენ 999.00 ლარის ჩარიცხვას შ.ა–ძისათვის შემდეგ საბანკო/საბარათე ანგარიშზე:

მიმღები ბანკი: სს „ლიბერთი ბანკი“;

ანგარიშის N GE41LB0711101474645140

2.7. ეროვნული ვალუტის (ლარის) აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურების შემთხვევაში, ამ მორიგების აქტის მე-3 და მე-4 პუნქტით (იხ. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.3.-2.4. პუნქტები) განსაზღვრული თანხების დაანგარიშება და მათი გადახდა უნდა განხორციელდეს წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების მომენტისათვის ლარსა და აშშ დოლარს შორის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

2.8. წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული საიჯარო პერიოდის განმავლობაში, გ. და რ.მ–ვები ვალდებულნი არიან საიჯარო ქონება გამოიყენონ მხოლოდ სარესტორნო ბიზნესის წარმოების მიზნით, უზრუნველყონ ამ ქონების მოვლა-პატრონობა და არ დაუშვან მისით მესამე პირების სარგებლობა, მესაკუთრის (შ.ა–ძის) წინასწარი წერილობით თანხმობის გარეშე.

2.9. საიჯარო პერიოდის განმავლობაში, საიჯარო ქონების/სარესტორნო ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ან/და საიჯარო ქონების მდგომარეობით მესაკუთრის (შ.ა–ძის) მხრიდან დაინტერესების და შესაბამისად, მხარეთა შორის კომუნიკაციის აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეთა კომუნიკაცია შესაძლებელია შედგეს მხოლოდ მათი პირადი კონტაქტით (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანმოკლე პაემანის მეშვეობით), სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ან/და წერილობითი ფორმით (რომელზეც დასმული უნდა იყოს თარიღი და მხარის ხელმოწერა). კომუნიკაცია შესაძლოა წარმართულ იქნეს მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, მხოლოდ და მხოლოდ ქონების მესაკუთრის (შ.ა–ძის) წინასწარი თანხმობით;

2.10. წინამდებარე მორიგების აქტის პირობების შესრულებამდე, ძალაში რჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით (საქმე №2/28884-19) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

2.11. მოპასუხეთა (გ.და რ.მ–ვები) მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მე-2-მე-9 (იხ. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.2.-2.9. პუნქტები) პუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ვალდებულების დარღვევის (მათ შორის ვადის გადაცილების) შემთხვევაში, წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე იჯარის უფლება უქმდება და აღნიშნული ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდება შ.ა–ძეს. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე (შ.ა–ძე) უფლებამოსილია აიღოს სააღსრულებო ფურცელი და განახორციელოს წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების/ვალდებულებების იძულებითი აღსრულება.

2.12. მოპასუხეთა მიერ, წინამდებარე მორიგების აქტის მე-2-მე-9 (იხ. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.2.-2.9. პუნქტები) პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე (შ.ა–ძე) მიმართავს სასამართლოს, მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გამო, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.

4. მხარეთა მორიგების გამო მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება.

5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

6. შ.ა–ძე განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

7. რ.მ–ვსა (პ.ნ. .....) და გ.მ–ვს (პ.ნ. .....) დაუბრუნდეთ ც.მ–ძის მიერ 2022 წლის 25 ივნისს №13677998941 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6000 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ.მიქაუტაძე

მოსამართლეები: ა.ძაბუნიძე

თ.ძიმისტარაშვილი