Facebook Twitter

№ა-4574-შ-120-2022

25 ოქტომბერი, 2022 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ.კ–ნი

განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის, ქალაქ სოჭის, ადლერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის, ქალაქ სოჭის, ადლერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ვ.კ–ნის განცხადება ეროვნული კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდა. დადგინდა ვ.კ–ნის (დაბადებული 1951 წლის 11 დეკემბერს) ეროვნული კუთვნილების იურიდიული ფაქტი - გერმანელი.

ვ.კ–ნის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის, ქალაქ სოჭის, ადლერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა უფლებამოსილი ორგანოს უარი შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე არ არის ცნობილი.

2022 წლის 18 ოქტომბერს საკასაციო პალატას მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა, წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება, დ.კ–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა გერმანიის ფედერალური ადმინისტრაციის სამმართველოს ადვოკატის წერილის თარგმანი, რომლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორის გადასახლებულად აღიარებისთვის საჭიროა ოფიციალურ დოკუმენტებში, მაგალითად: ბავშვის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში ეროვნება „გერმანელის“ მითითება. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა ესაჭიროება გერმანიაში შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენად.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.

ზემოაღნიშნული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის შესაბამის ჩანაწერში რეგისტრაციის სახით.

შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი მოთხოვნა.

მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის, ქალაქ სოჭის, ადლერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა ვ.კ–ნის ეროვნული კუთვნილების ფაქტი, რომ შუამდგომლობის ავტორი არის გერმანელი. ვ.კ–ნი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის ინტერესი არის მისი ქორწინების შესახებ ჩანაწერში ცვლილების შეტანა და ეროვნებად გერმანელის მითითება, ასევე მისი შვილის დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერში მამის ეროვნებად გერმანელის მითითება.

საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში უფლებამოსილი ორგანოს უარის წარმოდგენა შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე არ არის ცნობილი.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დ.კ–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დ.კ–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის მითითებული მამის ეროვნება, სააქტო ჩანაწერი არ შეიცავს ეროვნების გრაფას და არ ითვალისწინებს ეროვნების შესახებ ინფორმაციის მითითებას. განმცხადებელმა ასევე წარმოადგინა ფედერალური ადმინისტრაციის სამმართველოს ადვოკატის ანდრეას ნოდის წერილი ოფიციალურ დოკუმენტებში ეროვნული კუთვნილების მითითებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტი გარდა იმისა, რომ წარმოდგენილია თარგმანის ასლის სახით, ასევე მისი მეშვეობით უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის აუცილებლობის დადასტურება შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ.კ–ნის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის, ქალაქ სოჭის, ადლერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად და შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი მასალები. ამასთან, თუკი მხარე დაადასტურებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის აუცილებლობას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. ვ.კ–ნის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის, ქალაქ სოჭის, ადლერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და განემარტოს, რომ თუკი მხარე დაადასტურებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის აუცილებლობას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია