Facebook Twitter

საქმე №ას-1265-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - რ. მ-ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ა. შ-ვი, ფ. შ-ვი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ფ. შ-მა (შემდგომ – პირველი მოსარჩელე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და ა. შ-მა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ. მ-ას (შემდგომ – მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვეს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა მითითებით, მათ უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს, რომელიც, თხოვნის მიუხედავად, ქონებას არ ათავისუფლებს და მესაკუთრეები იძულებული არიან, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართონ სასამართლოს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის გამოთავისუფლება და გადაცემა, რაზეც მოპასუხემა შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, მოპასუხის (აპელანტის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 241-ე და 233.1 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ 2021 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე მხარეები მიწვეული იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მიერ წარმოდგენილი ცნობით დგინდება, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს მისი წარმომადგენელი მონაწილეობდა საქმის განხილვაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატაში. საქმის მასალებით დაუდგენელია, რომ საქმე დისტანციურად, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით განიხილეს. ამის გათვალისწინებით, რომელ საათზეც არ უნდა ყოფილიყო დანიშნული საქმის განხილვა, სიშორის გამო, იმავე დღის 14:00 საათზე აპელანტის წარმომადგენელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვერ იქნებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ჰქონდა.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში დანიშნული სხდომის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს მოსამართლის თანაშემწემ 2021 წლის 3 დეკემბერს შეატყობინა. საქმის მასალებით არ დგინდება, თუ როდის ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის თარიღი, თუმცა, თავად მისივე განმარტებით, 2021 წლის 3 დეკემბერს უკვე იცოდა. აპელანტი თავის პოზიციას სწორედ იმ გარემოებაზე ამყარებს, რომ სასამართლოს მოხელეს სხდომის თარიღის შეტყობიდან „რამდენიმე წუთში“ გადაურეკა და უთხრა, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რადგან იმავე დღეს ჰქონდა პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე დროულად შეტყობინება აპელანტს უნდა ემტკიცებინა.

9. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნას) მითითებით განმარტა, რომ საქმის განხილვის გადადების თაობაზე შუამდგომლობა სასამართლოს, ჩვეულებრივ, წერილობით უნდა წარედგინოს. როგორც აღინიშნა, აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა 2021 წლის 3 დეკემბერს, ხოლო თავად სხდომა იმავე წლის 27 დეკემბერს გაიმართა.

10. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ პერიოდში საქმის განხილვის გადადების თაობაზე წერილობითი შუამდგომლობის წარდგენა სავსებით შესაძლებელი იყო. ეს ნიშნავს აპელანტის მიერს ხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის დადგენილი წესით შეუტყობინებლობას და, ასეც რომ არ იყოს, აპელანტი ვერც სასამართლოს მოხელისათვის ტელეფონით შეტყობინებას ვერ ადასტურებდა, რისი გათვალისწინებითაც, აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გაჩინების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნების მოთხოვნით.

12. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე მხარემ იმოქმედა სრული პასუხისმგებლობით და სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ წინასწარ შეატყობინა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა.

13. კასატორის მითითებით, ვინაიდან სხდომის მდივანს აცნობა პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ, ივარაუდა, რომ საკმარისი გარემოება იყო სხდომის გადასადებად.

14. კასატორმა წარმოადგინა სატელეფონო ამონაწერი, რომლითაც, მისი განმარტებით, მტკიცდება ის გარემოება, რომ დაუკავშირდა სასამართლოს აპარატის თანამშრომელს და სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ აცნობა იმავე ნომერზე, საიდანაც მას სხდომის თარიღის შესახებ შეატყობინეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 230.1 მუხლის (სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.

18. საკასაციო სასამართლო აზრით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება), საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

20. 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2021 წლის 2 მარტს, 15:00 სთ-ზე, რომელიც არაერთხელ გადაიდო და, ბოლოს, 2021 წლის 27 დეკემბერს 14:00 საათზე, სხდომის გამართვის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

21. 2021 წლის 27 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, ხოლო მოსარჩელემ, სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა.

22. გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა.

23. საკასაციო პალატის განმარტებით, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აწესრიგებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა. ე) ამავდროულად, სარჩელში მითითებული ფაქტები უნდა ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 2016 წლის 3 ივნისის განჩინება).

25. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: „ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.“

26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. აღსანიშნავია, რომ საქმეზე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და მიზეზის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობა. ეს უკანასკნელი გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმისა და დაუსწრებლი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველი გახდა.

28. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, მოპასუხე მხარემ იმოქმედა სრული პასუხისმგებლობით და სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ წინასწარ შეატყობინა სასამართლოს, თუმცა აღნიშნული გარემოება დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სასამართლომ.

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს (რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).

30. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტით მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან (იხ. სუსგ-ები: №ას-1671-2019, 13 მარტი, 2020 წელი; №ას- 330-2019, 19 ნოემბერი, 2019 წელი).

31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 2018 წლის 2 ნოემბერის განჩინება).

32. ამრიგად, საქმის განხილვაზე გამოუცხადებელმა მხარემ იმ გარემოებასთან ერთად, რომ სხდომის დღეს ობიექტურად ვერ შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას, უტყუარად უნდა დაადასტუროს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობის ფაქტი, ანუ ამტკიცოს, არამარტო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების საპატიოობა, არამედ ისიც, რომ არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის ამ მიზეზების შესახებ.

33. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხის წარმომადგენელმა დაამტკიცა 2021 წლის 27 დეკემბერს სხვა სასამართლოში, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობის ფაქტი, რაც, შესაძლოა, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის მიჩნეულ იქნეს კიდევაც საპატიო მიზეზად, თუმცა, მოპასუხე, მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო, საპატიო მიზეზის თაობაზე წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის, რაც არ შეასრულა.

34. უდავოა, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს, 14:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ მოპასუხის წარმომადგენელს იმავე წლის 3 დეკემბერს ეცნობა. კასატორის მითითებით, სხდომის თარიღის შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში სხდომის მდივანს გადაურეკა და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ აცნობა, რისი გათვალისწინებით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება.

36. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს.

37. საკასაციო პალატის განმარტებით, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან შესაბამისი მტკიცებულებით გამყარებული არ არის და მხოლოდ მოპასუხის ზეპირსიტყვიერი განმარტება არ ქმნის ამ უკანასკნელის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას. ამასთან, მხარე ვალდებულია, დაიცვას წინდახედულობის ყველა ნორმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მის მიმართ არასასურველი შედეგი, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადების სავალდებულობიდან გამომდინარე და მოპასუხის მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის წლის 3 დეკემბერს, იმავე წლის 27 დეკემბერს დანიშნული სხდომის შესახებ შეტყობისას, ამ უკანასკნელს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, წერილობითი ფორმით სასამართლოში დასაბუთებული შუამდგომლობა წარედგინა სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნისა და შესაბამისი საპატიო გარემოებების მითითებით (სსსკ-ის 215.1 მუხლი), რაც არ განუხორციელებია.

38. საკასაციო პალატის განმარტებით, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის ინტერესებს 2021 წლის 27 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომის დროისათვის 2021 წლის 17 თებერვალს განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე სხვა წარმომადგენლებიც იცავდნენ (ს.ფ. 66), რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მხოლოდ ერთი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის თუნდაც საპატიო მიზეზის არსებობა, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გაზიარების საფუძველს გამორიცხავს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და დასაბუთებულად არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომელიც მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას უკავშირდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მხარის ერთი წარმომადგენელი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, მოპასუხე ვალდებული იყო და გონივრული დროც ჰქონდა იმისათვის, რომ საქმის განხილვაში პირადად მიეღო მონაწილეობა, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში მიემართა თავისი სხვა წარმომადგენლებისათვის. თუმცა დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში არც თავად მოპასუხე გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, არც მისი რომელიმე სხვა წარმომადგენელი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსთვის.

39. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს არც მტკიცებულებათა მიღებაზე უფლებამოსილ და არც ფაქტების დამდგენ სასამართლოს. დოკუმენტი კი, რომლითაც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოს ინფორმირებულობას დაამტკიცებდა, მოპასუხეს უნდა წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივართან ერთად, მაგრამ, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, კასატორი ასე არ მოქცეულა, შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულება არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასების საგანი არ ყოფილა, რისი გათვალისწინებითაც, აღნიშნულ მტკიცებულებას ვერც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

40. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო მტკიცებულებებს არ იხილავს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე, მაგრამ არ გამოცხადდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, მაგრამ მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია ამ ფაქტების იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ფაქტები იურიდიულად ასაბუთებენ (ამართლებენ) მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას გამოცხადებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, რომლითაც უარს ეტყვის სხდომაზე გამოცხადებულ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს იქნება არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო (საკასაციო) წესით.

41. საკასაციო პალატის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები, სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, ვინაიდან ვლინდებოდა ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.

42. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.), თუმცა არ შეიძლება, განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი - მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 2017 წლის 10 თებერვალის განჩინება).

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-964-929-16, 2017 წლის 6 მარტის განჩინება).

45. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მოპასუხემ თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.

46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

48. კასატორმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

50. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-408-2021, 2021 წლის 16 ივნისის განჩინება; №ას-1494-2020, 2021 წლის 31 მაისის განჩინება, №ას-1176-2020, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; №ას-1834-2019, 2020 წლის 27 აპრილის განჩინება).

51. სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

52. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. მ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე