Facebook Twitter

საქმე №ას-1161-2022 3 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.გ-ლი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ლი, ვ. გ-ის უფლებამონაცვლე - დ. გ-ლი, დ.გ-ლი, დ. ს-ძე, ნ. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის პირველად რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის გზით, უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრეებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ. გ-მა (შემდგომ – პირველი მოსარჩელე) და ქ. გ-მა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ. გ-ის, ვ. გ-ის უფლებამონაცვლე - დ. გ-ის, დ. გ-ის, დ. ს-სა ნ. ა-ის (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ, რომლითაც მოითხოვეს: ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრში 2015 წლის 23 მარტს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ვ.გ-სა და დ. გ-ლს შორის; ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრში 2015 წლის 6 აპრილს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დ. გ-სა და დ. ს-ის შორის უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №-----; ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრში 2015 წლის 6 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება საკადასტრო კოდით №------ დ. ს-სა და ნ. ა-ს შორის; საჯარო რეესტრში №------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომელიც პირველად ჩანაწერში აღირიცხა მხოლოდ ვ. გ-ის სახელზე, ამ უკანასკნელთან ერთად დარეგისტრირდნენ მოსარჩელეები (როგორც კომლის წევრები), 2015 წლის 23 ოქტომბრის №-------- საარქივო ცნობის შესაბამისად.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეების განმარტებით, გ. გ. ძე გ-ლი, ქ. გ. ასული გ-ლი, ვ. (ლ.) კ. ძე გ-თან ერთად წარმოადგენენ კომლს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ - -----. კომლის სხვა წევრები: მოსარჩელეების ბებია - ქ. (ქ.) ქ. ასული გ-ლი გარდაიცვალა 2015 წლის 20 თებერვალს, ხოლო მამა - გ. ვ. ძე გ-ლი გარდაიცვალა 1998 წლის 23 აპრილს. მოსარჩელეები, როგორც კომლის წევრები, არიან უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლის) მესაკუთრეები.

3. 2015 წლის 19 მარტის №----- საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ------ მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №----- დარეგისტრირდა მხოლოდ ვ. გ-ის სახელზე. დ.გ-ის მიერ განხორციელდა ტექბიუროს მონაცემთა ცვლილებები, რის გამოც არასწორად განხორციელდა სადავო უძრავ ქონებაზე ვ. გ-ს სახელზე რეგისტრაცია.

4. ვ. გ-სა და დ. გ-ლს შორის 2015 წლის 23 მარტს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ) №------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა დ. გ-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის №---------), თარიღი - 27.03.2015წ.

5. ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე 2015 წლის 6 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ) დარეგისტრირდა დ. ს-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის №--------, თარიღი - 15.04.2015წ.).

6. 2015 წლის 6 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ) დარეგისტრირდა ნ. ა-ის საკუთრების უფლება (რეგისტაციის №-----------, თარიღი - 12.11.2015წ).

7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი ------- მდებარე უძრავი ნივთზე (საკადასტრო კოდი: --------) საკუთრების უფლების პირველად რეგისტრირებულ მონაცემებში ვ. გ-ან ქონების მესაკუთრეები არიან მოსარჩელეები, როგორც კომლის წევრები.

8. მოსარჩელეთა მოსაზრებით, განხორციელებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ფასი ძალიან მცირე ოდენობისაა, რაც მის ბათილად ცნობაზე მიუთითებს (ხსენებული ფაქტი მითითებულ იქნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ფარგლებში).

მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხეეებმა სარჩელი არ ცნეს.

10. მოპასუხე ნ. ა-მა განმარტა, რომ საერთოდ არ იცის, ვინ შეიძლება შედიოდეს მოსარჩელეთა კომლში. მის მიერ ქონების შეძენამდე მესაკუთრედ რეგისტრირებული იყვნენ ვ. გ-ლი, ხოლო შემდეგ დ. გ-ლი. დ. გ-გან უძრავი ქონება შეისყიდა დ. ს-ემ. ამ უკანასკნელისაგან კი - ნ. ა-მა. მოპასუხისათვის უძრავი ქონების მესაკუთრეთა ჩანაწერის შესახებ რაიმე პრეტენზიის ან უზუსტობის შესახებ ცნობილი არ ყოფილა. მოსარჩელეთა პრეტენზია კომლის წევრად ყოფნის შესახებ დაუსაბუთებელია, რადგანაც ისინი ჩანაწერში არ არიან მითითებული. ამჟამად ამონაწერში რეგისტრირებული მესაკუთრე - ნ. ა-ი კეთილსინდისიერი შემძენია. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს.

11. მოპასუხე დ. ს-ემ მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონება შეიძინა დ. გ-გან. ამასთან, ქონებას არანაირი შეზღუდვა არ გააჩნდა. მოპასუხეს არანაირი ცნობები არ ჰქონდა მოსარჩელეთა კომლის წევრების შესახებ. როგორც კი მოპასუხეს უკეთესი დასასვენებელი ადგილის ყიდვის შანსი მიეცა, უძრავი ქონება გაასხვისა ახალ შემძენზე - ნ. ა-ზე.

12. მოპასუხე დ. გ-მა აღნიშნა, რომ მოსარჩელეები კომლის წევრები არ არიან. გაურკვეველია, როდის და რის საფუძველზე იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი ვ. და ქ. გ-ის ოჯახში. 1997 წლის შემდეგ ამოქმედდა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც კომლის წევრის ცნებას ახლებურად არეგულირებს. 1994 წლიდან უკვე გაუქმებული იყო ჩაწერის ინსტიტუტი, რომელიც შეიცვალა რეგისტრაციით. სადავო ქონება კანონიერად დარეგისტრირდა მხოლოდ ვ. გ-ის სახელზე, რომელიც არის კომლის ბოლო წევრი. დ. გ-ის სახელზე კანონიერად დარეგისტრირდა სადავო ბინაზე საკუთრების უფლება, რომლის საფუძველს წარმოადგენდა კანონშესაბამისად დადებული გარიგება. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ------ მდებარე უძრავი ქონება კანონიერად იქნა გასხვისებული და შემდგომ მას ამ ქონებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. მოსარჩელეები სადავო ქონების მესაკუთრეები არასოდეს ყოფილან, არ მოუპოვებიათ არც კომლის წევრობის და არც საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე.

13. მოპასუხე დ. გ-ის მოსაზრებით, მოსარჩელეები კომლის წევრები არ არიან. მისთვის ცნობილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებება ნამდვილია, სხვა სახის ინფორმაციას კი არ ფლობდა. მხარემ მოითხოვა სარჩელის უარყოფა იმ მოტივით, რომ მოპასუხე არასათანადოდ განისაზღვრა.

14. მოპასუხე ვ. გ-მა აღნიშნა, რომ მოსარჩელეები მხოლოდ მამის - გ.გ-ის გარდაცვალების შემდგომ რამდენიმე ხნით იყვნენ რეგისტრირებული ოჯახში და ქ. გ-ის გარდაცავლების დროსაც არ ყოფილან კომლის წევრები. შვილიშვილებს არანაირი პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეთ მის მიერ აშენებულ სახლთან დაკავშირებით.

15. დ. გ-ლს, მისივე კანონიერი ნების საფუძველზე, გაუფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. უპირობოდ აქვს ყველა მესაკუთრისაგან შენარჩუნებული ბინაში ცხოვრების უფლება და, როგორც კომლის უფროსს, არასოდეს მიუნიჭებია მოსარჩელეებისათვის კომლის წევრობა.

16. ვ. გ-ლი საქმის განხილვის დროს გარდაიცვალა. საქმეში მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა დ. გ-ლი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებს სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრათ 10 დღე. მოწინაღმდეგე მხარეების მიერ 2021 წლის 4 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა სააპელაციო შესაგებელი.

20. სააპელაციო პალატაში 2022 წლის 21 ივნისს, 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომელთათვისაც კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო სხდომის თარიღი.

21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტების წარმომადგენელმა (რომელიც ამავდროულად არის აპელანტების დედა) წარადგინა შუამდგომლობა მორიგებასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენელი, მორიგების მიზნით, საქმის განხილვის გადადებას არ დაეთანხმა და, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

22. სააპელაციო პალატამ განიხილა მოწინააღმდეგე მხარეების შუამდგომლობა, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 229-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით. შესაბამისად, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს მოწვეული იყო თუ არა აპელანტი საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით და ხომ არ არსებობდა მათი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

24. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი: სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა თავდაპირველად დაინიშნა ამავე წლის 19 აპრილს, 15:00 საათზე, რომელიც სასამართლოში შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო, არ შედგა და სხდომა გადაიდო 2022 წლის 24 მაისს, 13:00 საათისათვის. აღნიშნულის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობათ აპელანტებს. მითითებულ დროს აპელანტები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ. სხდომაზე გამოცხადდა აპელანტების ოჯახის წევრი - დედა, რომელიც აპელანტების გარიგებითი წარმომადგენელია, თუმცა არ არის ადვოკატი. ამ უკანასკნელმა, აპელანტების სახელით, სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა თავიანთ წარმომადგენელს გაუუქმეს რწმუნებულება და ახალი წარმომადგენლის აყვანამდე არ შეეძლოთ საქმის განხილვაში მონაწილეობა. სასამართლომ აპელანტების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა გადადო 2022 წლის 21 ივნისს, 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე ხელწერილით გაფრთხილდა აპელანტების წარმომადგენელი და ოჯახის წევრი (დედა). შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტები კანონით დადგენილი წესით, სსსკ-ის 70.1 და 74.1 მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნენ სხდომის თაობაზე. დანიშნულ დროს აპელანტები კვლავ არ გამოცხადნენ სასამართლო სხდომაზე. მათ წარმოადგინეს შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ სურთ საქმის მორიგებით დასრულება. ამასთან, სხდომაზე გამოცხადებულმა მათმა გარიგებითმა წარმომადგენელმა (დედამ) აპელანტების სახელით, სასამართლოს სთხოვა საქმის განხილვის გადადება და განმარტა, რომ აპელანტი - მეორე მოსარჩელე იმყოფება საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს სხდომაზე გამოცხადებას, ხოლო პირველი მოსარჩელე მუშაობს, რის გამოც ვერ შეძლო პროცესზე მისვლა.

25. უპირველესად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებისათვის ცნობილი იყო სხდომის თარიღი, რაც მათმა ოჯახის წევრმაც დაადასტურა. ამასთან, აპელანტები სხდომის გადადებას ითხოვენ ორი საფუძვლით: სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისა და საქმეზე მორიგების მიღწევის მიზნით. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ მითითებული გარემოებები (ერთი აპელანტის საზღვარგარეთ ყოფნა და მეორე აპელანტის სამუშაოდან განთავისუფლების შეუძლებლობა), გარდა იმისა, რომ არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზადაც ვერ შეფასდება. როგორც აღინიშნა, აპელანტებს მიეცათ შესაძლებლობა და გონივრული ვადა (ერთი თვე), რათა აეყვანათ ადვოკატი. ამ შესაძლებლობით მათ არ ისარგებლეს და არც თავად გამოცხადნენ სხდომაზე. ამასთან, მათ წინასწარაც არ აცნობეს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. შესაბამისად, პალატამ მათი გამოუცხადებლობა საპატიოდ არ მიიჩნია.

26. რაც შეეხება საქმის განხილვის გადადებას მორიგების მიღწევის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი იყო და აღნიშნა, რომ აპელანტები ხელოვნურად აჭიანურებენ საქმის განხილვას. პალატამ განმარტა, რომ საქმის მორიგებით დასრულება დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა და მთლიანად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუკი ერთ-ერთი მხარე მორიგების წინააღმდეგია, სასამართლო, მხოლოდ ერთი მხარის თხოვნით, საქმის განხილვას ვერ გადადებს.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან არ დადასტურდა აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და არც საქმის განხილვის გადადების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

29. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქმის განხილვაზე სააპელაციო სასამართლოში ვერ გამოცხადდა, რადგან მუშაობდა, მეორე მოსარჩელე კი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. მოსარჩელეები გეგმავდნენ, საქმის წარმოებაში მონაწილება მიეღოთ დედის მეშვეობით, თუმცა სააპელაციო ინსტანციაში შეიტყვეს, რომ წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ადვოკატი. სადავო მომენტისათვის მოსარჩელეებს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ გააჩნდათ, თუმცა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში საქმეში მონაწილეობის მისაღებად პირველი მოსარჩელე მზადაა, დაკარგოს სამსახური, ხოლო მეორე მოსარჩელე - დაბრუნდეს საქართველოში მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს.

30. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სათანადო იურიდიული ცოდნის არქონის გამო, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დასჭირდებოდა კვალიფიციური წარმომადგენელი და დროულად ვერ მოახდინა ადვოკატის ხარჯების მობილიზება. აღნიშნულის გამო, მხარეს არ უნდა შეეზღუდოს სასამართლო წესით უფლების დაცვის შესაძლებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

31. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

32. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

33. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

34. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

35. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

36. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

37. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (სუსგ 12.01.2018წ. საქმე №ას-1483-1403-2017).

38. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 24 მაისს, თუმცა აპელანტებმა იშუამდგომლეს სასამართლო პროცესის გადადების შესახებ, ვინაიდან მათ ადვოკატს შეუწყვიტეს მინდობილობა. აღნიშნულის მიზეზად მიეთითა მოწინააღმდეგე მხარესთან მოსარჩელეთა ადვოკატის მხრიდან მიკერძოებული დამოკიდებულება (იხ. ტომი 3, ს.ფ 52).

39. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 მაისის საოქმო განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო 2022 წლის 21 ივნისს, 16:00 საათზე. სასამართლომ აპელანტების დედას განუმარტა, რომ მსგავსი მიზეზით საქმის განხილვა აღარ გადაიდებოდა და შემდეგ სხდომაზე აპელანტების ან მათი ადვოკატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო იმოქმედებდა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში (იხ. ტომი 3, ს.ფ 56). მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატამ აპელანტ მხარეს თითქმის ერთი თვის ვადა მისცა ადვოკატის ასაყვანად, დანიშნულ დროს პროცესზე გამოცხადდა მოსარჩელეთა დედა, რომელსაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ გააჩნდა - იგი არ იყო რეგისტრირებული ადვოკატთა ასოციაციის წევრად. სსსკ-ის 440-ე მუხლის შესაბამისად კი, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

40. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტი მოსარჩელეები საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება (იხ. ტომი 3, ს.ფ 66).

41. წინამდებარე კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტები საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდნენ საპატიო მიზეზით – პირველი მოსარჩელე იმყოფებოდა სამუშაოზე, ხოლო მეორე მოსარჩელე – საზღვარგარეთ.

42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

43. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

44. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას.

45. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი საკანონმდებლო დანაწესი ავალდებულებდა აპელანტ მხარეს, წარმოედგინა მის მიერ მითითებული, სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეტყობინების ამსახველი მტკიცებულება, რაც მას არ განუხორციელებია.

46. საკასაციო სასამართლო საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ შეაფასებს მოსარჩელეთა სამსახურში და საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტებს. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესში მხარეთა როგორც უფლებების რეალიზების შესაძლებლობას, ასევე ვალდებულებებს, რომლებიც მხარეებმა უნდა შეასრულონ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა შეეხება საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფას. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებელი ადგენს სანქციებს, რომელთაც მხარეთათვის არახელსაყრელი სამართლებრივი შედეგის დადგომა მოჰყვება.

47. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა მხარემ ვერ შეძლო საქმის განხილვაში პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უზრუნველყოფა, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ამისათვის განსაზღვრა გონივრული ვადა (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 25). მოსარჩელეთათვის სარჩელის შეტანის მომენტიდან ცნობილი იყო, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება და საკუთარი უფლებების დაცვა დასჭირდებათ. ამასთან, მათ ჰყავდათ კიდეც ადვოკატი, რომელიც ფლობდა შესაბამის ცოდნას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესახებ. როგორც აღინიშნა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აპელანტებმა ადვოკატს წარმომადგენლობით უფლებამოსილება შეუწყვიტეს არა ფინანსური სირთულეების (როგორც ამას კერძო საჩივარში უთითებენ), არამედ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულების გამო.

48. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით (აღნიშნული გარემოება აპელანტებს სადავოდ არ გაუხდიათ); 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამუკიდებული.

50. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე