საქმე №ას-635-2020 26 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „გ-----ი----“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ყ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „გ-----ი----“-სა (შემდგომში - „მოპასუხე“, „კომპანია“ ან „კასატორი“) და ზ. ყ-ძეს (შემდგომში - „მოსარჩელე“) შორის 2017 წლის მაისიდან არსებობდა შრომითი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა ხელზე მისაღებ 800 ლარს. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ბოლო გადახდა ხელფასის სახით განახორციელა 2018 წლის 15 მარტს. საბანკო ამონაწერში დანიშნულებაში მითითებულია შემდეგი: „თებერვლის თვის ხელფასი„ (იხ. ტ. I, ს.ფ. 23-24).
2. მხარეთა შორის 2017 წლის 16 მარტს გაფორმდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა მოპასუხისთვის საშუამავლო საქმიანობის გაწევის ვალდებულება, შეკვეთის მოძიების მიზნით. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული მომსახურებისთვის მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 3125 ლარი, საიდანაც 625 ლარი წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადს. 2017 წლის 16 მარტს მოპასუხემ გასცა სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის თანახმად, კომპანიამ მოსარჩელეს გადაუხადა საშუამავლო მომსახურების ღირებულება 2500 ლარი (იხ. ტ. I, ს.ფ. 65-67).
3. მხარეთა შორის 2017 წლის 23 მაისს გაფორმდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა მოპასუხისთვის საშუამავლო საქმიანობის გაწევის ვალდებულება, შეკვეთის მოძიების მიზნით. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული მომსახურებისთვის მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა 1250 ლარი, საიდანაც 250 ლარი წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადს. 2017 წლის 23 მაისს მოპასუხემ გასცა სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის თანახმად, კომპანიამ მოსარჩელეს გადაუხადა საშუამავლო მომსახურების ღირებულება 1000 ლარი (იხ. ტ. I, ს.ფ. 68-70).
4. მოპასუხესა (შემსრულებელი) და შპს ,,-----’’-ს (შემკვეთი) შორის 2017 წლის 26 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა პროექტით განსაზღვრული ლითონის კონსტრუქციების (მეცხოველეობის ფერმის ლითონის კონსტრუქციები) დამზადებისა და შემკვეთისთვის საკუთრებაში მიწოდების, ასევე, მათი ტრანსპორტირებისა და მონტაჟის უზრუნველყოფის ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 599 169,30 ლარით დღგ-ის ჩათვლით (იხ. ტ. I, ს.ფ. 77-79).
5. მოპასუხესა (შემკვეთი) და შპს „კ-----ნ გრუპს’’ (მენარდე) შორის 2017 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - ----- მეცხოველეობის ფერმის ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 105 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) (იხ. ტ. I, ს.ფ. 81-83).
6. მოპასუხესა (შემკვეთი) და შპს ,,კ------ენ გრუპს’’ (მენარდე) შორის 2018 წლის 20 თებერვალს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - ----- მეცხოველეობის ფერმის ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 63 750 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) (იხ. ტ. I, ს.ფ. 84-87).
7. მოპასუხესა (შემკვეთი) და შპს ,,კ------ენ გრუპს’’ (მენარდე) შორის 2018 წლის 16 მარტს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - ------ მეცხოველეობის ფერმის სახურავისა და ლითონკონსტრუქციების მონტაჟი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 10 500 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) (იხ. ტ. I, ს.ფ. 88-91).
8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის: სახელფასო დავალიანების - 3200 ლარის გადახდის დაკისრება; ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ოდენობით, 2018 წლის 01 აგვისტოდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; საშუამავლო მომსახურების ღირებულების - 47 045,85 ლარის გადახდის დაკისრება.
9. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით მხარეთა შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა მათ შორის შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 800 ლარს. გარდა ამისა, მოსარჩელე იღებდა დამატებით ანაზღაურებას მის მიერ შესრულებული საშუამავლო საქმიანობიდან, არანაკლებ პროექტის ღირებულების 3%-სა. მოპასუხემ კომპანია „დ------ან“ თანამშრომლობით 2017 წლის აგვისტოში განახორციელა 250 000 აშშ დოლარის ღირებულების, 2017 წლის დეკემბერში 175 934 აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო 2018 წლის ივლისში 270 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტები. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელეს პირველი პროექტიდან საშუამავლო მომსახურებისთვის უნდა მიეღო 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, მე-2 პროექტიდან 4500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, ხოლო მე-3 პროექტიდან 8000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, თუმცა კომპანიამ პირველი პროექტიდან შეთანხმებული საშუამავლო თანხიდან, ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, უზრუნველყო მხოლოდ 6000 ლარის გადახდა. დარჩენილი საშუამავლო თანხა (47 045,85 ლარი) მოპასუხეს არ აუნაზღაურებია. გარდა ამისა, 2018 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ხელფასის სახით ასანაზღაურებელი აქვს 3200 ლარი.
10. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
11. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 16 იანვარს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 3200 ლარის ოდენობით; პირგასამტეხლოს გადახდა სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის, ყოველდღიურად 2,24 ლარის ოდენობით, 2018 წლის 01 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); საშუამავლო მომსახურების გაწევისთვის მიუღებელი თანხის ანაზღაურება 47 045,85 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
12. მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 3200 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე); ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 2,24 ლარის ოდენობით, 2018 წლის 01 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სარჩელი საშუამავლო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
15. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
16. მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საშუამავლო ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას; შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
18. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის მხარეთა შორის 2017 წლის მაისიდან შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს 2018 წლის ოთხი თვის შრომის ანაზღაურებას, რომელიც მოიცავს მარტი - ივნისის პერიოდს. მოპასუხე არ უარყოფს, რომ აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს კომპანიიდან თანხა მიღებული არ აქვს, თუმცა სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს იმ საფუძვლით, რომ ამ პერიოდში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო.
20. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობების ამომწურავ ჩამონათვალს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვერ მიუთითებს აღნიშნული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ საფუძველზე, რომელზე დაყრდნობითაც შეწყდა მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა. ასეთი საფუძვლები ვერ დადგინდა ვერც საქმის განხილვის შედეგად. საყურადღებოა, რომ შესაგებლით მოპასუხე მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობას აღიარებს 2018 წლის მაისის თვემდე (აპრილის ჩათვლით). მისი განმარტებით, ამ პერიოდის შემდეგ მოსარჩელემ თავისი ინიციატივით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, თუმცა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ასეთ შემთხვევაში წერილობითი განცხადების აუცილებლობას ითვალისწინებს, რაც საქმეში წარდგენილი არ არის. უდავოა, ასევე, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გამოცემულა.
21. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოება ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, კომპანიის დირექტორისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე მუშაობდა სხვა კომპანიის სასარგებლოდ, რის გამოც მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. აღნიშნულის შემდეგ კომპანიამ მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ წერილობითი დოკუმენტი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი არ არის. საქმის მასალებით არც ის დასტურდება, თუ როდის მიუვიდა დასაქმებულს საწარმოს მიერ ზეპირსიტყვიერად გამოვლენილი ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
22. სააპელაციო პალატამ შრომით სამართალში არსებულ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის მაისიდან. შესაბამისად, სარჩელი 4 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია.
23. საშუამავლო თანხის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის საშუამავლო ურთიერთობის არსებობის შესახებ, მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია. კერძოდ, შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს 2017 წლის აგვისტოს პროექტში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს ანაზღაურება ხელზე (შესაგებლის მე-3 გვერდი, მე-2 ფაქტობრივი გარემოება). მოპასუხე შესაგებელში, ასევე, განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოზიდული პროექტის დასრულების შემდეგ მხარეები ერთად განსაზღვრავდნენ თუ რა ოდენობის თანხა უნდა მიეღო მას დამატებით. 2017 წლის ოქტომბრამდე მისაღები თანხების შესახებ მხარეები ადგენდნენ ხელშეკრულებას და შემდეგ მოპასუხე მოსარჩელეზე გასცემდა თანხას. მხარეთა შორის საშუამავლო ურთიერთობას ადასტურებს შესაგებლის ის პუნქტებიც, სადაც მოპასუხე განმარტავს მოსარჩელის მონაწილეობას 2018 წლის 20 თებერვლისა და 16 მარტის პროექტებში (იხ. შესაგებლის მე-4 გვერდი). გარდა ამისა, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაგებელს ერთვის მტკიცებულებები. კერძოდ, 2017 წლის 16 მარტს და იმავე წლის 23 მაისს მხარეთა შორის დადებული საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულებები და სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ კომპანიისათვის პროექტების მოზიდვის თაობაზე. ამასვე ადასტურებს სარჩელზე დართული საბანკო ამონაწერი (იხ. ტ. I, ს.ფ. 23-24), რომლის მიხედვით, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ჩარიცხულია თანხები საშუამავლო მომსახურებისთვის და ასეთი დანიშნულებით ბოლო გადახდა განხორციელებულია 2017 წლის 29 დეკემბერს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მხარეთა შორის საშუამავლო მომსახურების თაობაზე შეთანხმების ფაქტი.
25. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებში მომსახურების გაწევის ფაქტს და პროცენტის ოდენობას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შესაგებელში განმარტებულია, რომ მხარეთა შეთანხმება საშუამავლო მომსახურებასთან დაკავშირებული ანაზღაურების შესახებ, ხდებოდა მოზიდული პროექტის დასრულების შემდეგ. იმავეს ადასტურებს მოპასუხის მიერ წარდგენილი საშუამავლო ხელშეკრულებები, რომელთა დადების დროს უკვე ცნობილი იყო მოზიდული პროექტიდან კომპანიის მიერ მიღებული თანხის ოდენობა. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს სარჩელში მითითებულ ფაქტს, რომ მოსარჩელე საშუამავლო მომსახურების ანაზღაურებას იღებდა მოზიდული პროექტის დასრულების შემდეგ და აღნიშნულზე მხარეები ადგენდნენ ხელშეკრულებას.
26. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიუთითა კონკრეტულ პროექტში მისი მონაწილეობის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა მთავარი საკითხისთვის - ზემოაღნიშნული ფაქტების პირობებში, მოსარჩელეს შეეძლო თუ არა დაედასტურებინა კონკრეტულ პროექტში მონაწილეობის ფაქტი და ამ პროექტიდან კომპანიის მიერ მიღებული თანხის ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დასახელებულ პროექტებში მოსარჩელე არ არის ხელშეკრულების მხარე (მას ზეპირი შეთანხმება ჰქონდა საშუამავლო მომსახურებაზე მოპასუხესთან), ხოლო ანაზღაურება ხდებოდა მოზიდული პროექტის დასრულების შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დამატებითი კვლევის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის გასაქარწყლებლად მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტებისა და მტკიცებულებების სარწმუნოობა ხელახლა უნდა შეაფასოს და დაადგინოს იღებდა თუ არა მოსარჩელე მის მიერ მითითებული პროექტების მოზიდვაში მონაწილეობას და რა შეიძლება ყოფილიყო მისი ანაზღაურება ამ პროექტებიდან.
27. სააპელაციო სასამართლომ კონკრეტულ პროექტში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა მოპასუხესა და შპს ,,-------’’-ს შორის 2017 წლის 26 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და განმარტა, რომ საქმეში წარდგენილია 2018 წლის 14 მარტით დათარიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლის თანახმად, კომპანიის დირექტორი მოსარჩელეს ატყობინებს, რომ მან დათვალა ,,-----’’-ის პროექტიდან, 5000 აშშ დოლარი არ გამოვიდა და ამ საკითხის გარკვევის მიზნით, მოსარჩელესთან შეხვედრა ითხოვა (იხ. ტ. I, ს.ფ. 118). აღნიშნული მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა, თუმცა იგი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ წინააღმდეგობაში მოდის მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებასთან, რომ კომპანიას მოსარჩელის მიმართ საშუამავლო ურთიერთობიდან გამომდინარე არანაირი ფულადი ვალდებულება არ გააჩნია.
28. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაძლია მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი და დაადასტურა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება კომპანიისთვის შეკვეთების მოზიდვის თაობაზე, რისთვისაც ამ უკანასკნელს მოსარჩელისთვის გასამრჯელო უნდა გადაეხადა. ხოლო, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეაფასა შეეძლო თუ არა მოსარჩელეს კონკრეტულ პროექტებში მისი მონაწილეობა/არმონაწილეობის, ასევე, მხარეთა შეპირი შეთანხმებით დადგენილი ანაზღაურების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა.
29. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მითითება, რომ შპს ,,კ-------ნ გ-----ან“ 2017 წლის 27 ოქტომბერს, ასევე, 2018 წლის 20 თებერვალს და 16 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებებით ამ უკანასკნელისთვის მოპასუხის მიერ გადახდილი შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში მოსარჩელის საპრემიო თანხაც შედიოდა. სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოპასუხესა და შპს ,,კ------ენ გ-----ს’’ შორის გაფორდა ნარდობის ხელშეკრულებები, თუმცა ამ ხელშეკრულებების მიხედვით, შემკვეთი არის თავად მოპასუხე, ხოლო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ----- მეცხოველეობის ფერმის ლითონკონსტრუქციებისა და სახურავის მონტაჟი. ხელშეკრულებებში აღნიშნული არ არის მოსარჩელისთვის რაიმე თანხის გადაცემის თაობაზე და მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელი არის შპს ,,კ------ენ გ-----ის’’ 34% წილის მესაკუთრე (იხ. ტ. I, ს.ფ. 75-76), არ ადასტურებს საშუამავლო ურთიერთობასთან რაიმე შემხებლობას.
30. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე არ უარყოფდა მხარეთა შორის საშუამავლო მომსახურების თაობაზე ზეპირი შეთანხმების არსებობის ფაქტს, თუ პირველი ინსტანციის სასამართლო, სათანადო კვლევის პირობებში, დაადგენდა, რომ მოსარჩელეს როგორც შუამავალს, მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მის მიერ დასახელებული პროექტების მოზიდვაში, სასამართლოს შეეძლო ანაზაღურების შესახებ ემსჯელა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე.
31. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
32. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
32.1. წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არარსებობა ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის მე-6.11 და სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, თუმცა არ ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, წარუდგინოს სასამართლოს შრომითი ურთიერთობის/დასაქმებულის სასარგებლოდ ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები;
32.2. სასამართლოს უნდა ემსჯელა ფორმის დაუცველად დადებული გარიგების შედეგებზე და მის ვადებზე;
32.3. მოსარჩელეს არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეთა შორის 2018 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. კასატორი არ იზიარებს ამ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთის განაწილების წესს;
32.4. შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელის სურვილით არ გაფორმდა, თუმცა ეს გარემოება სასამართლოს არ შეუფასებია;
32.5. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხესა და შპს „------“-ს შორის 2017 წლის აგვისტოში და დეკემბერში, ასევე, 2018 წლის ივლისში გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები მოსარჩელის მონაწილეობითა და შუამავლობით დაიდო;
32.6. არასწორია სასამართლო მსჯელობა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საშუამავლო ურთიერთობა სხვა პროექტებზე. აღნიშნული არ შეიძლება გამოდგეს კონკრეტულ პროექტებში მხარის მონაწილეობის დამადასტურებელ გარემოებად;
32.7. მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული იყო პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე და იღებდა ხელფასს. ყველა მიმოწერა საქმესთან დაკავშირებით და პროექტებზე წარმოადგენდა მის უშუალო კომპეტენციას;
32.8. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ვინაიდან მოსარჩელე კონკრეტულ თანხებს ასახელებს, იგი საშუამავლო ურთიერთობის მონაწილე იყო, ვინაიდან მოსარჩელე, როგორც პროექტის მენეჯერი, ფლობდა პროექტების შესახებ ინფორმაციას;
32.9. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ კონკრეტული ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისთვის არსებობდა გასამრჯელოზე შეთანხმება. ასევე, ის გარემოება, რომ ხელშეკრულება უშუალოდ მოსარჩელის მონაწილეობის შედეგად დაიდო;
32.10. 14.03.2018წ. მოკლე ტექსტური შეტყობინება ეხებოდა მოსარჩელის პრეტენზიას ხელფასზე. მოპასუხე დაკვეთებიდან შესული თანხებით გასცემდა ხელფასებს, შესაბამისად, მის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პროექტიდან მოზიდული თანხით ხელფასს ვერ დაფარავდა.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
34. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
38. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
39. კასატორი სადავოდ ხდის 2018 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტს. ამასთან, იგი, შრომის კოდექსის მე-6.11 და სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლებზე დაყრდნობით მიუთითებს შრომითი ხელშეკრულების ბათილობაზე.
40. საქართველოს შრომის კოდექსის (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ხოლო იმავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
41. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის 2017 წლის მაისიდან არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც გაგრძელდა არანაკლებ სამი თვის ვადით. როგორც თავად კასატორი მიუთითებს, მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული იყო მენეჯერის თანამდებობაზე, რისთვისაც იღებდა შრომის ანაზღაურებას. ამასთან, მიუხედავად ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესისა, მხარეთა შორის წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო არ არის დასაქმებულის მიერ სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტი, წერილობითი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება მთლიანად დამსაქმებლის ვალდებულებას წარმოადგენდა და ამის გამო დასაქმებული პასუხს არ აგებს.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის სპეციალური წესის მოქმედების პირობებში, სწორედ დამსაქმებელს აკისრია სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, ვინაიდან მას მეტად ხელეწიფება, როგორც შრომითი ურთიერთობის არსებობის, ასევე, მისი შეწყვეტის დამტკიცების შესაძლებლობა (შედ. იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-638-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი).
43. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2018 წლის მაისიდან შეწყდა მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა, მოპასუხეს/დამსაქმებელს ეკისრებოდა, თუმცა მან ვერ წარადგინა ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო და საკმარისი მტკიცებულებები. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დასაქმებულის ინიციატივით ან/და დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის წერილობით ან/და ზეპირსიტყვიერად შეწყვეტის ფაქტს.
44. კასატორის მტკიცებით, მოპასუხესა და შპს „-----”-ს შორის 2017 წლის აგვისტოში და დეკემბერში, ასევე, 2018 წლის ივლისში გაფორმებული ხელშეკრულებები მოსარჩელის შუამავლობით არ დადებულა.
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
46. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ კასატორს მხარეთა შორის საშუამავლო ურთიერთობის არსებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის განმარტებითა და საქმეში არსებული დოკუმენტებით (საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულებები და სალაროს გასავლის ორდერები) (იხ. ტ. I, ს.ფ. 65-70) დასტურდება, რომ აღნიშნული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება მხარეთა შორის მოზიდული პროექტის დასრულების შემდგომ ხდებოდა. ამასთან, მოზიდულ პროექტებში თავად მოსარჩელე არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ კონკრეტულ პროექტებში საშუამავლო მომსახურების გაწევის ფაქტს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა იმ გარემოებისთვის - ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის რამდენად მარტივი და ობიექტურად შესაძლებელი იყო 2017 წლის აგვისტოს, დეკემბრისა და 2018 წლის ივლისის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების მისი შუამავლობით განხორციელებისა და ამ მომსახურებიდან მისაღები ანაზღაურების ოდენობის მტკიცება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კითხვაზე პასუხს არ შეიცავს, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
48. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. მოპასუხემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. იმავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (კომპანიის გენერალური დირექტორის №----- წერილი და შპს „-----“-ის დირექტორის წერილი), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 2, ს.ფ. 181-182).
50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 2292,93 ლარის, ჯამში 2592,93 ლარის 70% – 1815,05 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „გ------ი---“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „გ----ი-----“-ს (ს/კ: -----) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 5 ივნისს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის და 2020 წლის 5 აგვისტოს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2292,93 ლარის, ჯამში 2592,93 ლარის 70% – 1815,05 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი-----, მიმღების ანგარიშის №---, სახაზინო კოდი ------;
3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (სს „გ-----ი----“-ის გენერალური დირექტორის №----- წერილი და შპს „---“-ის დირექტორის წერილი), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 2, ს.ფ. 181-182);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი