Facebook Twitter

საქმე №ას-420-2020 26 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.შ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ა L.G.“ (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ–ა L. G.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.შ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2019 წლის გადაწყვეტილება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.05.2018 წლის გადაწყვეტილებით ა.შ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი შპს „გ–ა L.G “-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 09.08.2013 წლიდან 09.08.2014 წლამდე დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დასაქმდა დაცვის უფროსის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1250 ლარით. შრომითი ხელშეკრულების 5.4 მუხლი ითვალისწინებდა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის დასაქმებულისათვის მისი საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობის შესაბამისად ანაზღაურებას.

1.2. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 08.08.2014 წელს, მხარეებს შორის 09.08.2015 წლის ჩათვლით დაიდო ახალი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა მონიტორინგის განყოფილების უფროსად, მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად განისაზღვრა 1250 ლარით. 10.08.2015 წლის შრომითი ხელშეკრულებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 31.12.2015 წლის ჩათვლით, ხოლო ანაზღაურება - ყოველთვიურად 1875 ლარით. ამ ხელშეკრულებებით ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი განსაზღვრული არ იყო.

1.3. დამსაქმებელმა 21.12.2015 წელს აცნობა მოსარჩელეს, რომ 01.02.2016 წელს, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, შეწყდებოდა შრომითი ურთიერთობა.

1.4. მოსარჩელემ 22.12.2015 წელს განცხადებით მიმართა დამსაქმებელს, აცნობა, რომ ვეღარ შეძლებდა მისი მოვალეობების შესრულებას და ითხოვა დაეკმაყოფილებინათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ.

1.5. დამსაქმებლის 23.12.2015 წლის ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (პირადი განცხადების) საფუძველზე.

1.6. მოსარჩელემ 15.01.2016 წელს განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზების მითითება და დასაბუთება. მოპასუხემ 26.01.2016 წელს აცნობა მოსარჩელეს, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა 23.12.2015 წლიდან მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე.

1.7. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი გათვალისწინებულია დამსაქმებლის შინაგანაწესში, სადაც მითითებულია, რომ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები დასაქმებულებს აუნაზღაურდებათ შემდეგ შემთხვევაში: კანონმდებლობით განსაზღვრულ სამუშაო საათების ნორმის ზემოთ ნამუშევარი დრო და ოფიციალური დასვენების დღეებში ნამუშევარი საათები. ნამუშევარი ზეგანაკვეთური საათების გამოთვლა მოხდება თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების დაჯამებით და მიღებულ ციფრსა და კვირაში 40/48 სამუშაო საათის გათვალისწინებით მოცემულ თვეში სამუშაო საათების რაოდენობას შორის სხვაობის გამოთვლის საფუძველზე. ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს იმავე ან შემდეგ თვეში დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დროის მიცემით ან ფულადი სახით. ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების განაკვეთია 1:1.10.

1.8. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა დასაქმებულის პირადი განცხადება. მოსარჩელე მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე და აღნიშნავს, რომ განცხადება დაწერა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. თუმცა, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელეზე რაიმე სახის ზეწოლას. სასამართლოს მითითებით, თუ განცხადების დაწერის მიზეზი არ არის დამსაქმებლის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, სასამართლო არ გამოიკვლევს ამ მიზეზს, ხოლო თუ მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას აქვს ნაკლი, რაც გამოწვეულია, მაგალითად, მოპასუხის იძულებით, მაშინ ეს მითითება გამყარებული უნდა იყოს რაიმე მტკიცებულებით, რაც, ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მოქმედი შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღარ იმსჯელა შრომითი ურთიერთობის ვადიანი თუ უვადო ხასიათის შესახებ და მიუთითა, რომ ეს უკანასკნელი საკითხი აქტუალობას მხოლოდ მაშინ შეიძენდა, თუ სასამართლო მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საჭიროების წინაშე დადგებოდა.

1.9. სადავო გარემოებაა, ასევე, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფაქტის არსებობა. სასამართლოს მითითებით, იგი იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომელიც გამყარებულია მტკიცებულებებით, რის თანახმადაც, მოსარჩელე ყოველი საანგარიშო თვის ბოლოსთვის კომუნიკაციას აწარმოებდა ადამიანური რესურსების მენეჯერთან და მისი მოთხოვნის საფუძველზე დაანგარიშებულ საათებს უგზავნიდა ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურების გაცემის მიზნით. ასეთი კომუნიკაციის დროს მოსარჩელეს არასდროს წარუდგენია თავის მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური საათების შესახებ ინფორმაცია ადამიანური რესურსების მენეჯერის მოთხოვნის საპასუხოდ, რაც არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ასრულებდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სამორიგეო დღის შემდეგ დადგენილი იყო დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დრო.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2019 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის აპრილის თვიდან - 2015 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით ზეგანაკვეთური საათების (შრომის) ანაზღაურება 15 659.28 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით და განმარტავს, რომ განცხადების დაწერა მას აიძულა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ. ამასთანავე, მოსარჩელის მტკიცებით, მას უქმნიდნენ იმგვარ პირობებს, რომ იგი იძულებული გახდა თავად დაეწერა განცხადება და მოეთხოვა დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება და რომ არა, თუნდაც გაფრთხილება ვადის გასვლის საფუძვლით მასთან მოსალოდნელი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა, იგი პირადად არ დაწერდა განცხადებას გათავისუფლებასთან მიმართებით. პალატის მითითებით, რამდენადაც, განსახილველ შემთხვევაში, კვლევის საგანია დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა, მიზანშეუწონელია მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური წესის გამოყენება და მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის (იხ. სუსგ №ას-649-616-2014, 05.11.2014წ.).

3.2. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, უნდა დაედასტურებინა მასზე იმგვარი იძულების განხორციელება, რამაც ზეგავლენა მოახდინა მისი ნების ფორმირებაზე. განსახილველ შემთხვევაში, მენეჯერთან ურთიერთობის დაძაბვა და მოსალოდნელი გათავისუფლების შიში, ვერ განიხილება იმგვარ იძულებად, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 85-89-ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე განაპირობებდა გამოვლენილი ნების არანამდვილობას. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სასამართლოს არ უქმნის შინაგან რწმენას ამგვარი მტკიცების გაზიარებისათავის. მოსარჩელის მხრიდან გამოვლენილი ნების კანონიერების კვლევისათვის მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს გარემოებაზე, რომ მისთვის უშუალოდ გათავისუფლებასთან მიმართებით განცხადების დაწერა არავის დაუძალებია, არამედ მის მიერ აღნიშნული განცხადება დაწერილია იმ საფუძვლით, რომ მისთვის მიუღებელი იყო არსებულ პირობებში სამუშაოს გაგრძელება, რაც ვერ განიხილება იძულებად, რადგანაც ზემოთ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, იძულების საფუძვლით ნების ნაკლი შეიძლება დადგეს იმ ვითარებაში, როდესაც პირის მიმართ იმგვარ ზეწოლას აქვს ადგილი, რაც აიძულებს მას დაწეროს მისი ნების საწინააღმდეგო განცხადება. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხოლოდ გარემოება, რომ გათავისუფლებასთან მიმართებით განცხადების დაწერა რეალურად არ შეესაბამებოდა მის ინტერესებს არ განაპირობებს იძულების საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ნამდვილია დასაქმებულის ნება შრომითსამართლებრივი ურთიერთობის დასრულებასთან მიმართებით, დამატებით მის წინააღმდეგ დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით მსჯელობის განვრცობა საფუძველს მოკლებულია, რადგანაც, პალატის შეფასებით, დასაქმებულის მხრიდან განცხადების დაწერა გათავისუფლებასთან მიმართებით არც დისკრიმინაციულ მიდგომას განუპირობებია. ამასთან, აღნიშნულთან მიმართებით მოსარჩელეს სათანადო მითითება დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას არ განუხორციელებია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მასზე იძულების განხორციელება, რის გამოც არ არსებობდა ამ საფუძვლით განცხადებისა და მის საფუძველზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობა. შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის მიკუთვნების საფუძველიც. პალატამ გაუმართლებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 10.08.2015 წლის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის ბათილად ცნობასთან და ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით არსებობის აღიარებასთან მიმართებით, სათანადო იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო. პალატის მითითებით, ამ მხრივ საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კანონმდებლობით რეგლამენტირებულია საკითხი ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით და დამატებით სასარჩელო მოთხოვნის ფორმირება ამ მხრივაც გაუმართლებელია.

3.3. რაც შეეხება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხს, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.

3.4. დადგენილია, რომ მოსარჩელეს დამსაქმებლის მიერ დაწესებული მორიგეობის ცხრილის შესაბამისად პერიოდულად უწევდა ზეგანაკვეთური შრომა და სასტუმროში ღამით დარჩენა, რასაც არ უარყოფს არც მოწინააღმდეგე მხარე, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნულის სანაცვლოდ მოსარჩელე, ისევე როგორც სხვა მენეჯერები, მომდევნო სამუშაო დღეს ისვენებდნენ და ამგვარად კომპენსირდებოდა მათი მხრიდან ზედმეტად ნამუშევარი დრო. პალატის მითითებით, მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების 1.2 მუხლის შესაბამისად, კომპანიის შინაგანაწესი არის მოცემული შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი განისაზღვრა კომპანიის შინაგანაწესით, კერძოდ, მიეთითა, რომ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები დასაქმებულებს აუნაზღაურდებათ შემდეგ შემთხვევაში: კანონმდებლობით განსაზღვრულ სამუშაო საათების ნორმის ზემოთ ნამუშევარი დრო და ოფიციალური დასვენების დღეებში ნამუშევარი საათები. ნამუშევარი ზეგანაკვეთური საათების გამოთვლა მოხდება თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების დაჯამებით და მიღებულ ციფრსა და კვირაში 40/48 სამუშაო საათის გათვალისწინებით მოცემულ თვეში სამუშაო საათების რაოდენობას შორის სხვაობის გამოთვლის საფუძველზე. ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს იმავე ან შემდეგ თვეში დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დროის მიცემით ან ფულადი სახით. ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების განაკვეთია 1:1.10.

3.5. პალატის მითითებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე სათანადო სამსახურს უშუალოდ მის მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური დროის თაობაზე ინფორმაციას არ აწვდიდა, ვერ განიხილება ანაზღაურებაზე უარის თქმის გამართლებულ საფუძვლად. პალატამ არ გაიზიარა დამსაქმებლის პოზიცია, რომ სამორიგეო დღის შემდეგ დადგენილი იყო დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დრო. პალატის მითითებით, სწორედ დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ედასტურებინა გარემოება, რომ ყოველი მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღე დასაქმებულებს ეძლეოდათ დასვენება, მითითებული ფაქტი კი, მხოლოდ 25.02.2015 წლის ელექტრონული წერილით (ტ.1, ს.ფ.200-201) ვერ დადასტურდება. ამ წერილით ნატო გვაზავამ აცნობა დასაქმებულებს, რომ მათ შეეძლოთ ესარგებლათ მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს დასვენებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელე მორიგეობის შემდგომ სამუშაო დღეს ისვენებდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც, ერთი მხრივ, დადასტურებულია ზეგანაკვეთური შრომა, მტკიცება აღნიშნულის კომპენსირებასთან მიმართებით ეკისრებოდა დამსაქმებელს, რომელმაც წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა გარემოება, რომ მოსარჩელე მომდევნო სამუშაო დღეს სარგებლობდა ანაზღაურებადი დასვენების უფლებით, რაც წარმოშობს დამსაქმებლის ვალდებულებას აანაზღაუროს ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დრო, შინაგანაწესით განსაზღვრული წესით.

3.6. ზეგანაკვეთური შრომის ზუსტი ოდენობის განსაზღვრისას პალატა დაეყრდნო წარმოდგენილ მორიგეობის ცხრილს და მისგან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია შინაგანაწესით განსაზღვრულ განაკვეთთან და უშუალოდ დასაქმებულისათვის განსაზღვრულ შესაბამისი ანაზღაურების ოდენობასთან, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის აღიარებასთან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების პერიოდთან დაკავშირებით, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი პერიოდისა და საერთო დროის შესაბამისად, რაც ერთობლიობაში ადასტურებს, რომ მოსარჩელეს, 2014 წლის აპრილის თვიდან - 2015 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის შესაბამისად, უნდა მიეკუთვნოს ანაზღაურება 15 659.28 ლარის ოდენობით.

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე მოპასუხემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე და 38-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (შდრ.სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.).

9. შრომით ურთიერთობებში უფლებათა რეალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შესაძლებელია, სამართალურთიერთობა შეწყდეს როგორც ლეგიტიმურ, ისე არალეგიტიმულ საფუძველზე. შრომითი ურთიერთობის სწორი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.

10. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

11. მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებული სამუშაოდან გათავისუფლდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება) საფუძველზე (ტ.3, ს.ფ. 62; 70). წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ სადავო გახადა მის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების ნამდვილობა და მიუთითა, რომ განცხადება დაწერა მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის, იძულების შედეგად (ტ.3, ს.ფ. 185). პალატა განმარტავს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის (შდრ. სუსგ №ას-649-616-2014, 05.11.2014წ; №ას-147-139-2017, 18.12.2017წ; №ას-543-2020, 24.02.2021წ; №ას-269-2019, 27.10.2021წ.). დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების მოშლის მიმართ ვრცელდება ბათილობისა და შეცილების ზოგადი საფუძვლები. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომის, მოტყუების ან იძულების შედეგია, ის დასაქმებულის მიერ ნამდვილი შეცილების შედეგად ბათილი იქნება. მხარემ, რომელიც აპელირებს ნების გამოხატვის იძულების საფუძველზე, უნდა ამტკიცოს კიდეც მისი წინაპირობები. როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ იძულების ხასიათი საკმარისია „ნების მოდრეკისათვის“, მეორე მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ნების გამოხატვა იძულების შედეგი არ იყო და, გამონაკლისის სახით, გამომხატველის თავისუფალ გადაწყვეტილებას ემყარებოდა (შდრ. სუსგ №ას-224-2020, 23.02.2022წ; №ას-79-2022, 13.05.2022წ.). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დასაქმებულმა მის მიერ გამოვლენილი ნების არანამდვილობის დამადასტურებელ გარემოებებზე ვერ მიუთითა.

12. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება პირველი საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მის მიერ 22.12.2015 წელს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა დამსაქმებლის 21.12.2015 წელს გამოვლენილმა ნებამ განაპირობა. დადგენილია, რომ 21.12.2015 წელს დამსაქმებელმა მოსარჩელეს აცნობა, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, 01.02.2016 წელს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (ტ.3, ს.ფ. 61), რის შემდეგაც, 22.12.2015 წელს, მოსარჩელემ თავად მიმართა დამსაქმებელს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით (ტ.3, ს.ფ.62). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაქმებულის ინფორმირება, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მასთან შრომითი ურთიერთობის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, დასაქმებულის თავისუფალ ნებაზე დაუშვებელ ზემოქმედებად ვერ შეფასდება. დასაქმებულს არჩევანის თავისუფლება არ წართმევია და, ნაცვლად პირადი განცხადების საფუძველზე შრომითსამართლებრივი ხელშეკრულების შეწყვეტისა, შეეძლო დამსაქმებლის გადაწყვეტილების კანონიერებაზე სამართლებრივი გზებით ედავა (შდრ. სუსგ №ას-224-2020, 23.02.2022წ.). ამრიგად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ არ არსებობს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს არც თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების - სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების, დაკმაყოფილების წინაპირობები.

13. რაც შეეხება დამსაქმებლისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების დაკისრებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. სშკ-ის მე-17 მუხლით დადგენილი ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისათვის უნდა არსებობდეს ამავე ნორმის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები (ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს).

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოსარჩელეს დამსაქმებლის მიერ დაწესებული მორიგეობის ცხრილის შესაბამისად, პერიოდულად უწევდა ზეგანაკვეთური შრომა; კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული იყო ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი. ამასთან, დამსაქმებელმა ვერ შეძლო მის მიერ მითითებული იმ გარემოების სათანადო მტკიცებულებით დადასტურება, რომ მოსარჩელე მორიგეობის შემდგომ სამუშაო დღეს ისვენებდა. ამრიგად, არსებობდა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წინაპირობები (შდრ. სუსგ №ას-562-2019, 28.06.2019წ; №ას-1344-1264-2017, 17.01.2018წ.).

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომაც ამ ნაწილში შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება. შესაბამისად, საკასაციო პალატა სხვა მოთხოვნებთან მიმართებით ვერ იმსჯელებს.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, კასატორებს კი გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, პირველ საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი, ხოლო მეორე საკასაციო საჩივრის ავტორს - მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 782.90 ლარის 70% – 548.03 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.შ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „გ–ა L.G-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

3. ა.შ–ას (პ/ნ: ....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №9701987449, გადახდის თარიღი 14.08.2020წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. შპს „გ–ა L. G-ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 782.90 ლარის (საგადახდო დავალება №2774, გადახდის თარიღი 17.07.2020წ.) 70% – 548.03 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია