Facebook Twitter

საქმე №ას-747-2022 13 ოქტომბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.02.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 05.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი მ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის ოჯახის თანასაკუთრებაში №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები), მდებარე: ადიგენის რაიონი, სოფელი ...(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“), მოსარჩელისა და უძრავი ქონების თანამესაკუთრეთა სასარგებლოდ. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ მოუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 201.7 და 2321 მუხლების თანახმად, არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა.მ–ის კომლზე გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი, კომლს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები. მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მოპასუხე. სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 312-ე, 170-ე, 172-ე, 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით, ამავე კოდექსის 168-ე მუხლით და მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სარჩელი და თანდართული მასალები პირადად მას არ ჩაბარებია.

3. ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 20.05.2021 წლის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი. მოსარჩელემ 09.02.2021 წელს ჩაიბარა მოპასუხისათვის გადასაცემი სარჩელის ასლი და თანდართული დოკუმენტები, ასევე გზავნილის დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო, რომ წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მხარეს დანიშნული ჰქონდა 5 დღის ვადა, ამასთან, მოპასუხე გაფრთხილებული იქნა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 5-დღიან ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის თანახმად, გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით ფიქსირდება, მოპასუხის ხელმოწერა და თარიღი გზავნილის ჩაბარების შესახებ, რაც დასკანერებული სახით ატვირთულია ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაშიც. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი ჩაჰბარდა 09.03.2021 წელს. მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა განსაზღვრულ ვადამდე - 15.03.2021 წლამდე, ხოლო განცხადება სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩაბარების დასტურით, სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 24.03.2021 წელს, რის შემდეგაც სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამარკოლებელ გარემოებებს. საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება ვერ მიიჩნეოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

4. ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 05.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 20.05.2021 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.02.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს 05.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 20.05.2021 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

5.1. მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი ჩაბარდა 09.03.2021 წელს. მოპასუხე გაფრთხილებული იქნა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 5-დღიან ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის თანახმად, გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა განსაზღვრულ ვადამდე - 15.03.2021 წლამდე.

5.2. მოპასუხე მიუთითებს, რომ გზავნილი მას პირადად არ ჩაბარებია და მხოლოდ დაგვიანებით გაეცნო მასალებს. აღნიშნული პრეტენზია არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილით დასტურდება, რომ მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა პირადად, 09.03.2021 წელს, რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით და, ასევე, მითითებულია მოპასუხის პირადი ნომერი. აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რისი წარმოდგენაც სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სწორედ მას ევალებოდა. პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის წინაპირობები არ არსებობდა.

5.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს და არ იკვლევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამ დროს სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულად. კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია სარჩელში მოცემული შემდეგი ფაქტები: ა.მ–ის კომლზე გაიცა მიღება-ჩაბარების აქტი და საკუთრებაში კომლს გადაეცა უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები. მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მოპასუხე, ხოლო საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრებზე. სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობდა სსკ-ის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, წარმოდგენილ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

5.4. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით იყო დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. პალატამ მიუთითა, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობს თუ არა ისინი ერთი და იმავე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან. პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლში ნაგულისხმევი გარემოება წარმოადგენს ისეთ შემთხვევას, რომელიც მიჩნეულ უნდა იქნეს საქმის გამოკვლევის შეუძლებლობის განმაპირობებელ ობიექტურ სირთულედ ან დაბრკოლებად, რამდენადაც, მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებელი ასეთ სირთულედ მიიჩნევს მოცემული საქმის განხილვისათვის აუცილებელ ისეთ არსებით ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და ამდენად, პროცესუალურად შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ობიექტური გარემოებების საფუძველზე სხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით მას შემდეგში შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია მოპასუხის სარჩელი მოსარჩელის, ა.მ–ის, ზ.მ–ისა და მ.მ–ის მიმართ, კომლიდან და უძრავი ქონების მესაკუთრეთა სიიდან მოპასუხეთა ამორიცხვისა და კომლის ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მოცემულ სარჩელში დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ საქმეებს შორის არ იკვეთება იმგვარი კავშირი, რის გამოც შეუძლებელი იქნება წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვა და გადაწყვეტა, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლო, კონკრეტულ შემთხვევაში, ამოწმებს, არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონისმიერი წინაპირობები, კერძოდ, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ხომ არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას. პალატის განმარტებით, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში ნახსენები „შეუძლებლობა“ გულისხმობს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომლის დადგენა წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და პროცესუალურად შეუძლებელს ხდის საკითხის განხილვას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის განხილვის „შეუძლებლობა“, რაც, თავის მხრივ, საქმის წარმოების შეჩერებას გამორიცხავს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო საჩივრის ობიექტია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.

11. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

12. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

13. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ: სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს პირადად ჩაჰბარდა 09.03.2021 წელს (ს.ფ. 62); მოპასუხეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული იმ გარემოების დადასტურება, რომ სარჩელი და თანდართული მასალები პირადად მას არ ჩაჰბარდა.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).

15. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 637). სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.). სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სსკ-ის 170-ე, 172-ე, 173-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნას.

16. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობები განსახილველ საქმეზე არ არსებობს. ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (სუსგ №ას-1719-2019, 22.01.2020წ.).

17. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას ახალციხის რაიონულ სასამართლოში წინამდებარე დავის მოპასუხის მიერ მოსარჩელის, ა.მ–ის, ზ.მ–ისა და მ.მ–ის მიმართ, კომლიდან და უძრავი ქონების მესაკუთრეთა სიიდან მათი ამორიცხვის და კომლის ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის განხილვის დასრულებამდე.

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.მ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს ლ.შ–ძის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება №28639216, გადახდის თარიღი 15.07.2022წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია