Facebook Twitter

საქმე №ას-677-2021 23 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ჯ-ლი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. კ-ნი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ჯ. კ-სა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელის მოპასუხე“ ან „გამსესხებელი“) და თ. ჯ-ლს (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის მოსარჩელე“, „მსესხებელი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) შორის 2017 წლის 02 იანვარს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 450 000 აშშ დოლარი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 მარტამდე ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებელი წლიური 15% (ხელშეკრულების 3.1. პუნქტი), რომელიც მსესხებელს უნდა გადაეხადა არსებული დავალიანების მიხედვით და პროპორციულად თითოეული საპროცენტო პერიოდის ბოლოს, რომელთაგან პირველი 2017 წლის 31 მარტს დასრულდებოდა (ხელშეკრულების 3.2. პუნქტი). ხელშეკრულებით, ასევე, განისაზღვრა საჯარიმო პროცენტი წლიური 2%-ის ოდენობით, რომელიც დაერიცხება ნებისმიერ თანხას, რომლის გადახდის ვადა დადგა, მაგრამ არ არის გადახდილი მსესხებლის მიერ, გადახდის თარიღიდან ფაქტობრივი გადახდის თარიღამდე (ხელშეკრულების 3.4. პუნქტი). მსესხებელი ვალდებული იყო სესხი სრულად დაეფარა სესხის დაფარვის თარიღისთვის (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი).

2. სესხის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ გამსესხებელმა სრულად გადასცა სესხი მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღეს (იხ. ტ. I, ს.ფ. 24-30).

3. მოპასუხის მამის მეშვეობით მოსარჩელის სახელზე განხორციელდა რამდენიმე ტრანზაქცია პირადი გადარიცხვის სახით, კერძოდ: 24.04.2017 წელს გადახდილ იქნა 17 000 აშშ დოლარი, 12.07.2017 წელს 16 875 აშშ დოლარი, 17.10.2017 წელს 16 875 აშშ დოლარი და 11.01.2018 წელს 16 875 აშშ დოლარი (იხ. ტ. I, ს.ფ. 31-38).

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის 02.01.2017წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 466 875 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება; ასევე, მოპასუხისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის გადახდის საბოლოო თარიღისთვის არსებული დავალიანების - 466 875 აშშ დოლარის წლიური 2%-ის გადახდა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რომელიც სარჩელის (დაზუსტებული სარჩელის) აღძვრის დროისათვის შეადგენს 7 981,64 აშშ დოლარს. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელმა სესხზე დარიცხული პროცენტი ნაწილობრივ გადაიხადა, თუმცა მას სესხის ძირითადი თანხა 450 000 აშშ დოლარი და პროცენტი 16 875 აშშ დოლარის ოდენობით არ გადაუხდია.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება რეალურად დადებულია მოსარჩელესა და მოპასუხის მამას შორის არსებული გარიგების გადასაფარად, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ ლიტვურ კომპანიაში სოლიდური ღირებულების წილი მიიღო. ამ უკანასკნელებს ჰქონდათ საერთო ბიზნესი ლიტვასა და ვენესუელაში. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხები იყო არა სესხის პროცენტი, არამედ ის სავარაუდო მოგება, რასაც მოსარჩელე საერთო ბიზნესისგან მოელოდა.

6. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 02.01.2017წ. დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

7. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.

8. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 16 მაისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დააკმაყოფილა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 474 856,64 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 450 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 16 875 აშშ დოლარი და ჯარიმა - 7 981,64 აშშ დოლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით, ასევე, დაეკისრა 466 875 აშშ დოლარის წლიური 2%-ის გადახდა, 2019 წლის 08 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 474 856,64 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 450 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 16 875 აშშ დოლარი და ჯარიმა - 7 981,64 აშშ დოლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით, ასევე, დაეკისრა 466 875 აშშ დოლარის წლიური 2%-ის გადახდა, 2019 წლის 08 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გარემოებები, რომლებიც სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით, სადავო გარიგების ბათილ შინაარსზე მიუთითებენ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ აპელანტის მამამ დახურულ სააქციო საზოგადოებაში - შპს ,,რ------ა’’, მოსარჩელისგან 2015 წლის 11 ივნისს კომპანიის აქციების 15% შეიძინა (იხ. ტ. I, ს.ფ. 188-196) და ამჟამად ისინი აღნიშნული კომპანიის წილებს ფლობენ (იხ. ტ. I, ს.ფ. 185-187), 02.01.2017წ. სესხის ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევის საფუძველს არ წარმოადგენს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აქციების ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულებით წილის ნასყიდობის საფასური განსაზღვრულია 4344 ევროს ოდენობით და არა სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხით - 450 000 აშშ დოლარით; ასევე, ის ფაქტი, რომ მოპასუხის მამის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ სხვადასხვა დროს განხორციელებული ტრანზაქციები სრულად ემთხვევა საპროცენტო სარგებლის ოდენობას. გარდა ამისა, საქმეში წარდგენილია მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, რომლის თანახმად, მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს სესხის დაბრუნებას, ხოლო ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ ცდილობს თანხის მოძიებას. საქმეში, ასევე, წარდგენილია მხარეთა შორის 05.08.2013წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ მსგავსი ურთიერთობა მხარეთა შორის სხვა დროსაც არსებობდა (იხ. ტ. I, ს.ფ. 224-234).

16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე მუხლებით და, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 02 იანვარს რეალურად სესხის ხელშეკრულება დაიდო, აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა ნამდვილ ნებას ასახავს და მათ შორის თვალთმაქცურ გარიგებას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს ჯეროვნად არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

17. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რომელიც სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის საკითხის დადგენისას სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სესხის ძირითად თანხასთან - 450 000 აშშ დოლართან მიმართებით პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის წლიური 2% გონივრულ ოდენობად მიიჩნია.

18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

19.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2017 წლის 02 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 450 000 აშშ დოლარი 2018 წლის 31 მარტამდე; ასევე, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ ფულადი ვალდებულება არ შეასრულა. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა აღნიშნული თანხის სესხის სახით მოპასუხისათვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება;

19.2. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენს და მიმართული იყო მოპასუხის მამასა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულების გადასაფარად, რომლითაც ამ უკანასკნელმა ლიტვურ კომპანიებში სოლიდური ღირებულების წილი მიიღო. ეს გარემოება სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა. საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით სასამართლოს უნდა შექმნოდა ვარაუდი გარიგების თვალთმაქცურობასთან დაკავშირებით;

19.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული თანხები იყო სესხის პროცენტი და არა საერთო ბიზნესიდან მიღებული მოგება.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

26. კასატორი დავობს, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 02 იანვარს დადებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას და მის რეალურ მიზანს მოპასუხის მამასა და მოსარჩელეს შორის დადებული გარიგების დაფარვა წარმოადგენდა, რომლითაც მოსარჩელემ ლიტვურ კომპანიაში სოლიდური ღირებულების წილი მიიღო.

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

29. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება - ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1142-1088-2014, 23 იანვარი, 2015 წელი; №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; №ას-474-455-2016, 07 ივლისი, 2016 წელი; ას-1043-2019, 17 ოქტომბერი, 2019 წელი).

30. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მტკიცების ტვირთი თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას.

31. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 02 იანვარს დადებული სესხის ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენს, მოპასუხეს ეკისრებოდა, თუმცა მან სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილით კვალიფიკაციისთვის. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილია მხარეთა შორის დადებული 02.01.2017წ. სესხის ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მისი თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

32. კასატორი სადავო გარიგების თვალთმაქცურობის დასაბუთების მიზნით მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის სესხის გადაცემის დამადატურებელი მტკიცებულება. ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 02.01.2017წ. სესხის ხელშეკრულების 2.2. პუნქტით მხარეებმა დაადასტურეს გამსესხებელის მიერ მსესხებლისთვის სესხის სრულად გადაცემა ხელშეკრულების გაფორმების დღეს. მოპასუხეს აღნიშნულის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან, სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას და ის დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც გამსესხებელი მსესხებელს ხელშეკრულების საგანს საკუთრებაში გადასცემს. აქედან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის არგადაცემა მიუთითებს ხელშეკრულების არარსებობაზე და არა მის თვალთმაქცურობაზე.

33. კასატორი ასევე დავობს, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.

34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს უფლებამოსილებას ანიჭებს თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

35. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. ამასთან, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-144-140 -2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; №ას-825-2019,05 სექტემბერი,2019 წელი).

36. მოცემულ შემთხვევაში ძირითადი დავალიანების ოდენობის, სესხის დაბრუნების ვადაგადაცილების პერიოდის, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მოპასუხისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს დარღვეული ვალდებულების თანაზომიერ და გონივრულ ოდენობად მიიჩნევს.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

39. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1062-1022-2016, 19 თებერვალი, 2018 წელი; №ას-1043-2019, 17 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-473-2019, 13 აპრილი, 2020 წელი; №ას-1632-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი; №ას-1382-2020, 08 აპრილი, 2021 წელი; №ას-1001-2021, 11 მარტი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

42. მოწინააღმდეგე მხარე/მოსარჩელე ითხოვს მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 5000 ევროს კასატორისათვის დაკისრებას.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

44. მოცემულ შემთხვევაში დავის საგნისა და წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 1000 ევროს გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. თ. ჯ-ლს (პ.ნ. ------) დაუბრუნდეს თ. ნ-ის (პ.ნ. ------) მიერ 2021 წლის 15 ოქტომბერს №-- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 (ექვსი ათასი) ლარის 70% – 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ------;

3. ჯ. კ-ის შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და თ. ჯ-ლს ჯ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 1000 (ათასი) ევროს გადახდა; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი