საქმე №ას-865-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ. კ-ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. კ-ლი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - თ. ნ-ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება (სარჩელით), 2018 წლის 18 დეკემბრის შედარების აქტის ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ. კ-მა (შემდგომ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ის (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კასატორი) მიმართ 961 490 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელე და მოპასუხე შპს „გ-----ის --“-ის (შემდგომ - შპს, კომპანია, საწარმო) პარტნიორები არიან. 2014 წლის 19 აგვისტოს მოპასუხესა და საწარმო შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოპასუხეს კომპანიისათვის ეტაპობრივად უნდა ესესხებინა 3 000 000 ლარი. თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 19 აგვისტო. მოპასუხეს პრობლემები შეექმნა სესხის გაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც მხარეებმა დადეს ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელეს თანხა უნდა გადაეცა მოპასუხის მინდობილი პირისათვის - თ. ნ-ვის (შემდგომ - წარმომადგენელი, მესამე პირი, შეგებებული სარჩელის მეორე მოპასუხე), რომელიც ამ თანხას, როგორც მოპასუხის თანხას, შეიტანდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე 2014 წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების ფარგლებში. სესხის დაბრუნების ვადად, ამ შემთხვევაშიც, განისაზღვრა 2019 წლის 19 აგვისტო. მოსარჩელემ, მხარეთა შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის იანვრიდან - 2017 წლის აპრილამდე მესამე პირს ეტაპობრივად გადასცა 961 490 ლარი, რაც ამ უკანასკნელმა სრულად შეიტანა კომპანიის ანგარიშზე, როგორც მოპასუხის სესხის თანხა. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადა გავიდა, მაგრამ მოპასუხე თანხას არ აბრუნებს.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს შორის დადებულ ე.წ. „შედარების აქტი“, რომლითაც მოსარჩელე ცდილობს სესხის ხელშეკრულების დადების დადასტურებას, გაფორმებულია 2018 წელს და მისი ასლი დამოწმებულია 2019 წელს. შესაბამისად, 2014 წლის მინდობილობით მესამე პირის მიერ ამ გაურკვეველი წარმოშობის დოკუმენტით „ნაღიარები“ ვალი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ამასთან, აქტში სესხის დაბრუნების ვადა მითითებული არ არის. ზოგადად, მოპასუხე საერთოდ არ ცნობს მის ვალდებულებას, მაგრამ 2016 წლის 27 დეკემბრამდე მესამე პირის მიერ „შეტანილ“ ყველა თანხაზე მოთხოვნა ისედაც ხანდაზმულია.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
4. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელისა და მესამე პირის წინააღმდეგ და მოითხოვა 2018 წლის 18 დეკემბრის შედარების აქტის ბათილად ცნობა.
5. მოპასუხეს არ გამოუხატავს სესხის გარიგების დადების ნება და არც მესამე პირისთვის მიუცია მსგავსი დავალება. მოპასუხეს სესხის აღების საჭიროება არ ჰქონდა, ვინაიდან ის ამავე პერიოდში თავად იყო სესხის გამცემი კომპანიაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ეს დოკუმენტი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
6. შეგებებული სარჩელის პირველი მოპასუხის მტკიცებით, შეგებებული სარჩელის არგუმენტები მოსარჩელისა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები შესაძლებელია ძირითადი სარჩელის უარსაყოფად გამოდგეს და არა - შეგებებული სარჩელის საფუძვლად.
7. შეგებებული სარჩელის მეორე მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხემ წარმომადგენელზე გასცა ორი მინდობილობა 2014 წლის 20 აგვისტოსა და 2017 წლის 14 ნოემბერს. მინდობილობები ითვალისწინებდა, როგორც ზოგად უფლებამოსილებას: „რწმუნებული უფლებამოსილია, რათა მან წარმოადგინოს დ. კ-ის ინტერესები საქართველოში ნებისმიერ მესამე პირთან ურთიერთობაში“, ასევე სპეციალურ უფლებამოსილებებს, კერძოდ, მოპასუხის, როგორც საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილებებს. რწმუნებული მოპასუხის მეუღლესთან იყო ხაზზე და უთანხმებდა ყველაფერს.
8. რწმუნებულს მოპასუხის სახელით არ აუღია არანაირი სესხი, იგი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ რა იცოდა ან არ იცოდა მოსარჩელემ. ამასთან, არ ეთანხმება გარემოებას, რომ მან შედარების აქტზე ხელის მოწერით მოპასუხის სახელით აღიარა ვალი, რადგან ვალის აღიარებასთან აღნიშნული აქტი არანაირ კავშირში არ არის და წარმოადგენს მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას, რომ მოსარჩელისაგან მიიღო გარკვეული თანხა, რომელიც მოპასუხის სახელით სესხის სახით შეიტანა შპს-ს საბანკო ანგარიშზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა - მოპასუხეს დაეკისრა 961 490 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის 3000 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო და საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 18 დეკემბრის შედარების აქტით დაადასტურა მოპასუხისათვის (რომელიც წარმოდგენილი იყო მესამე პირის სახით) პერიოდულად თანხების გადაცემის ფაქტი, რომელსაც ეს უკანასკნელი სესხის სახით გადასცემდა შპს-ს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ დგინდებოდა მხარეთა შორის ზეპირი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თანხის გადაცემის ფაქტი წერილობითი შედარების აქტით დასტურდებოდა.
13. სააპელაციო პალატამ, განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლო შეფასებისაგან, დადასტურებულად მიიჩნია მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც მოსარჩელეს თანხა უნდა გადაეცა მოპასუხის მინდობილი პირისათვის, რომელიც ამ თანხას, როგორც მოპასუხის თანხას შეიტანდა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე 2014 წლის 19 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების ფარგლებში. სესხის დაბრუნების ვადად, ამ შემთხვევაშიც განისაზღვრა 2019 წლის 19 აგვისტო. მოსარჩელემ, მხარეთა შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილის პერიოდში მოპასუხის მინდობილ პირს ეტაპობრივად გადასცა 961 490 ლარი, რაც ამ უკანასკნელმა სრულად შეიტანა შპს-ს ანგარიშზე, როგორც მოპასუხის სესხის თანხა.
14. სააპელაციო პალატის განმარტებით, რომც ჩავთვალოთ, რომ მხარეთა შორის არ დადებულა ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულება, იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, გადაცემის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, ექვემდებარება უკან დაბრუნებას, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე.
15. თანხის გადაცემასთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ თანხები წარმოადგენდა შპს „მ-----ი პ-----ან“ ჟ. ტ-ვის (მოპასუხის მეუღლე) დაბრუნებული სესხის თანხებს, რომელიც მოსარჩელემ მისცა მესამე პირს, ხოლო ამ უკანასკნელმა შეინახა იგი ჟ. ტ-ას შემნახველ ყუთში (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 18.06.2021 წელი). აღნიშნულის დასტურად კი, უთითებს ჟ. ტ-ასა და თ. ნ-ის ელექტრონულ მიმოწერას. აღნიშნულ მიმოწერებთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ მიმოწერებში მართლაც არის საუბარი მოსარჩელის მიერ თანხის მიცემაზე, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ მიმოწერით არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს ან/და მის მეუღლესა და შპს „მ-----ი პ-----ს“ შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება და სწორედ აღნიშნულ თანხებს უბრუნებდა მოსარჩელე მოპასუხეს წარმომადგენლის დახმარებით, სხვა მტკიცებულება კი, ამ პოზიციის გასამყარებლად მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) აღნიშნავდა, რომ გადაცემული თანხა მოსარჩელის პირადი თანხა ვერ იქნებოდა, რადგან მას არ ჰქონდა შესაბამისი თანხები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ წარადგინა საბანკო ამონაწერი 2014 წლის 5 სექტემბრიდან 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდზე, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „მ-----ი პ-----ან“ იგი იღებდა სესხად გაცემულ თანხებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, სადავო თანხა შპს „მ----ი პ----ას“ მიერ მოსარჩელის დახმარებით მოპასუხისათვის ან მისი მეუღლისათვის დაბრუნებული სესხი იყო.
16. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მოსარჩელის მიერ თანხის მოთხოვნაზე უარის მიღებიდან - 2019 წლის 28 ნოემბრიდან. მართალია, მოსარჩელე თანხას გასცემდა ეტაპობრივად, მაგრამ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ უნდა შესრულებულიყო პერიოდულად. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავასკვნით, რომ მხარეები არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში და დავა უნდა გადაწყდეს უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ნორმების რეგულირების რეჟიმში, მასზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი. ამდენად, მოთხოვნა არც ამ შემთხვევაში იქნებოდა ხანდაზმული.
17. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შეგებებული სარჩელის ავტორმა სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ სადავო შედარების აქტი უკანონოდ გაფორმდა ან მოსარჩელეს მოპასუხისათვის თანხა არ გადაუცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და 2018 წლის 18 დეკემბრის შედარების აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, ურთიერთსაწინააღმდეგოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მხარეთა შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე, როდესაც ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნევს სასესხო ურთიერთობას, ხოლო, მეორე მხრივ, თანხის დაბრუნების ნაწილს უსაფუძვლო გამდიდრების წესებით აწესრიგებს.
20. გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოპასუხეს კომპანიისთვის სესხის თანხის მიცემა გაურთულდა ან სესხის თანხის დაბრუნების ვადა 2019 წლის 19 აგვისტო იყო.
21. მოპასუხე სწორედ იმას ხდიდა სადავოდ, რაც სააპელაციო სასამართლოს უდავოდ აქვს მიჩნეული, კერძოდ, მოპასუხეს არასოდეს დაუდასტურებია, რომ მოსარჩელის მიერ მესამე პირისათვის გადაცემული თანხა ამ უკანასკნელმა კომპანიის ანგარიშზე, როგორც მოპასუხის სესხი ისე შეიტანა. ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული გარემოება იყო სადავო და საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტებს დაადასტურებდა და სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების საშუალებას მისცემდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
28. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
29. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო 961 490 ლარი მოპასუხეზე უპროცენტოდ გადაცემული სესხია. ამ უკანასკნელმა უარყო მხარეთა შორის სესხისსამართლებრივი ურთიერთობა და აღნიშნა, რომ სადავო თანხა მოსარჩელემ მოპასუხეს დაუბრუნა ამ უკანასკნელის მეუღლესა და შპს „მ-----ი პ----ას“ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, კერძოდ, მოსარჩელემ დააბრუნა მოპასუხის მეუღლის მიერ შპს „მ------ი პ-----ის“ სესხის სახით გადაცემული თანხა.
30. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა არ დასტურდება. სასესხო ურთიერთობის წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების, თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს, ანუ მოსარჩელეს (შდრ. სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015წ.; №ას-183-170-2015, 30.04.2015წ.).
31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სესხის ხელშეკრულებით (სსკ-ის 624-ე მუხლი) გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წინაპირობების დამაჯერებლად - დასაშვები და უტყუარი მტკიცებულებებით დასაბუთება (სსსკ-ის 102-ე მუხლი). სესხის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლებოდა ორივე მხარის ურთიერთმფარავი ნების არსებობისა და სესხის საგნის მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში (სსკ-ის 623-ე მუხლი). დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ კი, დამაჯერებლად ვერ შეძლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, კერძოდ, „სესხის დაბრუნების მოთხოვნის რეალიზაციისათვის გამსესხებელმა უნდა დაამტკიცოს სესხის ხელშეკრულების დადება - როგორც შეთანხმება, ისე სესხის საგნის გადაცემა მსესხებლისათვის“ (იხ. თ.ზამბახიძე, ,,სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, მუხ. 623, ელმისამართი - gccc.tsu.ge). მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებდა 2018 წლის 18 დეკემბრის ე.წ. „შედარების აქტზე“. პალატა მიუთითებს, რომ ეს დოკუმენტი მხოლოდ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის (მისი წარმომადგენლისათვის) თანხის გადაცემას, რაც, ფაქტობრივად, თავისი ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემაც დაადასტურა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 18.06.2021 წლის სხდომის ოქმი). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მართალია, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 961 490 ლარი გადასცა, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ თანხის გადაცემა სწორედ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა.
32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის - 961 490 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და სსკ-ის 979.1 მუხლი (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე, სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით).
33. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.
34. როგორც აღინიშნა, 961 490 ლარის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემა მხარეთა შორის სადავო არ არის, ისინი შესრულების სამართლებრივ საფუძველზე დავობენ. მოპასუხის შესაგებლის მიხედვით, მას მიღებულის შენარჩუნების უფლება აქვს, ვინაიდან 961 490 ლარი თავისი მეუღლის კუთვნილი თანხაა, რომელიც შპს „მ-----ი პ-----ის“ სესხად ჰქონდა გადაცემული, შესაბამისად, მოპასუხე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, არამედ, მან თანხა, ფაქტობრივად, დაიბრუნა.
35. მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ არის გამართული, რამდენადაც მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების შემთხვევაშიც კი, ის სამართლებრივად ვერ უპირისპირდება მოსარჩელის მოთხოვნას და ვალდებულების არსებობას ვერ ადასტურებს. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა, რომ მოპასუხის მეუღლემ შპს „მ------ი პ----ს“ ფული ასესხა, ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ არ ჰქონდა. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ მტკიცდება.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხეს ევალებოდა დაესაბუთებინა, რა არის შესრულების სამართლებრივი საფუძველი, მისი აზრით, რისთვის მიიღო შესრულება. პალატა ასკვნის, რომ კასატორმა დასაბუთებული პრეტენზია ვერ წარმოადგინა და ვერ დაამტკიცა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა და მოსარჩელემ მოპასუხისათვის 961 490 ლარის გადაცემით სწორედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა.
37. პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა 2018 წლის 18 დეკემბრის ე.წ. „შედარების აქტის“ ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია. პირველ რიგში, სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართული არ არის, კერძოდ, გაუგებარია, იმ პირობებში, როდესაც ეს მტკიცებულება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო თანხა გადასცა, რასაც არ მოპასუხე უარყოფს, გაუგებარია, რა სამართლებრივი შედეგის მიღწევა სურს შეგებებული სარჩელის ავტორს დოკუმენტის ბათილობით. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მისი ბათილობის წინაპირობები შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაამტკიცა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია.
38. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
41. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-481-481-2018, 14 თებერვალი, 2019 წელი; №ას-1067-1026 2016, 23 ივნისი, 2017 წელი; №ას-938-888-2015, 27 მაისი, 2016 წელი; №ას-986-947-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი).
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე
43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. დ. კ-ეს (პ/ნ -----) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საგადასახადო დავალება №- / გადახდის თარიღი 11.08.2022), 70% - 4200 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე