საქმე №ას-1230-2022 31 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი. მ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ------ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ფ-----ოს“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ი. მ-ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს შპს „ტ-----ან“ გაფორემბული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1150.79 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1000 ლარი, პროცენტი – 50.79 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი. მოპასუხეს შპს „--------ან“ გაფორემბული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 379.8 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 291.2 ლარი, პროცენტი – 38.6 ლარი, ჯარიმა - 50 ლარი. მოპასუხეს შპს „ქ------მ ფ-----ს ჯ----ან“ გაფორემბული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 538.78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 291.2 ლარი, პროცენტი – 38.6 ლარი, ჯარიმა - 50 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 59-ე მუხლის, მე-60 მუხლის, 61-ე მუხლის, 73-ე მუხლის მერვე ნაწილის, 372-ე, 373-ე და 374-ე მუხლებისა და იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტი არ იმყოფებოდა სახლში, გასული იყო რაიონიდან, გზავნილი ჩაიბარა მისმა მამამ, რომელსაც გზავნილი არ გაუხსნია. შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო გზავნილის შინარსისა და სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის შესახებ. კონვერტზე არანაირი მინიშნება გზავნილის ადრესატისათვის დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ არ იყო, ამის შესახებ არც გზავნილის გადაცემისას არ უთქვამას კურიერს. მოპასუხეს სახლში დაბრუნების დღესვე გადასცა მამამ კონვერტი და კერძო საჩივრის ავტორმა მეორე დღესვე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გააგზავნა სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს საპატიოდ ჩაეთვალოს ხარვეზის შესებისათვის დადგენილი ვადის გაშვება და აღუდგეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა და აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი დოკუმენტაცია კანონით დადგენილი ვადის მიხედვით წარდგენილად ჩაითვალოს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო. ნორმიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
12. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 75 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2022 წლის 24 მაისს გზავნილი ჩაბარდა აპელანტის მამას სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ახალციხე, -------- ქ. №----.
15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
16. კანონის მოცემული დანაწესის მიზანია, საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად გაამარტივოს მხარისათვის სასამართლო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარების წესი, რა დროსაც უფლებამოსილი პირის მიერ მხარის მისამართზე გამოცხადებისას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში ხსენებული დოკუმენტები ჩააბაროს მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს. ასეთი პირი დაადასტურებს სასამართლო გზავნილისა თუ უწყების მიღების ფაქტს შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერით, რომელიც წარედგინება სასამართლოს. მართალია, ზემოაღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტების მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პირის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.
17. დაუსაბუთებელია და რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული არ არის კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ მამამ, რომელმაც სასამართლო გზავნილი ჩაიბარა, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მხარეს ვერ გადასცა აპელანტის რაიონში ყოფნის გამო.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სასამართლო გზავნილის აპელანტის მამისათვის ჩაბარება თავად აპელანტისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და აღნიშნული წარმოადგენს შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს.
19. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
20. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
21. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2022 წლის 25 მაისს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) და 2022 წლის 3 ივნისს ამოიწურა მართებულად მიიჩნევს.
22. პალატის შეფასებით, აპელანტს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის (საპროცესო ვადის აღგენის) შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
23. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო საპატიო მიზეზის გამო, კერძოდ, აპელანტი არ იმყოფებოდა სახლში, გასული იყო რაიონიდან, გზავნილი ჩაიბარა მამამ, რომელსაც გზავნილი არ გაუხსნია. აპელანტს სახლში დაბრუნების დღესვე გადასცა მამამ კონვერტი და კერძო საჩივრის ავტორმა მეორე დღესვე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის აღდგენის საფუძველია.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. სუსგ. №ას-366-366-2018, 18.05.2018წ.). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. №ას-1023-2019, 25.09.2019წ.), რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
25. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2022 წლის 4 ივნისს წარადგინა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება, რომ სახლში არ იმყოფებოდა და გზავნილის შინაარსი მისთვის უცნობი იყო, ვადის გაშვების საპატიოობას არ ადასტურებს.
26. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
27. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.
28. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
31. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
32. ამრიგად, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე