3გ/ად-9-გ-02 22 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. გ-ძის სასარჩელო განცხადების განსჯადობის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001 წლის 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონალური ბიუროს ინსპექტორად. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2001 წლის ივნისის ბოლოს განცხადებით მიამართა საკონკურსიო საატესტაციო კომისიას, რათა საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 16.05.01წ. ¹21 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატეტაციო კომისიის დებულებისა" და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით გაევლო ტესტირება, ხოლო მისი შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში დაშვებულიყო გასაუბრებაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხოლოდ საქართველოს კონტროლის პალატის მოხელებისათვის 06.07.01წ. დანიშნულ ტესტირებაზე ვერ შეძლო გასვლა ავადმყოფობის გამო, მომდევნო ტესტირება დაინიშნა 26.07.01წ., მასზე მოსარჩელე დაუბრკოლებლად იქნა დაშვებული. მოსარჩელემ განმარტა, რომ ტესტირების წინ და ტესტირების დროს დარწმუნებული იყო, რომ 70 და მეტ კითხვაზე სწორი პასუხის მიცემის შემთხვევაში პალატის მოხელის ტესტირების შედეგები მიჩნეული იქნებოდა დადებითად და დაიშვებოდა გასაუბრებაზე. მოსარჩელემ 26.07.01წ. ტესტირებაზე დააგროვა 77 ქულა, მიუხედავად ამისა დღემდე გასაუბრებაზე არ იქნა დაშვებული, რაც მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ 26.07.01წ. ტესტირების გავლილად მიჩნევა და საქართველოს კონტროლის პალატისათვის მისი შემდეგ ეტაპზე, ანუ გასაუბრებაზე დაშვების დავალება.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 26.02.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 13.03.02წ. განჩინებით რ. გ-ძის სასარჩელო განცხადება მოპასუხე _ საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, საქმის მასალებთან ერთად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სასამართლო კოლეგამ განმარტა, რომ, მართალია, მოპასუხე არის ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს კონტროლის პალატა, მაგრამ დავა თავისი სამართლებრივი ბუნებით არ არის ადმინისტრაციული, დავა წარმოშობილია შრომითი ურთიერთობიდან და უნდა იქნეს განხილულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა აგრეთვე, რომ დავა ადმინისტრაციული ხასიათისაც რომ იყოს, იგი მაინც არ იქნება თბილისის საოლქო სასამართლოს განსჯადი, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «ბ" ქვეპუნქტის თანახმად საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების და არა მათ მიერ რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული დავა არის სამოქალაქო ხასიათის და განსჯადობისამებრ უნდა განიხილოს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა" ქვეპუნქტის თანახმად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავა წარმოშობილია შრომითი ურთიერთობებიდან, მოსარჩელე ითხოვს გავლილად ჩაეთვალოს 26.07.01წ. ტესტირება. ამდენად, აღნიშნული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესების დაცვით უნდა იქნეს განხილული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეებს განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, გარდა მე-14 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასი არ აღემატება 500000 ლარს და იგი არ არის წარმოშობილი ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობიდან, რ. გ-ძის სარჩელი განხილულ უნდა იქნეს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით _ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე რ. გ-ძის სარჩელის გამო საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ განჯსადობის განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.