საქმე №ას-107-2021 30 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს „--------- ბანკი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. დ-ძე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ძირითადი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება (ძირითად სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს ,,------ ბანკსა’’ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელის მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) და მ. დ-ეს (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) შორის 2013 წლის 28 ოქტომბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, 12 თვის ვადით, რომლითაც მოპასუხე დასაქმდა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა დასაბეგრი 248 ლარით. ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ იქნა ბონუსების დარიცხვის შესაძლებლობა.
2. მხარეთა შორის 2018 წლის 05 ნოემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობები №-, რომლითაც მოპასუხე დასაქმდა მიკრო საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე და მისი სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრა დასაბეგრი 300 ლარით.
3. შრომითი ხელშეკრულების დანართი №---ით მხარეები შეთანხმდნენ დასაქმების შეზღუდვის შესახებ. კერძოდ, აღნიშნული დანართის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის, მათ შორის ვადის გასვლის შემთხვევაში, დამსაქმებელს აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილებით და დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, შეუზღუდოს დასაქმებულს უფლება იმუშაოს ფინანსურ სფეროში და/ან გაუწიოს საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისები (უშუალოდ ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით) კონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტებს იმ ქვეყანაში/ქვეყნებში, სადაც ოპერირებს დამსაქმებელი და/ან მისი შვილობილი კომპანიები, შემდეგი პირობებით:
- დასაქმების სპეციალური პირობების მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან (1.1. პუნქტი);
- დასაქმებულის კომპენსაციის მიზნით, დასაქმების სპეციალური პირობების მოქმედების პერიოდის ამოწურვამდე დამსაქმებელი ყოველთვიურად გადაუხდის დასაქმებულს თანხას დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობით. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, დასაქმებულზე არ გავრცელდება დამატებითი შეღავათები, ბონუსები, კომპენსაციები და დამსაქმებელი არ განახორციელებს დასაქმებულის ხარჯების ანაზღაურებას (1.3. პუნქტი);
- ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულმა უნდა შეატყობინოს დამსაქმებელს თავისი დასაქმების გეგმებისა და მათი ცვლილებების შესახებ მომდევნო 6 თვის განმავლობაში (მათ შორის მესამე პირის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულებების ჩათვლით) (1.5. პუნქტი);
- დასაქმებულის მიერ წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, იგი ვალდებული იქნება გადაუხადოს დამსაქმებელს პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რაც ტოლია ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებელის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების (შრომის ანაზღაურებისა და სხვა კომპენსაციის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს დასაქმებულს წინამდებარე დანართით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან და არ ართმევს დამსაქმებელს უფლებას მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურება (მე-3 პუნქტი).
4. დასაქმებულმა 2019 წლის 16 სექტემბერს წერილობით გამოხატა ნება დამსაქმებელთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
5. დასაქმებულის მიმართვის შესაბამისად, 2019 წლის 16 სექტემბერს საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც 2019 წლის 16 სექტემბრიდან შეწყდა მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (პირადი განცხადება).
6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში მოპასუხე დასაქმდა მოსარჩელის კონკურენტ დაწესებულებაში - სს ,,------- ბანკში’’ (შემდგომში - „ბანკი“).
7. მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ უცნობებია სხვა საბანკო დაწესებულებაში დასაქმების შესახებ.
8. მოპასუხეს 16.09.2018 წლიდან - 16.09.2019 წლამდე ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 15 314,10 ლარი.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის დასაქმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით 15 314,10 ლარის გადახდის დაკისრება.
10. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების დანართით დასაქმების შეზღუდვის შესახებ გათვალისწინებული პირობის ამოქმედება დამოკიდებული იყო დამსაქმებლის მხრიდან საპასუხო პირობის შესრულებაზე, კერძოდ, მომდევნო 6 თვის კომპენსაციის ანაზღაურებაზე, რაც დამსაქმებელს არ განუხორციელებია. ამასთან, აღნიშნული პირობის ამოქმედების თაობაზე დამსაქმებელს წერილობით უნდა ეცნობებინა დასაქმებულისათვის.
11. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დანართი №---ის (დასაქმების შეზღუდვა) მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა.
12. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1000 ლარის გადახდა; დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, მოპასუხემ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მოპასუხის ინიციატივით, რის შემდგომაც, სახელშეკრულებო დათქმის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე დასაქმდა მოსარჩელის კონკურენტ საწარმოში - ბანკში. მართალია, დამსაქმებელს მოპასუხისთვის კონკურენციის არგაწევის დათქმის ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, წინასწარ 6 თვიანი კომპენსაცია არ აუნაზღაურებია, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხის მხრიდან განხორციელდა ყოფილი დამსაქმებლის ინფორმირება კონკურენტ კომპანიაში დასაქმებასთან დაკავშირებით.
18. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულების დანართი №---ის სადავო დათქმა შესაბამისობაშია საქართველოს შრომის კოდექსის მე-60 მუხლის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი 43.3. მუხლი) დანაწესთან და არ აუარესებს დასაქმებულის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლოს განმარტებით, სადავო პუნქტით არ არის დაწესებული დასაქმებულისთვის დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი პასუხისმგებლობა და ამგვარად არ არის შეზღუდული მისი უფლებრივი მდგომარეობა, რაც შრომის კოდექსის 1.3. მუხლის მიხედვით, შესაძლოა სახელშეკრულებო დათქმის ბათილობის საფუძველი გამხდარიყო.
19. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2, მე-60 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით და განმარტა, რომ სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, ორგანული კანონი დასაშვებად მიიჩნევს დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესებას მისთვის ანაზღაურების გადახდის პირობით. ამგვარი შეთანხმება კანონსაწინააღმდეგოდ ვერ იქნება მიჩნეული.
20. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს გარკვეული ვადით შეზღუდული ჰქონდა კონკურენტ საწარმოში დასაქმების შესაძლებლობა და, ასევე, ვალდებული იყო მოსარჩელისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია დასაქმების გეგმებისა და მათი ცვლილებების შესახებ. აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფა კი, წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას და პირგასამტეხლოს თაობაზე სახელშეკრულებო დათქმის არსებობის პირობებში, წარმოშობს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შრომითი ხელშეკრულების დანართი №--ს 1.1. პუნქტის შესაბამისად, ჯერ დასაქმებულს ეკისრება დასაქმების გეგმებისა და ამ გეგმების ცვლილების თაობაზე ინფორმირების ვალდებულება, ხოლო შემდგომ ბანკი იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდვის დაწესების თაობაზე, რაც ლოგიკურია, ვინაიდან დასაქმების გეგმების შემდგომი ცვლილების თაობაზე დასაქმებულის შეტყობინების გარეშე, დამსაქმებელს, სავარაუდოდ, აღნიშნულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება.
22. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ სწორედ მოპასუხის/დასაქმებულის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მან დამსაქმებელს მიაწოდა ინფორმაცია მისი კონკურენტ საწარმოში დასაქმების თაობაზე, რის შემდგომაც წარმოიშობოდა მოსარჩელის ვალდებულება დასაქმებულისათვის ეცნობებინა ამგვარი უფლების შეზღუდვის თაობაზე და იმავდროულად გაეცა 6 თვის კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში დასაქმებულმა სსსკ-ის 8.3. მუხლით დადგენილი კეთილსინდისიერებისა და 316.2. მუხლით დადგენილი გულისხმიერების პრინციპის უგულებელყოფით დამსაქმებელს მისი სამომავლო გეგმების თაობაზე არ აცნობა. შესაბამისად აპელანტის პრეტენზია კომპენსაციის მიუღებლობასთან მიმართებით ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის გამორიცხვის საფუძველი.
23. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლებით და ვალდებულების დარღვევის ხარისხის, ამით გამოწვეულ ზიანისა და მოპასუხის სახელფასო ანაზღაურების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში (1000 ლარი) მართებულად მიიჩნია.
24. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
25. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
25.1. ის გარემოება, რომ შრომით ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა დასაქმების შეზღუდვის შესაძლებლობა, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელესთან დასაქმების პერიოდში დასაქმებულის მიერ მიღებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის უზრუნველყოფა მოსარჩელისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. მოპასუხე 2013 წლიდან დასაქმებული იყო მოსარჩელესთან და ფლობდა დიდი ოდენობით ინსაიდერულ ინფორმაციას, რომელსაც წარმატებით იყენებს სხვა საფინანსო ინსტიტუტში და რითაც ზიანი ადგება მოსარჩელის ინტერესებს;
25.2. დასაქმებულების მხრიდან ძალიან გახშირდა მოსარჩელესთან დადებული შეთანხმების (დანართი №-) დარღვევის ფაქტები. კერძოდ, დასაქმებულები იწყებენ მუშაობას დამსაქმებლის კონკურენტ საფინანსო ინსტიტუტებში ისე, რომ ამის შესახებ დამსაქმებელს არ ატყობინებენ. მოსარჩელის თანამშრომლების გადაბირების პროცესი წლებია გრძელდება. სასამართლომ უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ის გონივრული ოდენობა, რომლითაც აღდგება კასატორის დარღვეული უფლება და იმავდროულად იქნება შემაკავებელი სხვა დასაქმებულებისათვის, რათა შეთანხმება არ დაარღვიონ და იყვნენ კეთილსინდისიერები დამსაქმებლის მიმართ;
25.3. მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის მოსარჩელის დარღვეული უფლების, მისი ინტერესის პროპორციული.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
31. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
32. კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, რომელიც, მისი მოსაზრებით, არ არის მოსარჩელის დარღვეული უფლების პროპორციული.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
34. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; №ას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).
35. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1233-1153-2017, 19 ოქტომბერი, 2018 წელი; №ას-1288-2020, 11 ივნისი, 2021 წელი; №ას-238-2021, 09 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-603-2021, 14 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-334-2022, 31 მაისი, 2022 წელი), ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფციური, დაუსაბუთებელი და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 716 ლარის 70% – 501,2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „------ ბანკის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „------- ბანკს“ (ს.ნ. -----) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 26 იანვარს №----- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 716 (შვიდას თექვსმეტი) ლარის 70% – 501,2 (ხუთას ერთი ლარი და ოცი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -----, მიმღების ანგარიშის №----, სახაზინო კოდი -------;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი