საქმე №ას-119-2021 30 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ღ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ. ღ-ია (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექტორის 01.07.2004წ. №--- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციაში კომპიუტერის ოპერატორად, საიდანაც გათავისუფლდა 2004 წლის 01 ნოემბრიდან, იმავე დირექციის 22.10.2004წ. №--- --- ბრძანებით, აღნიშნული დაწესებულების ლიკვიდაციის გამო.
2. მოსარჩელე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში ასევე - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) თავმჯდომარის 01.11.2004წ. №---- ბრძანებით, 2004 წლის 01 ნოემბრიდან კონკურსის ჩატარებამდე ვადით, დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციაში სპეციალისტის თანამდებობაზე.
3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექტორის 30.11.2007წ. №---- ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა იმავე დირექციის უფროს სპეციალისტად.
4. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის 05.07.2010წ. №---- ბრძანებით, აღნიშნული დირექციის საშტატო განრიგში შეტანილ იქნა ცვლილებები და მოსარჩელე უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გადაყვანილ იქნა სპეციალისტის თანამდებობაზე.
5. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის 13.01.2017წ. №--- ბრძანებით, მოსარჩელე 2017 წლის 13 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო 14.01.2017წ. №--- ბრძანებით, იმავე წლის 13 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის მთავარი სპეციალისტის (თანაშემწის) თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის შედეგების მიხედვით თანამდებობაზე დანიშვნამდე, არაუმეტეს სამი თვისა.
6. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის 23.03.2017წ. №--- ბრძანებით, მოსარჩელე კონკურსის შედეგად 2017 წლის 23 მარტიდან უვადოდ დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურში მთავარი სპეციალისტის (თანაშემწის) თანამდებობაზე.
7. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2017 წლის 30 ივნისს გამოიცა №--- ბრძანება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად გარდაქმნის შესახებ. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით, ბრძანების დანართში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნული პირები 2017 წლის 01 ივლისიდან ჩაითვალნენ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.
8. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, მხარეთა შორის 2017 წლის 30 ივნისს გაფორმდა №--- შრომითი ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის გარკვეული ვადით მიღება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად. შრომითი ურთიერთობის ვადა განისაზღვრა 6 თვით, 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
9. შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელის სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა: სამსახურის უფროსის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსის სახელზე შესული კორესპონდენციის წარმოება; სამსახურის უფროსის სტუმრების მიღების ორგანიზება; სამსახურებრივი საჭიროების შესაბამისი ანგარიშების მომზადება; მივლინების თაობაზე, მივლინების ანაზღაურებაზე და სხვა საკითხებზე მოხსენებითი ბარათების მომზადება; შესულ ზარებზე პასუხის გაცემა; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულება.
10. შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელის შრომის ანაზღურება განისაზღვრა თვეში 1050 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
11. 2017 წლის 29 დეკემბერს შრომით ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვრამდე.
12. 2018 წლის 31 იანვრიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.
13. მოსარჩელემ 2018 წლის 07 თებერვალს მოპასუხის ადმინისტრაციას წერილობით მიმართა და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებისა და საფუძვლების ახსნა მოითხოვა, რაზეც 20.02.2018წ. წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის გამო, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
14. მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. იგი რაიმე გადაცდომისთვის ან/და სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის სახდელდადებული არ ყოფილა.
15. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1050 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), 2018 წლის 31 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
16. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
17. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე აღდგენილ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურში სპეციალისტის (თანაშემწის) თანამდებობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება თვეში 1050 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), 2018 წლის 31 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
18. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
20. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი სადავოდ ხდიდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებულ იმ მსჯელობას, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა უვადო შრომით ურთიერთობაში მყოფ დასაქმებულს და შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, იგი სამსახურიდან არასწორად გათავისუფლდა.
22. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი და 12 პუნქტებით და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2004 წლიდან ჩამოყალიბებული იყო სტაბილური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეს დაკისრებული ჰქონდა მსგავსი ფუნქცია-მოვალეობები. ხოლო, მოგვიანებით, 23.03.2017წ. №--- ბრძანების საფუძველზე, მათ შორის უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავდა დათქმას კანონით განსაზღვრული საფუძვლების ან ობიექტური გარემოებების შესახებ, რომლის საფუძველზეც დასაშვები იყო მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
23. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ უვადოდ დასაქმებული პირის ვადიან შრომით ურთიერთობაზე გადაყვანა და შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, მოხდა არამართლზომიერად, შესაბამისად, დამსაქმებლის გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით უკანონოა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულად მიიჩნია.
24. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თანაშემწის პოზიცია დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა, ვინაიდან ის დაკავშირებული იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსის თანამდებობასთან, რომელიც დეპარტამენტში აღარ არსებობდა, ახალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რომელზეც მოპასუხეს შესაგებელში მითითებული არ ჰქონია. შესაბამისად, სსსკ-ის 382-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში ეს საკითხი განხილული ვერ იქნებოდა, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის გათავისუფლება ამ საფუძვლით არ მომხდარა.
25. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
26. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
26.1. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და არ გაითვალისწინა აღნიშნული კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, რაც წარმოადგენდა მოპასუხის მოქმედების საფუძველს და მითითებულია 30.06.2017წ. №---- ბრძანებაში. აღნიშნული პუნქტების დანაწესი ცხადყოფს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა კანონის საფუძველზე;
26.2. სასამართლომ არასწორად მიუთითა და განმარტა შრომის კოდექსის მე-6 მუხლი;
26.3. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების ვადა და პირობები. მან იცოდა, რომ მისი ფუნქციები იყო დროებითი. სწორედ აღნიშნულის დარეგულირებას ემსახურებოდა ზემოაღნიშნული კანონის დანაწესი;
26.4. თუნდაც მოპასუხეს ჰქონოდა უვადო ხელშეკრულების დადების სურვილი, ის ამას ვერ შეძლებდა, ვინაიდან საქართველოში ყოველწლიურად მტკიცდება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა (კვოტა) და ესაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაშია განსაზღვრული, რაც არ აძლევს მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულების უვადოდ გაფორმების შესაძლებლობას;
26.5. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თანაშემწის პოზიცია დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა, ვინაიდან ის დაკავშირებული იყო საავტომობილო გზების დემატრამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსის თანამდებობასთან, რომელიც აღარ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა იმ საფუძვლით, რომ წარმოადგენდა ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც შესაგებელში მითითებული არ ყოფილა. თუმცა, სსსკ-ის 380-ე მუხლი ნათლად განსაზღვრავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შესაძლებელია როგორც ახალი ფაქტების, ისე ახალი მტკიცებულებების წარდგენა. მოპასუხემ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების, თუნდაც ინფორმაციის სახით მითითება, მიზანშეწონილად მიიჩნია, ვინაიდან სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის დავალების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა;
26.6. მოსარჩელე ასრულებდა საჯარო დაწესებულების არა ძირითად, არამედ დამხმარე ფუნქციას, რომელიც დროებითი, არამუდმივი ხასიათისაა;
26.7. მოსარჩელემ მიუთითა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 პუნქტზე და ვინაიდან მას 14 წლიანი შრომითი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხესთან, მიიჩნია, რომ ხელშეკრულება უვადოდ უნდა ჩათვლილიყო. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 30 ივნისს, 6 თვის ვადით, ხოლო იმავე წლის 29 დეკემბერს გაგრძელდა ერთი თვით. შესაბამისად, ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული არც 30 თვეზე მეტი ვადით და მისი ხანგრძლივობაც მხოლოდ ერთხელ გაგრძელდა. რაც შეეხება მოსარჩელის 14 წლიან სამუშაო სტაჟს, აღნიშნული არ არის კავშირში 2017 წლის 30 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, რადგან ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებობაზე, კერძოდ, ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელე მიღებულ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად გარკვეული ვადით, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებულ, სპეციალისტის თანამდებობაზე ვრცელდებოდა არა შრომითი კანონმდებლობა, არამედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. შესაბამისად, ამ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან;
26.8. მოსარჩელეს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა ტერიტორიულ ორგანოში დამხმარე ფუნქციების საჭიროების არარსებობის გამო და, შესაბამისად, მსგავსი ფუნქციებით სამსახურში არავინ დასაქმებულა.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
28. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
32. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
33. კასატორი დავობს, რომ მოსარჩელესთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მართლზომიერად გაფორმდა. მისი განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მოსარჩელეს ხელშეკრულების ვადა და პირობები სადავოდ არ გაუხდია.
34. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კერძოდ, მოპასუხის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 30.06.2017წ. №--- ბრძანების თანახმად, აღნიშნული კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მოპასუხის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები, მათ შორის, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა, 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად (იხ. ტ. I, ს.ფ. 62-63), თუმცა აღნიშნული ბრძანება არ შეიცავს მითითებას მოსარჩელის განსაზღვრული ვადით დანიშვნის შესახებ. ვადაზე მითითებას შეიცავს მხოლოდ მხარეთა შორის 2017 წლის 30 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების 4.2. პუნქტი. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, ასევე, სადავო საკითხები სწორედ ხელშეკრულებითა და შრომის კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა დარეგულირდეს.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
36. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) დაედო. აღნიშნული მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. მოსარჩელე სადავოდ ხდის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას და ამ ვადის გასვლის საფუძვლით, მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებას.
37. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. იმავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.
38. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს, სულ მცირე, ერთწლიანი ხელშეკრულება, ან გააფორმოს ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. ეს ჩანაწერი განაპირობებს ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულებების დადებას მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც შრომითი ურთიერთობების სტაბილურობასა და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას უწყობს ხელს. იმავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს რეგულაცია არ ახდენს დამსაქმებელთა ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას, რადგან ზემოხსენებული გარემოებები ითვალისწინებს „სხვა ობიექტურ გარემოებასაც“, რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს, რომ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი ხასიათის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებმა შეიძლება თავად განსაზღვრონ სხვა (დამატებითი) ობიექტური გარემოების არსებობის ფაქტი, რაც გაამართლებს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. სათანადო გარემოების დადასტურება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, ხოლო მისი ობიექტურობის შეფასება ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების გაფორმების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნებისთვის, სასამართლოს დისკრეციას წარმოადგენს. იგივე წესი ვრცელდება იმ შემთხვევის მიმართ, როდესაც ერთ წელზე ნაკლებ ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე უვადოდ დანიშნული დასაქმებულის გადაყვანა ხდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1251-1191-2014, 12 თებერვალი, 2016 წელი).
39. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის 2017 წლის 30 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების შესწავლის შედეგად აღნიშნავს, რომ ის არ შეიცავს საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე წინაპირობაზე ან სხვა ობიექტურ გარემოებაზე მითითებას, რომელიც გაამართლებდა უვადოდ დასაქმებულ პირთან მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებას. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება ხელშეკრულების ერთ წელზე ნაკლები ვადით დადების გამამართლებელი ობიექტური გარემოების არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
40. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების ის პირობა (4.2. პუნქტი), რომლითაც შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა განისაზღვრა 6 თვის ვადით (ხოლო, შემდგომ მხარეთა შეთანხმებით დამატებით ერთი თვით გაგრძელდა) ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესს და საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად [ბათილია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას] ბათილია.
41. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 პუნქტის (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
42. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის 2004 წლის 01 ნოემბრიდან უწყვეტი შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად 30.06.2017წ. შრომით ხელშეკრულებაში კონკრეტული ვადის მითითებისა, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, მხარეთა შორის რეალურად სახეზე იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება.
43. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არ არის კავშირში 30.06.2017წ. შრომით ხელშეკრულებასთან და საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 პუნქტის დანაწესი არ შეიძლება გავრცელდეს მოსარჩელის მიერ მანამდე დაკავებულ სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების უვადოდ მიჩნევისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტობრივ გარემოებას შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსარჩელე ითვლებოდა თუ არა მოხელედ, არამედ მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ იგი 14 წლის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებოდა მოპასუხესთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულებით სხვა პოზიციაზე იქნა გადაყვანილი.
44. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულების ან მისი რომელიმე პირობის მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია აღნიშნულ პირობაზე მოსარჩელის, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის, თანხმობის არსებობის ფაქტს (იხ. სუსგ საქმე №ას-1500-1420-2017, 31 მაისი, 2018 წელი). კანონსაწინააღმდეგო პირობაზე მხარეთა შეთანხმება აღნიშნულ პირობას კანონიერად ვერ აქცევს. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ საქმე №ას-98-94-2016, 26 ივლისი, 2016 წელი). შესაბამისად, კასატორის მითითება, რომ მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულების ვადა სადავოდ არ გაუხდია, დაუსაბუთებელია.
45. კასატორი, ასევე, დავობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ სააპელაციო სასამართლოში მითითებული გარემოებები.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალ ფაქტებზე მითითებისა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობისას, რის გამოც შეუძლებელი გახდა მათი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენა. თავის მხრივ, მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს იმავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები.
47. მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ მიუთითებია გარემოებებზე, რის გამოც მან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ახალ ფაქტებზე მითითება ვერ შეძლო, შესაბამისად, მისი პრეტენზია დაუსაბუთებელია.
48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
49. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
50. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1251-1191-2014, 12 თებერვალი, 2016 წელი; №ას-1500-1420-2017, 31 მაისი, 2018 წელი; №ას-1330-1250-2017, 12 ნოემბერი, 2018 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
52. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი